ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მშობლების შეკითხვები ფსიქოლოგს

მოდით ხშირად გავიხსენოთ შესანიშნავი გამონათქვამი: „ბავშვის არასასურველი ქცევა ცხოვრების არანორმალურ პირობებზე ნორმალური რეაქციაა“. სწორედ ამ ფრაზით იწყება  ფსიქოლოგ იულია გიპენრეიტერის წიგნი: „მშობლებს: კითხვებისა და პასუხების წიგნი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებს სურდეთ სწავლა, იცოდნენ მეგობრობა და გაიზარდონ დამოუკიდებელნი“.

წიგნში შეტანილია ავტორის მისამართით სხვადასხვა დროს მშობლების მიერ დასმული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები (ხშირ შემთხვევაში ავტორი თავს არიდებს კონკრეტულ რჩევა-დარიგებებს და მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმით შემოიფარგლება, რათა თავად უფროსებს დაუტოვოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა). წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: „ბავშვის ემოციები“, „საქმიანობა, ინტერესები, განვითარება“, „ოჯახი, ურთიერთობები, აღზრდა“.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ავტორის მოსაზრებებს პირველ ნაწილში დასმულ რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე.

თანაგრძნობა, თუ მისი არქონა?

ანა (ჰყავს 8 წლის გოგონა):

„საღამოს ძალიან ამტკივდა თავი. შვილმა მკითხა, რატომ ვარ ასეთი მოწყენილი. პასუხის მოსმენის შემდეგ თავი დააქნია და მკითხა: „წიგნს წამიკითხავ?“ ასეთმა რეაქციამ შემაწუხა. შვილს საერთოდ არ გამოუხატავს თანაგრძნობა“.

აქ უნდა აღინიშნოს სამი მნიშვნელოვანი გარემოება:

  1. ყველა ბავშვს არ აქვს ერთნაირი თანაგრძნობის უნარი. არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან ზრუნავენ ოჯახის წევრებზე, დედაზე, ბებოზე… არიან ისეთები, რომლებიც უფრო მეტად კონცენტრირებული არიან საკუთარ ინტერესებზე. შესაძლებელია, რომ თქვენი გოგონა უფრო მეტად მეორე ტიპს განეკუთვნება.
  2. თქვენმა შვილმა რაღაც დოზით გამოხატა თქვენდამი თანაგრძნობა. მან ხომ შენიშნა, რომ მოწყენილი იყავით და მხოლოდ შეკითხვა დაგისვათ, ხომ არ წაუკითხავდით წიგნს. მას არ დაუჟინებია, გინდა თუ არა წამიკითხეო.
  3. უნდა მოველოდეთ თუ არა ბავშვისაგან თანაგრძნობის დიდი ადამიანივით გამოხატვას? დიდი ადამიანი შემოგთავაზებთ წამალს ან სხვა რაიმე ტიპის დახმარებას, ხოლო ბავშებს ახასიათებთ გარკვეულწილად ჯანსაღი ეგოცენტრიზმი. ის შეწუხებულია, რომ დედიკო მოწყენილია, რომ მას არ შეუძლია ზღაპარი წაუკითხოს შვილს. ანუ გამოდის, რომ თქვენ ორივე შეწუხებული ხართ და რატომ უნდა ფასობდეს დიდის წუხილი უფრო ძვირად, ვიდრე პატარასი?

არსებობს ასეთი იუმორისტული გამონათქვამი: „ეგოისტია ის, ვისაც საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე მე“. აბა დაფიქრდით – ხომ არ სურთ  ზოგჯერ დედიკოებს, რომ შვილს ის მეტად უყვარდეს, ვიდრე საკუთარი თავი?

გადაჭარბებული ემოციურობა

           ელენე (ჰყავს 11 წლის ბიჭი):

            „ჩემი ბიჭი ძალიან მგრძნობიარეა, სულ მე მგავს. როდესაც ისეთ ფილმს ვუყურებთ, რომელიც ცუდად მთავრდება, ორივე ვტირით. სანამ ახალი წიგნის წაკითხვას დავიწყებდეთ, ის ყოველთვის მეკითხება – ხომ კარგი დასასრული ექნება მოთხრობას? ერთი მხრივ, მინდა ავარიდო ჩემს ბიჭს მძიმე განცდები, მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა, იცოდეს სირთულეებთან და დანაკარგთან გამკლავება“.

ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც ბავშვს ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობელობა. ასეთ ბავშვებს შესაძლებელია ხელოვნებისადმი მიდრეკილება ჰქონდეთ.

მეორე მხრივ, აუცილებელია ბავშვი გაეცნოს ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებს, რომლებსაც ჩვენი დახმარებით დაძლევს. მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ უსიამოვნებების სხვადასხვა მხრიდან დანახვა. ყველაფერი, რაც ცუდად გვეჩვენება შესაძლებელია არც ისე ცუდი იყოს და რომ პრობლემები და სირთულეები წვრთნიან ბავშვის ხასიათის სიმტკიცეს და აძლევენ ძალას მათ დასაძლევად. არსებობს უამრავი საბავშვო წიგნი, რომელიც ასწავლის მათ სირთულეების დაძლევას. კარგი იქნება, თუ ჩვენი შვილები მათ წაიკითხავენ. მაგალითად, თუნდაც ალან მარშალის: „მე შემიძლია გუბურაზე გადახტომა“.

 

რატომ უყვართ ბავშვებს, როდესაც მათ აშინებენ?

ჩემი აზრით, ზოგჯერ ბავშებს არ ჰყოფნით ის ძლიერი ემოციები, რომლებსაც ცხოვრებაში ხვდებიან. ისინი ინტუიციურად გრძნობენ, რომ უნდა ისწავლონ საკუთარი შიშების გადალახვა. სწორედ ამიტომ თამაშობენ ბავშვები „შეშინობანას“. გაიხსენეთ ისტორიები, რომლებსაც თქვენ და თქვენი ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს უყვებოდით. ბავშვები სპეციალურად კიდევ უფრო ამძაფრებენ ისედაც „საშიშ ისტორიებს“, რომ სრული ძალით განიცადონ შიში და „გადარჩნენ ასეთ საშიშ სიტუაციაში“. როდესაც მშობლები გაძლიერებულად ზრუნავენ შვილებზე და სულ ცდილობენ ისინი საშიშ სიტუაციებს გაარიდონ, ბავშები მშობლებისაგან მალულად თავად ეძებენ სხვადასხვა „საშიშ“ ადგილებს და დამოუკიდებლად ცდილობენ ისწავლონ თავის გადარჩენა მსგავს გარემოებებში.

            გარდაცვალება – რა ვუთხრათ ბავშვებს, როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვალა?

           

ჩემს მეგობარს გარდაეცვალა მეუღლე. მას  3,5 წლის ბიჭი ჰყავს. ის სულ მამას

კითხულობს. დედამ გადაწყვიტა, არ უთხრას შვილს სიმართლე მანამ, სანამ

ბიჭი 6 წლის არ გახდება. როგორ ფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება მართებულია? რაც

არ უნდა იყოს ეს ხომ ბავშვის მოტყუებაა?

ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ბავშვს მსგავსი ამბის გადატანა ექვსი წლის ასაკშიც ისევე გაუჭირდება, როგორც სამწლინახევრის ასაკში. ექვსი წლისას შესაძლოა უფრო მეტადაც გაუძნელდეს ასეთი ამბის გადახარშვა. ამას დაემატება ის, რომ ბავშვი თავს მოტყუებულად იგრძნობს.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კულტურულ-რელიგიური ტრადიციები და ამიტომ მგონია, სჯობს ბავშვს უთხრან, რომ „მამიკო ზეცაშია, ის იქიდან გიყურებს, და უხარია, შენ რომ კარგად ხარ. მამიკოს შენ ძალიან უყვარხარ“. ამ ასაკში ის ადვილად მიიღებს და დაიჯერებს ამ ამბავს.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ ბავშვები დაკრძალვას ესწრებოდნენ?

მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთული საკითხია და მას ყველა ოჯახი ინდივიდუალურად წყვეტს. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა გამოემშვიდობოს გარდაცვლილს. არ არის საჭირო მძიმე ემოციურ განცდებში მისი ჩაბმა, პანაშვიდებზე დასწრება. სრულიად საკმარისია უბრალოდ გამომშვიდობება. სავარაუდოდ, ყველას გახსოვთ სამი წლის ჯონ კენედი უმცროსის ფოტო, სადაც ის უკანასკნელ სამხედრო პატივს მიაგებს გარდაცვლილი მამის ცხედარს. მგონია, რომ ასე ეყრება საფუძველი სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელოვნების განცდას, მის სრულ გაცნობიერებას.

სხვა უფრო რთულ სიტუაციებში, როგორებიცაა, მაგალითად, მშობლების განქორწინება ან ოჯახის რომელიმე წევრის მძიმე ავადმყოფობა, აქ ძალაუნებურად ბავშვი ბუნებრივად არის ჩართული უფროსების განცდებში. ამ დროს აუცილებელია ბევრი ვისაუბროთ ბავშვთან. არ არის საჭირო ემოციების დამალვა. თუ ჩვენ ვცდილობთ ბავშვებს ვუთხრათ: „მე უბრალოდ ძალიან დავიღალე“, „ღამით ცუდად მეძინა“, „ყველაფერი წესრიგშია“… ბავშვს უძლიერდება შფოთვის და განგაშის შეგრძნება. ბავშვების მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია ისინი შესანიშნავად გრძნობენ, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში არ არის.

ხანდახან შესაძლებელია მშობლებს მოეჩვენოთ, რომ მათი შვილები არ განიცდიან ემოციებს, თუნდაც რაღაც მძიმე შეტყობინების მიღებისას. „ბაბუა გარდაიცვალა“ – ეუბნებიან პატარას. „გასაგებია“, – ამბობს ის და აგრძელებს თამაშს. ბავშვები უფროსებისგან განსხვავებულად აღიქვამენ ადამიანის ცხოვრებიდან წასვლას. და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო განსხვავებული, სპეციფიური განცდები აქვს მას. პატარებს, ძალიან უჭირთ მომხდარის სრული მასშტაბით გასიგრძეგანება. ბავშვი ძალიან მოიწყენს, რადგან ბაბუ იყო და აღარ არის, ის აღარასოდეს მოვა მასთან. სიტყვა „აღარასოდეს“ პატარას ისევე აშინებს, როგორც ზრდასრულს. ბუნებრივია, განსხვავებული ფორმით. ბავშვი იხსენებს ბაბუასთან გატარებულ მშვენიერ წუთებს. პატარები ეგოცენტრული ელფერით აღიქვამენ დანაკარგს. მათ ბაბუაზე მეტად საკუთარი თავი ეცოდებათ, რადგან უკვე ვეღარ შეძლებენ მის კალთაში ჩაჯდომას, რათა სულგანაბულებმა უსმინონ მის მიერ წაკითხულ ზღაპარს.

როდესაც ოჯახში, სადაც ბავშვია, ვიღაც იღუპება, ეს პატარასათვის სრულიად განსხვავებული ამბავია. ის ხედავს, რომ უფროსები რაღაც განსხვავებული საქმიანობებით არიან დაკავებული. სახლში რაღაც ისეთი ხდება, რაც სრულიად არ ჰგავს მათი ოჯახის ჩვეულ საქმიანობას. ეს გარემოება ბავშვში ცნობისმოყვარეობასთან ერთად შიშის განცდასაც აღვიძებს. პატარა გარშემო სიტუაციას აკვირდება. ნერვიულობს, თუ ვინმე ტირის, ზოგჯერ შესაძლებელია თავადაც გული აუჩუყდეს. თან მუდმივად ინტერესდება: „რა იქნება შემდეგ“, „რა არის პანაშვიდი“, „დაკრძალვა?“ და ა.შ.

ვფიქრობ ყველა მშობელს აქვს საკუთრი მოგონებები და განცდები იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა პირველად მსგავს სიტუაციაში, რას აკეთებდა და რას განიცდიდა მაშინ. ასეთი მოგონებები, დაეხმარება მშობელს, მიხვდეს თუ რა განცდები და ემოციები ტრიალებს მისი შვილის თავს.

  

რა ვქნათ, როგორ გავაგებინოთ ბავშვს დანაკარგის შესახებ?

დანაკარგის შესახებ ბავშვს უნდა ვაცნობოთ მშვიდ, წყნარ სიტუაციაში. უნდა გამოვხატოთ დიდი პატივისცემა გარდაცვლილი ადამიანისა და მომხდარი ფაქტის მიმართ. გარდაცვალება და დაბადება ეს ორი ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ მათ შესახებ საუბრისას უფროსს ადეკვატური ტონალობა უნდა ჰქონდეს. მან შეძლებისდაგვარად ბავშვის ცნობიერებისათვის შესაფერისი სიტყვებით უნდა აუხსნას მას მომხდარის არსი.

        დედა შენ მოკვდები?

         ლარისა (6 წლის ბიჭის დედა)

         „ჩემს შვილს ძალიან აშინებს სიკვდილის თემა, რადგან გაიგო, რომ

         ყველა ადამიანი უნდა გარდაიცვალოს. როგორ ვესაუბრო მას ამ თემაზე?

მართლაც საშიშია, იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე მიწაში ჩაგმარხავენ. ეს სწორი რეაქციაა. ბავშებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ავადმყოფობები, განსაცდელები. მაგრამ ცოდნა არ ნიშნავს, რომ მათ მოუშუშებელი ჭრილობა მივაყენოთ ამ ნიადაგზე. მშობლების ვალია, მშვიდად აუღელვებლად აუხსნან შვილებს სიკვდილის არსი. მათვე უნდა ეცადონ, რომ ბავშვმა ზედმეტი ემოციების გარეში მიიღონ ის, როგორც გარდაუვალი რეალობა.

სწორედ ჩვენს თემასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ცნობილი ფსიქოლოგის ლევ ვიგოტსკის შვილის მოგონების შესახებ: „მაშინ 5-6 წლის ვიყავი. მამას მეგობარი მოულოდნელად გარდაიცვალა და ამიტომ ოჯახში ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სიკვდილი გარდაუვალი მოვლენაა. ამან ძალიან შემაშინა და დამთრგუნა. მამამ შეამჩნია ჩემი ეს მდგომარეობა და ერთხელაც, როდესაც ჩვენ მარტო ვიყავით, ხელი ჩამჭიდა, მუხლებზე დამისვა და მკითხა:

– მითხარი, რა მოხდა?

– ეს სიმართლეა, რომ ყველა ადამიანი მოკვდება? – ვკითხე მას. – მახსოვს, როგორ მინდოდა, რომ მამას გაექარწყლებინა ჩემი შიშები და ეთქვა, რომ ეს ტყუილია. მაგრამ მამამ თვალებში ჩამხედა, თავზე ხელი გადამისვა და მშვიდი ხმით მითხრა:

– დიახ, ეს სიმართლეა. მაგრამ იღუპებიან, მხოლოდ ასაკოვანი და ავადმყოფი ადამიანები, ამიტომ შენ არაფერი გაქვს სანერვიულო, ჩვენ მხოლოდ დიდი, დიდი ხნის შემდეგ გარდავიცვლებით.

– და შენ? დედა?

– ჩვენ ხომ ჯერ არ დავბერებულვართ და თანაც ორივენი ჯანმრთელები ვართ. ასე რომ, შენ არ მოიწყინო, არაფერზე იდარდო. წადი ახლა და სხვა ბავშვებთან ითამაშე, – ამ სიტყვებით მამამ  მუხლებიდან ჩამომსვა მაკოცა და მსუბუქად მიბიძგა კარისკენ.

ნათლად მახსოვს, როგორ დავმშვიდდი და ვიგრძენი მამისადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი