შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გარემოს დაცვა – გადაუდებელი აუცილებლობა

ამ დღეებში დიდი სიმძაფრით განიხილება კობი-გუდაურის საავტომობილო გზასთან მდებარე ტრავერტინების თემა, რომელიც საფრთხის და განადგურების წინაშე დადგა. ტრავერტინები წყლის მიერ, უმეტესად, ცხელი წყაროების მიერ დალექილი თეთრი და მოვარდისფრო შეფერილობის კიროვანი ფორმების მინერალია, რომელიც ძირითადში კალციუმის კარბონატის დეპოზიტებისგან შედგება. ის მიწისქვეშა სიღრმეებში, სადაც კარსტული რელიეფის სხვადასხვა ფორმის, ძირითადად, სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სახით გვხვდება. მისი წარმოქმნა მიწისქვეშა წყაროებს უკავშირდება, რომლებიც ღრმა ფენებში ხსნის კიროვან ქანებს და ზედაპირზე ამოაქვს, ის მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. საქართველოში ტრავერტინი გხვდება თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში; დასავლეთ საქართველოში – რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.

ტრავერტინებს იყენებენ საშენ მასალად და კირის გამოსაწვავად, თუმცა როდესაც მისი გავრცელების მასშტაბი სიდიდით არ გამოირჩევა, ასეთ შემთხვევაში მისი ეკონომიკური ღირებულება არანაკლებია, რადგან იზიდავს ტურისტებს, ასევე ხელს უწყობს მინერალური წყლების წარმოქმნას, მათი განადგურებით საფრთხე ექმნება როგორც ბუნებას, ასევე ეკონომიკის მნიშვნელოვან პოტენციას.

ამის პარალელურად ჩვენს მეზობელ თურქეთის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ და დიდ ქალაქში, სადაც კერძო ავტომობილების რაოდენობა, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობას აღემატება, მასობრივ ღელვას აქვს ადგილი. იგი ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა ევროკავშირს და შესაბამისად მათი ქოლგა-რეგულაციები სავალდებულო შესასრულებელი არ აქვთ. თუმცა სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალურ ტაქსიმის რაიონში მთავრობის პატარა სკვერის ადგილას სავაჭრო ცენტრის აშენების გადაწყვეტილება მოსახლეობამ გააპროტესტა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ფასად 100-მდე დაშავებული, 2000-მდე დაკავებულია, ეს მაინც ტემპერატურას ვერ აგდებს დაბლა. აშკარად სახეზეა, რომ თურქეთში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელთათვისაც ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობებია.

ჩვენს საზოგადოებაში დეფიციტია მიმდინარე მოვლენების ანალიზის, ამ ანალიზის შედეგად კი პრობლემების იდენტიფიცირების, პოზიციის ჩამოყალიბებისა და მათი გადაჭრის. ძალიან მნიშვნელოვანია საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც გარემოს დაცვას ეხება. იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კიდევ ათეული წლები უნდა ვიცხოვროთ და ასევე ჩვენს შემდგომ თაობებსაც დავუტოვოთ. სხვათა შორის როდესაც ათეულ წლებზე ვსაუბრობ ეს ეჭვს ბადებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ჩვენი საცხოვრებელი გარემო, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეიცვლება. უკანასკნელი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ვაკცინაციასა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე. ქვეყნებში სადაც გარემოს დაცვა ქვეყნის პრიორიტეტია, ამ ქვეყნებში მცირდება რისკ ფაქტორები და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

განვიხილოთ, თუ როგორ ხდება გარემოზე ზრუნვა განსხვავებული ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში.
ამისათვის საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენეს გეოგრაფებმა და ეკონომისტებმა, რომელთა ვიზუალიზაცია პარაბოლოს სახით ქვემოთ არის წარმოდგენილი:

ეს კუზნეცის მრუდის მოდიფიკაციაა, რომელიც უთანასწორობას ეხებოდა, და ამტკიცებდა, რომ განვითარების გარიჟრაჟზე უთანასწორობა მცირეა. რაც უფრო ეკონომიკურად ვითარდება საზოგადოება, მით უფრო მაღალი ხდება განსხვავებები მდიდარსა და ღარიბს შორის ქვეყნის შიგნით, რაც ნელ-ნელა მცირდება განვითარების გარკვეული სტადიის მიღწევის შემდეგ.

იგივე იდეის მატარებელია ზემოთ მოცემული მრუდიც, რომელიც 1990 წელს შეიმუშავეს გროსმანმა და კრუგერმა ნაფტა-ს ქვეყნებზე დაკვირვებით. თემის პოპულარიზაცია მსოფლიო ბანკმა 1992 წლის ანგარიშში მისი გამოყენებით მოახდინა. მოკლედ მისი მთავარი იდეა ასე ჟღერს, ქვეყანაში გარემოს დაბინძურება გაიზრდება, ვიდრე მიმდინარეობს სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ უკვე გარკვეული განვითარების მიღწევის შემდეგ, ქვეყანა დაიწყებს გარემოზე ზრუნვასა და დაბინძურებაც შემცირდება.

ამ ყველაფრის მაგალითად შეგვიძლია ევროპის განვითარებული ქვეყნების გზა განვიხილოთ. ეს ქვეყნები თავს გარემოსდაცვითი პოლიტიკით იწონებენ და ბევრსაც აკეებენ მის განსამტკიცებლად. ინდუსტრიამდელ პერიოდში მათ სუფთა გარემოთი დაიწყეს განვითარება, როდესაც არ იყო საწარმოო ნარჩენებით, ქიმიკატებითა და გამონაბოლქვით დაბინძურებული გარემო. ზოგადად, მათი ეკოლოგიური ნაკვალები იყო მინიმალური. არ იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარემოს ანადგურებდა ეკონომიკის განვითარების სახელით. მაშინ მხოლოდ ტყეების ფართობის მკვეთრი შემცირება და ეროზია მიმდინარეობდა, რადგან საწვავად და საშენ მასალად მორები და შეშა გამოიყენებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში მათ ეკონომიკური სწრაფი აღმავლობა დაიწყეს, როდესაც ვითარდებოდა ინდუსტრია, საწვავად მხოლოდ ენერგიის ტრადიციული წყაროები გამოიყენებოდა, ვითარდებოდა ტექნოლოგიები და ჩამოყალიბდა მომხმარებლური კულტურა, რამაც იმდენად შეცვალა გარემო, რომ ქვეყნებმა სიტუაციის გამოსასწორებლად საერთაშორისო კონვენციებსა და შეთანხმებებს მიმართეს. დაიწყო საწარმოების გაწმენდა, უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიებით არსებულის ჩანაცვლება და ასევე ზოგი დამაბინძურებელი ინდუსტრიის რელოკაციით, ანუ განვითარებად ქვეყნებში გადატანით. ასევე გარემოს გამაჯანსაღებელი ხდება მკაცრი რეგულაციების შემოღება, მაღალი ჯარიმების დაწესება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დღეისათვის იგივე გზას გადიან სხვა ქვეყნებიც, უმეტესად ესენი არიან აზიისა და ლათინური ამერიკის განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნები, სადაც არნახული ტემპებით იზრდება საწარმოების რაოდენობა, მთლიანად ინდუსტრია, ასევე ავტოტრანსპორტის რაოდენობა. თანამედროვე განვითარების ტემპმა გადაუსწრო განვითარებული ქვეყნების განვითარების ტემპსაც, რადგან დღეს ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ქვეყნებს ბევრად მეტის საშუალება მისცა. ამდენად პრობლემების მასშტაბები ბევრად მწვავედ იჩენს თავს. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია თანამედროვე მსხვილ ქალაქებში. აქ მაღალია მოსახლეობის სიმჭიდროვე და ძალიან მწვავედ დგას გამონაბოლქვის პრობლემა. სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნების დედაქალაქები ძირითადად თბილი და ნოტიო კლიმატით გამოირჩევა, რაც ზრდის სმოგის წარმოქმნის ალბათობას. ეს კიდევ უფრო მწვავედ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. პილოტები, რომლებიც ბანგკოკში დაფრინავენ, ამბობენ, რომ ქალაქის მდებარეობის განსაზღვრა შორიდან, ყოველგვარი თანამედროვე აპარატურის გარეშეც არის შესაძლებელი, რადგან ის გამონაბოლქვის გუმბათით არის დაფარული. ეს არ არის მხოლოდ მომწამვლელი აირები, აქ ჭვარტლის ნაწილაკები (SPM) ბენზოლს შეიცავს, იმდენად მცირე 2,5 მიკრონის ზომისებია, რომ ადვილად ხვდება ფილტვებში, რაც სიმსივნური დაავადებების მაღალ ალბათობას განაპირობებს. მაგალითად ჯაკარტაში, ბანგკოკსა და შანხაიში ავტომობილებით გადაადგილებას იმდენად დიდი მაშტაბები აქვს, რომ ზოგ ადგილებში ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარებიც კი არ არის გათვალისწინებული. ამ პრობლემის გამო ყველაზე დიდი საცობები სწორედ ბანგკოკში გვხვდება, აქ მანქანა წლის მანძილზე 44 დღის ექვივალენტს საცობში მომუშავე რეჟიმში ატარებს.

ასეთ ქვეყნებს აქვთ საშუალება გაითვალისწინონ უკვე დაწინაურებული ქვეყნების გამოცდილება და თავად არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომლებსაც შეუქცევადი ხასიათი აქვს, არ ავნონ გარემოს ისე, რომ ბუნების კომპონენტების რეგენერაციის (თვითაღდგენის) უნარს აღემატებოდეს. თუმცა ასეთი ქვეყნების მთავრობები ხშირად აცხადებენ, რომ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ გარემოს დაცვის უფლება მისცენ თავს. ასევე ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ თავს არ მოახვიონ სხვადასხვა ხელ-ფეხის შემბოჭველი გარემოსდაცვითი რეგულაციები და ისევე აცადონ განვითარება, როგორც ამას წარსულში განვითარებული ქვეყნები აკეთებდნენ. თუმცა გარემოს დეგრადაციის გარდა, ეს ვითარება მოსახლეობაში მძიმე ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებს ავითარებს.

და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მთელი ”მრუდი” გასავლელი აქვთ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე სუსტად განვითარებულებს. ამ ქვეყნებში ეკონომიკა იმდენად ჩანასახობრივ დონეზეა, რომ მისი შედეგები გარემოზე უმნიშვნელოა. მოსახლეობის შემოსავლები იმდენად მცირე, რომ ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმს ვერ აკმაყოფილებს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული და თვითკმარი მეურნეობები აქვთ. ისინი მხოლოდ ბუნებრივ პირობებზე არიან დამოკიდებულები და განვითარებული და სწარაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების უარყოფით შედეგებს გლობალური კლიმატცვლილების სახით თავის თავზე იწევენ. ეს გამოხატულია გახშირებულ შტორმული ხასიათის ამინდებში, გახანგრძლივებულ გვალვებსა და თავსხმა წვიმებში, რასაც ხშირად მოსავლი განადგურება მოყვება. თუკი ამგვარ ბუნებრივ კატასტროფებს განვითარებულმა ქვეყნებმა შეიძლება ადვილად გაართვან თავი, ამ ქვეყნებში ეს შიმშილობასა და სიკვდილსაც იწვევს.

კუზნეცის მრუდის მიხედვით ყველა ქვეყანა საბოლოო ჯამში განვითარების მიღწევის შემდეგ შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, თუმცა ეს თავისთავად ვერ მოხდება. ამის მისაღწევად საჭიროა დროული ჩარევა, მოსახლეობის განათლებაზე ზრუნვა, მათი ცნობიერების ამაღლება, იმდენად, რომ ერთ მოსაჭრელ ხესაც კი ათასობით დამცველი გამოუჩნდეს, როგორც ეს ჩვენს მეზობელ თურქეთში მოხდა. ასევე მთავრობის კოორდინირებული მუშაობით, რომლის დროსაც გარემო ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ გადაყვება.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნებს არ აქვთ მორალური უფლება იფიქრონ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, დაიცვან ბუნება, როცა ამისთვის შესაბამისი დრო მოვა. გარემოზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ ახლავე, რომ არ ავნონ საკუთარ და სხვა ქვეყნების მოსახლეობას და მომავალ თაობებს.

საქართველოსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია საკუთარი მოსახლეობის წინაშე. უნდა ითქვას, რომ პრობლემა კომპლექსურია. ამ საკითხებისადმი მეტი ყურადღებაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა ტრავერტინების ისტორია არ განმეორდეს, ასევე აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება. ამას კი დიდი პროტესტი შეიძლება მოყვეს ეკონომისტების მხრიდან, რომელთა მთავარი არგუმენტი რეგულაციებით ინვესტორების დაფრთხობაა. თუმცა როდესაც საუბარია ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოზე, სირბილე არ გამოდგება. ჩვენ ვალდებულები ვართ მათ კიდევ უფრო გამძაფრებული პრობლემები არ გადავულოცოთ სამომავლოდ. ადამიანებს შელახული ჯანმრთელობა და ჯანდაცვაში ხარჯები ბევრად უფრო მეტი ზარალის მომტანია, ვიდრე დროული რეგულაციების შემოღება, რომლებიც შესრულდება და მხოლოდ საერთაშორისო ანგარიშებისთვის არ გვენდომება.მოდერნიზაცია და ეკონომიკური ზრდა შეუთავსებელი არაა გარემოს მდგრად განვითარებასთან, თუკი ამის ნება არსებობს.

რაც შეეხება ზოგად განათლებას სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლელს სასწავლო გეგმაში აისახა გარემოსდაცვითი შედეგები და ინდიკატორები, მათი დანერგვა ნელა მიმდინარეობს, რადგან სახელმძღვანელოებში არასაკმარისადაა ასახული ეს აქტუალური მასალა. ასევე დაემატა არჩევითი კურსი ”გარემო და მდგრადი განვითარება”, მაგრამ ეს კურსი ფაქტობრივად დაუნერგავი დარჩა, რადგან არ გამოცხადებულა სახელმძღვანელოს კონკურსი. ამის გამო სკოლებბის ძალიან მცირე ნაწილმა აირჩია იგი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის კონსულტანტებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ტრენინგ მოდული, მაგრამ აქაც ბევრი მასწავლებელი არ დაინტერესებულა მისი გავლით. თუმცა სახელმძღვანელოს უქონლობის და ამ მიმართულებით მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაციის პირობებში ნაკლებ სავარაუდოა, რომ სკოლებში ეს კურსი სათანადო ხარისხით ისწავლებოდეს.

უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტების ჩამონათვალში იშვიათად თუ წააწყდებით გარემოს დაცვაზე მიმართულ სპეციალობებს, რასაც საზოგადოების მხრიდან მათზე ნაკლები მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან მათი არაპრიორიტეტულობა და უნივერსიტეტების მხრიდან საკითხის არცოდნა განაპირობებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი