სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ლიტერატურა და გემოვნება, ანუ როგორ გავხდე კარგი მკითხველი

„იყო მკითხველი – ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“.

გ. დოჩანაშვილი

გემოვნებაზე დავობენ, თანაც როგორ! ამ მხრივ არც ლიტერატურული გემოვნებაა გამონაკლისი. ლიტერატურულ თემებზე კამათი აუცილებელიც კია, სხვაგვარად ლიტერატურული კრიტიკა და ესეისტიკა არც კი იარსებებდა.

როგორ ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება?! ამ კითხვას, ერთი შეხედვით, მარტივი პასუხი აქვს – უნდა იკითხო მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა. არადა, არც ასე მარტივადაა საქმე. რა ან ვინ განსაზღვრავს წიგნის ხარისხს ან რომელი წიგნია ამ საპასუხისმგებლო სახელის ტარების ღირსი?

წიგნებს მათი პოპულარობის მიხედვით თუ ავირჩევთ, უმეტესად რომელიმე ჰოლივუდური ფილმის პირველწყარო შეგვრჩება ხელში, თუმცა შეიძლება, ხანდახან აქაც გაგვიმართლოს და „მოდური“ წიგნების სიაში ხარისხიან ნამუშევარსაც გადავაწყდეთ.

ბავშვობაში არცთუ ისე საჭირო წიგნების კითხვაში უამრავი დრო დამიხარჯავს. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი მკითხველად ჩემი ჩამოყალიბების გრძელ გზაზე.

მომდევნო ნაბიჯად პოტენციურ მკითხველთა წრეში მოხვედრა იქცა. ჩვენს საყვარელ საქმიანობას ერთმანეთისთვის ახალი წიგნით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება წარმოადგენდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვლაშქრავდით ერთმანეთის წიგნის თაროებს და უბნის უბადრუკ სარდაფ–საცავებს, როგორ ვიპარებოდით გაკვეთილებიდან ბიბლიოთეკებში, ვკითხულობდით მერხის ქვეშ, ფარნის შუქზე, მთვარის შუქზეც კი… ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეამაყებოდა საჯარო ბიბლიოთეკის პირველი საშვი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ ვიღაც მადლიანის დახმარებით მოვიპოვე. წიგნების მიმართ ასეთი მძაფრი ინტერესი შესაძლოა დიდხანს არც გამყოლოდა, რომ არა ეს ამოუცნობი აზარტი, რომლის წყალობითაც მკითხველად ჩამოყალიბების გრძელი გზა საკმაოდ საინტერესოდ გავიარე.

წიგნთან ურთიერთობის ამ „პირველყოფილ“ გამოცდილებას მოსწავლეებთანაც ხშირად ვიყენებ. ბავშვებს ვთხოვ საყვარელი წიგნების რეკლამირებას და თანატოლებისთვის შეთავაზებას. ეს არცთუ ისე ადვილია: უნდა შეარჩიო წიგნიდან ყველაზე დამაინტრიგებელი, კულმინაციური მონაკვეთი, წინა პლანზე წასმოწიო არსებითი, გაითვალისწინო მსმენელის გემოვნებაც, აირჩიო მისთვის საინტერესო პერსონაჟი  თუ სიუჟეტი… ზოგიერთ კლასში შთაბეჭდილების შემგროვებლები საკუთარ კრებულებსაც კი ქმნიან, წიგნის ყდასაც თავად აფორმებენ და ტექსტის ვიზუალიზებაზეც ზრუნავენ. მერე კი პრეზენტაციის ჯერი დგება. ვნახოთ, წელს ყველაზე მეტი „თევზი“ რომელი ავტორის „ანკესზე“ წამოეგება!

 

ამბობენ, მკითხველობასაც ნიჭი უნდაო. იქნებ ასეცაა, თუმცა ამ უნარის გამომუშავება ნამდვილად შესაძლებელია. კარგ მკითხველს, ისევე როგორც კარგ მწერალს, უნდა ჰქონდეს წარმოსახვისა და გააზრებული კითხვის საწყისი უნარები, დანარჩენს კი თავად კითხვის პროცესი განავითარებს.

არსებობს მკითხველთა ორი ძირითადი ტიპი – ემოციით მკითხველი და გონებით მკითხველი. ემოციით კითხვის პროცესში ადამიანი ახალ რეალობაში მხოლოდ საკუთარი ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივას ან წარსულის ანარეკლს ხედავს. ამ ტიპის მკითხველი ვერასდროს გახდება ობიექტური შემფასებელი, რადგან მისი თვალსაწიერი, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრების წიგნის ძიებით შემოიფარგლება.

წიგნისგან ესთეტიკური სიამოვნების მიღების სწავლებაც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ახალ სამყაროში სხვაგან მიღებული ემოციისგან დაცლილი წარმოსახვით შეხვიდე. გონებით კითხვა სულაც არ ნიშნავს სუბიექტური ხედვისგან ბოლომდე დაცლას. მაგრამ უნდა შეეცადო, კითხვის დროს განზე გადგე და დამკვირვებლის პოზიციიდან შეისწავლო ის სამყარო, რომელშიც მოხვდი.

კარგი მკითხველი ერთგვარი გადამკითხველია. ის ხშირად უბრუნდება იმ წიგნს, რომელმაც უმნიშვნელო კვალი მაინც დატოვა მასში. პირველად წაკითხვის დროს, რაც არ უნდა ყურადღებით იყო, მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა გრჩება წიგნზე, ბოლომდე ვერ ირგებ ახალ რეალობას, ყოველი მორიგი წაკითხვის შემდეგ კი უფრო მეტად ამახვილებ ყურადღებას დეტალებზე.

ჯობს, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ დაკვირვებით კითხვას. ხშირად მიაპყარით მათი ყურადღება მწერლისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ლექსიკას, შეადგინეთ სიტყვის რუკები, ლექსიკონი. დააკვირდით, როგორი ცვლილება განიცადა სიტყვამ, ვთქვათ, სულხან–საბას „სიტყვის კონიდან“ ამა თუ იმ ავტორის წიგნში მოხვედრამდე. მაღალ კლასებში უფრო შორს წასვლაც შეიძლება: დააკვირდით მწერლის ენის განვითარების ეტაპებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში, შეადარეთ თანამედროვე ლიტერატურული ენა ამა თუ იმ ავტორის ეპოქისთვის დამახასიათებელ წერის მანერას, „გადაწერეთ“ თანამედროვე თხზულება სხვა ეპოქის, სპეციფიკური ხელწერის მქონე მწერლისთვის (ვაჟა, ილია, კონსტანტინე გამსახურდია, ყაზბეგი…) დამახასიათებელი მანერით ან მისწერეთ წერილი სასურველ ავტორს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

ბავშვებს შესაძლოა გაუკვირდეთ, რატომ უნდა წაიკითხონ ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმე. მაშინ ჰკითხეთ მათ, რატომ უყურებენ საყვარელ მულტფილმებს ასე ხშირად ან რატომ ითხოვენ ყოველდღე საყვარელ საკვებს. ცხადია, პატარებს ნაცნობი და სასურველი სიამოვნების მრავალჯერ მიღება სურთ, მაგრამ მოთხოვნილების წარმოშობის მიზეზის გააზრება ჯერ არ შეუძლიათ.

 

წარმოიდგინეთ, რომ მოედნის შუაგულში დგახართ. თქვენ გარშემო უამრავი ხალხი ირევა და ვერაფერს ხედავთ ამ მუდმივი ფუსფუსის მიღმა. არადა, შეგიძლიათ, მოედნის ახლოს მდებარე სახლის ერთ–ერთ ფანჯარასთან მდგარ მაყურებლად იქცეთ და ეს ფუსფუსი საკუთარი ხელისგულივით შეისწავლოთ.

წიგნის დაგემოვნების ყველაზე ხელშესახები მეთოდი მკითხველის „გაავტორებაა“. გემოვნებიანი მკითხველი ხომ კარგი მწერლისგან წერასაც სწავლობს. ჰოდა, სცადეთ! თავიდან შეგიძლიათ ერთად შექმნათ მარტივსიუჟეტიანი ზღაპარი ან მოთხრობა.

სასურველია, პირველი წინადადება მასწავლებელმა დაწეროს, რადგან თხზულების დასაწყისი ფანტაზიის გამღვიძებლად, ერთგვარ მოტივატორად უნდა გამოვიყენოთ. წინადადებამ მოსწავლეებს სიუჟეტის სხვადასხვა გზით განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს (მაგალითად მოვიყვან ვირჯინია ვულფის „მისის დოლოუეის“ პირველ წინადადებას: „მისის დოლოუეიმ თქვა, რომ თვითონ იყიდდა ყვავილებს“).

შემდეგ მოსწავლეებს შეახსენეთ, რომ მწერალმა მკითხველი რაც შეიძლება მეტი ხნით უნდა „დააბას“, ეს კი ადვილი საქმე არ არის. მას უნდა შეეძლოს ჟანრის სწორად შერჩევა, დამაინტრიგებელი შესავლისა და ეფექტური დასასრულის მოფიქრება, კვანძის ოსტატურად შეკვრა, არ ეშინოდეს ექსპერიმენტების, ჰქონდეს „ხატვის“ ნიჭი (სიტყვებით შეგრძნებების, ფერების, ამინდის შექმნა) და თხრობის დახვეწილი მანერა.

ფურცელი რიგრიგობით გადაეცემა მოსწავლიდან მოსწავლეს, თხზულებას ყველა თითო–თითო წინადადებას მიამატებს. ვინ იცის, საბოლოოდ რა გამოვა ამგვარი ექსპერიმენტისგან, მაგრამ ეს აქტივობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ერთობლივი ნამუშევრის გაცნობას პატარები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.

წარმოსახვის გასავარჯიშებლად შეგიძლიათ რომელიმე ნახატიც გამოიყენოთ, მაგალითად, დავით კაკაბაძის „იმერეთი – დედაჩემი“. მოსწავლეებმა დაკვირვებისა და ფანტაზიის უნარის დახმარებით უნდა „წაიკითხონ“ დედის განწყობა, სადარდებელი, წარსული… აღწერონ გარემო, ქალის ყოველდღიური საქმიანობა, ამოიცნონ დედა–შვილის ურთიერთდამოკიდებულება, ავტორის ემოცია და ა.შ.

 

საუკეთესო მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია წიგნის გაცოცხლება და ტექსტის მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენის ან ეკრანიზაციის გაცნობა. საგაკვეთილო მასალად თემატური ფილმი მეც არაერთხელ გამომიყენებია.

როლური თამაშის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სიახლეს აღარ წარმოადგენს. ეს მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, გააზრებული კითხვის უნარის დახვეწას უწყობს ხელს და კითხვის მოტივაციასაც ზრდის. თუ ცოტათი მაინც გიჭრით კალამი, მოთხრობის სცენარად გადაკეთებას რა უნდა?! შეგიძლიათ, ბავშვებს წიგნის გმირები დაახატვინოთ, მათგან კი სახელდახელო თოჯინები შექმნათ თეატრალური წარმოდგენისთვის. ტექსტის გაცოცხლება ხელნაწერი ილუსტრირებული კრებულების, კომიქსების და ყდის დიზაინის შექმნითაც შეიძლება.

ხშირად ლიტერატურის სწავლების მეთოდებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეტისმეტად „არააკადემიურია“, რის შედეგადაც ბავშვი სასწავლო საგანს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს. არადა, ლიტერატურის სწავლება ფანტაზიის გამოუყენებლად წარმოუდგენელია.

თუ გინდათ, კარგ მკითხველად იქცეთ, წიგნში სიმართლეს ნუ დაუწყებთ ძებნას, დატკბით კიდევ ერთი მოგზაურობით, რომელიც ადამიანებით დასახლებულ კუნძულზე, ერთ–ერთი გენიალური ცრუპენტელას თავში მოხდა. „თუმცა ვინ თქვა, რომ რაც ჩვენს თავში ხდება, სინამდვილე არ არის?!“ (ჯ. როულინგი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი