შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თინა – დედის მაგიერი

არა, მე ნუ გადამიღებთ, არ მიყვარს სურათების გადაღებაო, – ფეხზე წამოდგა და ხელით მანიშნა, არ მომეხვედრებინა ობიექტივში. ცოტა დავიბენი, მანამდე იშვიათად მენახა ასეთი ადამიანები. უფრო ისეთები ვიცოდი, ვინც წესის გამო, მოსაჩვენებლად იუარებს ფოტოს გადაღებას იმისთვის, რომ შემდეგ ხვეწნით დაიყოლიონ ხოლმე. ის კი შეუვალი ჩანდა.

მის ძმებს – ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მწერლებს – ცხადია, ეს ამბავი არ გაკვირვებიათ, მაგრამ მე კი სამუდამოდ დამამახსოვრდა ის დღე, როცა ჯემალ მონიავამ მოულოდნელად წამიყვანა ხილიანზე, ჭილაძეების სახლში.

შემდეგ კი, რამდენიმე თვეში:

– ვერ გხვდებით, როგორც საჭიროა, დაბნეულები, დათრგუნულები და უმწეოები ვართ, – კარის გაღებისთანავე გვითხრა ბატონმა თამაზმა და სანამ მიზეზზე ვკითხავდით, თვითონვე გაგვიმხილა, – თინა ვერ გვყავს კარგად, საავადმყოფოშია…

ბევრჯერ გვსმენია და ძნელია, არ დაეთანხმო: ნიჭს დაცვა და შენახვა უნდა, ნიჭიერი ადამიანი ხშირად ბალღივით უსუსურია, გარემო ადვილად გასრესს. ამიტომაც ახლო მყოფი ძლიერი თანამდგომი სჭირდება – და-ძმა, დედა, ცოლი, მეგობარი – ვინც სიძნელესა და სიავეს, ყოფის ვნებებს აარიდებს და გადაეფარება. მის მოსახვედრ ტალახს, გესლს და ბასრ სიტყვას კბილებით დაუხვდება, მუშტს მოუღერებს; მის გამოსაცდელ შიმშილს, წყურვილს და შინაურობის ათას წვრილმანს საკუთარ თავზე აიღებს და ამ წვრილმანებში დანაწილდება და დაიხარჯება დაუნანებლად.

თინა ჭილაძეს ღმერთმა სწორედ ეს ძალა მიანიჭა. თვითონ შეიძლება არ უკვირდეს, რაც ჩვენ გვიკვირს – ეს საოცარი თანადგომისა და სიყვარულის უნარი, – მაგრამ მისი თავმდაბლობის შემხედვარე, არც იმის თქმა უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან „მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი ნიჭი, ყველაფერი, რაც გააჩნდა და არ გააჩნდა, უშურველად შესწირა თავის ორ სახელოვან ძმას და მათ შემოქმედებაში, ამის გამო, თინიკოს წვლილი უდიდესია. ჩვენ ვალდებულები ვართ, უდიდესი მადლობა გამოვუცხადოთ მას ამისთვის!“ (ტარიელ ჭანტურია).

ოთარ ჭილაძე ჩანაწერების წიგნში ჯერ თინას დაბადების ამბავს იხსენებს: „მამაჩემმა სამი შვილიდან მხოლოდ თინას დაბადება აღნიშნა „განსაკუთრებულად“ – „ვეფხისტყაოსანს“ დააწერა მისი ამქვეყნად მობრძანების თარიღი – წინასწარ განსჭვრიტა თინას როლი და მნიშვნელობა მისი ოჯახისათვის და კერძოდ მისთვისაც. მამაჩემის ბოლო დღეებზე რომ ვფიქრობ, რატომღაც თინას მუხლებზე ასვენია, იარებმობანილი, ჯვრიდან გადმოხსნილი ქრისტესავით…“; შემდეგ თინას სიზმარს: „თინას დაესიზმრა, თითქოს მამაჩემს ჩემი თავის ქალა ეჭირა ხელში. მიმტკიცებს – კარგიაო. მე კი ვერაფერს ვხედავ ამაში კარგს“. მერე თინას სამეფო ბეჭდის წარწერას გვაცნობს: „ოთიას თინია – თაზიას ფინია!“; 2000 წლის 27 ოქტომბერს კი დღიურში ჩაუწერია: „თინიკოს დაბადების დღე! გაუმარჯოს თინას! დედის მაგიერს!“

„ოთარის ბოლო დღეებზე რომ ვფიქრობ, მას ვერც წარმოვიდგენ თინას გარეშე“ – ეს უკვე თამაზ ჭილაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდანაა („ოთართან ერთად“), დილამდე მის საწოლთან იჯდა, მისი ხელი ეჭირა, ან მაჯას უთვლიდა, ან ისე – იმედისთვისო. სხვა დროს, მძიმე ფიქრებისგან რომ გამოეყვანა და გაერთო, „დურაჩკას“ ეთამაშებოდა ხოლმე. ერთხელაც ოთარს უთქვამს: „ეტყობა მართლა ვკვდები, ამან მე კარტი როგორ უნდა მომიგოს!“

თინას როლსა და მნიშვნელობაზე ფიქრისას ტარიელ ჭანტურიას ვან გოგის ძმა – თეო ახსენდება, თამაზ ჭილაძეს კი ორი ლეგენდარული ქალი: იზაბელა რემბო, რომელიც მარსელის საავადმყოფოში თავზე ადგა თავის მომაკვდავ ძმას და ზოზია კვირკველია, „სულის მოთქმა და იმედი გაწამებული და გამწარებული ტერენტი გრანელისა“.

ფოტოზე უარს მეუბნებით და ტელეფონში თქვენს ხმას მაინც ჩავიწერ-მეთქი, – ვთხოვე ერთხელ, მგონი 2009 წლის ივლისი იყო. ცოტა გაუკვირდა, მერე მაგიდის გარშემო ჩამომსხდარ ძმებს გახედა და ალერსიანი ხმით დაუძახა:

– როგორ ხართ, ლომებოოო?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი