გამოცდები, სტრესი, მოზარდები

როგორ უმკლავდებიან წინასაგამოცდო სტრესს? ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას ზაფხულის პირველ თვეს იძენს. ბევრი მოზარდისთვის გამოცდები ნამდვილ განსაცდელად იქცევა ხოლმე. ნერვული ფონი ყველგან მატულობს – სკოლაში, სახლში, რეპეტიტორებთან. გამოცდებს განიცდიან მშობლები და მასწავლებლები, ნათესავები და მეგობრები. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ წინასაგამოცდო სტრესი ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას და ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. როგორ დავიცვათ მოზარდი სტრესისგან, როგორ ვუზრუნველყოთ იმ პირობებით, რომელიც დაეხმარება რთული პერიოდის გადალახვაში?

წინასაგამოცდო სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორები ერთმანეთზეa მიბმული: ხანგრძლივი და ინტენსიური გონებრივი მუშაობა, მრავალსაათიანი ჯდომით განპირობებული დატვირთვა ერთსა და იმავე ორგანოებსა და კუნთებზე, ძილისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა.  გარდა ამისა, მოზარდთა უმეტესობა სასწავლო წლის ბოლოს დაღლილია.

წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის სიმპტომები ასეთია: მომატებული შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დათრგუნულობის განცდა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მადის დაკარგვა ან ზეაქტიურობა, ხელის კანკალი, ოფლიანობა, გულის აჩქარება, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, პანიკის შეგრძნება. თუ მოზარდში სტრესის სიმპტომები გამოკვეთილია, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ისინი შეაფასებენ მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობას,  საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავენ.

მოზარდი სტრესისგან რომ დავიცვათ, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გაზიარება: წინასაგამოცდო სამზადისამდე აუცილებელი როდია მოზარდისთვის ჩვეული დღის რეჟიმის რადიკალურად შეცვლა. ეს დაარღვევს მისი ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს და ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. სასურველია მოზარდი ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობდეს, მაგრამ ზუსტად ჰქონდეს გადანაწილებული დრო. ზუსტად იცოდეს, როდის ისვენებს და რამდენ საათს მეცადინეობს.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის კვებას. ის დაბალანსებული უნდა იყოს. ინტენსიური გონებრივი დატვირთვების დროს აუცილებელია დღეში 4-5 მცირე ულუფის მიღება, სასურველია ერთსა და იმავე დროს. კვების რაციონი უნდა შეიცავდეს ასაკთან შესაფერისი ცხიმების, ცილების, ვიტამინების და მიკროელემენტების რაოდენობას. მენიუში სისტემურად უნდა იყოს ხილ-ბოსტნეული, კვერცხი, ღვიძლი, უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტი და ცხიმიანი თევზი. შავი ჩაის, ყავისა და გაზიანი სასმელის მიღება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ამას ჩაენაცვლოს კომპოტი, წვენი, მწვანე ჩაი და მინერალური წყალი.

მოზარდმა თვითონ უნდა აირჩიოს სამუშაო სივრცე. თუ მეგობრებთან ერთად ურჩევნია მეცადინეობა, ხელს ნუ შეუშლით, თუ პარკში ან ბიბლიოთეკაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, არ შეზღუდოთ. აუცილებელი არ არის მოზარდი 24-საათიან რეჟიმში აკონტროლოთ. ეს მორალურად დაძაბავს და მეცადინეობის სურვილს დაუკარგავს მას. მოზარდმა ეფექტიანად რომ იმეცადინოს, პერმანენტულად „გამოცდის რეპეტიცია“ შესთავაზეთ და გავლილი თემები ამ გზით გაამეორებინეთ. თანაც, ეს მოგეხმარებათ საქმის კურსში იყოთ და იცოდეთ, როგორია მოზარდის ცოდნის დონე.

იმის მიუხედავად მოზარდი სახლში მეცადინეობს თუ მეგობრებთან ერთად, განუმარტეთ, რომ მის ოთახში, სადაც ის საგამოცდოდ ემზადება, წესრიგი უნდა იყოს. ხმამაღალი მუსიკა, ახმაურებული ტელევიზორი, საუბრები, თამაშები, მობილურზე ხანგრძლივი ლაპარაკი მეცადინეობის პროცესს შლის. მიაქციეთ ყურადღება, რა პოზაში ზის მოზარდი მეცადინეობის დროს. დაარწმუნეთ, რომ ამ ნიუანსების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაციისა და სასურველი შედეგების მისაღწევად.

სტრესის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა გონებრივი და ფიზიკური აქტივობების მონაცვლეობა. დატვირთვის გადანაწილების ოპტიმალური ვარიანტია ორ-სამსაათიანი მეცადინეობის დროს 15-წუთიანი ვარჯიში. დღის განმავლობაში აუცილებელია სუფთა ჰაერზე გასეირნება (მწვანე სკვერში, პარკში). უკეთესია მოზარდმა ფეხით, ველოსიპედით, სკეიტით იმოძრაოს და არა პასიურად იჯდეს სკამზე.

არასასურველია გამოცდების წინ მშობელი მოზარდის „ოჯახის ექიმად“ გადაიქცეს და „პროფილაქტიკის მიზნით“ სხვადასხვა დამამშვიდებელი წამლები შესთავაზოს. დამამშვიდებელი წამალი ამუხრუჭებს ნერვულ სისტემას და მოზარდი არა მშვიდ, არამედ ნელ აზროვნებაზე გადადის. ამიტომ ასეთ დროს ვიტამინებიც კი სპეციალისტმა უნდა დაუნიშნოს. არასასურველია სტიმულატორების მიღებაც.

წინასაგამოცდო პერიოდში მოზარდს მეცადინეობა არ დააძალოთ. მშობლის ამოცანა არ არის დამატებითი სტრესული სიტუაციის შექმნა. პირიქით, მშობელმა მოზარდი დადებითად უნდა დამუხტოს. არ დაინანოთ ყურადღება, აგრძნობინეთ, რომ მხარს დაუჭერთ ნებისმიერ დროს.

გამოცდის წინა ღამეს მოზარდმა კარგად უნდა გამოიძინოს. ძილის ხანგრძლივობა 8-8,5 საათი უნდა იყოს. სრულფასოვანი ძილი იმის წინაპირობაა, რომ მას ყურადღების კონცენტრირება გაუადვილდეს. გამოცდის დღეს მოზარდმა „გამოსაცოცხლებლად“ სასურველია გრილი შხაპი მიღოს და მსუბუქად წაიხემსოს (ომლეტი, ხაჭო, ხილის სალათი, ჩაი თაფლით). გამოცდამდე ერთი საათით ადრე სასურველია შოკოლადის ჭამა. არსებობს „ანტისტრესული“ პროდუქტიც. ეს გახლავთ: ლეღვი, კურაგა, ბანანი, ნიგოზი. ჩამოთვლილი პროდუქტი აუმჯობესებს განწყობას, კვებავს ტვინს. სასურველია ყოველდღიურად 1,5-2 ლიტრი სითხის მიღება.

გამოცდაზე მოზარდს თან უნდა ჰქონდეს წყალი. ურჩიეთ, ჩაიცვას არაექსტრავაგანტული და მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც წინა დღეს უნდა მოიმზადოს.  გამოცდაზე დაგვიანება მოზარდისთვის სერიოზული სტრესია. უსიამოვნო სიტუაციისგან დაზღვეული რომ იყოს, ნახევარი საათი მაინც უნდა ჰქონდეს რეზერვში. გამოცდის დღე წინა საღამოს დეტალურად შეიძლება დაიგეგმოს.

გამოცდაზე გასვლის წინ თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ მოზარდს, რომ არ იჩქაროს ტესტის წერისას. ყურადღება მიაქციოს დეტალებს და მხოლოდ მას მერე შეუდგეს საქმეს, რაც კარგად გაიაზრებს ტესტის მოთხოვნებსა და პირობებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია იმოქმედოს პრინციპით: ჯერ მარტივ შეკითხვებს უპასუხოს, შემდეგ შედარებით რთულ ვარიანტებზე კონცენტრირდეს.

გამოცდა არა მხოლოდ ცოდნის შეფასება, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერია, რომელიც მოზარდმა უნდა დაძლიოს. მოზარდთა უმეტესობას ესმის, რომ გამოცდის ქულებსა და შედეგზე მისი მომავალია დამოკიდებული. კიდევ ერთხელ აუხსენით მოზარდს, რომ თუ ის მომზადებულია, შეუძლებელია გამოცდაზე ყველაფერი დაივიწყოს. აუხსენით, რომ არცერთი მასწავლებელი, გამომცდელი თუ გამოცდის მეთვალყურე არ არის დაინტერესებული მისი „ჩაჭრით“. ცნობილი მკვლევარი დოლფ ზილმანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აღგზნებადობასა და აგრესიას შორის არსებულ კავშირს სწავლობდა, ასეთ დასკვნამდე მივიდა: რაც უფრო აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო მცირდება მისი გონებრივი მუშაობის ხარისხი. განუმარტეთ მოზარდს, თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე.

რასაკვირველია, სტრესი ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი ფიზიოლოგიური რეაქციაა, მაგრამ მისი დონის შემცირება სავსებით რეალურია ორგანიზებულობის, თავდაჯერების გამყარებისა და უფროსი თაობის თანადგომის დახმარებით. მოზარდი შეძლებს შიშისა და განცდების გაკონტროლებას თუ ნამეცადინები იქნება და წინასწარ წარმოიდგენს, რა ვითარებაში ჩააბარებს გამოცდას. მან რაციონალურად უნდა გამოიყენოს საგამოცდო დრო. ურჩიეთ, რომ საგამოცდო მაგიდასთან დაჯდომისთანავე შეასრულოს დაძაბულობის მოხსნის უმარტივესი და სხვებისთვის ნაკლებად ხილვადი ვარჯიში: „ჩამოიფერთხოს“ მხრები, რათა ზურგის კუნთები მოეშვას, მოიფშვნიტოს ხელები, გაიკეთოს ხელის მტევნებისა და ყურის ბიბილოების მსუბუქი მასაჟი, დალიოს წყალი პატარა ყლუპებით.

გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები

comments