შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წესები და პროცედურები კლასში

დაწყებით  კლასებში  მასწავლებლებს 20-30  მოსწავლის ხელმძღვანელობა უწევთ.  ცხადია, ყველა პედაგოგს ერთნაირად არ შეუძლია, ბავშვებს განსხვავებული აქტივობები შეასრულებინოს. შესაბამისი წესებისა  და  პროცედურების გარეშე დიდი დრო იკარგება ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემაში: „ფანქარი გამიტყდა, როგორ დავწერო?“; „დავამთავრე წერა, ახლა რა ვქნა?“…

საშუალო კლასებში მასწავლებლებს ასობით მოსწავლესთან აქვთ ურთიერთობა. ამ ასაკის მოსწავლეები უდიდეს მასალას გადიან; ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ  მასწავლებლის ავტორიტეტს. წარმატებული მენეჯერები გეგმავენ პროცედურებს, აყალიბებენ წესებს,  რათა ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდნენ.

პროცედურები.  როგორ  უნდა  მოხდეს  მასალისა  და  დავალებების  განაწილება და  შეგროვება? რა პირობებში შეუძლიათ მოსწავლეებს დატოვონ ოთახი? როგორ  განისაზღვრება  მათი  შეფასება  და  ქულები?  ინვენტარის  გამოყენების რა წესები არსებობს ბუნებისმეტყველებისა თუ ხელოვნების გაკვეთილებზე? პროცედურა (ხშირად მას რუტინას უწოდებენ) აღწერს,  როგორ  უნდა  შესრულდეს  მოქმედება  კლასში. პროცედურა კლასში რაიმე ქმედების  შესრულების  გზაა. მასწავლებლებს, წესრიგის დასამყარებლად, შემდეგი  რუტინების  განსაზღვრა  ესაჭიროებათ:

  1. ადმინისტრაციულირუტინა – დასწრება;
  2. მოსწავლეთა გადაადგილება – კლასშიშესვლადა  კლასის  დატოვება;  მაგალითად,  ტუალეტში  წასვლა;

3.საკლასო ოთახის დალაგება – მცენარეების მორწყვა ან პირადი  ნივთების  შენახვა;

4.გაკვეთილების  წარმართვის  რუტინა,  მაგალითად, როგორ  უნდა  შეგროვდეს  მოსწავლეების  ნამუშევრები და როგორ უნდა დაუბრუნდეთ ისინი მათ;

  1. ურთიერთობა მასწავლებელსა და  მოსწავლეს  შორის,  მაგალითად,  როგორ  უნდა  მიიპყრო  მასწავლებლის  ყურადღება,  როცა  დახმარება  გჭირდება;
  2. საუბარი მოსწავლეთა შორის – დახმარება  ან  სოციალიზაცია.

ეს  ექვსი  რუტინა  უნდა  გამოიყენოთ, როგორც  ერთგვარი  ჩარჩო  საკლასო პროცედურებისა  და  რუტინების  დაგეგმვისას.

წესები. წესები ეხება კლასში დაშვებულ და აკრძალულ აქტივობებს,  ანუ  რა შეიძლება  გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს კლასში. პროცედურებისაგან განსხვავებით, წესები  ყოველთვის  დაწერილია  და  თვალსაჩინოდ არის  გამოფენილი. წესების შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურთ. მოსწავლეთა რომელი ქცევა გამოგადგებათ მათი ეფექტიანად სწავლებისთვის? რა შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭირო მოსწავლეთა ქცევის  სამართავად?  თქვენ  მიერ  დადგენილი  წესები უნდა შეესაბამებოდეს მთელ  სკოლაში  მოქმედ  წესებსა  და  სწავლის  პრინციპებს. მცირე  ჯგუფების  კვლევებიდან  ვიცით,  რომ  მოსწავლეთათვის სასარგებლოა,  როცა ისინი თანაკლასელებს უხსნიან მასალას. მოსწავლეები სხვათა სწავლებით სწავლობენ.  ურთიერთდაუხმარებლობის წესი შეიძლება არ შეესაბამებოდეს კარგად  სწავლის  პრინციპებს;  ან, მაგალითად, წესმა „არ  წაშალოთ წერისას!” შეიძლება  უბიძგოს  მოსწავლეებს იმისკენ, რომ მეტი  ყურადღება გაამახვილონ  შეცდომების  არდაშვებაზე, ვიდრე  აზრის  ნათლად  გადმოცემაზე.

წესები პოზიტიური უნდა იყოს, ასევე მათ შესრულებაზე დაკვირვება უნდა შეიძლებოდეს. უმჯობესია, შეიმუშაოთ მრავალი საკითხის მომცველი რამდენიმე ზოგადი წესი, ვიდრე ჩამოწეროთ უამრავი ნებადართული თუ აკრძალული ქცევის სია. თუ აკრძალვა ეხება  სპეციფიკურ  ქცევას, მაგალითად, შენობის დატოვებას ან ტუალეტში მოწევას, წესებში ეს  უნდა  აისახოს.

წესები დაწყებითი კლასებისთვის. ფსიქოლოგები იძლევიან ზოგადი წესების ოთხ მაგალითს დაწყებითი კლასებისთვის:

  1. 1. პატივი ეცით და  ზრდილობიანად  მოექეცით  ყველა  ადამიანს.  ახსენით  ნათლად, რას გულისხმობთ სიტყვაში „ზრდილობიანი“ – რომ ეს გამორიცხავს ჩხუბს, დაცინვას,  ხელით შეხებას. ზრდილობიანი ქცევის მაგალითია შენი რიგის დალოდება;  გამოყენება სიტყვებისა:  „თუ  შეიძლება“, „გმადლობთ“…, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავის შეკავება. ეს წესი ეხება როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან ქცევას.
  2. იყავით მომართული და  მომზადებული. ეს წესი ხაზს უსვამს კლასში  აკადემიური  მუშაობის  მნიშვნელობას.  მომართულობა  ნიშნავს  დღის  ენერგიულად დაწყებას და ადეკვატურ გადასვლას აქტივობიდან აქტივობაზე.
  3. მშვიდად მოუსმინეთ სხვების საუბარს. ეს ეხება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. ამ წესის დაცვა აუცილებელია როგორც დიდ კლასებში, ასევე მცირე ჯგუფებში დისკუსიებისას.
  4. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  ეს  შეახსენებს  მოსწავლეებს,  რომ  კლასში  მოქმედებს სკოლის საერთო წესები. მოსწავლე ვერ იტყვის, რომ კლასში საღეჭი რეზინის ღეჭვა ან ტელეფონზე თამაში ნებადართული ეგონა, მაშინ  როცა ეს სკოლაში აკრძლულია: „თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს ჩვენთვისაც  აკრძალულია“.

ნებისმიერი  წესის  შემთხვევაში,  მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  ამ  წესის შესაბამისი  ქცევა.  საჭირო  იქნება  მაგალითების  მოყვანა,  გავარჯიშება, განხილვა.

როგორც ვნახეთ, სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა წესს მოითხოვს. ეს შეიძლება  დამაბნეველი  იყოს  დაწყებითი კლასების  მოსწავლეთათვის –  სანამ ამ  წესებს  დაისწავლიან. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დაბნეულობა და უწესრიგობა, შეგიძლიათ  მოიფიქროთ ნიშნები თითოეული აქტივობის წესებისათვის. საქმიანობის დაწყებამდე უჩვენეთ  მოსწავლეებს  ნიშანი,  რომელიც  შეახსენებს  მათ  წესებს.  ეს  იქნება  ზუსტი  და  მუდმივი  მინიშნება მონაწილეობის  ფორმაზე  – არა  მხოლოდ  სანიმუშო  მოსწავლეებს, არამედ ყველას ეცოდინება, რა არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, წესები უნდა  აიხსნას  და განხილულ იქნას, სანამ  ნიშნების  ეფექტი  სრულად გამოვლინდება.

წესები საშუალო კლასებისთვის.  ფსიქოლოგები გვაძლევენ წესების ექვს მაგალითს საშუალო სკოლებისათვის:

  1. მოიტანეთ კლასში ველა საჭირო მასალა. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კალმის, ფანქრის, ქაღალდის, რვეულის, ტექსტის და ა. შ. ტიპი.
  2. ზარი რომ დაირეკება, დასხედით თქვენს ადგილებზე და მოემზადეთ მუშაობის დასაწყებად.
  3. პატივი ეცით სხვებს  და  ზრდილობიანი  იყავით  მათ  მიმართ. ეს  წესი  ეხება ჩხუბს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზოგადად, პრობლემების შექმნას.  იგულისხმება,  რომ  წესის დაცვა აუცილებელია  მასწავლებელთან მიმართებაშიც.
  4. პატივი ეცით სხვა  ადამიანის  საკუთრებას. იგულისხმება  ის  ქონება, რაც სკოლის, მასწავლებლის ან სხვა მოსწავლის საკუთრებაა.
  5. მოუსმინეთ და იყავით წყნარად, როცა სხვა ლაპარაკობს. იგულისხმება სიტუაცია, როცა ლაპარაკობს მასწავლებელი ან სხვა მოსწავლე.
  6. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  დაწყებითი კლასების  მსგავსად, ეს წესიც მრავალ  ქცევასა  და  სიტუაციას  ეხება. არ არის საჭირო ყველა მათგანის გამეორება კლასში. ეს ასევე შეახსენებს მოსწავლეებს, რომ  მათ  თვალყურს  ადევნებთ  როგორც  კლასში, ისე  მის  გარეთ.  დარწმუნდით,  რომ  თავად  იცით  სკოლის  ყველა  წესი.  ზოგიერთი მოსწავლე დახელოვნებულია  მასწავლებლის  დარწმუნებაში, რომ მისი  კონკრეტული  ქცევა „სინამდვილეში  წესებს  არ  ეწინააღმდეგება“.

შედეგები. როცა უკვე განსაზღვრული გექნებათ წესები და პროცედურები, უნდა  მოიფიქროთ, რას მოიმოქმედებთ, როცა მოსწავლე დაარღვევს წესს ან არ მიჰყვება პროცედურას. ძალიან გვიანია გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა წესი დაირღვევა.

მრავალი  დარღვევის  შემთხვევაში, ლოგიკური  შედეგი  უკან  დაბრუნება  და „სწორად  მოქცევაა“.  მოსწავლეები,  რომლებიც  უთავბოლოდ  დარბიან დერეფანში, შეიძლება უკან მიაბრუნოთ და მოსთხოვოთ, ისე გამოვიდნენ, როგორც საჭიროა.  დაუსრულებელი  დავალება  შეიძლება  ხელახლა  შესრულდეს. დაფანტული ნივთები  შეიძლება  მილაგდეს. თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ  ბუნებრივი  ან  ლოგიკური  შედეგები,  რათა  ხელი  შეუწყოთ  მოსწავლეების ემოციურ და სოციალურ განვითარებას შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

  • თქვენი რეაქცია  უნდა  განასხვავებდეს  ერთმანეთისაგან  საქციელსა  და  მის ჩამდენს – პრობლემა  ქცევაშია  და  არა  მოსწავლეში.
  • ხაზგასმით აღნიშნეთ მოსწავლეებთან, რომ მათ აქვთ მოქმედების არჩევის და კონტროლის  დაკარგვის  თავიდან  აცილების  ძალა  და  უნარი.
  • ხელი შეუწყვეთ აზროვნებას, საქციელის შეფასებას, პრობლემის გადაჭრას – თავი აარიდეთ მორალის კითხვას.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს, რაციონალურად შეაფასონ საკუთარი ქმედებები და განსაზღვრონ, როგორ მოიქცევიან  ანალოგიურ  სიტუაციაში.

მთავარი აქ ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღება სასჯელთან (და ჯილდოსთან)  დაკავშირებით უნდა ხდებოდეს უფრო ადრე, ანუ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა არის  მოსალოდნელი  წესის  დარღვევის  ან  არასწორი  პროცედურის გამოყენების შემთხვევაში და რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი