შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბიბლიოთეკა უწიგნოდ

რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა და სასწავლო წიგნები უფასოდ დაარიგა, რამაც ავტორებისა და გამომცემლობების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველია, კარგია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა არა ნაჩქარევი, არასწორად გაკეთებული და ისეთი, როცა ერთ მხარეს არგებს, მეორეს კი – პირიქით.

მე ახლა იმ თემაზე მინდა დავწერო, თუ რა ხდება სასკოლო ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. რაიონებსა და რეგიონებში, სადაც ნაკლები მოსწავლეა და თანხა არ აქვთ სკოლებს, უჭირთ  ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენა. სახელმწიფო პროგრამები კი არ არსებობს ამ მხრივ, რომ ყოველწლიურად სკოლებს ლიტერატურას აწვდიდეს. თანხების, შესაბამისად რესურსების და მათი მართვა-განკარგვის დეცენტრალიზაციის პირობებშიც, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სკოლებში იგზავნებოდეს მხატვრული, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის ლიტერატურა, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები.

მე ხშირად მიწევს სხვადასხვა კუთხეებში, ქალაქებისა და სოფლის სკოლებში საქმიანობა და ყოველთვის მათი ბიბლიოთეკით ვინტერესდები, სადაც გამოყენებული გრიფირებული სახელმძღვანელოების, მარკესის რამდენიმე რომანი, ლადო ასათაინისა და ანა კალანდაძის ლექსების კრებულებისა და საბჭოთა პერიოდში მიღებული წიგნების გარდა, ახალი არაფერია.

მერე გვიკვირს, რატომ არ შედიან ბავშვები ბიბლიოთეკაში. იმ კერძო სკოლაში, სადაც ახლა მე ვმუშაობ, საოცრად კარგი ბიბლიოთეკაა. უამრავი თანამედროვე სხვადასხვა ტიპის ლიტერატურით და იშვიათია ნახო რამდენიმე თავისუფალი ადგილი. მესმის, რომ კერძო სკოლებს მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, თუმცა სწორედ ამას ვამბობ, რომ თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი განათლების უფლება და სწორედ ამის გამოც არის, რომ კერძო სკოლებსაც აფინანსებს დამატებით, რატომ არ ქმნის საჯარო სკოლებში თუნდაც დაახლოებით იგივე მატერიალურ სიკეთეებს?..

დღეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, საინიციატივო ჯგუფისა და ძალიან მოტივირებული დირექტორების იმედზე არიან რაიონების, რეგიონების სასკოლო ბიბლიოთეკათა მომხმარებლებ-თანამშრომლები. ადრე ამაზე ბლოგი დავწერე და არ მინდა იგივე გავიმეორო, თუმცა პრობლემა რჩება პრობლემად და ზურგს ვერ შევაქცევთ. ბიბლიოთეკა სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი სივრცე უნდა იყოს, სადაც ყველა რესურსი იქნება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში  მოსწავლეების ჩართულობა გაიზარდოს.

ჩვენ გვიკვირს, რატომ სხედან სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ უსაქმოდ, სადმე სკოლის ეზოში ან საკუთარ უბნებში. მათ არ ჰქონიათ და არ აქვთ კარგი გარემო, ადგილი, სადაც ისაუბრებდნენ, წაიკითხავდნენ, ნახავდნენ ფილმს, მოიძიებდნენ ინფორმაციას. არ ჰქონიათ და არ აქვთ და შესაბამისად ვერ გამოიმუშავეს ეს უნარი და ცხოვრების მსგავსი წესი.

დიდად არ მგონია, თუმცა თუ ვინმე, ვისაც გამოსწორება ხელეწიფება ამ ბლოგს წაიკითხავს, ის, ვინც საკუთარ ინტერვიუებში მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ყველას თანაბარი განათლების უფლება უნდა ჰქონდეს და რომ ეს ერთ-ერთი მთავარი უფლებაა და ა.შ. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა – როცა მივლინებების დროს, ან ისე სხვა საქმისთვის ჩაივლიან დედაქალაქისგან და დიდი ქალაქებისგან შორს და დაბებში, სოფლებში ნახავენ გარეთ გამომსხდარ ბავშვებს, უსაქმოდ, უაზროდაც კი რომ კარგავენ დროს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს მარტო იმ ბავშვების ბრალი არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი