ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერილი საოცარ ამბავზე

,,აი, ჩემი საიდუმლო: ძალიან მარტივ  მხოლოდ გულია ყოვლის მხედველი. მთავარს თვალით ვერ დაინახავ“.

   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ,,პატარა უფლისწული“

ეს წერილი უდავოდ საოცარ ამბავზეა. წიგნზე, რომლის მნიშვნელობაც ხელში აღებისთანავე საგრძნობი გახდება არა მხოლოდ  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც გულით წაიკითხავს. ესაა სულისშემძვრელი ისტორია პატარა, საყვარელი ბიჭისა, რომელსაც ბედისწერამ განსხვავებულად ყოფნა არგუნა.

   დღეს, როცა ასე ცხადი გახდა  სასკოლო განათლებაში  ტოლერანტობასა და განსხვავებულის მიღებაზე მკვეთრი აქცენტების საჭიროება, სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტებს, რომლებიც მოზარდის ფსიქიკას აღნიშნულის მიმართ გამტარსა და მიმღებს ხდიან. განსხვავებულის მიღების თემაზე ჩვენს სივრცეში ბევრი საბავშვო წიგნის დასახელება შეუძლებელია. მასწავლებლებიც, აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას,  ძირითადად, ,,ელამი კატოსა“ და ,,მახინჯი იხვის ჭუჭულის“ იმედად არიან ხოლმე. წიგნის წაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლახან თარგმნილი პალაციოს „საოცრება“  ნამდვილად ის ტექსტია, რომელიც ამ ხარვეზს რამდენადმე ამოავსებს.

წიგნში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სატირალიცაა და სახალისოც, სასოწარმკვეთიც და იმედიანიც; თემა – უზომოდ სენსიტიური: შეიძლება თუ არა, გარშემომყოფებმა, ბავშვებმა,  მიიღონ თანატოლი, რომელიც მათგან რადიკალურად განსხვავებული, უფრო მეტიც, შემაძრწუნებელი გარეგნობისაა. შეიძლება თუ არა, სახე, რომელიც ნიღაბს ჰგავს, რომელსაც ცივი გულით შეიძლება მხოლოდ „დეფექტური“ უწოდო, ოდესმე შენთვის საყვარელი გახდეს. კი არ გზაფრავდეს და გაშინებდეს, არამედ მის განსხვავებულობას ვეღარც ამჩნევდე,  პიროვნებასთან კი მეგობრობდე, პატივს სცემდე, აღიარებდე…  დიახ, ეს შესაძლებელია! ამის თქმის საბაბს სწორედ ეს საოცარი წიგნი იძლევა. წიგნი სავსეა გარიყულობის განცდისაგან გამოწვეული ტკივილით, ბავშვური გამოცდებითა და დილემებით. ამ ამოცანებს  წიგნის გმირები თავს ძნელად, მაგრამ მაინც ღირსეულად ართმევენ.

    ავგუსტ პულმანი, ბიჭი, რომელიც პირველად მეხუთე კლასში შედის, არაა სკოლაში შემსვლელი ჩვეულებრივი მოსწავლე.  ის არ გახლავთ ახალი თანაკლასელი, რომელიც შეიძლება ჯაგარა თმის, დიდი ყურების ან ჭორფლიანი სახის გამო აითვალწუნო. დიაგნოზი, რომლის მეცნიერულ აზრსაც ბიჭი კარგად ვერ ხვდება, თუმცა ზეპირად იცის, ასე ჟღერს: „აქამდე უცნობი სახეობის ყბა-სახის დიზოსტოზი“.  ავგუსტი თავად ასე აღწერს საკუთარ გარეგნობას: „ირიბად ჩასმული, თითქოს დაბლა ჩამოცურებული თვალები, ჩაცვენილი ლოყები, კუსავით პირი…“ და ეს ყველაფერი არაერთი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ…

   რა გაეწყობა, ეს ავგუსტის განაჩენი და ტვირთია. ტვირთი უცხო ადამიანებში გასვლისა, რადგან მის დანახვაზე ყველას სახე ეცვლება, ზოგი კივილსაც კი იწყებს და უკანმოუხედავად გარბის… ან შეხედავენ, ელდა ეცემათ და  მეორედ ფრთხილად და შიშით ცდილობენ მის დათვალიერებას…

     აი, ასეთი ბიჭი პირველად შედის სკოლაში, მეხუთე კლასში გადასულ და უკვე გათამამებულ მოსწავლეებთან.  ბიჭი, რომელსაც ქუჩაში კოსმონავტის ჩაფხუტის გარეშე გასვლა ეხამუშება, ახლა კლასის წინაშე უნდა წარდგეს. ავგუსტმა იცის, რომ, მამის თქმისა არ იყოს,  შეიძლება სამსხვერპლო კრავად იქცეს, მაგრამ დიდი პროტესტის შემდეგ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა, აასრულოს დედის სურვილი და დაიწყოს სწავლა. ესაა ბავშვური გმირობის გზა, ტკივილიანი და იმედგაცრუებებით სავსე, მაგრამ მაინც საამაყო და აღმაფრთოვანებელი.

წიგნი რამდენიმე პერსონაჟის მონათხრობისგან შედგება. მათგან ყველაზე ემოციური, ცხადია, თავად ავგუსტის პირით მოყოლილი ამბავია: მისი ტანჯვა, იმედგაცრუება და გვიანი, მაგრამ მაინც განცდილი სიხარული, ურთიერთობების, მეგობრობისა და აღიარებისაგან გამოწვეული.

  ავგუსტისათვის სკოლაში შესვლა თავიდანვე სასწაულად დამზაფრველი არ ყოფილა, რადგან დირექტორმა წინასწარვე მოამზადა ნიადაგი, რომ ბიჭუნასთვის დიდი ტკივილი არ მიეყენებინათ. ერთი-ორი მოსწავლე დაუმეგობრდა კიდეც, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ავგუსტის ირგვლივ მაინც იქმნება  სტიგმა, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში იჩენს თავს: მის გვერდით არ სხდებიან, შეხებას ჭირიანივით გაურბიან, მუდმივად თვალს არიდებენ ან მალულად და შიშით ათვალიერებენ… დასცინიან, უფრო ცალკე და ფარულად, რადგან დირექტორის შიში აქვთ. ამიტომაც, ბიჭი იძულებულია, მუდმივად თავჩაღუნულმა და სახეზე თმაჩამოყრილმა იაროს…  ერთი სიტყვით, ის მარტოა. მარტო და გარიყული.  მოგვიანებით გაიგებს, რომ მისი მიზეზით „ჭირობანას“ თამაშიც კი მოიგონეს, რაც შემდეგს ნიშნავს: ვინც შემთხვევით შეეხება ავგუსტს, 30 წამის განმავლობაში ხელები უნდა დაიბანოს, თანაც სადეზინფექციო ხსნარით, თორემ ჭირი გადაედება… განა რა უნდა იყოს იმაზე  დიდი ტკივილი, როცა ხედავ, რომ  თითქმის ჰუმანოიდად აღგიქვამენ ან ჭირიანივით გექცევიან…

   თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც, საერთო ფონის მიუხედავად, ავგუსტს იღებენ. ასეთია გოგონა, ჯუნი, რომელთან ერთადაც ავგუსტი ხშირად სადილობს, მასლაათობს, სასკოლო გარემოში ურთიერთობს; და ჯეკი, რომელიც თავიდანვე უპრობლემოდ უმეგობრდება მას. თუმცა მას უკავშირდება მთელ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი: ერთ დღესაც, ჰელოუინზე ნიღბით მისული ავგუსტი, რომელსაც ვერ ცნობენ, გაიგებს, რომ ჯეკთან მეგობრობა ამ უკანასკნელის სურვილიდან სულაც არ გამომდინარეობდა. ჯეკი მასწავლებელს დაუნამუსებია და ახალ მოსწავლესთან ურთიერთობა დაუვალებია. ავგუსტი ცხადად მოისმენს  ბიჭის თავის მართლებას  დანარჩენი ამხანაგების წინაშე მასთან  მეგობრობის გამო, იმ მწარე სიტყვებს, რომ თურმე იძულებული იყო ამ „დეფექტურთან“ ემეგობრა. სინამდვილეში კი, ავგუსტის ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ, თავს მოიკლავდა. ეს ყველაზე მტკივნეული მომენტია ავგუსტ პულმანის სასკოლო დრამაში. საშინელი იმედგაცრუება ერთადერთი თანაკლასელისგან, რომელსაც ნამდვილ მეგობრად იგულებდა. ამის მოსმენის შემდეგ ავგუსტი სულიერი ტკივილისაგან ავად ხდება და ჰელოუინზე კი არა, გაკვეთილებზე წასვლაც აღარ უნდა.

  მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ჯეკი განიცდის ავგუსტთან ურთიერთობის გაცივებას და ბიჭების მეგობრობა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. საბოლოოდ, ჯეკს ძალიან ბევრის გადატანა მოუწევს ავგუსტთან კავშირის გამო. თანაკლასელები  ,,დეფექტურთან“ ურთიერთობისათვის  მას ფაქტობრივად ომს უცხადებენ. ავგუსტივით რიყავენ, ამცირებენ, მახეს უგებენ, მაგრამ ჯეკი მაინც ღირსეულად აბარებს გამოცდას მეგობრობის შესახებ.

ავგუსტს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც მუდმივად უადვილებს მწარე რეალობასთან შეგუებას. თბილი და მზრუნველი დედ-მამა, და ოლივია, რომლისთვისაც ავგუსტი მზეა, რადგან პლანეტები, ოჯახის წევრები, მის გარშემო ტრიალებენ… ოლივიას უზომოდ უყვარს ძმა, მაგრამ ისიც ბავშვია, პატარა ადამიანი, რომელსაც შიგადაშიგ თავმოყვარეობისა და სიამაყის შემოტევები აქვს. ამ მიზეზით, ერთხელ ოლივიაც სცოდავს ძმის წინაშე – ახალ სკოლაში გადასული, სახლში არ ამხელს, რომ ღონისძიება აქვთ, სადაც თვითონაც მონაწილეობს. არ ამბობს, რადგან ეთაკილება სკოლაში დედ-მამასთან ერთად ავგუსტის გამოჩენა. ავგუსტი ყველაფერს ხვდება, თუმცა შემდგომ ოლივია მწარედ განიცდის თავის ბავშვურ სისუსტეს და საოცრად ქენჯნის სინდისი…

 ავგუსტს ბევრი, ძალიან ბევრი დამცირების გადატანა მოუწევს. სულისშემძვრელია მისი განცდები ამ გზაზე. ხშირად ფიქრობს ისეთ არსებობაზე, სადაც სახეს აღარ ექნება არავითარი მნიშვნელობა. ასეთად კი სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა წარმოუდგენია…

მაგრამ ავგუსტი მაინც ძალიან ძლიერია. აღსანიშნავია ის საოცარი თვითირონია, საკუთარ თავზე შაყირის უნარი, რომელიც ამ პატარა ბიჭის პერსონაჟს კიდევ უფრო საყვარელს ხდის: „ისე ვართ, როგორც ურჩხული და მზეთუნახავი“, – ეუბნება იგი მეგობარ გოგონას, ჯუნის და ასეთი თვითშეფასება მისგან არც ისე იშვიათია. იგი  ღირსეულად ეგუება მწარე მოცემულობას, რომელშიც გაჩნდა და ცხოვრობს.

წიგნში გამოკვეთილია ამ ფაქიზ საკითხთან საზოგადოების დამოკიდებულების რამდენიმე ასპექტი: ნაჩვენებია სკოლა, როგორც ინდივიდზე მზრუნველი სტრუქტურა, სადაც ყველანაირი პირობა სრულდება, რომ განსხვავებული არ დაიჩაგროს და საზოგადოება, რომელიც ხშირად არაა მზად შემწყნარებლობისა და თანადგომისათვის: ერთ-ერთი თანაკლასელის დედა ავგუსტის სახეს კლასის საერთო ფოტოზე ფოტოშოპით წაშლის და მის ტანს ძაღლის თავს მიაბამს. თან ხშირად და დაჟინებით ითხოვს, რომ ავგუსტი  სხვა ტიპის სკოლაში გაამწესონ. დირექტორი ამ ახირებულ და უგულო მშობელს პრინციპულად განუმარტავს, რომ ავგუსტი არაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე, პირიქით, სხვებზე წარმატებულია.

         მაგრამ ავგუსტ პულმანი, როგორც ჩანს, გაჩნდა იმისათვის, რომ სხვები უკეთესი გახადოს.                              ასეც ხდება ნაწარმოების ფინალისაკენ – კლასელები, რომლებიც თავიდან ადამიანად ვერ  აღიქვამენ მას, ბოლოს ერთ მუშტად იკვრებიან მის დასაცავად. გამოსაშვებ საღამოზე კი ავგუსტი ყველას თვალში გმირი ხდება, ვინაიდან სკოლის ყველაზე საპატიო ჯილდოს იღებს სიმამაცისა და გაბედულებისათვის. დიახ, გაბედულებამ შეაძლებინა მას, რომ შესულიყო სკოლაში, გადაეტანა უამრავი სასკოლო დრამა და აქამდე მისულიყო. გამოსაშვები საღამოს დაჯილდოებაზე ავგუსტი ცხოვრებაში პირველად გრძნობს, რომ ადამიანები პატივს სცემენ და მისით აღფრთოვანებული არიან. თანაკლასელები, ადრე რომ კეთროვანივით გაურბოდნენ, მასთან ფოტოს გადაღებას ცდოლობენ. ავგუსტი ბედნიერია. შემთხვევით არ ეკიდა დირექტორს კაბინეტში ბიჭის მიერ დახატული იხვი.  ავგუსტი ნამდვილად ის იხვის ჭუჭულია, რომელიც ბოლოს გედად გადაიქცა…

   ცალკე აღსანიშნავია ნაწარმოების თხრობის მანერა, სტილი, მასში აღწერილი თანამედროვე გარემო, რომელიც მოზარდებს აუცილებლად მიიზიდავს. წიგნის გმირები უყურებენ „ვარსკვლავურ ომებს“, იყენებენ ,,ფლეისთეიშენს“, იქსბოქსს, ურთიერთობენ ფეისბუკით და ა.შ. ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს სხვა ბავშვები.

ერთი სიტყვით, რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრება“ მოზარდებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მასში მტკივნეულად და ხელშესახებადაა ყველაფერი, რაც მკითხველში ბუნებრივად იწვევს თანალმობას, სითბოს და ეს, დამეთანხმებით, უფრო შედეგიანია, ვიდრე ათასი ხმამაღალი მოწოდება სიკეთისაკენ, ათასი შეგონება სადამრიგებლო საათზე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი