ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

  როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე

სამუშაოს, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოსწავლეები, როგორც წესი, ხალისით ასრულებენ: იკვლევენ, წარადგენენ ანგარიშებს და აწყობენ პრეზენტაციებს. ეს როლური თამაშია. მის მნიშვნელობასა და შედეგებზე არაფერს ვიტყვი. ის ისედაც ყველამ კარგად იცის. მე ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. რატომ?

ჩემი მოსწავლე ხან ქალაქის მერია, ხან გაერო-ის დამკვირვებელი და ხანაც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინვესტორები და ექსპერტები კლასში ხომ მრავლად გვყავს. ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფიასაც ვსწავლობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ. ჩემი აზრით, როლური თამაში ყველაზე სახალისო და შემოქმედებითი მეთოდია. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები ამ დროს არიან.

პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელთა, ანუ „ექსპერტთა ჯგუფი“ მოტივაციის ამაღლების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამ ჯგუფის წევრებს თავად მოსწავლეები ირჩევენ. „ექსპერტთა ჯგუფი“ წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეთა ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს აფასებს. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების შედეგად ჯგუფში ხდება ცვლილება. მთელი წლის განმავლობაში „ექსპერტთა ჯგუფში“ მოხვედრა მოსწავლეს მოტივაციას უმაღლებს. წლის ბოლოს ჯილდოს ჯგუფის წევრებისთვის თავადვე არჩევენ: „ყველაზე აქტიური“, „ყველაზე სამართლიანი“, „ყველაზე კრეატიული“ და ა.შ.

გთავაზობთ როლური თამაშის რამდენიმე ვარიანტს და შესაბამის მასალას:

მე-10 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე ევროკავშირის შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის მოწყობა.

აქტივობა №1.

იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა“ ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას არგუმენტირებულად დასაბუთებული, სამომავლო 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი უნდა წარმოუდგინონ, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა,  ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ა.შ.).

პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი წახალისდება ,,ფულადი პრემიით“: 10 000$ (10), 9 000$ (9), 8 000$ (8) და ა.შ.

პროექტის შემუშავების დროს სასურველია გამოიყენონ ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემები.

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის: კვლევისა და ინოვაციების, განათლებისა და ტრენინგების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.როლ
  2. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ნაკლებად განვითარებული ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებში, მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთა შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.

როლ2

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა ასახავს, თუ რას მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას  და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.

როლ3

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე, ჯანდაცვისა და საპენსიო ფონდში.

 როლ4

გამარჯვებულ პროექტს „ექსპერტთა ჯგუფი“ გამოავლენს. აქ შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფიც, „საზოგადოების წარმომადგენლების“ ან „არასამთავრობოთა ჯგუფი“. ისინიც წარმოადგენენ საკუთარ შეფასებას. ეს ჯგუფები მუშა ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქმნება. შეფასების კრიტერიუმებიც წინასწარ ერთობლივად შემუშავდება. ასე რომ, სუბიექტურობა გამორიცხულია.

მეორე  აქტივობაც მე-10 კლასისთვის არის გამიზნული, თუცა მისი გამოყენება მე-11 კლასშიც შესაძლებელია.

აქტივობა №2. როლური თამაში. ტექსტისა და სქემის ანალიზი.

ახალგაზრდული სამიტი თემაზე ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს, რომელშიც მსოფლიოში ,,ათასწლეულის განვითარების მიზნებია (MDG) ” გაწერილი. სამიტზე უნდა იმსჯელონ საქართველოში ათასწლეულის განვითარების ამ 8 მიზნის შესახებ. მათ უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და წარმოადგინონ „სამომავლო ინიციატივები“ თითოეული მიზნის შესაბამისად.

ბარათი:2000 წლის სექტემბერში გაერო-ის ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.

ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:

  1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
    2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
    3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
    4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
    5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
    6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
    7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
    8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის.

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელისმოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.

გაერო-ის სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავა, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ 2005 წლის სექტემბერში მომზადდა.

ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია,  წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

შემდეგი მასალა კი დებატების ჩატარებაში დაგვეხმარება.

აქტივობა3. როლური თამაში. დებატები.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტის ენდი სამნერის მოსაზრებებსა და ინფორმაციას ნიუ-იორკში ჩატარებული კონფერენციის შესახებ.

კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი იქნება გაერო-ის წარმომადგენელთა მუშა ჯგუფი;

მე-2 – ,,ათასწლეულის განვითარების მიზნების“  პროგრამის 2015 წლის შემდეგ

გაგრძელების მომხრე;

მე-3  –  ჯგუფი იქნება პროგრამის გაგრძელების მოწინააღმდეგეები.

მე-4 –  საზოგადოების წარმომადგენლები.

წყარო: მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში, ეგრეთ წოდებული, „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ კვლავ განსახილველად. გაერო-ში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ, გადახედონ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი ამ მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაერო-ის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბის და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე 2 წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს: კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან…

„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა დიდია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ჩაერევა. დროსთან ამ შეჯიბრის

პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ“.

ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაერო-ის შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის ნაკლებად ეფექტიანია ადამიანების შემოსავალზე გავლენის მოხდენის კუთხით: „გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან“.

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციებია, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების“ მიღწევის საქმეში დიდი ცვლილებების მომტანი იყოს: „მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ჩამორჩა“.

ჩამორჩა რადგან არაერთმა ქვეყანამ უარი თქვა თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი ერთადერთი არ არის, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გენერალური მდივნის განცხადებით, გაერო-ს დღეს სჭირდება 26 მილიარდი, 2015 წლისთვის კი  უკვე 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების“ პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა ასეც რომ ისურვოს, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო. ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი ამ  წარმომადგენლობითი შეხვედრის შემდეგ გაერო-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა იმართება, რომელსაც დაესწრებიან აზიის ქვეყნების – მათ შორის, პირველად უზბეკეთისა  და  ავღანეთის – პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვა და ადამიანის უფლებები.

ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში  ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა.: „კამათი იმის შესახებ, თუ რა მოხდება 2015 წელს, მაშინ, როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება, ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ. “ბატონი სამნერი  სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა დაისმის: „სინამდვილეში, გაერო-ის ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ ხელი მხოლოდ ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ, მის წინაშე, ალბათ არავინ თვლის თავს ანაგრიშვალდებულად“. დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და  შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს.  აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ გავრცელებული იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სწრაფი განვითარების საკითხში.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ათასწლეულის  განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ საკითხს  – ფართო თუ ვიწრო რაკურსით: „თუ ამ თემას გლობალური კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გაერო-ის სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი – ვერ აკმაყოფილებს.  არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში“.

ენდი სამნერის მოსაზრებით, სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისათვის  ბიზნესის  დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.  ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

  1. https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;
  2. https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი