პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წითელცხვირა გენიოსი

სამი სიცოცხლეც რომ ჰქონდეს კაცს, შესაძლოა, მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ დაფასებას, როგორსაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ცხოვრების შვიდი ათეული წლის განმავლობაში მიაღწია.  გარდა „წითელ ეშმაკებთან“ ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულისა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა.

განა ბევრს იცნობთ ისეთს, ვისაც შეუძლია იყოს ერთსა და იმავე დროს მკაცრიც და ლმობიერიც, მხიარულიც და გულჩათხრობილიც, მშვიდიც და ფეხბურთელების გამსილაქებელიც?! ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და, საზოგადოდ, ეთნოგენეტიკურ წარმომავლობაშია საძიებელი; ფერგიმ თავისი პიროვნება საკუთარი ჯაფითა და ტალანტით შექმნა. სწორედ ამიტომ არ ჰგავს ის არც უზომოდ გონიერ, მაგრამ მეწვრილმანე ჟოზე მაურინიოს და არც გულღია, მაგრამ ცოტა „ოფოფებიან“ ტერი ვენეიბლზს.

როდესაც ამა თუ იმ მწვრთნელზე რამეს ამბობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომელი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია და რომელ სტილსა თუ მიდგომებს აღიარებს ეს კაცი. ფერგიუსონზე საუბარი ამ კუთხითაც ძნელია, რადგან სერ ალექსი იმ იშვიათთაგანია, ვინც თავისი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ფერგის ფილოსოფია არ გახლავთ მიხელსის ან ლუის მენოტის შეხედულებათა დარად ერთსახოვანი და „ერთ ხაზზე გაჭიმული“. ტყუილად კი არ ამბობდა მისი ყოფილი შეგირდი ტედი შერინგემი, რომ პირველ ხანებში არ ესმოდა ფერგიუსონისა, რომელიც ერთი თამაშის წინ ერთს ეჩიჩინებოდა ფეხბურთელებს, მეორე მატჩისთვის მზადებისას კი „საკუთარი თავის წინააღმდეგ“ მიდიოდა და სულ სხვა რამეს ქადაგებდა. ფერგიუსონის ფილოსოფია ყველა სტილსა და ხედვას მოიცავდა, რაც კი აქამდე ყოფილა და რაც ბევრისთვის ალბათ ჯერ ახალია. მას სიცილად არ ჰყოფნიდა, როდესაც ინგლისელი ჟურნალისტები არასასურველი შედეგით დასრულებული რომელიმე თამაშის შემდეგ „საკუთარი სტილის ღალატის“ გამო აკრიტიკებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხნიერი კაცი გაცილებით დიდი ნოვატორი იყო და უფრო იოლად უმკლავდებოდა ახალ-ახალ საფეხბურთო გამოწვევებს, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც, წესით, თავად უნდა ნერგავდნენ სიახლეებს და მხცოვან კოლეგებს მოძველებულ სტრატეგიებს უწუნებდნენ.

ჩვენ მიერ უკვე ხსენებულმა ჟოზე მაურინიომაც კი, რომელიც „ჩელსიში“ მოღვაწეობის დროს ფერგის უმთავრესი მეტოქე და გამქიაქებელი იყო, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ გაკვირვებულია ფერგიუსონით, რომელიც დღესაც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.

სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი მოღვაწეობის მანჩესტერული პერიოდის განმავლობაში ოთხი ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩამოყალიბება მოასწრო. „იუნაიტედის“ ქომაგებმა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იციან, რომელი ფორმაციის გუნდი იყო უკეთესი და იორკი-კოულის წყვილი ჯობდა თუ რონალდუ-რუნისა, თუმცა წითელცხვირა შოტლანდიელის მთელი სიდიადე განსაკუთრებით მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც გუნდიდან ბექჰემისა და რონალდუს მსგავსი უდავო ლიდერები მიდიან, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარაო – „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და ახალ-ახალ სიმაღლეებს ეპოტინება. სამწუხაროდ, ამ დიდ გამარჯვებათა წყება წარსულს ჩაბარდა.

არაერთხელ გვინახავს ლიდერის წასვლის გამო დაქცეული და დაჩაჩანაკებუული კლუბები. ასეთ კლუბებს ევროპის თითქმის ყველა ეროვნულ პირველობაზე დღესაც ნახავთ. „იუნაიტედი“ ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული იყო. ალექს ფერგიუსონმა თავისი ქომაგებიც კი დაარწმუნა, რომ გუნდი მხოლოდ ერთი ან თუნდაც ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. როდესაც დევიდ ბექჰემი „რეალის“ ფერადოვნებას დახარბდა და მადრიდში გადაბარგდა, „მანიუს“ ფანებმა „ოლდ ტრაფორდზე“, ჩემი აზრით, ისტორიული პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა: „ვინ არის დევიდ ბექჰემი? ჩვენ ასეთს არავის ვიცნობთ!“ ეს არ ყოფილა მხოლოდ ნიშნის მოგება – ეს იყო რწმენა იმისა, რომ ფერგის ყველაფერი შეეძლო და უბექჰემოდაც ხელეწიფებოდა წარმატების მიღწევა. და ვერ შეძლო?! ვერ აიყვანა გუნდი მეორედ ევროპის უმთავრეს ოლიმპოზე?! ვერ დაამტკიცა, რომ ნიჭს სიბერე ვერაფერს აკლებს?!.

მერწმუნეთ, ფერგი ბებერი არ არის და არც არასოდეს დაბერდება. უბრალოდ, წლები ემატება. წლები, რომლებისაც ასე ეშინოდა ინგლისის მეფე რიჩარდს და არასოდეს შეეშინდება ფერგიუსონს – ეს კაცი ხომ წლებსაც იმორჩილებს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი