შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოლაპარაკე სასახლე დაგლეჯილი სხეულით

ხშირად გვითქვამს, რომ თეორიულ მსჯელობას და მშრალ ისტორიულ ფაქტებს ამა თუ იმ მოვლენის უკეთ აღსაქმელად ზოგჯერ კონკრეტული მაგალითების, ადამიანების, ადგილების დასახელება, ყოფითი ამბების მოყოლა სჯობს. ასე, მარტივი თვალსაჩინოებებით და პირადი მაგალითებით, უკეთ ჩანს ბევრი რამ. მაგალითად, როდესაც ამბობ, რომ რუსეთთან მეგობრობა შეუძლებელია და რომ საბჭოთა კავშირმა ჩვენი ქვეყნის განვითარებას წარმოუდგენლად დიდი ზიანი მიაყენა, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის, რომ, სამაგიეროდ, მაშინ უფრო ნაკლებს შიოდა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება მაინც არ გამოგვივა და ვინმე სხვას ისევ ნაცნობი სჯობია… შესაძლოა, არც გითხრას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს ასე. სამაგიეროდ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, იპოვო ვინმე, ვინც გარიყულაში მარშლიანების სასახლეს ნახავს და იტყვის, რომ ისტორიამ, რომელსაც ეს კედლები ინახავენ, გულგრილი დატოვა.

მაინც მომიწევს, ისე დავიწყო ამბავი, თითქოს ისტორიის სახელმძღვანელოს მომდევნო თავს ვწერდე.

გარიკულა1

გარიყულა კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქის გვერდით მდებარეობს და დღეს აქ მდებარე არტ-რეზიდენცია „გარიყულათი“ იქცევს თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას. ახალქალაქი ძველი და საკმაოდ დიდი სოფელია. აქაურები ამბობენ, რომ ის ორ ნაწილად იყოფოდა – გორაკებზე განთავსებულ თავადების სასახლეებად და მდინარის ნაპირებზე გაშენებულ ხელოსნებისა და ვაჭრების უბნებად.

13413865_1230898786920739_687078345_n

ოცამდე სასახლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თარხნიშვილების, ე.წ. მარშლიანთ სასახლე ყოფილა (სასახლის ამშენებელი დავით თარხნიშვილი გორის მაზრის თავად–აზნაურთა მარშალი გახლდათ). სასახლეს სპარსელი ოსტატების ხელით მოხატული კედლები, სარკეებიანი ჭერი, ვიტრაჟები ჰქონია. ეზოში მდგარა აბანოები და ეკლესია, რომელიც მენშევიკებმა დაანგრიეს.

13390797_1230898650254086_193633771_n

საბჭოთა პერიოდში არა მხოლოდ ეკლესიები, არამედ თავადების სასახლეებიც გაანადგურეს. ის, რაც აფეთქებას გადაურჩა, გადაათეთრეს, ფუნქცია შეუცვალეს და ნელი სიკვდილისთვის გაწირეს. ასე დაემართა მარშლიანების სასახლესაც, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქცია დააკისრეს.

13390866_1230898726920745_1867488112_n

აქ ჯარიც იდგა, სახელოსნოებიც იყო მოწყობილი და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც ჩამოჰყავდათ სამუშაოდ. დღეს შენობა ძეგლის სტატუსით ძველ მფლობელთა მემკვდრეებს დაუბრუნდა. დგას გარიყულას თავზე და ჰყვება იმ ადამიანების ამბებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კულტურა, თუ ის კლასობრივ მტერს ეკუთვნის, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. იმ ადამიანების ამბებს, რომლებიც, წესით, ხელოვნებას უნდა ემსახურებოდნენ – სამხატვრო აკადემიაში სწავლობენ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენილ კედლებზე უნიჭოდ ხატავენ მწვადებს, ხინკლებს, არყის ბოთლებს და თავიანთ უსახურ დღეებსა და ღამეებს. მარშლიანთ სასახლემ იმ ადამიანების ამბებიც იცის, რომლებსაც კულტურა მხოლოდ ციხესიმაგრეები და ეკლესიები ჰგონიათ და მხოლოდ მათ მიმართ ჩადენილ ბარბაროსობას აღიქვამენ მტკივნეულად. სწორედ ამ ხალხის გულგრილობამ აქცია ის მიტოვებულ, ცარიელ, კედლებდასერილ და სხეულდაფლეთილ, უფუნქციო შენობად.

13407526_1230898610254090_1281331368_n

13413898_1230898630254088_105128396_n

ასეთი შენობების ისტორიებს, წესით, ბავშვებს უნდა ვასწავლიდეთ, დაგვყავდეს მათ სანახავად და ვაჩვენებდეთ მაგალითებს, რომლებიც, ერთი მხრივ, გარეშე მტრის ბოროტების ილუსტრაციაა, მეორე მხრივ კი ჩვენივე გულგრილობისა თუ უგუნურებისა, საგანძური რომ დაგვაკარგვინა.

13414703_1230898593587425_693107893_n

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი