პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მუსიკალური სმენა: ინტონაციის განვითარება (I)

მსოფლიოს ენათა უმეტესობა ტემბრულ-არტიკულაციურია ანუ ხმოვნებისა და თანხმოვნების გარჩევას ეფუძნება, ხოლო ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური, ვიეტნამური, დანიური, მეტყველების ძირითად კომპონენტს ბგერის სიმაღლე წარმოადგენს, ამიტომ ამ ქვეყნების მოსახლეობას ნატიფი მუსიკალური სმენა აქვს და მათი მეტყველება ხმოვან ბგერათა შეფერილობით აღიქმება.

 

ინტონაცია (intono – ხმამაღლა წარმოვთქვამ) უმნიშვნელოვანესი მუსიკალურ-თეორიული და ესთეტიკური ცნებაა. მუსიკალური ინტონაცია წარმომავლობით სამეტყველო ინტონაციის ანალოგიურია (ვგულისხმობთ მეტყველების სიმაღლებრივ მხარეს), მაგრამ თუ სამეტყველო ინტონაციაში ბგერები არ არის დიფერენცირებული და არ გააჩნია ფიქსირებული სიმაღლე (თუნდაც შეფარდებითი სიზუსტისა), მუსიკაში ინტონაციას მუსიკალური ტონები – ბგერები ქმნის, რხევების სიხშირის მუდმივობის გამო სიმაღლებრივ შეფარდებაში მკაცრად შეზღუდული.

შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინტონაცია სამეტყველო ინტონაციისგან ხარისხობრივად განსხვავდება. ის მეტად დამოუკიდებელია, განვითარებული და განუზომლად დიდი გამომსახველობითი შესაძლებლობა აქვს. მუსიკას, როგორც ინტონაციური ბუნების მქონე ფენომენს, ინტონაციის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

როგორც წინა წერილში მოგახსენებდით, მუსიკალური სმენა მუსიკალური მოღვაწეობის პროცესში ვითარდება და მის განვითარებას დისციპლინა – სოლფეჯიო ემსახურება. შემუშავებულია მთელი სისტემა იმის დასამტკიცებლად, რომ მუსიკის შესწავლა პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წარმატებითაც კი.

გავრცელებული შეცდომები

ბავშვი პირველად ლაპარაკს სწავლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ „სამეტყველო სმენა“ უვითარდება. გახდება თუ არა სმენა მუსიკალური, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებულია გარემოზე. თუ მშობლები მღერიან ან რომელიმე მუსიკალურ საკრავზე უკრავენ, ბუნებრივია, ბავშვი აუცილებლად ეცდება მათ მიბაძვას. მუსიკალური მონაცემები სწორედ ამ დროს ვითარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეჩერდება და მომავალში ის გეგმურ მუსიკალურ-პედაგოგიურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.

მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპანია Sony–ს დამფუძნებელი წერს: „მშობელს სმენა თუ არ აქვს და ბავშვი ყოველდღე დედის მიერ არასწორად ნამღერ იავნანას ისმენს, ასეც იმახსოვრებს მას და დამახინჯებულ მელოდიას იმეორებს. ღიმილის მომგვრელია, როდესაც დედა ნამღერს მოისმენს და დაასკვნის, რომ მის შვილს სმენა არ გააჩნია“. ამგვარი მიდგომით სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება არასწორი სასიმღერო ჩვევები ჩამოუყალიბდეს.

ბავშვის ხმა და მეტყველება, ოჯახთან ერთად, საბავშვო ბაღისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენითაც ფორმირდება.

ვიდრე პრობლემის მოგვარების საშუალებებს დავუწყებდეთ ძებნას, გავარკვიოთ, რატომ ინტონირებს ზოგი ბავშვი უსუფთაოდ. ამ საკითხზე ბევრი იმუშავეს მუსიკის მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა, ფონიატრებმა.

მუსიკის მასწავლებლებს მუდამ აწუხებდათ და აწუხებთ არასწორად მომღერალი ბავშვების მუსიკალური განვითარების შესაძლებლობის, კერძოდ, უსუფთაო ინტონაციის საკითხი (ეს განსაკუთრებით სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან შეინიშნება).

სუფთა ინტონაციაზე მუშაობის დროს ხშირად ხდება, რომ მუსიკის მასწავლებელი ბავშვებს უცნობ სიმღერას უმღერის და, მიუხედავად სირთულისა, იწყებს მის სწავლებას. შედეგად სწორად მღერიან ის ბავშვები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ განვითარებული მუსიკის აღქმის უნარი, ბავშვების უმეტესობა კი ყალბად მღერის, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე – უფრო და უფრო მცდარად. ასეთ ბავშვებს საკუთარი თავისა ცუდად ესმით და ხშირად ყვირილზეც კი გადადიან. ზოგიერთი აცნობიერებს, ზუსტად რომ ვერ იმეორებს ცალკეულ ბგერებსა თუ მელოდიას, მაგრამ სწორად სიმღერას მაინც ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში არასწორი ინტონირების მიზეზი სმენასა და ხმას შორის კოორდინაციის უქონლობაა (იხ. „მუსიკალური სმენა: კოორდინაცია“).

ბავშვები არაზუსტად იმიტომ ინტონირებენ, რომ ზოგი უბრალოდ უყურადღებოა, ზოგიერთს კი სმენის სიმახვილე არ ჰყოფნის. ერთნი მეტისმეტად ჩუმად მღერიან, მეორენი – მეტისმეტად ხმამაღლა. საკითხს ადვილად და სწრაფად ის მასწავლებლები წყვეტენ, რომლებიც არასწორად მომღერალ ბავშვებს „უსმენოთა კატეგორიას“ მიაკუთვნებენ და მათთან მეცადინეობის გაგრძელებას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ. გუნდურ მეცადინეობებში ასეთ ბავშვებს დუმილს ურჩევენ, რათა სხვებს ხელი არ შეუშალონ. კვალიფიციური მასწავლებელი, როგორც წესი, არასწორად მომღერალი ბავშვების სიმღერის გაკვეთილიდან გათავისუფლების წინააღმდეგია, ვინაიდან მათზე დაკვირვება აუცილებელია მიზეზთა გამოსავლენად. მასწავლებლები, რომლებიც სიყვარულითა და ინტერესით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, ბავშვებს მუსიკისადმი დიდ ინტერესსა და სიყვარულს აღუძრავენ.

არანაკლები ბრალი მიუძღვით მშობლებსაც, როცა „უსმენო“ შვილს სიმღერას უშლიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ბავშვის მუსიკალური უნარის დამოუკიდებელი დიაგნოსტიკის დროს. ასე რომ, მუსიკალური მონაცემების განსაზღვრისას აჩქარება არ შეიძლება. მხოლოდ სიმღერის საფუძველზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ადამიანს სმენა ან მუსიკალური ნიჭი არ აქვს. უსუფთაო სიმღერა მასწავლებელთა და მშობელთა მხრივ ზედმიწევნით ყურადღებიან დამოკიდებულებასა და მიზეზთა გამოვლენას მოითხოვს. სისტემატური მუშაობის შედეგად არასწორად მომღერალი ბავშვების რიცხვი თანდათან აუცილებლად შემცირდება.

მაკ

არაზუსტი ინტონირების მიზეზი ბავშვის მუსიკალური სმენის განვითარებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ის ყოველი ბავშვისთვის განსხვავებული და ინდივიდუალურია.

სწავლების პირველი წელი ინტონირების სისუფთავის თვალსაზრისით ბევრი მოსწავლისთვის პრობლემურია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. საჭიროა გამოვიკვლიოთ, მოსწავლეს სწორად სიმღერაში რა უშლის ხელს.

ბავშვებთან არაზუსტი ინტონირების გამომწვევი მიზეზებია: აღქმისა და მელოდიის ათვისების (სასიმღერო) ჩვევების უქონლობა ანუ სუსტად განვითარებული მუსიკალური სმენა, სახმო აპარატის მართვის არცოდნა, თავის რეზონატორის გამოყენების არცოდნა, ცუდი არტიკულაცია, ხმის ჟღერადობის შეზღუდული დიაპაზონი, კოორდინაციის უქონლობა სმენასა და ხმას შორის, საჭირო გარემოცვის არარსებობა (ოჯახისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უარყოფითი გავლენა), უყურადღებობა, სიმორცხვე – შინაგანი დაძაბულობა (ფსიქოლოგიური მიზეზები).

არტიკულაცია

სპეციალისტთა მოსაზრებების საფუძველზე არაზუსტი ინტონირების სამი მიზეზი გამოიკვეთა: ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემოს გავლენა.

ფსიქოლოგიურ მიზეზსა და გარემოს გავლენაზე წინა წერილში გესაუბრეთ. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მიზეზებს, ერთი მათგანია არასწორი ინტონირება, რომელიც ხშირად ცუდი არტიკულაციით არის გამოწვეული. ამ დროს ყალბად სიმღერას ცალკეული ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების არასწორი გამოთქმა იწვევს. როგორც ვიცით, საარტიკულაციო აპარატს ხმოვნებისა და თანხმოვნების ფორმირებაში მთავარი როლი ეკისრება. უმცროსი ასაკის ბავშვებს საარტიკულაციო აპარატი ხშირად დუნე აქვთ – ნაკლებმოძრავი და დაძაბული ქვედა ყბით, ენითა და ტუჩებით. ყოველ ხმოვანს შეესაბამება ენის, ტუჩებისა და რბილი სასის განსაკუთრებული მდგომარეობა. საარტიკულაციო აპარატის არასაკმაო აქტიურობის დროს გაურკვეველ ხმოვნებსა და თანხმოვნებს ვიღებთ. მათ სიმღერისთვის საჭირო მკაფიოობა აკლიათ. ვარჯიშის შედეგად ეს ნაკლოვანებები თანდათან გამოსწორდება.

მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, ბავშვის მთელი სახმო აპარატი ნორმალურ სასიმღერო მდგომარეობაში მოიყვანოს. მუსიკალური სმენის შეფასებისას ყურადღება მიაქციოს ბავშვის მეტყველებასაც. მონოტონური, მცირედ გამომსახველი მეტყველებისას ტონალური სფერო უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც აუცილებელია ლექსების სხვადასხვა რეგისტრში გამოთქმით კითხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი