ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რას ველი მასწავლებლისგან

ავტორი: ნასტასია არაბული

ერთხელაც მკითხეს, რატომ წერ მასწავლებლის გაზეთისთვის, რა არის შენი მთავარი სათქმელიო და პირველი, რაც გამახსენდა, სკოლაში გატარებული წლები იყო. წლები, როცა ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, ბევრ საკითხზე მინდოდა პასუხის მიღება და ამ კითხვების ხმამაღლა გაჟღერების მეშინოდა თუ მერიდებოდა, ზუსტად არ მახსოვს, ფაქტია, რომ მათი უმეტესობა არასოდეს დამისვამს. სკოლაში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, შესაბამისად, კარგი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პრივილეგიებითაც ვსარგებლობდი, მაგრამ მაინც არსებობდა უხილავი ძალა, რომელიც მკარნახობდა, რომ ხმამაღლა რაიმეს კითხვას შესაძლოა თანატოლების სიცილი ან მასწავლებლების გაოგნებული გამომეტყველება გამოეწვია და მეც, პატარას და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულს, მეშინოდა, რამე ისეთი არ გამეკეთებინა, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებდა მე ან სხვებს.
მერეც, სტუდენტობისას, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ხოლმე, როცა ლექციისას რაიმეს კითხვა მინდოდა. დიდ აუდიტორიებში, სადაც რამდენიმე ჯგუფს ერთად გვიტარდებოდა ლექციები, შესაბამისად, მეტი ხალხი იყრიდა თავს, თითქმის არასოდეს მიკითხავს რამე. აქ სხვა ამბავიც დაემატა ჩემს ბორკილებს: ის კურსელები, რომლებიც ბევრი კითხვებით ცდილობდნენ ლექტორებისთვის თავის დამახსოვრებას. მათი უმეტესობა იმდენად უადგილოდ ან სულელურად მეჩვენებოდა, ისევ ჩუმად ყოფნა მერჩია, მათ ადგილას აღმოჩენას. ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში ვიჯექი და იქ ვცდილობდი თავად გამეკვლია გზა. ეს თვისება პრინციპში დღემდე მომყვება, სანამ შესაძლებელია მარტო სიარული, მირჩევნია, თვითონ ვიყო ყველაფერზე პასუხისმგებელი. ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია, ბევრად მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

მერე ეს ამბავი ერთ ჩემ მეგობარს მოვუყევი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მომღერალია და აღმოჩნდა, რომ მასაც ზუსტად იგივე ვნებები ქონდა სწავლის პერიოდში, როცა ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ სცენიდან, ეკრანიდან, გაზეთიდან ან ჟურნალიდან დავიწყებდით საუბარს, ხმამაღლა საუბარს და მით უმეტეს ისეთ თემებზე, რასაც მართლაც მოყვება ხოლმე თანატოლების სიცილი ან უფროსების გაოგნებული გამომეტყველება, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ, რასაც ტაბუ ადევს, რაზეც თვალის დახუჭვა უფრო კომფორტულია.

File written by Adobe Photoshop¨ 5.0

ახლა, როცა უკვე დიდი გოგო მქვია, როცა ჩემი აზრის ხმამაღლა თქმა ვისწავლე და აღარც კითხვის დასმის მეშინია, ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი შეიძლება სწორედ ეს იყოს, მორიდება და უხერხულობაა იმის თქმისას, რაც იმ დროს ყველაზე მეტად გვაღელვებს, გვაინტერესებს და გვაწუხებს. მარტო, ჩვენ თავთან დარჩენილებმა შეიძლება ძალიან კარგად ვიცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების, პრობლემებისა და ამბების შესახებ, მაგრამ თუ მათ ხმამაღლა არ ვიტყვით, მათზე მსჯელობას არ დავიწყებთ, ჩვენს გარშემო ყველას არ გავაგებინებთ, დიდს ვერაფერს შვცვლით.
ახლა კითხვის დასმა უკვე ჩემი პროფესიის, ყოველდღიურობის ნაწილია, ვალდებული ვარ ყველა იმ თემაზე, რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, კომპეტენტური ადამიანები მოვძებნო და მათ დავუსვა კითხვები, რომელიც შეიძლება ვიღაცას სასაცილო მოეჩვენოს ან ვიღაცისთვის უხერხულად მოსასმენი იყოს, მაგრამ პროგრესისთვის, ღია საზოგადოებისთვის მსჯელობა მნიშვნელოვანია. უხერხულობის განცდას მხოლოდ ასე თუ მოვიშორებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზაზე.
ახლა, როცა ყველაზე ხანგრძლივი შიში უკვე უკან მოტოვებული ამბავია, იმიტომ დავიწყე მასწავლებლებისთვის წერა, რომ მინდა, სანამ ჩემი შვილები სკოლაში მივლენ, ისეთი გარემო შეიქმნას სკოლებში, სადაც ბავშვებს მეტი სივრცე ექნებათ თავისუფალი მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, აზროვნებისთვის, თვითგამოხატვისთვის. აქ წერა ფსიქოთერაპიასავით არის, თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ახალ ფაილს ვხსნი, თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რა იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული, რაც სკოლის დროს თავს გადამხდენია, რამ იქონია ჩემზე ყველაზე მძიმედ, რას შევცვლიდი, შესაძლებელი რომ იყოს და ვიწყებ წერას ბავშვებსა და უფროსებზე, რომლებსაც ხშირად ერთმანეთის სულაც არ ესმით. აქ წერა იმ ამბების მოყოლაა, რომელის თქმაც პატარაობისას მინდოდა უფროსებისთვის და რომლებსაც ახლა ვყვები იმ პატარების მაგივრად, რომლებსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ ხმამაღლა ლაპარაკი. მინდა, რომ მასწავლებლებს ასეთი ბავშვების, მათი თავსატეხების მოსმენა შეეძლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი