პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლების ავტორიზაციის პროცედურა

ავტორიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
  2. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;

III. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

  1. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
  2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
  3. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

VII. გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

 

განვიხილოთ ავტორიზაციის პროცედურის ეტაპები:

 

  1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა

ავტორიზაციის მისაღებად სკოლამ უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:

  1. თვითშეფასების შევსებული კითხვარი. თვითშეფასების კითხვარი განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება. თვითშეფასება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ხდება.
  2. საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტის (წესდება ან სხვა) დამოწმებული ასლი;
  3. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს. სკოლის ავტორიზაციის საფასური შეადგენს:

– 2000 ლარს, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აპირებს მხოლოდ ერთი საფეხურის (მხოლოდ დაწყებითი, საბაზო ან საშუალო) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას;

– 3500 ლარს, თუ მაძიებელი გეგმავს მხოლოდ ორი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას;

– 5000 ლარს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სურვილის შემთხვევაში.

 

  1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს, დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადთან ერთად წარადგინა თუ არა თვითშეფასების კითხვარი, წესდება (ან საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი დოკუმენტი) და განაცხადის განხილვის საფასური (500 ლარი). თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ზემოაღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შესახებ. თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას საავტორიზაციო განაცხადის განხილვის გარეშე დატოვების შესახებ.

 

III. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, ხოლო ცენტრი ქმნის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის დასაბუთებული აცილება ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანება მისი გაცნობიდან 2 დღის ვადაში. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ. ავტორიზაციის ექსპერტის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, თუმცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი.

 

  1. საავტორიზაციო ვიზიტი

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.

ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია:

– საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინოს მისი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;

– საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.

დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

 

  1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა

საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად ავტორიზაციის ექსპერტები ადგენენ დასკვნას. დასკვნაში აღწერილი უნდა იყოს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობა და ამ მონაცემების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა. დასკვნა ეგზავნება ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას და საშუალება ეძლევა, ზეპირ მოსმენაზე წარადგინოს მოსაზრებები.

 

  1. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა

საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.

ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ეცნობება. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს.

ცენტრისა და ავტორიზაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც ვიზიტის შემდეგ შემუშავდა.

საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

 

VII. გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება

საბჭო ზეპირი მოსმენისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

1) ავტორიზაციის შესახებ;

2) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

ავტორიზაციის შემთხვევაში, საბჭო სკოლას განუსაზღვრავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი