ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უთანასწორობა საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით

ჟურნალ National Geographic-ის ერთ ნომერში საინტერესო მოკლე ინფორმაციას წავაწყდი: “რას იწონის მსოფლიო”. გამოთვალეს, რომ ამჟამად დედამიწის მოსახლეობას 3,5 მლნ ტონაზე მეტი ჭარბი წონა აქვს. აფრიკისა და აზიის მოსახლეობა საშუალო მაჩვენებელზე მსუბუქია, ხოლო დანარჩენი – უფრო მძიმე. იქვე ნათქვამი იყო, რომ თუ ყველა ქვეყანამ აშშ-ს მიბაძა, მსოფლიოს მოსახლეობის ჭარბი წონის ნამატი კიდევ ერთი მილიარდი ადამიანის წონას გაუტოლდება.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ქვეყნები და რეგიონები მრავალი კომპონენტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ სტატიაში ყურადღებას სწორედ საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით უთანასწორობაზე გავამახვილებ.

არავის უკვირს, რომ მილიონობით ადამიანი მსოფლიოში ცუდად იკვებება, შიმშილობს – თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე ხომ ინფორმაცია მყისიერად ვრცელდება და ჩვენც შორეულ ქვეყნებში მომხდარ ამბებზე ისევე მიგვიწვდება ხელი, თითქოს ეს ჩვენს მეზობლად ხდებოდეს. თუმცა ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები ნაკლებად ინტერესდებიან შორეული ქვეყნებით, რომელთა შესახებ სიუჟეტმა მაყურებელს, დიდი-დიდი, გული აუჩუყოს და სინდისის ქენჯნა მოჰგვაროს საკუთარი უმოქმედობის გამო.

შიმშილობა უდიდესი პრობლემაა (იხ. სტატია ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში”: https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=323). მოშიმშილეებისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, რადგან მათთან ეს პრობლემა არ არსებობს. მეტიც – უამრავი კვლევა მოწმობს, რომ თუ რამე ბუნებრივი კატასტროფა ან სერიოზული მღელვარება, გამოსვლები, ტერაქტი არ მოხდა, რასაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება, მედია თავისი დროის მხოლოდ 5%-ს თუ უთმობს განვითარებად ქვეყნებს. ამდენად, მრავალი პრობლემა, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევისა, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება – მოშიმშილე ადამიანების უმეტესობა ხომ განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. მთლიანობაში, განვითარებული ქვეყნების დღიური რაციონის კალორიულობა ჭარბობს განვითარებადი ქვეყნებისას.

ამჟამად არასაკმარისად იკვებება 900 მილიონი კაცი მთელ მსოფლიოში, დღეში 22 ათასი კი შიმშილით კვდება (https://www.worldometers.info/). ამ ბმულზე შესვლისას თქვენ წინ ზოგადი მონაცემების სტატისტიკა გადაიშლება. ის ინტერაქტიულ რეჟიმში განუწყვეტლივ ახლდება, ამიტომ მონაცემები გარკვეულწილად შეცვლილი იქნება, როდესაც ჩემი ნათქვამის გადამოწმებას სცდით.

ყველაზე მეტი ხალხი აზიაში შიმშილობს, რისი ვიზუალიზაციაც ქვემოთ, წრიულ დიაგრამაზეა მოცემული:

მსოფლიოში იმდენი საკვები არასოდეს წარმოებულა, რამდენიც ახლა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ყველასათვის საკმარისია. სოფლის მეურნეობა აწარმოებს 17%-ით მეტ კალორიას, ვიდრე 30 წლის წინ. მწვანე რევოლუციის წყალობით ხორბალი და ბრინჯი იმდენი იწარმოება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, დღიურად 3000 კილოკალორია მიიღოს. კალორაჟი უფრო მეტად გაიზრდება, თუ ამ კალკულაციაში სხვა სურსათიც: ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ხილი თუ ბოსტნეული, – იქნება გათვალისწინებული.

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საკვების პროფიციტია, იმდენად ბევრს აწარმოებენ, რომ ფასების დაწევა ხდება საჭირო, თუმცა ამის გაკეთებას ხშირად მიწაში დამარხვით ან ოკეანეში ჩაძირვით მის განადგურებას ამჯობინებენ.

ამრიგად, პრობლემა არასაკმარისი საკვების წარმოება არ არის – უფრო მისი განაწილების ხარვეზებთან გვაქვს საქმე, ეს კი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ნაკლოვანებებზე მიუთითებს. რესურსებს მსოფლიოს ის ნაწილი განკარგავს, რომელსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა და ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა, ასეთი კი უმცირესობაა.

განვიხილოთ, რა იწვევს ასეთ უთანასწორო განაწილებას. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კომერციალიზებული სოფლის მეურნეობა, რომელიც საკვების ძირითად ნაწილს აწარმოებს, თავისი პროდუქციის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას ამჯობინებს, ანუ იქ, სადაც მეტს გადაუხდიან. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ვერ ახერხებს, კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ ქვეყნებს. საინტერესოა ხორბლის მაგალითი, რომელსაც როგორც ადამიანების, ასევე პირუტყვის საკვებადაც იყენებენ. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწარმოებელი ფერმერები განვითარებული ქვეყნებიდან ქმნიან ძვირად ღირებულ და მაღალი ხარისხის პროდუქციას. მათ, დიდი შემოსავლების გამო, შეუძლიათ გაცილებით მაღალი ფასის გადახდა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის შესყიდვისას, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობას. ამდენად, ხორბალი მდიდრებს რჩებათ. იგივე ითქმის ბიოსაწვავზეც, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მოიხმარენ და, შესაბამისად, უფრო მაღალ ფასსაც იხდიან, ვიდრე სხვა საკვებ პროდუქტებში, რის გამოც სულ უფრო დიდ ტერიტორიაზე ამ უკანასკნელთ ტექნიკური კულტურები ცვლის.

შიმშილობის აღმოსაფხვრელად განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებულში ხშირად გზავნიან სასურსათო დახმარებას. არგუმენტი სმითვის იოლი საპოვნელია, რადგან აშკარაა საკვების დეფიციტი, ღარიბი მოსახლეობა, რომელიც შიმშილობის ზღვარზეა და მისი უუნარობა, რამე მოიმოქმედოს, მაგრამ ეს დახმარებები აუარესებს კიდეც ვითარებას. ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც მოსავალი გასაყიდად მოჰყავთ, ვეღარ ყიდიან პროდუქციას, რომლის ალტერნატივა უფასო დახმარებაა, ეს კი ხელს უშლის ფერმერს, გრძელვადიანი გათვლები გააკეთოს და ბიზნესი მომგებიანი გახადოს, უხადოს გადასახადი ბიუჯეტს და თავისი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში წვლილი შეიტანოს. ამდენად, ის აღარ აწარმოებს ჭარბ პროდუქციას, რადგან წინა წლების გამოცდილებამ ამ საქმიაობის არაეფექტურობა დაუმტკიცა. შედეგად ეს ქვეყნები გარე დახმარებებზე ხდებიან დამოკიდებულნი. მათი შეწყვეტის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ადგილზე საკმარისი პროდუქცია არ იწარმოება, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დამძიმდება სოციალური ფონი და შიმშილობის მასშტაბი გაიზრდება. ამრიგად, ამ სასურსათო დახმარებებს სარგებლობა უფრო იმ განვითარებული ქვეყნებისთვის მოაქვს, საიდანაც ეს სურსათი გაედინება, რადგან ეს ჭარბი პროდუქციის გასაღების კარგი საშუალებაა (ძირითადი შემსყიდველები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან).

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის წარმოება, მთლიანობაში, იზრდება, ამას მსოფლიოს ყველა რეგიონზე თანაბრად ვერ ვიტყვით. მაგალითად, აფრიკის მოსახლეობის მატება უსწრებს პროდუქციის მოცულობის ზრდას, თუმცა ეს არ არის სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა ამ სუსტად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის.

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ განვითარებული ქვეყნების ფერმერები ერთი და იმავე ფართობის სავარგულებიდან მეტ მოსავალს იღებენ, ვიდრე განვითარებადი ქვეყნებისა. აღსანიშნავია ამის რამდენიმე მიზეზი:

. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას აქვს თვითკმარი მეურნეობები, რაც გულისხმობს, რომ აქ მოწეული სურსათი ძირითადად საოჯახო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. თვითკმარ მეურნეობებს არ აქვთ სურვილი და მოტივაცია, გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა.

. განვითარებად ქვეყნებში იშვიათია მონოკულტურების მოყვანა, მათ მრავალფეროვანი პროდუქცია მოჰყავთ, რაც უფრო მეტად ზღუდავს რომელიმე სახეობის დიდი მოცულობით დარჩენას, რაც გასაღების ბაზარზე გატანას გაუადვილებდა. გარდა ამისა, ისინი ვერ იკავებენ სპეციალურ ნიშას ბაზარზე, ვერ სპეციალიზდებიან ერთი პროდუქციის წარმოებაში.

. ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მეთოდები გამოიყენება იმის გამო, რომ არ არის საკმარისი ცოდნა და ტექნოლოგიები სიტუაციის შესაცვლელად.

. ვინაიდან სურსათის შენახვას სპეციფიკური პირობები სჭირდება, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ, მოწეული პროდუქციის დიდ ნაწილს მწერები და მღრღნელები ანადგურებენ. ვარაუდობენ, რომ აქ 30%-იან დანაკარგს სწორედ შენახვის პირობების არარსებობა იწვევს.

. შვილების სიმრავლის გამო ოჯახის თავის სიკვდილის შემდეგ შთამომავლები საგვარეულო მიწებს წვრილ ერთეულებად ყოფენ. ეს შესაძლოა სამართლიანი იყოს, რადგან მათ თანაბარი ფართობის სავარგულები ხვდებათ, მაგრამ უკვე აღარ არის საკმარისი მომავალი განვითარებისთვის. მცირემიწიანი ტერიტორია მანქანებით ვეღარ მუშავდება, რაც ზრდის დამუშავებისთვის საჭირო დროს, რომელიც შეიძლებოდა სხვა შემოსავლიან საქმეს დათმობოდა.

. ხშირად გლეხებს საკუთარი მიწაც არ აქვთ და სხვისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს მეპატრონისთვის პროდუქციის მეტი წილის ჩაბარებას და თავისთვის მხოლოდ მცირე ნაწილის წამოღებას, რაც ხშირად ოჯახსაც ძლივს ჰყოფნის. მეტი მოსავლის მიღება არც ამ გლეხის ინტერესშია, ვინაიდან მეტს ჩამოართმევენ.

. ამ ქვეყნებში აგრობიზნესის კორპორაციები გლეხებს ურჩევენ, დაანებონ თავი სურსათის მოყვანას თავი და თამბაქოს, ბამბის ან ჩაის წარმოებაზე გადაერთონ. ეს თითქოს ლოგიკურიც კია, რადგან პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, მათზე ფასი განუხრელად მცირდება, ამდენად, ფერმერები, რომლებსაც ადრე სურსათი მოჰყავდათ, ხვდებიან, რომ იმაზე ნაკლების მსყიდველობითუნარიანობა აქვთ, ვიდრე მაშინ ექნებოდათ, თავად რომ მოეყვანათ ეს პროდუქცია.

. ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რათა დაიცვან თავიანთი მიწა ეროზიისგან, რაც სულ უფრო ამცირებს მოსავლიანობას. ეროზირებულ ნიადაგს აღდგენა სჭირდება, ეს კი ძვირი ღირს. ბევრს არ შეუძლია სასუქის ყიდვა.
კვების პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში

განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიური სოფლის მეურნეობაა წამყვანი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაკლებ ფართობზე მეტი პროდუქციის მოყვანა ნაკლებ ფერმერს შეუძლია. სოფლის მეურნეობა აღარ მოითხოვს იმდენ ადამიანურ რესურსს, რასაც ადრე. ტექნოლოგიები ეფექტურად ანაცვლებს ათობით ადამიანს, რაც ზოგავს დროსა და სახსრებს, თუმცა ამავე ტექნოლოგიების შეძენა ღარიბ ქვეყნებს არ შეუძლიათ.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჭარბი წონის პრობლემა მილიარდ-ნახევარ ადამიანს აქვს და ეს მაჩვენებელი განუხრელად იზრდება. მსუქანთა რიცხვი კი ნახევარ მილიარდს აღემატება.

ნავარაუდევია, რომ ჭარბი წონის პრობლემა უკვე 2015 წლისთვის 2,3 მილიარდ ადამიანს ექნება, ხოლო კიდევ 700 მილიონს – სიმსუქნისა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ სიმსუნესა და ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პროგრამებზე მხოლოდ აშშ-ში წლიურად 76 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება.
შეიძლება ითქვას, რომ ჭარბი წონა უკანასკნელი 50 წლის პრობლემაა, რაც გამოიწვია განვითარებამ, ტექნოლოგიების განვითარების გამო შრომის შემსუბუქებამ, ტრანსპორტის განვითარებამ და ხელმისაწვდომობამ კი ადამიანს გადაადგილებისთვის დახარჯული ენერგიაც დაუზოგა. საკვების გამრავალფეროვნებამ, მისმა ექსპორტმა და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლემ ასევე შეუწყო ხელი ჭარბი წონის პრობლემის მასშტაბის ზრდას. სხვათა შორის, კვლევები მოწმობს, რომ სწრაფი კვების ობიექტების სიახლოვეს იზრდება ჭარბწონიანთა რიცხვი, ხოლო მოშორებით მეტია გამხდარი. ეს გამოკვლევა ტეხასის უნივერსიტეტის სიმსივნური დაავადებების ცენტრმა ჩაატარა და დასკვნები მეცნიერულადაც დაადასტურა.

სხეულის მასის ინდექსი იანგარიშება სიმაღლე-წონის თანაფარდობით, რათა ადამიანმა იცოდეს, რასთან აქვს საქმე. მიიჩნევა, რომ 18,5-დან 25-მდე შუალედში სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია, მასზე დაბალი კვების დეფიციტზე მიუთითებს, 25-30 – ჭარბ წონაზე, ხოლო 30-ის ზემოთ უკვე სიმსუქნეა.

არსებობს კალკულატორები, რომლებიც სიმაღლისა და წონის მითითების შემდეგ ავტომატურად ანგარიშობს სხეულის მასის ინდექსს.

მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა, სიმსუქნის პრობლემას მაინც მზარდი ხასიათი აქვს.
სიმსუქნე და ჭარბი წონა კი ისევე საშიშია ჯანმრთელობისთვის, როგორც შიმშილობა და არასაკმარისი კვება. იგი სხვადასხავა ქრონიკულ დაავადებას, სისუსტეს, გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, ზრდის II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. დიაბეტის ასოციაცია ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება.

სიმსუქნეს მდიდარი ქვეყნების დაავადებათა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევენ.

ჭარბი წონის პრობლემა, რა გასაოცარიც უნდა იყოს, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში არ გვხვდება. ჭარბწონიანებს შორის ოკეანეთის მრავალი კუნძულოვანი ქვეყანაა: ნაურუ, მიკრონეზია, კუკის კუნძულები, ტონგა. აქ მოსახლეობის 80% ჭარბწონიანია. ამის ახსნა კულტურული თავისებურებით შეიძლება: სწორედ სიმსუქნე მიუთითებს ოჯახის მაღალ სოციალურ სტატუსზე. აფრიკის კონტინენტზე, მავრიტანიაში, სადაც ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი უდაბნოა, გოგონებს ძალად აჭმევენ კალორიულ საკვებს, რათა გასუქდნენ და სიგამხდრის გამო საქმრომ არ დაიწუნოს.

მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის ადრეული ასაკიდანვე სწავლება, რაც ერთგვარი პრევენციაა მომავალი პრობლემებისა.

თუ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების საკვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შევადარებთ, დავინახავთ, რომ უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო პრობლემაა, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი კი მის მოსაგვარებლად ალბათ განათლებაა, რაც საშუალებას მისცემს ღარიბებს, დასაქმდნენ და თავი დააღწიონ შიმშილობას, ხოლო განვითარებულ ქვეყნებს – სიმსუქნის პრევენციით იზრუნონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი