პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პირველი დღეები სკოლაში

ერთხელ, სწავლის დაწყებიდან მეორე კვირის ორშაბათს,  გაკვეთილები ახალდაწყებული იყო, რომ პირველკლასელების საკლასო ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. გაკვეთილს ვატარებდი. კარი გავაღე და დავინახე, რომ  კართან  აცრემლებული ჩემი მოსწავლე, პირველკლასელი ბიჭუნა და მისი აღელვებული დედ-მამა იდგნენ. დედამ შემომჩივლა: აი, (შვილის სახელი თქვა) სკოლაში მოვიყვანეთ, მას კი აქ დარჩენა არ უნდაო. ჯერი ჩემზე, მასწავლებელზე მიდგა. ყველანი მე შემომცქეროდნენ. ბავშვისა და მშობლების მზერაში მუდარა  ერია.

ბიჭთან ჩავიცუცქე და თვალი თვალში გავუყარე. მინდოდა, ისე მელაპარაკა, რომ მისი ნდობა დამემსახურებინა. ასე  უფრო  დამიჯერებდა კიდეც. ცრემლიან თვალებში თხოვნა და შიში ჩასდგომოდა. მივხვდი, რომ იმდენად უნდოდა შინ დარჩენა და აქედან წასვლა, რომ რაც უნდა მეთქვა, მისივე ნებით ვერ გადმოვიბირებდი.

ბავშვს მოვეფერე, ვუთხარი, რომ პატარა როცა ვიყავი, პირველად სკოლაში წასვლისას მეც გამიჭირდა  უცხო ბავშვებთან დარჩენა და ვიცოდი, ახლა ის რასაც განიცდიდა. მერე ხმამაღლა, მტკიცედ და მშვიდად დავამატე – მე ახლა შინ გაგიშვებ, შენ დაისვენე, ხვალისთვის კარგად მოემზადე (აქვე ავუხსენი, მოსწავლეებისთვის რა დავალების მიცემას ვაპირებდი იმ დღეს) და ხვალ გაკვეთილებზე კარგად მიპასუხე-მეთქი.

მოსწავლესაც და მის მშობლებსაც გაუკვირდათ ასეთი რეაქცია. ისინი ელოდნენ, რომ მე  ბავშვს იძულებულს  გავხდიდი, დარჩენილიყო. პატარას ძალიან გაუხარდა, რომ არ გავუწყერი და გავუგე. მშობლებმა ვერაფერი მითხრეს. ბიჭუნა დამპირდა, რომ მოემზადებოდა და მეორე დღეს  მოვიდოდა.

მომდევნო დღიდან ამგვარი მიზეზით მას სკოლა აღარ გაუცდენია.

სწორედ ახლა დგება ზაფხული და მომავალი პირველკლასელები სასექტემბროდ ემზადებიან. დაწყებითი სწავლების პირველ საფეხურზე ვისაც უმასწავლებლია, დამეთანხმება, რომ პირველ კლასში ყოველთვის აღმოჩნდება ერთი-ორი მოსწავლე, რომელიც ვერაფრით თმობს შინაურ სითბოს და სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ყოველ დილით მშობლებს ევედრება, სკოლაში არ წაიყვანონ.

ადრე ასე უმეტესწილად ის ბავშვები იქცეოდნენ, რომლებიც ჯერ 6 წლის არ იყვნენ, სკოლაში ზედმეტად იღლებოდნენ, უჭირდათ 45 წუთის მანძილზე ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, ჯერ ისევ თამაში უნდოდათ, მშობლების მონდომებამ კი „თამაშის“ ერთი წელიწადი „დააკარგვინა“.

მაგრამ ზოგჯერ 6 წლის ბავშვიც, რომელმაც პირველ დღეს იმ იმედით შემოაღო საკლასო ოთახის კარი, რომ სკოლაში საყვარელი მასწავლებელი და კარგი მეგობრები დახვდებოდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ ტირის და სკოლაში წასვლა არ სურს.

ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება  იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გამოირიცხოს, რომ ვინმე (ვთქვათ, თანაკლასელი ან სხვა კლასის მოსწავლე) მას რაიმეს უშავებს და ბავშვს სკოლაში მოსვლის ეშინია. თუ საქმე ასე არაა და ის დილაობით მაინც შინ დარჩენას ითხოვს, გამოდის, რომ იგი სხვა რამეს მოელოდა სკოლისგან (მეტ გართობას, ადვილად წერას, ხატვას და მისთ.) და უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება.

ამგვარ შემთხვევებში მშობლებს ხშირად ძალით მიჰყავთ სკოლაში პატარა, რადგან სამსახურში ეჩქარებათ, დაგეგმილი დღე ერევათ და ა.შ.  რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მშვიდად „გამოძვრე“ ამგვარი სიტუაციიდან, თუმცა ნათელია, რომ მშობლებმა როგორმე უნდა დაიცვან საკუთარი შვილის ინტერესი, რადგან სკოლაში ძალით მოყვანილი ბავშვი არც   გაკვეთილს მოისმენს, არც ხარისხიანად იმუშავებს, დროის გასვლასთან ერთად კი უფრო მეტად ინერვიულებს.

ასეთ დროს სჯობს, ბავშვს ვუთხრათ, რომ გვესმის მისი, გვიყვარს და გვინდა, გავუგოთ. ამიტომ  შინ ვინმესთან უნდა დავტოვოთ და ნება დავრთოთ, რომ ის ერთი დღე გააცდინოს, თუმცა ერთი პირობით: რადგან მის სურვილს ახლა ვითვალისწინებთ, მომდევნო დღეებში უკვე მან უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სურვილი და სკოლა აღარ გააცდინოს. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბავშვი დამშვიდდება, მშობლების საქციელს დახმარებად და მეგობრულ ჟესტად მიიღებს და ეცდება, თვითონაც შეუსრულოს მათ თხოვნა.

მოსწავლის ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა ნელ-ნელა უნდა გადაიჭრას. თუკი მშობელი იძულებით დააჩქარებს ამ მოვლენას, შესაძლოა, სტრესმა ბავშვის  ქცევა შეცვალოს კიდეც. ამასთან, რასაც ძალით აკეთებინებ, ადამიანს შეიძლება იმისი კეთება შესძულდეს, რაც ასევე სტრესის მიზეზი ხდება. სტრესული მდგომარეობა თუ დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება რაიმე დაავადებაშიც კი გადაიზარდოს.

თუმცა იქმნება მეორე საშიშროებაც: ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მან „გაიმარჯვა“ და მომდევნო დღეებშიც შინ დარჩენას ეცადოს. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, გავიმეორებ, რომ ბავშვთან პირველი მოლაპარაკების დროს მშობელმა მას კონკრეტულად უნდა დაუსახოს მოქმედების გეგმა და თავიდანვე გააგებინოს – დღეს იმ პირობით უთმობს რაღაცას, რომ ხვალიდან ბავშვი ჩვეულებრივ, მოსწავლის  ცხოვრებისეულ  რიტმს დაუბრუნდება და ეცდება, კარგად ისწავლოს.

 

 

აზა მდინარაძე

ნიუტონის თავისუფალი სკოლის  მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი