ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორი პედაგოგიური სტილი გაქვთ

ყველა პედაგოგს მუშაობის საკუთარი სტილი აქვს, რაც მათი ინდივიდუალურობიდან გამომდინარეობს. ზოგიერთს გაკვეთილზე ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, რითაც საკუთარ ინტერესებს მოსწავლისაზე მაღლა აყენებს, ეს კი სარისკოა. ზოგს სურს, მოსწონდეთ და ივიწყებენ, რომ მოსწავლეებს ის პედაგოგი მოსწონთ, რომელიც მათ სწავლაში ეხმარება. ბევრი დაუფიქრებლად იყენებს სწავლების იმ მეთოდებს, რომლებითაც თავად მას ასწავლიდნენ.

ამ სტატიაში მასწავლებლის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე ვისაუბრებთ. როგორია თქვენი პედაგოგიური კრედო? გთავაზობთ ანკეტას, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი პედაგოგიური სტილი. ანკეტის არსს მოგვიანებით განვიხილავთ. მოცემულ კითხვებს უპასუხეთ თქვენი შეხედულებისამებრ, თქვენი სამუშაოს (ან მომავალი სამუშაოს, როგორიც გესახებათ ის) გათვალისწინებით. შედეგების აფიშირება აუცილებელი არ არის.

მაშ ასე: პედაგოგის თვითანალიზის ანკეტა.

პასუხი შესაბამის სვეტში დააფიქსირეთ.

დიახ! – კატეგორიული თანხმობა

დიახ – ძირითადად ვეთანხმები

არა! – კატეგორიული უარი

არა – უფრო არ ვეთანხმები

1. მოსწავლეების უმრავლესობა უხალისოდ მიდის სკოლასა თუ კოლეჯში დიახ! დიახ არა! არა

 

2. მოსწავლეთა უმრავლესობა ხარისხიანი სწავლებისას წარმატებული იქნება        
3. საგანი რომელსაც ვასწავლი, საინტერესო და საჭიროა        
4. მოსწავლეთა უმრავლესობას არ მოსწონს, როცა მასწავლებელი მათ ნაშრომს აფასებს        
5. მოსწავლეები ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ისეთებად, რომელთაც უნდათ

სწავლა და ისეთებად, რომლებიც სწავლისთვის მინიმალურ ძალისხმევას ხარჯავენ

       
6. კარგ პედაგოგს შეუძლია მოსწავლეთა უმრავლესობის მოტივირება        
7. ყველა მოსწავლე საუკეთესოდ იმუშავებს, თუ ინდივიდუალურად წაახალისებენ და შეაქებენ        
8. მოსწავლე უხალისოდ მუშაობს, როცა ვერ იღებს გასაგებ ინსტრუქციებს        
9. მოსწავლეთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს კარგად ორგანიზებულ

და მართულ საგანმანათლებლო სივრცეს

       
10. ნიჭიერი მოსწავლეების კონტროლი გაცილებით ძნელია        
11. მოსწავლეთათვის ბუნებრივია მისწრაფება, შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები დავალება        
12. მოსწავლეთა ქცევას ყოველთვის აქვს მიზეზი        
13. „რას მომცემს ეს?“ – მოსწავლეს აქვს უფლება, დასვას ეს კითხვა ჩემს საგანთან მიმართებით        
14. როცა ვინმე ცუდად სწავლობს, ეს, საბოლოო ჯამში, პედაგოგის, სკოლისა და სასწავლო პროგრამის ჩავარდნაა ან საკმარისი რესურსების უქონლობის ბრალია        
15. მოსწავლეთა უმრავლესობა წარმატებით სწავლობს გამოცდილ პედაგოგთან        
16. მასწავლებელსა და მოსწავლეს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ, ამიტომ ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულად ესახებათ სამუშაოს ოპტიმალური სიჩქარე        
17. ცუდად შესრულებული სამუშაო იმსახურებს კრიტიკას        
18. მასწავლებელი მზად უნდა იყოს აუცილებლობის შემთხვევაში რამის კატეგორიული

აკრძალვისთვის, თუნდაც ეს პოპულარობის დაკარგვად დაუჯდეს

       
19. თუ პედაგოგი დაეხმარება იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პირველი ახსნისთანავე ვერ გაიგეს დავალება, ამით ის მოსწავლეთა უყურადღებობას წაახალისებს        
20. მასწავლებელმა უნდა გამოხატოს დადებითი განწყობა იმ მოსწავლეთა მიმართაც, რომლებიც, იცის, რომ ზარმაცობენ        
21. საგანი, რომელსაც მე ვასწავლი, განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს, რომელიც ზოგს აქვს, ზოგს – არა        
22. თუ მოსწავლემ არ შეასრულა დავალება, უნდა დაისაჯოს        
23. მოსწავლე ყოველთვის მიიღებს კონსტრუქციულ კრიტიკას, თუ იგრძნობს, რომ ეს მისდა სასიკეთოდაა        
24. მოსწავლე მუდამ ხალისით ეკიდება საქმეს, თუ იცის, რომ შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს        

შედეგების შეჯამება.

 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში თითოეული კითხვისთვის შემოხაზეთ თქვენი პასუხის შესაბამისი ქულა. ყველა დადებითი პასუხის შედეგი ჩამოწერეთ შესაბამის სვეტში. შემდეგ იგივე გაიმეორეთ უარყოფითი პასუხებისთვის. ცხრილის ბოლოს დააჯამეთ დადებითი და უარყოფითი პასუხების ქულები (იხ. ცხრილი).

 

 

  დიახ! დიახ არა არა!   დიახ! დიახ არა არა!
1 -3 0 3 5 13 5 3 -2 -3
2 5 3 -3 -5 14 5 5 -3 -3
3 5 5 -3 -5 15 -5 -2 2 5
4 -3 0 3 5 16 -3 -3 3 5
5 -5 3 3 3 17 -5 -2 3 5
6 5 2 -5 -5 18 5 3 -3 -5
7 5 3 -3 -5 19 -5 -3 2 5
8 -3 0 0 0 20 5 3 -3 -5
9 5 2 -3 -5 21 -5 -3 3 5
10 -5 -3 3 5 22 -2 2 0 0
11 -5 -3 3 5 23 5 3 2 -2
12 5 3 -3 -5 24 3 5 -2 -3
ჯამური ქულა

 

 

შედეგები

 

100-დან 40-მდე: თქვენი პედაგოგიური სტილი აყალიბებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ მიცემული დავალების შემსრულებლები არიან. წაიკითხეთ მე–5, მე–6 და მე–7 თავები.

39-დან 0-მდე: ამგვარი მიდგომით თქვენს მოსწავლეებს ნაკლებად გაუღვივდებათ სწავლისადმი ინტერესი. წაიკითხეთ მე–5, მე–6 და მე–7 თავები.

0-დან 40-მდე: თქვენი პედაგოგიური სტილი აყალიბებს „საშუალო“ მოსწრების მოსწავლეებს, რომლებიც, პრინციპში, ცუდად არ ისწავლიან, ზოგიერთს გაუჩნდება სწავლისადმი ინტერესი და ენთუზიაზმსაც გამოიჩენს.

41-დან 100-მდე: გილოცავთ, თქვენი მოსწავლეები მზად იქნებიან, ისწავლონ თქვენგან და სიამოვნება მიიღონ სწავლის პროცესით.

რას ეფუძნება მოცემული ანკეტა.

 

ანკეტას საფუძვლად უდევს მართვის სტილის ანალიზი, რომელიც დუგლას მაკგრეგორმა შემოგვთავაზა თავის წიგნში „წარმოების ადამიანური მხარე“ (The Human Side of Enterprise).

პედაგოგისთვის დამახასიათებელია ორი საბაზისო წარმოდგენა ადამიანის ბუნების შესახებ. პირობითად, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ „თეორია X“ და „თეორია Y“.

თეორია X

◦ რიგით მოსწავლეს, ჩვეულებრივ, არ უყვარს შრომა და ყოველნაირად ცდილობს, თავი აარიდოს ამ პროცესს.

◦ სწავლება მძიმე და ნაკლებსაინტერესო პროცესია.

◦ იმდენად, რამდენადაც სწავლის პროცესი არცთუ საინტერესოა, მოსწავლეთა უმრავლესობა უნდა ვაიძულოთ, ვაკონტროლოთ, მიმართულება მივცეთ და ზოგჯერ დასჯითაც დავემუქროთ, რათა გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ.

◦ ჩვეულებრივ, მოსწავლე პასიურია, არ აქვს ამბიცია, არ იჩენს ინიციატივას. მას ურჩევნია, მიუთითონ და დაავალონ.

თეორია Y

◦ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უმეტესად საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებენ.

◦ სწავლა საინტერესო და სასარგებლოა, ის საშუალებას გვაძლევს, დავიკმაყოფილოთ პირადი და სოციალური მოთხოვნილებები. ცოდნით მოპოვებული წარმატება კი საზოგადოებაში ჩვენს აღიარებასა და პატივისცემას განაპირობებს, რაც თვითდამკვიდრებაში გვეხმარება.

◦ მოსწავლეს უნდა მოსწონდეს სამუშაო პროცესი. სიზარმაცე, მოტივაციისა და ამბიციის უქონლობა თანდაყოლილი თვისებები არ არის. ისინი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს სწავლისთვის შესაფერისი პირობები არ აქვს.

პიროვნული სრულყოფისკენ მიმართული ამოცანები მოსწავლის მოტივაციაზე აისახება. თეორია Y არ გამორიცხავს სასწავლო ამოცანების დასახვას და არ უბიძგებს სტანდარტის დაწევისკენ. ამ თეორიის თანახმად, კარგმა მასწავლებელმა ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას დავალებების გზით თვითდამკვიდრების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ეს დავალებები კი მიმართული უნდა იყოს საგანმანათლებლო ამოცანების გადაჭრისკენ.

თეორია X ვარაუდობს, რომ მოსწავლეს მიმართულება უნდა მივცეთ და ვაიძულოთ, შეასრულოს ამგვარი დავალებები. ეს თეორია მოსწავლეებს პასიურსა და უმოტივაციოს ხდის. სასწავლო პროცესი ასეთი მიდგომის შედეგად ერთფეროვანი და უინტერესო ხდება.

თეორია Y-ის საფუძველზე სწავლება მოსწავლეებს პიროვნული სრულყოფის მოტივაციას აძლევს. შედეგი უმეტესად ამართლებს პედაგოგის მოლოდინს.

რა თქმა უნდა, მოსწავლეებსაც აქვთ თავიანთი თეორია მასწავლებელთან მიმართებით. ერთი თეორიის თანახმად (პირობითად, A თეორია), პედაგოგი მხოლოდ ანაზღაურებისთვის მუშაობს და ძირითადად არ უყვარს არც მოსწავლეები და არც საქმე, რომელსაც აკეთებს. მეორე თეორია (პირობითად, B) ასეთია: მასწავლებელი დაინტერესებულია მოსწავლეების მონდომებით, ისწავლონ მისი საგანი. თუ პედაგოგი ემხრობა Y თეორიას და იწყებს მუშაობას A თეორიის მქონე კლასთან, მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღოს.

წყარო:

Geoff Petty. Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p. 158-159

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი