ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ივნისი, ბავშვობის ბაღი

ზაფხული მოდის,  ბავშვობის გახსენების დრო. როცა მოსწავლეებს ბოლო გაკვეთილებს უტარებ, მათ თვალებში კი მოუთმენლობას ხედავ – მოსალოდნელი არდადეგების, ცივ-ცივი მდინარეების, თავგადასავლების და ახალი შეხვედრების გამო, რომელთაც თითქოს შენ, მასწავლებელი აყოვნებ იმით, რომ სასწავლო წლის ბოლო დღეებში გაკვეთილებს ატარებ. რაღაც დროს ქართული ენა და ლიტერატურაა? რაღა დროს ტესტებია და გამოკითხვები? არადა, თავადაც გახსოვს, ეს ბოლო დღეების მოუთმენლობა.

ჩემი საზაფხულო თავშესაფარი არც რომელიმე სოფელი ან მთიანი აგარაკი, არც ზღვის კურორტი თუ საინტერესო ბანაკი, არამედ ერთი პატარა ბაღი იყო – თბილისის გარეუბანში.  ჰოდა,  მინდა გიამბოთ, ამბავი ბაღზე, რომელთან დამშვიდობებაც ბავშვობის დაკარგვას ჰგავდა…

მამა ადრე გარდაიცვალა და დედაჩემი, თითქმის პატარა გოგო –  სამი ბავშვის ამარა დარჩა. ბევრი არაფერი, ერთი ბაღი გვქონდა ქალაქის გარეუბანში, სასაფლაოსთან ახლოს, სადაც მამა იყო დაკრძალული. მაშინ იქ ტრამვაი დადიოდა, დღემდე მახსოვს,  ჩავსხდებოდით ტრამვაიში, რომელშიც განსაკუთრებით გაპიწკინებულსაყელოიანი პენსიონერი მოხუცები მგზავრობდნენ ( ასე მახსოვს, რატომღაც), მივჩაქჩაქებდით  და მოვჩაქჩაქებდით. ოღონდ უკანა გზაზე დატვირთულები მოვდიოდი – მოგვქონდა ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, მიწა ოთახის მცენარეებისათვის.

მერე, ცოტა მოგვიანებით, ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიანებში, როცა საშაქრეში შაქარი გათავდა და მაცივარში რძის პროდუქტები,  სამშვილიანი და ქვრივი პატარა გოგოსთვის ის ბაღი შვილების გადარჩენის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა. ჰოდა,  ფიზიკის ფაკულტეტის ხუთოსანი სტუდენტი ისე თანდათან გახდა გამოცდილი მებაღე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია…

დღემდე მახსოვს ჩვენი ბაღის დაბურული ტევრი და სიგრილე, ტყის მოშინაურებული კენკრით დაწყებული და თბილისის ჰავას ძლივსშეგუებული ციტრუსებით დამთავრებული…

გაზაფხულიდან რომ დაიწყებდა მწიფობას, ხილის კრეფას და მურაბა-კომპოტების დამზადებას ვერ ავუდიოდით… მაისის ბლის ფოიერვერკი – პირველი სიტკბო და ხეს ჩიტებივით შესეული ბავშვები, ათასგვარად დამყნობილი ალუბლების მოტკბო-მომჟავო იდუმალება, შავი და თეთრი ლეღვის ბიბლიური სიმწიფე და ყუათი, ალექსანდრეს თუ ხეჭეჭური მსხლების თაფლივით გემო – ზედმეტი სიტკბოსგან სიმწარეში გადასული, მერე, გვიან შემოდგომაზე ჩვენს ბაღს ხურმა და კარალიოკი აჩახჩახებდა, გამჭვირვალე თითა და დაბინდული ალადასტური…

ბოსტნეული? ვინ მოთვლის სხვადასხვა ჯიშის ყაბაყს და პომიდორს, ლობიოს და ცერცვს, ბარდას და ოსპს?  ის ბაღი ნამდვილი საბადო იყო – მიწაში თუ მიწის ზემოთ, ხეზე თუ ღობეზე – ყველაფერი ყვავილობდა და მწიფდა…

ბაღს ერთ მხარეს ოსი დიასახლისის ეზო ემეზობლებოდა, მეორე მხარეს უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი იდგა, მისი პატრონი თითქმის არასდროს მინახავს, აი, მათი შავი ბლის გემოს კი ამნეზიის ურთულესი ფორმაც ვერ დამავიწყებს. თუკი ღობის გადმოღმა, ანუ ჩვენს ბაღში მდგარ ლეღვის ხეზე აცოცდებოდი, მათი ბლის დახუნძლულ ტოტებსაც მშვენივრად მისწვდებოდი…

 ერთ გაზაფხულს სახლის უკან, პატარა, დაახლოებით 30  მეტრიანი ნაკვეთი გამომიყო დედამ და მითხრა, რაც გინდა დარგე, დათესე და მოიყვანეო… ძირითადად კენკროვანები მქონდა, მათდამი ჩემი გარდარეული სიყვარულის მიზეზით, სამი ჯიშის მარწყვი, წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო და მაყვალი ( ნერგებით ბაბუა მამარაგებდა, მშრომელი და ჩუმი კაცი). ჰოდა, იმ წელიწადს მურაბების თაროს ჩემი მოსავალიც მიემატა…)

დეკორატიული მცენარეები? ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა – ფერები და ფორმები აუწერელი, ვარდები – სრულიად წარმოუდგენელი შეფერილობის, იასამნები – თეთრი, იისფერი, ვარდისფერი, მუქი იასამნისფერი და კიდევ ერთი ფერი, რაღაც გარდამავალი რძისფერსა და ბაც ცისფერს შორის… ათასფერი გეორგინები, პიონები და ქრიზანთემები, გლადიოლუსები, ნარცისები თუ ტიტები…

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ იმ ამბების მერე თითქმის 20 წელი გავიდა, ზუსტად მახსოვს, რომელ კუთხეში რა იყო, სად-უნაბი, სად-მოცხარი და ჟოლო, სად – ნიახურისა და პიტნის რიგები, სად – ბადრიჯანი, პომიდორი და გოგრა. სად იდგა რკინის დაჟანგებული მაგიდა, რომელთანაც დაღლილები ვსადილობდით ხოლმე, როგორი გემო ჰქონდა წყალს, როგორ წითლად ღადღადებდნენ ეზოს შესასვლელში მდგარი ბროწეულები….

მივიდოდით ჩვენს ბაღში, საქმეს გაგვინაწილებდა დედა, ვიმუშავებდით, დავბარავდით, დავთოხნიდით, ბაღს ხმელი ფოთლებისგან გავათავისუფლებდით, მოსავალს დავკრეფდით, ლობიოს ჭიგოებს გავუსწორებდით, ხეებს ჭიებისგან დასაცავ სითხეს შევასხურებდით, მოკლედ, ათასი საქმე იყო… მერე დედა ყვავილებისგან ულამაზეს თაიგულს შეკრავდა და გავლისას, მამის საფლავზე ტოვებდა… ყოველ მისვლაზე სხვადასხვაგვარი იყო ეს თაიგული, წელიწადის დროის, განწყობის, ხასიათის მიხედვით…-ხან სადა და ერთფერი, ხან ჭრელი, ხანაც შემოდგომის ფოთლებით შეკრული…

მოკლედ, ასე, მერე დრო გავიდა, გავიზარდეთ და სხვადასხვა მიზეზის გამო ბაღის გაყიდვამ მოგვიწია. მე ლექციებზე დავდიოდი და მყიდველთან მოლაპარაკების პროცესებს არც დავსწრებულვარ, დედა ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა, თავისთვის განიცდიდა, მერე ვკითხე, ვინ იყიდა-მეთქი. -არ ვიცი, პატიოსანი კაცი იყოო – მითხრა და მორჩა.

დიდი ხნის მერე, რაღაც ლიტერატურულ გადაცემას ვუყურებდით ერთად, უცებ, ეკრანს დააკვირდა, მიმახედა და მითხრა – ნახე, ეს ის კაცია, ვინც ჩვენი ბაღი იყიდა.

ის კაცი, ძალიან ნიჭიერი  მწერალია,   ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მე კი ძალიან გამიხარდა…ყოველთვის ვიცოდი, რომ შემთხვევით არ ანათებდნენ ჩვენი ეზოს კარალიოკები ღამით. იმას კი , როგორ იქცა ჩემი ბავშვობის ბაღი სხვისი მოთხრობის ან რომანის პერსონაჟად, ოდესმე ალბათ ის მწერალი  გიამბობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი