სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ერთი ტრენინგის გაკვეთილები

ჩვეულ ყოველდღიურობაში რაღაცის შეცვლა, ახლის გაგება, ახალი ადამიანების გაცნობა მინდოდა. ჰოდა, გამიმართლა – საინტერესო ტრენინგზე მოვხვდი.

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული განათლების ხელშეწყობას ემსახურება, საქართველოში უნივერსიტეტებისა და სკოლების წარმომადგენელთა ტრენინგი დაიგეგმა. ტრენინგი მიზნად ისახავდა, სკოლებსა და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მომზადდეს საფუძველი დემოკრატიული განათლების პრინციპების შემდგომი დანერგვისა და ხელშეწყობისათვის.

ტრენინგს მასპინძლობდა ნათია ნაცვლიშვილი, მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან. ჩვენი 30-კაციანი ჯგუფის ტრენერები იყვნენ არაჩვეულებრივი პოლონელი ქალბატონები მაჟენა რაფალსკა და ოლენა სტისლავსკა.

გეტყვით, რით იყვნენ გამორჩეული: სიმშვიდით, კეთილგანწყობით, ორგანიზებულობით, კორექტული, ფაქიზი და ზუსტი შენიშვნებით, თანაზიარობით, გულწრფელობით, ხალისით, გონივრული სტიმულის მომცემი რეკომენდაციებითა და მრავალი, მრავალი სხვა ღირსებით. მათი წყვილში მუშაობა შესაშურად სანიმუშო იყო. მათ შემყურეს ის გვემართებოდა (აქ ალბათ, ზმნის წარსულის წყვეტილი აჯობებს! სამუდამოდ დაგვემართა), რაც ინანიშვილის გერონტის დამართა სიფრიფანა მირანდუხტმა – ცუდობა რომ აღარ შეგიძლია და კარგობის გზას ადგახარ. ამ ორს ნათია ემატებოდა, რომელიც თავის საქმეს ისეთი მონდომებით და სიჯიუტით აკეთებს, რომ სხვა გზა არ გრჩება და თომას ჯეფერსონის „მოქალაქე ჯარისკაცი“ ხდები.

თავს აღარ შეგაწყენთ და ამ 10-დღიანი ტრენინგის რამდენიმე გამოცდილებას გაგიზიარებთ:

(1) ტრენინგის მონაწილეები ზრდასრულები ვიყავით. მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად ზრდასრულთა განათლების თავისებურებებზე ვისაუბრეთ. ამ საუბრისას ითქვა ის, რაზეც ბევრი მიფიქრია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. თუ ზრდასრული საკუთარ თავს „სავსე ჭურჭლად“ მიიჩნევს, ეწინააღმდეგება სწავლას და თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის, ძალიან ფრთხილად, სიყვარულით უნდა დაანახო, რომ აი, კიდევ აქვს ადგილი, სადაც ახალი „დაეტევა“. მათთან ურთიერთობა აუცილებლად ჰორიზონტალური უნდა იყოს. სხვაგვარად არ დაიჯერებენ, რომ მათი მტერი არ ხარ და მათთვის კარგი გინდა. სხვაგვარად უარს იტყვიან სწავლაზე;

(2)  ყურადღებას თავისი ხანგრძლივობა აქვს. როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს საკითხი, რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ისმენ, დასვენება ან გადართვა გჭირდება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გულისყურიანი მოსმენის ოპტიმალური ხანგრძლივობა 15–20 წუთია. ცხადია, ეს საშუალო ხანგრძლივობაა და ინდივიდუალური თავისებურებები აქაც თავის საქმეს აკეთებს;

(3) თანამედროვე გარემო სტრესულია. არ ვიცი, საუკუნეების ან თუნდაც, ათწლეულების წინ როგორი იყო, მაგრამ ახლა დიდსა თუ პატარას ძარღვები რომ აქვს დაჭიმული, ვხედავ. მე თუ მკითხავთ, სწავლა რომ შედეგიანი იყოს, სტრესისგან უნდა დავიცვათ. ისეთი დადებითი გარემო უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, სადაც ისინი თავისი სურვილით მოვლენ, ახალს გაიგებენ ან ძველს სხვა თვალით დაინახავენ, როგორც ლევან გიგინეიშვილი ამბობს – „თავის ფიქრს იფიქრებენ“ და განვითარების სიხარულით გაიხარებენ. არ მომწონს და არ ვაღიარებ სწავლის „ძირმწარობას“. როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი ბიჭის ფეხის ადგმა მახსენდება. ძლივს დგამდა ნაბიჯს, ეცემოდა, სტკიოდა, მაგრამ ხალისიანად და ჯიუტად აგრძელებდა – თვითონ იქმნიდა სასურველ და ხელშემწყობ გარემოსა და დამოკიდებულებას. განვითარების კოდი ყველა ადამიანშია ჩადებული. მთავარია, ჩვენი არასწორი მცდელობით არ გავაფუჭოთ თავისთავადი მოცემულობა;

(4) ჩვენი ტრენინგის ათივე დღე კეთებით სწავლის კარგი გამოცდილება იყო – „მესმის და ვივიწყებ. ვხედავ და ვიმახსოვრებ. ვაკეთებ და ვგებულობ“. კეთებით სწავლისათვის რესურსების ორგანიზება ბევრად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა უკუგება ყველაფერს ამართლებს და ჯილდო თვალებგაბრწყინებული მსმენელია.

დაბოლოს, იმედია, ტრენინგის „ჯგუფელები“ არ მიწყენენ, თუკი მათ შემოთავაზებულ გამამხნევებელ თამაშებსა და დაჯგუფების წესებს გაგიზიარებთ.

 

გამამხნევებელი თამაშები

ნოტები

ფეხზე მდგომი მონაწილეები თანმიმდევრობით ასახელებენ ნოტებს „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“. შემდეგ ასახელებენ სიტყვას, რომელშიც რომელიმე ნოტია (ნებისმიერ ადგილზე – სიტყვის დასაწყისში, შუაში, ან ბოლოში) და ცდილობენ განასახიერონ.

ციყვი, სახლი, ქარიშხალი

წრეში მდგომი მონაწილეები თამაშს იწყებენ ინსტრუქციის მიხედვით: ჯგუფდებიან სამეულებად. ერთი მონაწილე არის ციყვი, რომელსაც აქეთ-იქიდან გვერდში ამოუდგება ორი სხვა მონაწილე. ეს ორი ხელჩაკიდებული ციყვის თავს ზემოთ სამკუთხედს (სახლის სახურავი) ქმნის და ციყვს სახლში იფარებს. ერთი მოსწავლე ან მასწავლებელი არის „გამომცხადებელი“.

სიტყვაზე „ციყვი“, ციყვები სახლებიდან გამორბიან და ახალ სახლს ეძებენ.

სიტყვაზე „სახლი“, სახლები „დარბიან“ და ციყვს ეძებენ.

სიტყვაზე „ქარიშხალი“, სახლები იშლება, ციყვები დარბიან და ერთმანეთს ეძებენ სახლები და ციყვები.

თამაშიდან გადის უსახლოდ დარჩენილი ციყვი, ან სახლის ერთ–ერთი ნაწილი, რომელიც ვერ მოძებნის შესაბამის ორ წევრს.

მე ვარ…

მონაწილეები წრეში დგანან. ერთ-ერთი მათგანი იწყებს საკუთარი თავის წარდგენას ერთი დამახასიათებელი ნიშნით: „მე ვარ ქეთი და ვარ ცნობისმოყვარე“. მეორე აგრძელებს: „შენ არა მარტო ცნობისმოყვარე ხარ, არამედ მშვენიერიც“, იქვე ამატებს საკუთარ თავზე ინფორმაციასაც: „მე ვარ გიორგი და ვარ მაღალი“. ამ გზით მონაწილეები ეცნობიან და ახასიათებენ ერთმანეთს.

რიცხვები

მონაწილეები გაითვლიან ხმამაღლა. ის მონაწილე, რომელსაც რიგით შეხვდება 3, მისი ჯერადი, ან 3–ზე დამთავრებული რიცხვი, რიცხვის დაუსახელებლად, ამბობს „ჰოპ“-ს და ახტება. ვისაც შეეშლება, გადის თამაშიდან და წრე თანდათან პატარავდება.

ტყის ბინადრები

ყოველი მონაწილე ასახელებს და ასახიერებს ტყის ერთ ბინადარს, სხვები იმეორებენ. ეს აქტივობა შესაძლებელია ფეხზე ადგომითაც მერხის გვერდით ან ოთახის თავისუფალ სივრცეში. მაგალითად, მონაწილეები ასახიერებენ ჭიანჭველის ცოცვას პაწაწინა ნაბიჯებით, კურდღლის ხტუნვას ხელების ყურებთან მიტანითა და ადგილზე ხტუნვით, დათვის ბაჯ-ბაჯს ადგილზე დათვისებური მოძრაობით და ა.შ.

ვინ უფრო სხარტია

წრეში მდგომი მონაწილეები ირჩევენ საგანთა რომელიმე ჯგუფს, მაგალითად, ავეჯი, ხილი, ბოსტნეული, და ა.შ. ერთ-ერთი მონაწილე მეორეს გადაუგდებს ბურთს და ასახელებს საგანს არჩეული ჯგუფიდან. მეორე მონაწილე იჭერს. ამბობს იმავე ჯგუფიდან სხვა სიტყვას და გადაუგდებს მესამე მონაწილეს და ა.შ. თამაშიდან გადის ის, ვინც ვერ ასახელებს საჭირო სიტყვას.

ფერები

მონაწილეები წრეში დგანან. ერთ-ერთი მათგანი ან მასწავლებელი ასახელებს სამ ფერს: წითელი, ყვითელი, მწვანე. წითელზე მონაწილეები მარჯვნივ ბრუნდებიან და ტაშს უკრავენ, ყვითელზე – მარცხნივ და კვლავ ტაშს უკრავენ, ხოლო მწვანეზე – ჩაიმუხლებიან და ტაშს უკრავენ.

დაჯგუფების წესები

ნოტები

თანმიმდევრობით ასახელებენ ნოტებს „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“ ჯგუფდებიან ნოტების სახელწოდებების მიხედვით – „დო“-ები ერთად, „რე“-ები ერთად და ა.შ.

კერძები

ცელოფნის პარკში ან პატარა ყუთში ყრია გაკეცილი ბარათები რამდენიმე ცნობილი კერძის დასახელებით. მონაწილეები იღებენ, კითხულობენ ბარათს და ჯგუფდებიან კერძის სახელწოდების მიხედვით.

დაჯგუფების ამ ფორმის სახეცვლილი ვარიანტებია: ა) გაკეცილი ბარათები სხვადასხვა ბოსტნეულის, ხილის, ავეჯის და ა.შ. დასახელებით.  ბ) ქაღალდის ბატიბუტი სხვადასხვა ფერის ქაღალდებით.

რიცხვები

მონაწილეები გაითვლიან ორობით, სამობით, ოთხობით, ხუთობით, იმის მიხედვით რამდენკაციანი ჯგუფების შექმნა გვსურს.

შემდეგ ერთად ჯგუფდებიან ორები, სამები, ოთხები და ა.შ. დაჯგუფების ამ ფორმის სახეცვლილი ვარიანტია ფერების გამოყენება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი