ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებს

გამოცდები ახლოვდება. აბიტურიენტებს ყოველდღიურად არაერთი რჩევა-დარიგება ესმით მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან, მეზობლებისა და ნათესავებისგან. ამ დროს მათ ომში ყველა ბრძენია. ყველამ ზედმიწევნით იცის, როგორ უნდა შეინარჩუნონ აბიტურიენტებმა გამოცდებზე სიმშვიდე, არ აღელდნენ, მოიკრიბონ ყურადღება, არ იჩქარონ, არ გადაიწერონ.

ხშირად ისინი ირგვლივ მყოფების საყვედურების სამიზნეც ხდებიან – რომ გამოცდებზე ადრე უნდა ეფიქრათ, რომ უნდა ემეცადინათ, რომ ყველაფერი დასრულდა და გვიანია. სინამდვილეში, გვიანი არასდროსაა. 17-18 წლის ადამიანებს მთელი ცხოვრება კიდევ არაერთი შანსი მიეცემათ გამოცდების ჩაბარებისა და სასურველი პროფესიის დაუფლებისა. ასევე, ინდივიდუალურად, მათ უკეთ იციან, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რაზე ინერვიულონ და სად აჩქარდნენ, სჭირდებათ თუ არა გადაწერა და როგორ კონცენტრირდნენ საგამოცდო ტესტებზე.

ვებგვერდი www.topuniversity.com აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ პროფესიონალებისგან გაზიარებულ ათ რჩევას სთავაზობს. არა იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ გამოცდაზე, არამედ, როგორ მოემზადონ გამოცდებისათვის:

კარგად განსაზღვრე მეცადინეობის დრო.

ნუ დაიტოვებ სამეცადინოს ბოლო წუთისთვის. ეს გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად არ გამოგადგება. წინასწარ გამოყავი დღის კონკრეტული მონაკვეთი მეცადინეობისათვის. ჩამოწერე, რამდენი გამოცდა გაქვს და თითოეულისათვის სამეცადინოდ დაახლოებით, რამდენი დრო გჭირდება. ამის შემდეგ, ორგანიზება გაუწიე დროს. შესაძლოა, ერთი საგნის მეცადინეობა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მეორესი. დაიცავი ბალანსი, რომ ბოლოს თავი კომფორტულად იგრძნო.

მოაწესრიგე შენი სამუშაო გარემო.

დარწმუნდი, რომ რვეულებისა და წიგნების გასაშლელად საკმარისი ადგილი გაქვს. სკამზე კომფორტულად გრძნობ თავს? საკმარისი სინათლეა? ხმაური ხომ არ გაწუხებს? იქნებ ფონად მუსიკის თანხლებით მეცადინეობა გირჩევნია? გამორთული გაქვს კომპიუტერული თამაშები? ეცადე, ყველაფერი გააქრო და გამორთო, რაც კონცენტრაციის მობილიზებაში ხელს გიშლის. მეცადინეობა რომ სასიამოვნო პროცესი გახდეს, თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნო.

გამოიყენე ვიზუალური მასალა.

დახატე დიაგრამები, თუნდაც ნახატები. ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია შენი დავალება. მსგავსი წარმოდგენები, ვიზუალური მეხსიერება ძალიან სასარგებლოა მასალის დამახსოვრებაში.

ხშირად მშობლები და უმცროსი და-ძმა არაერთ შეკითხვას გისვამენ და თავს გაბეზრებენ კიდეც. ესაუბრეთ მათ ამოცანებსა და სასწავლო საკითხებზე. აუხსენით პასუხები. მსგავსი საუბრის შემდეგ ინფორმაციას უკეთესად დაიმახსოვრებთ.

არ დაგავიწყდეს რეგულარული შესვენებები.

არასოდეს იფიქრო, რომ განუწყვეტელი, უსასრულო მეცადინეობა კარგია. რომ, რაც უფრო მეტ დროს ატარებ წიგნებთან, მით უფრო კარგად სწავლობ. აუცილებლად შეისვენე საათში მინიმუმ ორჯერ 10-10 წუთით. მოუსმინე მუსიკას, დახატე, იცეკვე ან შეასრულე შენთვის სასიამოვნო აქტივობა, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარება.

კარგი კვება არ დაგავიწყდეს.

მოერიდე სწრაფი კვების ობიექტებს. ეცადე, ჯანსაღი საკვები მიირთვა. სულ თან იქონიე ბოსტნეული, შოკოლადი, თაფლი და ხილი – რაც დაგეხმარება ენერგიის აღდგენასა და სხარტად აზროვნებაში. დალიე ბევრი წყალი.

დაგეგმე საგამოცდო დღე.

ჩამოწერე, რომელი ნივთები უნდა წაიღო. რომელ საათზე უნდა გახვიდე შინიდან. არ დააგვიანო გამოცდაზე.

წარმატებას გისურვებ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი