პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დისკრიმინაცია და სამართალი

„თქვენი ბავშვი ძალიან ხმაურობს, ჩადით ავტობუსიდან!“

„გააჩეროს ამ ბავშვმა ფეხები, ნუ ჩამინგრია იატაკი! გამისკდა თავი, ახლავე ჩადით „მარშუტკიდან“!

ეს ფრაზები საქართველოში მცხოვრებ აუტიზმის მქონე ბავშვების არაერთ მშობელს მოუსმენია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისგან. და ისინი, დედები, თავჩაქინდრული, დარცხვენილი, ცრემლიანი, ტოვებენ მგზავრობისათვის ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებას და ფეხით აგრძელებენ გზას ან უფრო მომთმენი მძღოლის იმედად სხვა ტრანსპორტში ადიან. ამ დროს შესაძლოა ბავშვისთვის აუცილებელ გაკვეთილზე მიდიან ან გადაუდებელ საქმეზე მიიჩქარიან შვილთან ერთად, რომელიც ვერავის დაუტოვეს. მასწავლებელიც ხომ დღენიადაგ იმას ითხოვს, რომ ბავშვმა დღის მხოლოდ ნახევარი გაატაროს ბაღში/სკოლაში, რადგან ძალიან ცელქია. იყო შემთხვევა, როდესაც სამარშუტო ტაქსიდან იძულებით ჩამოსულ შშმ ბავშვს სტრესის ნიადაგზე ქუჩაში გულყრა განუვითარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა დედები საქართველოში, როგორც წესი, უმუშევრები არიან და მეურვეობისათვის ე. წ. „მხარდამჭერი“ არანაირ ანაზღაურებას არ იღებს სახელმწიფოსგან. ცოტა თუ ახერხებს ემოციების მოთოკვას, შეურაცხმყოფელ მძღოლს აცნობს ბავშვის მდომარეობას და მის უფლებებსაც შეახსენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სამართლებრივი ენით ესაუბრება და სასამართლოში თუ არა, „უფროსობასთან“ ჩივილით ემუქრება. ისედაც გადატვირთული გრაფიკის მქონე მშობლის ძვირფასი დროის ხარჯვისა და დიდი მონდომების შედეგად, შესაძლოა, მძღოლი „თვალის ახვევის მიზნით“ „სხვა ხაზზე“ გადაიყვანონ. ხშირად ისევ შეურაცხყოფილი, იურიდიული ტერმინით რომ ვთქვათ, დისკრიმინაციის მსხვერპლი ვერ იმეტებს ოჯახის ერთადერთ მარჩენალს უმუშევრობისთვის, სიღატაკისთვის. ან მას სწორედ ის „უფროსობა“ დაანამუსებს, რომელთანაც საჩივლელად მივიდა.

დისკრიმინაციის ფაქტები საჯარო სივრცეში მრავლად გვხვდება, თუმცა ქართული სასამართლო პრაქტიკა მსგავს შემთხვევებზე თითქმის არ არსებობს. მახსენდება ეტლით მოსარგებლე გოგონას ორი წლის წინანდელი ღია წერილი ერთ-ერთი ავიაკომპანიის მიმართ, სადაც ის დაწვრილებით აღწერდა თვითმფრინავის ბორტზე ტექნიკური პრობლემების გამო მისი ხელით აყვანის შემთხვევას. ეტლიდან გადმოვარდნის საფრთხისა და კომპანიის თანამშრომლების არაეთიკური ფრაზის („ავადმყოფი მგზავრი“) გამო მან დიდი სტრესი მიიღო. გოგონა კომპანიას კომპენსაციას კი არ სთხოვდა, პირიქით, სთავაზობდა თანამშრომლობას, დახმარებას შშმ პირთა მომსახურების, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და ტერმინოლოგიის დახვეწის საქმეში.

2015 წლის მაისში, პილოტის ინიციატივით, სოლთ ლეიქ სითიში იძულებით დაჯდა თვითმფრინავი, რომელიც ჰიუსტონი-პორტლენდის რეისს ასრულებდა. მიზეზი 15 წლის აუტიზმის მქონე გოგონა იყო. ეკიპაჟმა მიიჩნია, რომ მისი ბორტზე გაჩერება სახიფათო იყო მგზავრებისთვის და გაუთვალისწინებელი დაფრენის შემდეგ, პოლიციის თანხლებით აიძულა მთელი ოჯახი თვითმფრინავი დაეტოვებინა. მგზავრთა დიდი ნაწილი გაოგნებული დარჩა ამ გადაწყვეტილებით, რადგან ცხელი საჭმლის მოსურნე, აღელვებული გოგონა მალე დამშვიდდა. მოგვიანებით არასრულწლოვანის დედა ითხოვდა არა ფინანსურ კომპენსაციას, არამედ ავიაკომპანიის თანამშრომელთა გადამზადებას აუტისტური სპექტრის მქონე მგზავრებთან ურთიერთობის კუთხით. საჩივარი სასამართლოში აუტიზმის ეროვნულმა საზოგადოებამ შეიტანა და კომპანიას მისი რეკომენდაციების შესრულება დაეკისრა. მეტიც, ძირითადი მითითებები ავიაკომპანიების თანამშრომელთა ზოგადი გადამზადების განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია და დაადგინა დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ბინის მესაკუთრის მხრიდან, რომელმაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ოჯახს უკანონოდ შეუწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხეს ასევე დაეკისრა შშმ ბავშვისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

2015 წლის შემოდგომაზე დედა, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა, ბინის მესაკუთრის კატეგორიული მოთხოვნით, ღამის საათებში ქუჩაში აღმოჩნდა. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე ასახელებდა იმას, რომ აღარ სურდა „ავადმყოფი“ ბავშვის ყურება. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია შშმ ბავშვზე და მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასევე დაკმაყოფილდა სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ, სადაც დელფინებთან 15 წუთიანი ინტერაქტივის ფასი შშმ ბავშვებისთვის მნიშვნელოვნად ძვირი იყო სტანდარტულ ფასთან შედარებით. სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათუმის დელფინარიუმმა კი სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა – დისკრიმინაციული ფასი შეიცვალა და გათანაბრდა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კვლავაც აუცილებელი და აქტუალურია. აუტიზმის მქონე პირები ხშირად უცნაურ ხმებს გამოსცემენ, თითქოს ყმუიან. ეს თვითმასტიმულირებელი ქცევაა ან სენსორული სურვილების დაკმაყოფილება (ანუ მათ ეს სიამოვნებთ). ისინი ირგვლივ მყოფებს საფრთხეს არ უქმნიან და უცნაური ქცევის გამო რიგითი მგზავრი ან პილოტი არ უნდა ფიქრობდეს, რომ 15 წლის გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობს, ფრენისას თვითმფრინავის კარს გააღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი