სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ ვიპოვოთ კატა

თუკი ეს წერილი Mastsavlebeli.ge-ს ყოველდღიური თვალიერების დროს ან Facebook-ზე გაზიარებული კი არ შეგხვდათ, არამედ კოდური სიტყვების გამოყენებით Google-ში მოძებნეთ, მაშინ დიდი ალბათობით კატა დაკარგეთ და წარმოდგენილი მაქვს რას განიცდით. ამიტომაც, პირდაპირ საქმეზე გადავალ:

სათქმელად უფრო რთულია, ვიდრე შესასრულებლად, მაგრამ პანიკას არ აყვეთ. ნერვული ქმედებები, ტირილი, მომხდარის სხვისთვის გადაბრალება, შიგადაშიგ წამოყვირება და სხვა არაფრისმომცემი ქმედებები ბევრად გაახანგრძლივებს თქვენი საყვარელი კატის პოვნის პროცესს.

შეეცადეთ დამშვიდდეთ.

  1. თუკი ღამეა, არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ძებნის დაწყება დილამდე.  სთხოვეთ მეზობლებს, ახლოს მცხოვრებ მეგობრებს რომ დაგეხმარონ ძებნაში. ჩაიცვით მსუბუქად: ბოტასები და ისეთი შარვალი, რომ იოლად შეძლოთ ჩამუხვლა და მანქანების ქვეშ შეხედვა. მოიმარაგეთ ფარნები და დაიძარით. თუმცა, სანამ ქვეყანას შეყრით და გარეთ დაიწყებთ ძებნას, ჯერ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული შეამოწმეთ. შეიხედეთ იმ ადგილებშიც კი, სადაც ვერც კი წარმოიდგენთ, რომ შეიძლება თქვენი კატა მოთავსდეს. უჯრებში, თაროებზე და ა.შ

[რამდენიმე ვარიანტია: ა) კატა რაღაცამ შეაშინა (ძაღლის ყეფა, უეცარი ხმაური, ჭექა-ქუხილი) და სადღაც, შორიახლოს იმალება. გაითვალისწინეთ: მას აქვს უნარი რომ გადაბმულად რამდენიმე დღე, შეიძლება 1 კვირაც კი, გაუნძრევლად იჯდეს მისთვის უსაფრთხო ადგილას. არ გამოვიდეს და არც თქვენს ძახილზე ჰქონდეს რეაქცია. ბ) ჩიტს ან რაიმე არსებას გაეკიდა, ნადირობაში გაერთო, თვალწინ ახალი სამყარო გადაეშალა და ინტერესს იკმაყოფილებს (ასეთ შემთხვევაშიც კი – ის სახლის პერიმეტს საგრძნობლად არ მოშორდება). გ) ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. კატას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტერილური ან კასტრირებულია, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაინც ცდილობს. სხვა საქმეა, რომ არაფერი გამოუვა, მაგრამ, თემურ წიკლაურის არ იყოს, გული არ ბერდება. ამიტომაც, კატა ფლირტაობას მაინც აგრძელებს].

  1. პირველ რიგში შეამოწმეთ რომელიმე მანქანის ქვეშ ხომ არ მოთავსდა. გულდასმით და დეტალურად შეამოწმეთ. მანქანის ქვეშ კატის დანახვა, თუკი ბორბალთან იმალება, არათუ ღამით, დღისითაც კი რთულია. ჩადით სარდაფებში, მიანათეთ მილებს. კარგად დაათვალიერეთ ყველა კუთხე და ნუ გადაწყვეტთ, რომ „იქ რა უნდა“, „იქ არ იქნება“. მაღალი ალბათობაა, რომ სწორედ იქ იყოს, თუნდაც ძალიან პატარა ადგილზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორეთ მისი სახელი (თუ სახელი არა, მაშინ ის სიტყვა, როგორც მიმართავთ მოფერების დროს) მონოტუნურად, აუჩქარებლად. ისე, რომ არ დააფრთხოთ. გაითვალისწონეთ, რომ თუკი თქვენს ხმაზე არ რეაგირებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხართ და თქვენთან დაბრუნება არ უნდა. დაიმახსოვრეთ, რომ ის შეშინებულია და ზის იქ, სადაც თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

  1. თუკი იმალება, დღისით, როცა ბევრი ხალხი დადის, ხმაურია და მანქანები მოძრაობენ, სავარაუდოდ არ გამოვა. ღამით უფრო გამოიჭყიტავს (ჩემი კატა გამთენიისას, ორღამიანი გაუჩინარების შემდეგ თავად დაბრუნდა). ამიტომაც, ღამითაც ეძებეთ.

  1. დილითვე დაბეჭდეთ განცხადებები. არ გააჭიანურებთ. რაც დრო გადის, მით მეტი შანსია კატამ მოძრაობის პერიმეტრი გაზარდოს. განცახადებას თან დაურთეთ მისი დიდი ფოტო. მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს ფერადი და კარგად ჩანდეს დეტალები: საყელური (არსებობის შემთხვევაში), განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ. გამოყავით რამდენიმე მეგობარი, რომელიც განცხადებების გაკვრას საკუთარ თავზე აიღებს. განცხადებები უნდა განთავსდეს ბოძებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სკვერებთან, საბავშვო ბაღებთან. სკვერები და საბავშვო ბაღები მნიშვნელოვანი ლოკაციაა. სკვერებში ადამიანები შინაურ ცხოველებს ასეირნებენ, ანუ მათ, სავარაუდოდ „გამვლელი კატა“ არ გამოეპარებათ. მითუმეტეს, რომ ის, ვისაც შინაური ცხოველი გაუზრდია, მის დაკარგვას ძალიან სენსიტიურად განიცდის. ისინი მეტი გულისხმიერებით მიუდგებიან თქვენს პრობლემას. ბავვები კი – მათ, ზოგადად, შეიძლება რამე გამოეპაროთ?!

  1. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ბევრი დაუფიქრებლად მოგაყრით ფრაზებს: „აუფ, ეგ აღარ მოვა“, „კატაა რა, რა განერვიულებს“, „აი, ძაღლი ხომ მაგას არ გაგიკეთებდა?“. დაიმახსოვრეთ: მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რას განიცდით. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მოთოკეთ ნერვები და მთელი ყურადღება სამძებრო ოპერაციებს დაუთმეთ. ყველა გამვლელს ჰკითხეთ ხომ არ უნახავს კატა. ჯიბეში გედოთ განცხადებაც, რათა ფოტოც აჩვენოთ გამვლელებს.

  1. ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუკი ორი-სამი დღე გავიდა და ფისო ჯერაც ვერ იპოვეთ. გააგრძელეთ მისი ძებნა. განსაკუთრებით ღამ-ღამობით. მისი საჭმელი ჩაყარეთ თუნუქის ქილაში და სიარულისას ახმაურეთ. თან, მონოტონურად გააგრძელეთ ძახილი.

უმეტეს შემთხვევაში კატა თავად ბრუნდება სახლში, ანუ, დანაშაულის ადგილზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი