შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცოდვა-მადლი  და ადამიანის არჩევანი – ჯემალ ქარჩხაძის  “ზებულონი”

 

ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ სასკოლო პროგრამაში შეტანამ ხელი შეუწყო ამ მწერლის პოპულარობის გაზრდას, თუმცა, მისი სხვა რომანები და მოთხრობები მაინც ნაკლებად არის ცნობილი.  ამ წერილში მის „ზებულონს“ წარმოვაჩენთ, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანს. ჯემალ ქარჩხაძე  ინტელექტუალური ტიპის მწერალია და მის ნაწარმოებებში თხრობას უპირატესად სულიერი სამყაროს დახატვის ფუნქცია აკისრია.  მისი რომანი `ზებულონი~ ინტროვერსული, ცენტრისკენული რომანია. თომას მანის, ჰერმან ჰესეს, ფრანც კაფკას, უილიამ  ფოლკნერის რომანების მსგავსად, ამ ნაწარმოებში სულის ლანდშაფტებია აღწერილი. 1988 წელს გამოცემულ ამ რომანში თითქმის არ ჩანს რეალისტური რომანისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პანორამულობა. მართალია, მწერალს ყოველთვის  თანადროული პრობლემები აინტერესებდა, მაგრამ მისთვის მთავარი ერთგვარი ზედროული სივრცე იყო, რომელშიც ცხოვრობენ მისი პერსონაჟები და ავლენენ იმ არსებითს, რაც ადამიანს ან ღმერთთან მიაახლოვებს ან დემონთან. ამიტომ ამ მწერლისთვის მთავარი ადამიანია, რომელსაც კონტექსტის მრავალფეროვნებისთვის ურჩევს ხან ადრინდელ საუკუნეებს, ხან ძველ რომს, ხან ზღაპარს, ხან თანამედროვეობას. ამჯერად  საქართველოს ისტორიის მძიმე დროში გადავინაცვლებთ. თუმცა მწერალს ნაკლებად აინტერესებს თვითონ ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა, ამიტომაც ეს არ არის რომანი ისტორიულ თემაზე, არამედ ადამიანზე, რომელიც თავის ბედს, თავის ცოდვა-მადლს შესჭიდებია. `ზებულონი~ სულის ბიოგრაფიაა. მთავარი პერსონაჟი  ჩვენ თვალწინ იზრდება და ვითარდება. მის გარშემოა თავმოყრილი მოვლენები, ფაქტები, სხვა პერსონაჟები. იგი რომანის ერთგვარი ცენტრია, რომლისგანაც გამოდის და სხვადასხვა მხარეს განიტოტება ცალკეული ამბავი.

ზებულონს იდეალი იულონ ბატონიშვილია, რომელზეც მათ სოფელში ლეგენდებს ჰყვებოდნენ.  მასთან შეხვედრის შემდეგ ეს იდეალი კი არ დაიმსხვრა, არამედ მეტი ბრწყინვალებით შეიმოსა. ზებულონი თითქოს გაორდა და მის სულში, გონებასა და გულში ჩვეული, ნაცნობი შეგრძნებების გარდა გაჩნდა პარალელურად მიმდინარე ახალი და უჩვეულო ფიქრთა ნაკადი. იგი თანდათან გადაიქცა ოცნების ადამიანად, თანვე,  ამან უფრო შესაგრძნობი გახდა რეალობასა და ოცნებას შორის ზღვარი. იულონ ბატონიშვილი იქცა ღვთაებრივის, მიუწვდომელის სინონიმად. მასთან დაკავშირებულ თხრობას სწორედ ეს ფუნქცია აქვს, ზედროული დაუპირისპიროს წარმავალს. ზებულონის გონებაში გაღვივება დაიწყო უცხო, მაგრამ მიმზიდველმა ფიქრის მარცვლებმა:  `ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენ იყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე~.

`შურისძიება~, `სიყვარული~, `სიკვდილი~ _ ეს არის კონცეპტუალური სათაურები, რომლებიც გმირის ცხოვრების სამ ეტაპს წარმოაჩენენ. იმავდროულად, ეს სამი სიმბოლოა, ზებულონის სულიერ-მატერიალური სამყაროს ძირითადი საყრდენები. ასე რომ, თხრობა სამი მიმართულებით განიტოტება. ხან შურისძიებაა წინა რიგში, ხან სიყვარული და ხან სიკვდილი. შურისძიების ამბით წარმოჩენილია ზებულონის სულიერ ცხოვრებაში მომხდარი დიდი გარდატეხა. ის თავისდაუნებურად იქცა შურისმაძიებლად. მოკლული მამა `აიძულებს~ მას ამ შურისძიებას (აქ გაიელვებს ჰამლეტისეული შურისძიების მოტივიც, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შურისძიება `იძულებითია~ და მთლიანად ეწინააღმდეგება გმირის მეს). ასე რომ, შურისძიებას  გამსჭვალავს ცოდვა.  ამ ორი ძლიერი გრძნობის ჭიდილი აყალიბებს ზებულონს, როგორც პიროვნებას.

ჯემალ ქარჩხაძის, როგორც მთხრობელის, ოსტატობა  ისაა, შექმნას ილუზია, თითქოს სხვადასხვა ეპიზოდს განსხვავებული პერსონაჟები ჰყვებიან. სინამდვილეში ავტორი _ მთხრობელი მესამე პირში წარმოაჩენს ყოველივეს, მაგრამ თხრობის რიტმი, შეფერილობა, ინტონაცია იმდენად იცვლება, რომ მკითხველი შეჰყავს გმირის `ტექსტში~, როგორც მისი აღსარების მსმენელი.

რომანი წრული სტრუქტურისაა, იწყება მთავარი გმირის სიკვდილთან შეხვედრის ეპიზოდით და მთავრდება ამავე გმირის სიკვდილით. არსებითად, ეს ერთი და იგივე ეპიზოდია, სხვადასხვა რაკურსით დახატული, ოღონდ დასაწყისში მკითხველი შესცქერის მისთვის უცნობი ადამიანის სულის ამოსვლას, ბოლოში კარგად ნაცნობის აღსასრულს. მწერალი გარკვეულ ფრაზებს თავსა და ბოლოში იმეორებს და ამგვარადაც ადუღაბებს რომანის მთლიანობას.  აქ არის გადაძახილი რომანტიზმის იდეალებთან, რადგან ჯემალ ქარჩხაძე სიკვდილს ხატავს, როგორც ცისფერს. გმირი  აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრში შენიშნავს მისკენ მსუბუქად მოლივლივე ცისფერ სიკვდილს, რომელიც ჭრელ მინდორზე დაეშვება და მისკენ გამოეშურება. ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში სიკვდილის ათასგვარი სახეა დახატული, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ასეთი თბილი ტონებით დახატულს, ნატიფი, ნაზი მონასმებით შესრულებულს. სიკვდილთან დაკავშირებული ამგვარი პოეტური განცდა მოულოდნელობის ეფექტს ქმნის და გარკვეულ დაძაბულობას მატებს თხრობას. სიკვდილთან ამგვარი შეხვედრა ეხმიანება სულის უკვდავების რწმენას. იმისათვის, რომ სულისა და ხორცის გაყრის ჰარმონიულობა წარმოაჩინოს, მწერალი სიკვდილის სიფაქიზეს უსვამს ხაზს: `ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა~. თხრობაში მთლიანად Eშემოიჭრება ცისფერი და ყველაფერს გადაფარავს. ეს `პირველად ქმნილი ფერი~ (ნიკოლოზ ბარათაშვილი) გმირს სიმშვიდეს მოუტანს და ამ ფერში გამოჩნდება მთელი მისი ცხოვრება, რომელიც სავსე იყო უამრავი, სწორედაც რომ შავი, სიკვდილით, მაგრამ ახლა `სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა~. რომანის ამგვარი დასაწყისი არის ერთგვარი მუსიკალური პრელუდია. სახეთა ფერწერულობა, სტრიქონთა შეფარული, მაგრამ საგრძნობი რიტმი ამძაფრებს მელოდიურობას. ამგვარი მუსიკალურობის განცდა არ ტოვებს მკითხველს მთელი რომანის განმავლობაში.

თხრობის ძირითადი ნაწილში მწერალი ქმნის დროის ვერტიკალურ ჭრილს და მასზე განალაგებს მოვლენებს. მკითხველი ჩაღრმავდება პერსონაჟის წარსულში, რათა გაიაზროს, რატომ არის გმირის `საკუთარი სიკვდილი~ ცისფერი, რა გზა გაიარა მან, რომ მწერალმა ამგვარი სიკვდილით `დააჯილდოვა~. თხრობაში შემოიჭრება `ჭვრეტა~, `განათება~, `გასხივოსნება~ _ გრიგოლ რობაქიძე ამას გზნებასა  და ექსტაზს უწოდებდა.  ამგვარი უნარით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ზებულონი. ამ შემთხვევაში, მწერალი გმირის სახის გამოსაკვეთად ტრადიციულ ხერხს იყენებს, იგი სხვათაგან განსხვავებული ბავშვია, ყველასგან განრიდებული, განმარტოებული, თავის ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული. რა ელის ამ სიწმინდეს ცხოვრებაში? გაუძლებს თუ არა ცხოვრების მღვრიე ტალღების შემოტევას? ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს მკითხველს და რომანიც ამის მცდელობაა, წარმოაჩინოს ამქვეყნიური ცოდვა-მადლის ჭიდილი.

მწერალი თავისი პოეტური სულის გმირს პოეტური სახელის სოფელში დაასახლებს _ წყაროსთვალში, რომელიც თითქოს  მიწიერი სამოთხესავითაა. ზებულონი იზრდება და ადამივით `სახელებს არქმევს~ საგნებს, ე. ი. შეიმეცნებს სამყაროს. იგი მშობლების ერთადერთი ვაჟი, და-ძმები დაბადების პირველ კვირასვე დაეხოცნენ. ამით თითქოს ხაზი ესმება მის გამორჩეულობას, რომ მან ცხოვრებაში რაღაც მძიმე უნდა იტვირთოს, მსხვერპლად იქცეს.  მწერალი ხაზს უსვამს ზებულონის განმარტოებისკენ მიდრეკილებას. ის შინაგან სამყაროსა და ბუნებას იყო მიყურადებული. `როდესაც ერთხელ ყური მოჰკრა, ალიონზე, სინათლისა და სიბნელის შეხვედრის ჟამს, მდინარე წამითY შედგებაო, ამ უჩვეულო ამბის სანახავად სამჯერ უთენია გაიპარა სახლიდან, მართალია ვერც ერთხელ დამდგარი მდინარე ვერ ნახა, მაგრამ ნახვის მოლოდინი სამივეჯერ ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ამაფორიაქებელი და ჟრუანტელისმომგვრელი, რომლის  მსგავსსაც ტოლ-ამხანაგებში ყოფნა ვერ მიანიჭებდა~. მას აქვს უნარი ბუნებასთან შერწყმისა, გარდასახვისა. ერთხელ, საყვარელ მუხნარში განმარტოებულმა, სწორედ ამგვარი ექსტაზი განიცადა,  იგრძნო, რომ თვითონაც მუხად იქცა და აღმოაჩინა: `მუხა მიწის ტყვე იყო! მიწა ბორკილებივით შემოჰკვროდა ფესვებზე და გასაქანს არა ძლევდა. მუხას  მოძრაობა უნდოდა და დაბმული იყო. საცა დაიბადა, იქ უნდა მომკვდარიყო და უცხო მინდორთა სილამაზეს ვერასოდეს იხილავდა~. სწორედ ამ დროს დაიბადა ზებულონის გულში სოფლიდან წასვლისა და უცხო სანახების მოხილვის წყურვილი. ზღაპრები, ლეგენდებით იკვებება მისი სული, ამიტომაც ყველაფერს რომანტიკული საბურველი აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მშობლიური მიწის სიყვარულის ახალი რაკურსით დახატვა. ყველასთვის ცნობილია გალაკტიონისეული ცვრიან ბალახზე გავლის  განცდა. ჯემალ ქარჩხაძის ზებულონს კი წვიმის შემდეგ რბილ ტალახში ფეხშიშველი სიარული უყვარდა. არის თუ არა დაპირისპირება კრიალა, სუფთა  ნამიან ბალახსა და შავ, ჭუჭყისფერ ტალახს შორის? არა, უბრალოდ, მიწის შეგრძნება ახალი ნიუანსითაა გამდიდრებული: `ნელთბილი და თოთო მიწა რომ ნესტიანი ენით მოელამუნებოდა და ტერფებზე საამო არტახებად შემოეკვროდა, ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა გულში ნიაღვარივით შემოვარდებოდა, მერე ყოველ მხარეს გაიფანტებოდა, სისხლს შეერეოდა და მთელ სხეულს ტკბილი, მომთენთავი ნეტარებით ავსებდა~. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს, რას განიცდის გმირი რბილ და თბილ ტალახთან შეხებისას. ამგვარად იქმნება საოცარი ესთეტიკური ხატი, ტალახი განიწმინდება, ჩამოშორებს ჩვეულ შინაარსს და ახალი ემოციით  იტვირთება. ამგვარად, იგი განცდის ინტენსივობით ცვრიანი ბალახის სილამაზეს ეთანაბრება.  ზებულონის სულის სიფაქიზე წარმოჩნდება ამგვარი შეგრძნებებისას. საგულისხმოა კიდევ ერთი შტრიხი მისი ხასიათის გასააზრებლად: მას  ერთგულ მეგობრებადაც ადამიანები კი არა, ორი ძაღლი: ბროლია და ლომია ჰყავს. მისი სულის წარმოსაჩენად მწერალი ერთ დეტალს გამოკვეთს. ყმაწვილი ზებულონი თანატოლებივით ოცნებობს მტერთან ბრძოლაზე, მომხვდურთა დახოცვაზე, მაგრამ წარმოდგენაშიც კი არასოდეს კლავს ვინმეს. წარმოსახვა სწორედ იქ ებინდება, როდესაც ვინმეს პირისპირ დგას და მახვილს უღერებს. ეს პასაჟი კონტრასტს შექმნის შემდგომ მოვლენებთან, როდესაც ზებულონი უამრავს გაუჩეხს ხმლით თავს, სინანულისა და სიბრალულის გარეშე.

მწერალი რომანში ხატავს წინააღმდეგობას იდეალისკენ სწრაფვის გზაზე. ზებულონის სოფელში იულონ ბატონიშვილი გამითებულია. მის შესახებ თხრობისას იყენებენ თურმეობით ფორმას. მასზე ზღაპარივით ჰყვებიან, მაგრამ თუ  დანარჩენი გმირები ზღაპრის თავგადასავალს იმით ამთავრებენ, რომ მეფეები ხდებიან, იოველმა, უფლის ანგელოზის კარნახით,  უარი თქვა ხელმწიფებაზე. ეს იყო გაუგონარი და საოცარი რამ. მან, მეფის უფროსმა ვაჟმა, ტახტი უმცროსს დაუთმო: `ამგვარი კაცის ადგილი მხოლოდ ზღაპარშია, ჭაბუკებთან და მზეჭაბუკებთან, დევებთან და გველეშაპებთან, ფასკუნჯებთან და კუდიან დედაბრებთან~. იოველს თურმე ბევრი უმოგზაურია, ენები შეუსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულს კი მაღალი მთის წვერზე ტაძარი აუგია და სასწავლებელი გაუმართავს. აი, ამ ტაძრის ხილვა იქცა ზებულონის ოცნებად. მერე ისე მოხდა, რომ მათ სოფელში სტუმრად მოსულმა იოველმა ზებულონი გამოარჩია და მის მშობლებს სთხოვა, ორიოდ თვეში მასთან გაეგზავნათ, რათა წერა-კითხვა ესწავლებინა და მერე ზებულონს სხვაგანაც დაენთო სწავლის ლამპარი, თან პატარა წიგნი _ ხელნაწერი სახარება აჩუქა. იოველის სახეში ერის  განმანათლელი ილია ჭავჭავაძე ირეკლება. მის საუბარშიც ილიასეული თვალსაზრისები მოჩანს.  ზებულონსაც აქვს იდეალი, იულონ ბატონიშვილთან მიმსგავსება, მაგრამ ამ გზაზე ცხოვრება გადაეღობება და ეს იდეალი დროდადრო ხან იკარგება, ხან წარმოჩნდება.

მთელი რომანი ამ იდეალისკენ ზიგზაგურ სვლას აღწერს.  საბოლოოდ კი, ეს გზა ზებულონის სულიერი სიღრმეებისკენ მიიმართება. ამის შემდეგ თხრობაში ახალი ნაკადები ჩნდება, რომელთაც წარმართავს წიგნიერ ცხოვრებაზე ოცნება, თუმცა ტაძრისკენ სწრაფვა ბოლომდე განუხორციელებელი დარჩება. ცხოვრების წიგნს კი წაიკითხავს ზებულონი, მაგრამ ადამიანთა დაწერილს კი – ვერა. რომანის მდინარებას მწერალი არღვევს უცხოს შემოჭრით.  უცხო სოფლის განაპირას მცხოვრები, საიდანღაც გამოხიზნული უჟმური ოჯახია, რომლის ერთი წევრი ზებულონს მამას, ცალთვალა ისახარს მოუკლავს.  ზებულონი ამ დროს აღმოაჩენს ცხოვრების საზრისს, აქამდე უცნობ ჭეშმარიტებას, ერთგვარ `ზნეობრივ კანონს~. ეს არის გარკვეულ მოვალეობათა აღსრულების ტვირთი. ხშირად იმგვარი მოვალეობებისაც, რომლებიც გმირის მეს, მის სულიერ სამყაროს ეწინააღმდეგებიან. თხრობაში შემოიჭრება ახალი, საშიში, ხმაურიანი მოტივი. ეს არის საშინელი  ცოდვა, რომელიც ზებულონმა უნდა ჩაიდინოს. ცოდვა თითქოს თვითონვე  წარმართვს მოვლენათა განვითარების დინამიკას. მთელი სოფელი და ოჯახი უთქმელად აღძრავს ყმაწვილ ზებულონს შურისძიებისთვის. ზებულონი თითქოს რაღაც საშინელი ძალის მორჩილია. იგი ამოქოლავს იმ ხვრელს, რომელშიც  მამამისის  მკვლელთა ჩვილბავშვებიანი ოჯახი იმალება.  ეს არის საწყისი წერტილი, საიდანაც განიტოტება რთული გზა ნამდვილი ცხოვრებისკენ. შურისძიების აღსრულების შემდეგ ზებულონს სამი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა. მწერალი ამ დეტალით მიანიშნებს, რომ ამ სამ დღეში ცოდვის ნაყოფი _ ახალი ზებულონი დაიბადა, რომელსაც ჩადენილმა ცოდვამ იდეალისკენ გზა გადაუკეტა. ეს ახალი ზებულონი მატერიალური ცხოვრების ორომტრიალისთვის არის მზად _ სისხლის საღვრელად და ცოდვის მორევში დასანთქმელად.  ამის შემდეგ მის გარშემო შიში და სისასტიკის მოლოდინი ისადგურებს. ხალხი როგორც ურჩხულს, ისე ერიდება, ერთგულმა ძაღლებმაც კი მიატოვეს. ზებულონი კვლავ მარტოა მთელი სამყაროს პირისპირ. სოფელში ხმა დაირხა, ღამღამობით ქაჯები და ავი სულები დაუდიანო. ზებულონი გრძნობდა, რომ `სხვა კაცი გახდა, კი არ გარდაიქმნა  და იმისგან კი არ აღმოცენდა, რაც ქამდე არსებობდა, როგორც ფესვიდან აღმოცენდება მცენარე,  არამედ სულ მოსწყდა ფესვს და ცალკე მცენარედ იქცა. სამაგიეროდ, სულში დარჩა იმ ფესვის მარადიული, მტკივნეული, მახრჩობელა ნატვრა“. იოველ ბატონიშვილისკენ მიმავალს ესიზმრა, რომ მცველმა არათუ შეუშვა მასთან, ეჭვიც კი შეიტანა: `ამ ავაზაკს ჭაბუკი ზებულონი მოუკლავს და გაუძარცვავს, სახელიც კი წაურთმევიაო~. ზებულონს მხოლოდ იოველის ნაჩუქარი სახარება დააქვს ავგაროზივით. ეს პატარა წიგნი სიმბოლურად განასახიერებს მისი სულის შეურყვნელ ნაწილს, ნაპერწკალივით მბჟუტავს და დიდ ცეცხლად გადაქცევის მომლოდინეს.

სიყვარული ზებულონში ახალ ენერგიას აღვიძებს. იოველისკენ სწრაფვა, როგორც იდეალიკენ, ტრანსფორმირდება ნესტანისკენ სწრაფვაში. საგულისხმოა ისიც, რომ ზებულონი პირველად როცა მოჰკრავს პატარა გოგონას, ნესტანს, თვალს, ის მაგიდაზე თავდახრილი წიგნს კითხულობს. ამჯერადაც კვლავ წიგნია ხიდი უფლისკენ მიმავალ გზაზე, სიყვარულით განათებულზე. ზებულონს ეს წიგნი, ე.ი. წერა-კითხვის შესწავლა, სიკვდილამდე მიუწვდომელ იდეალად დარჩება, სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. იდეალი არ უნდა განსხეულდეს, მას არც არაფერი არ უნდა ჩაენაცვლოს, მაშინ შეეძლება ადამიანს ამ იდეალის ერთგულება და მაშინ დაჯილდოვდება ცისფერი სიკვდილით.  მწერალს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ დაურქმევია მშვენიერი ქალწულისთვის ეს სახელი. ის განსახიერებაა, მართლაც, იდეალისა, რომელსაც დიდი ძალისხმევით სჭირდება მოპოვება და დაცვა. ნესტანთან ურთიერთობაში ზებულონის სულში სწორედ ის შეურყვნელი ნაპერწკალი გაღვივდება: `ზებულონი თვალგაშტერებით შესცქეროდა წინ მიმავალ ნესტანს და  მის არსებაში ვიღაც, ვინც ზებულონიც იყო და და არც იყო ზებულონი, მძაფრად, ლოცვასავით ნატრობდა, ყველაფერი გამქრალიყო, მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ ეს ჭალა დარჩენილიყო და ეს მდინარე. მუდამ ასე ევლო ამ ჭალაში ნესტანს ზებულონის წინ და მუდამ ასე ეცქირა ზებულონს ნესტანისთვის~. ამ გზაზე ზებულონი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრად იქცევა,  ხმალჩაუგებელ ვაჟკაცად. ქართლის მეფე მანუჩარის გვერდით რომ დააყენებს განგება და მასთან ერთად ქვეყნის დასაცავად აბრძოლებს. მწერალი რომანს ახლ კონტექსტში წარმოაჩენს. ეს არის შავბნელი ხანა საქართველოს ისტორიისა, დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყანა, შინაომები, ათასგვარი მტერი. ზებულონი მთლიანად გადაეშვა ცხოვრების შუაგულში, რომელიც მისგან ამჯერად მტრის უმოწყალო დახოცვას მოითხოვდა. ის კვლავაც იარაღი იყო ბედისწერის ხელში: `როცა ერთიანად ხმლად და ბრძოლად იყო ქცეული, იმ დროს არ იცოდა, რომ თათარი, რომელსაც გამეტებით  უქნევდა ხმალს, ადამიანი იყო, სულიერი, თვითონაც სიცოცხლე უნდოდა და ხმალი რო ხვდებოდა, სტკიოდა~. სიკვდილს მიესწრაფვოდა თვითონაც, მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა მის სულში, სიცოცხლის სიყვარულს ბრძოლა ბადებდა.

მტრის დაუნდობლად მოკვლისა და შებრალების  მოტივები რომანში ერთმანეთს გადაკვეთს და აქაც ერთმანეთს ხვდება ცოდვა და მადლი.  ერთ ეპიზოდში ზებულონი ტყვედ ჩაგდებულ ლეკ ყმაწვილს რომ ჩახედავს თვალებში, შეშფოთდება, მართალია, თანამებრძოლებს დაუბარებს, ყველაფერს რომ ათქმევინებთ, მერე რაც გინდათ, ის უყავით, გინდა მოკალით და გინდა ცოცხლად გაუშვითო, მაგრამ ვეღარ მოისვენებს, ნატრობს, რომ ამხანაგებმა გაუშვან და დიდი ხნის მერე, როცა კვლავ მოიკითხავს და პასუხად მიიღებს, გავუშვითო, შვებით ამოისუნთქავს.

მწერალს ზებულონი ცხოვრების დახლართულ  გზებზე დაჰყავს ფიზიკურად და ათასგვარ ხიფათს შეახვედრებს, მაგრამ მთავარი მისი სულიერი გზებია. როგორც აღვნიშნეთ, რომანი პირობითად ისტორიულ თემაზეა, მაგრამ, ჯემალ ქარჩხაძეს როგორც ჩვევია, მას ისტორია აინტერესებს არა მომხდარი მოვლენების თვალსაზრისით, არამედ იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის გადმოსახედიდან (ამგვარი ორიგინალური რაკურსის მაგალითია `რაჰათ-ლუხუმი~, რომელშიც მტერი ჰყვება თევდორე მღვდლის გმირობის ამბავს). ასე რომ, რომანში აღწერილი ისტორიული მოვლენები ერთგვარი პარადიგმებია, რომლებიც ხშირად მეორდებიან საქართველოს ისტორიაში. აქაც `დრო ავი იყო, ქვეყანა გავერანებული~. ამჯერად, უბრალო აზნაურის, ზებულონის, თავგადასავალია მოთხრობილი მოდელირებულ ისტორიულ ფონზე. ეს არის მძიმე  ხანა საქართველოსთვის. ზებულონი უნებურად მოექცევა მოვლენათა შუაგულში, მაგრამ მწერლისთვის მთავარია მისი ზნეობრივი ცვლილებები. რომანში სხვა პერსონაჟებიც შემოიჭრებიან თავიანთი განსხვავებული ხმებით. ესენია: მანუჩარ ბატონიშვილი, ბექა ამილახვარი, ნესტანი,  იესე ერისთავი. რომანში მრავლად იხატებიან ქვეყნის ერთგულნიც და მოღალატენიც, მაგრამ ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, ზებულონის, ხმა არსად არ იჩრდილება.

განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს კათალიკოსის სახე. ეს არის ამაღლებულის  შემოჭრა რომანში. როცა რწმენაშეცვლილი ისკანდერი ირანის მხარდაჭერით დაჯდა სამეფო ტახტზე, ქართლის კათალიკოსმა ჯერ საჯაროდ შეაჩვენა მაჰმადიანი მეფე, მერე კათალიკოსის ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, ჯვალოს კაბა ჩაიცვა, ხელში რკინის ჯვარი დაიჭირა და სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული: `ქადაგად დაცემული ყველა ქრისტიანს, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, გულმხურვალედ მოუწოდებდა, ხელი გამოეღო, რათა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ურჯულოთაგან  ეხსნათ და თუ ვერ იხსნიდნენ, ნამუსიანად დახოცილიყვნენ~. რომანში განსაკუთრებით შთამბეჭდავია  ერთი ეპიზოდი. ტყეში გახიზნულ კათალიკოსთან ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში თავშეფარებულ ზებულონს დაევალა, ეთვალთვალა და ამოეცნო აქ ამოსული მოღალატე თავადი. ზებულონმა დავალებას თავი ჩვეული მოხერხებულობით გაართვა, მაგრამ ის სახეზე არ იცნობდა თავადებს. მოულოდნელად ეკლესიაში კათალიკოსი გამოჩნდა, რომელმაც მიმალული ზებულონის გასაგებად ხმამაღლა სახელით მიმართა მისთვის ნაცნობ მოღალატეს. ზებულონის თვალწინ მოკლეს კათალიკოსი. ეს იყო საოცარი თავგანწირვა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა, რომელმაც საკუთარი სისხლით დაამოწმა თავისივე ნაქადაგევი. იგი ასე არიგებდა ზებულონს: `გათათრება ეგრე იოლი არ არის. ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში გვიან აღწევს~. რა თქმა უნდა, გათათრებაც ერთგვარი სიმბოლოა და იგი, ზოგადად, ერის გადაგვარებას გულისხმობს.

ცხოვრებანაგემი ზებულონი შემეცნების ახალ საფეხურზე სიკვდილს გაიაზრებს, როგორც უჩვეულო სიცოცხლის დასაწყისს, ამიტომაც ბრუნდება მშობლიურ სოფელ წყაროსთვალში: `მიხვდა, რომ ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, ისევე როგორც სიცოცხლის ძებნა ამო ყოფილა~. ზებულონი თავის მიწას უბრუნდება ნამდვილი სიკვდილისა და ნამდვილი ზებულონის საძებნელად. მან ცხოვრების აღმართ-დაღმართებზე ხეტიალისას კიდევ ერთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: `სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი~. სიმბოლურია, რომ მას მოღალატის ისარი ზურგში მშობელთა საფლავზე წამოეწევა და `ზებულონი მიხვდა: `სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა~, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა. როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა~.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი