პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი ევროპა, ანუ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი  გერმანიასა და საქართველოში

როცა სკოლის დამთავრებიდან ორ ათეულ წელზე მეტია გასული, ხვდები, ყველაზე ძვირფასი, რაც სკოლამ მოგცა, მეგობრებია. საბაზისო ცოდნა, რომელიც სკოლიდან წამოიღე, იმდენად შენი ნაწილი ხდება, ემოციური აღქმა ჭირს. აი, მეგობრები კი!.. ისინი ცოცხლები არიან, ყოველთვის შეიძლება, გაიხარო მათი ნახვით, გტკიოდეს, რომ გენატრებიან და, რაც მთავარია, გაინტერესებდეს, როგორ არიან, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და ხანდახან გრძნობდე, რომ ზრდის პროცესი არ დამთავრებულა და თქვენ ისევ ეხმარებით ერთმანეთს, შეიმეცნოთ სამყარო.

  • გახსოვს, როგორ ვზრდიდით ერთმანეთს? – მითხრა წუხელ სკაიპში მეგობარმა. მახსოვს.

ისიც მახსოვს, ახალ სკოლაში გადასული განსაკუთრებით რომ მოვიხიბლე ნათიათი, მერე სახლში დამპატიჟა. მახსოვს კადრი, როცა მის პირად ბიბლიოთეკაში არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ ძალიან კარგი პროზაიკოსის, ყარამან კიკვიძის წიგნი ვიპოვე.

  • ნათი, ეს საიდან გაქვს? –ვკითხე გაკვირვებულმა, რადგან მე ოჯახი და გარემო მიწყობდა ხელს, მცოდნოდა და მყვარებოდა ეს ავტორი, ნათიას –არა.
  • წიგნის მაღაზიაში გადავშალე და ერთი გვერდი რომ წავიკითხე, მივხვდი, მაგარი იყო, –გაუხარდა მასაც, რომ შემნიშნა, გაბრწყინებული მქონდა თვალები.

„ჩემი ადამიანი“  – გადავწყვიტე მაშინ მტკიცედ. შეიძლება სულაც არ ყოფილა ასე არტისტულად ეს ყველაფერი, მაგრამ ასე მახსოვს.

„ადამიანი არც საქმეა, არც სიტყვაა, ადამიანი ფიქრია მხოლოდ“  – ყარამან კიკვიძის ამ ციტატას ხშირად ვიმეორებდით პატარა, ზომიერად მეტიჩარა გოგოები და მთელი ღამეები შეგვეძლო ამ ფიქრების ერთმანეთისთვის გაზიარება.

ოთხმოციანი წლების ბოლო იყო, გაკვეთილები პერმანენტულად ცდებოდა, მიტინგებზე დავრბოდით. თუ არ ცდებოდა, ჩვენ ვაცდენდით. თუ მაინც ვისხედით კლასში, ძალიან ცოტა იყო საინტერესო. ერთმანეთთან გვერჩივნა, ერთმანეთის  ნახევრად გამოგონილი და ნახევრად ნამდვილი სასიყვარულო ისტორიები სხვადასხვა პოეტების სამიჯნურო ლირიკის საბურველში  სულ თავისუფლად ეხვეოდა.

ამასობაში საკუთარ თავსაც ვსწავლობდით, ერთმანეთსაც, ლიტერატურასაც და ცხოვრებასაც.

ახლაც ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ნათია სტუდენტობის შემდეგ სულ საზღვარგარეთაა. ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ჰყავს გერმანელი მეუღლე და ორი შვილი. თვითონაც და მეუღლეც პედაგოგები არიან.

სიშორე მეგობრობაში ხელს არ გვიშლის, შევუთანხმდებით ხოლმე ერთმანეთს  და მერე სკაიპში ვათენებთ ღამეებს.

მართალია, საბედნიეროდ, საბჭოთა რკინის ფარდა მოიშალა, საზღვრებიც ღიაა და ინფორმაციაც ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩემთვის ევროპული ყოფა, ღირებულებები, თანამედროვეობა, უპირველესად ნათიას ცხოვრება, მისი გარემო, მისი ქვეყანა, მისი მონათხრობია.

ნათია და მისი მეუღლე სოციალური სამსახურის თანამშრომლები არიან. როდესაც ბავშვთა დაცვის სამსახური თვლის, რომ ბავშვი ოჯახიდან გამოსაყვანია, სანამ გადაწყვეტდეს, რა ქნას, სახელმწიფო მზრუნველობაში აიყვანოს, მშობლების რეაბილიტაციაზე იზრუნოს თუ სიმართლე დაადგინოს (როგორც ჩანს, ხანდახან ბავშვები მშობლებს ცილსაც სწამებენ), მათთან მოჰყავთ საცხოვრებლად. რამდენიმე წელია, თითო ასეთი ბავშვი თავიანთ ორ შვილთან ერთად სულ ჰყავთ ოჯახში.

ზოგიერთს რთული ისტორია აქვს, ზოგს – შედარებით მსუბუქი. გერმანია ერთ-ერთი აწყობილი და გამართული ქვეყანაა, გამართულია ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემაც, რა თქმა უნდა, ხარვეზები იქაცაა, შეუმცდარი არავინაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ისტორია მაინც მაოცებს, ზოგჯერ უბრალოდ გული მწყდება, ქართულ რეალობას რომ ვადარებ.

ერთხელ ერთი ბავშვი ჰყავდა, რომელიც მამინაცვალს სექსუალურ შევიწროვებაში სდებდა ბრალს. ორი თუ სამი თვე იკვლევდნენ ადგილობრივი ფსიქოლოგები, მართალს ამბობდა ბავშვი, თუ იგონებდა. ეტყობა, ეგოიზმისა თუ ეჭვიანობის ნიადაგზე ბავშვები იტყუებიან კიდეც. საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად გერმანიის სამი წამყვანი უნივერსიტეტიდან ჩავიდნენ პროფესორები. სამწუხაროდ, დაადგინეს, რომ ბავშვი არ ტყუოდა, დედა კი იმ კაცს არ გაშორდა და ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში გადავიდა.

ვფიქრობ ხოლმე, რამდენი თანხა დახარჯა ქვეყანამ იმ ერთი ბავშვის პრობლემის გასარკვევად და გადასაჭრელად, რა დაჯდა მარტო იმ პროფესორების მივლინებები და  რა შორია, ჩვენთვის, ქართველებისთვის ასეთი სერვისი.

თუმცა ამ წერილის დაწერა სხვა, ერთი შეხედვით მსუბუქმა და ჩვენთვის სრულიად გაუგებარმა ისტორიამ გადამაწყვეტინა.

13 წლის გოგონას პრობლემები შეექმნა დედასთან და სოციალურ სამსახურში დარეკა. სახელმწიფომ გამოიყვანა ოჯახიდან და ის ახლაც ნათიასთანაა. ბავშვი ძალადობას არ უჩიოდა, მას ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი გარდატეხის ასაკის პრობლემები აქვს და დედა ვერ იქცევა სწორად, არ არის თანმიმდევრული აღზრდის მხრივ, ან ყველაფრის უფლებას აძლევს, ან უცებ გაბრაზდება, შვილის გადამეტებული მოთხოვნები თუ უსაქციელობა ყელში ამოუვა და ყვირის.

ალბათ ბევრს გეცნობოდათ სიტუაცია, ჩვენში ასეთი მშობელი ძალიან ბევრია. სახელმწიფო რომ მათი პრობლემების მოგვარებას შეეცადოს, ალბათ მთელი ქვეყნის ბიუჯეტი არ ეყოფა, იმდენი ასეთი შემთხვევა იქნება. არც ჩვენ მივიღებთ წინააღმდეგობის გარეშე, რა ქვეყნის საქმეა, გვაქვს თუ არა აღზრდის თანმიმდევრული და ბავშვისთვის სასარგებლო სისტემა?!

სოციალურმა სამსახურმა ამ გოგონას ამბავი გამოიკვლია და სასამართლომ დაასკვნა, რომ თუ ბავშვი თვითონ არ გამოთქვამს ოჯახში დაბრუნების სურვილს, დარჩეს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. მისი აკადემიური მოსწრება გაიზარდება, ქვეყანა უფრო შეუწყობს ხელს, რომ ისე ისწავლოს, უმაღლეს განათლებაზეც იფიქროს და საერთოდ, უფრო წარმატებული ადამიანი იქნებაო.

კვირაში ორჯერ დადის სახლში, ორჯერ დედას აქვს სტუმრობის უფლება, მაგრამ გოგონა ნათიასთან რჩება.

  • დედა მეხვეწება, მკაცრად მოექეცი, იქნებ უფრო მოუნდეს დაბრუნებაო,– მიყვება ნათია.

არ გადადის კონტრაქტის დაწესებულ არანაირ ნორმას და უმიზეზოდ ხომ ვერ დავსჯიო, – უკვირს ჩემს მეგობარს. თუმცა გერმანული აღზრდის სისტემა ისედაც მკაცრია. ჩემს შვილებს ათასჯერ მეტის უფლება აქვთ, ვიდრე – ნათიასას. მათ არა აქვთ სოციალურ ქსელებში დარეგისტრირების უფლება, ფილმს, თამაშს თუ წიგნს მკაცრად, ასაკის მიხედვით უსაზღვრავენ, ნორმირებულია ტკბილეული. მოკლედ ყველაფერი, რაც მავნეა, მათთვის აკრძალულია. ჩვენ თითქოს უფრო „კეთილი“ მშობლები ვართ, მაგრამ ხშირად ეს სიკეთე სხვა არაფერია, თუ არა ბავშვის თავიდან მოცილების საშუალება.

ნათია კი მიყვება, რომ საღამოობით დაღლილ-დაქანცულს იონას კითხვებზე პასუხების მოძიება უწევს. იონა მისი პირველკლასელი შვილია. მე ნამყოფი ვარ იონას საბავშვო ბაღში, სადაც ისეთი გარემო იყო ბავშვის განვითარებისათვის, რომ მისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა შეიძლება არც იყოს იოლი. თუმცა ვეღარ დავაკონკრეტებინე და მაინც მიკვირს, რას კითხულობს ასეთს, რომ პასუხებს ეძებენ, მით უფრო, რომ ნათია კი ჰუმანიტარია, მაგრამ მის მეუღლეს უმაღლესი ტექნიკური განათლებაც აქვს ჰუმანიტარულიც.

  • ბავშვმა არ უნდა შეგატყოს, რომ გეზარება, არაფრით არ შეიძლებაო,– დაამატა ნათიამ და თავისთავად გამიჩნდა კითხვა, არის თუ არა ასეთი ძლიერი სოციალური სამსახური იმის განმსაზღვრელი, რომ მაქსიმალურად ქმედითი, სწორი, მიზანმიმართული და ბეჯითი მშობელი იყო?

ჩვენთან სხვა კულტურა და გამოცდილება, სხვა ურთიერთობებია. ქართველ დედას რომ ჰკითხო, მხოლოდ მას უყვარს შვილი, მაგრამ აღზრდასთან დაკავშირებით მწყობრი, სერიოზული მიდგომა ქართულ სინამდვილეში იშვიათობაა.

შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო – ამბობს ქართული სიბრძნე, მაგრამ საკითხავია, რას გულისხმობს. სიმკაცრესა და თანმიმდევრულობას, რომელიც ბავშვს საფრთხეებისგან უცავს, თუ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს, რომელსაც თითქმის ნორმად მიიჩნევს ქართული კულტურა?

მახსოვს, ამ თორმეტი წლის წინ სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, ჯერ სახელმწიფოს კანონიც კი არ ჰქონდა მიღებული ბავშვზე ძალადობის შესახებ. ძლივს მოვიპოვე ზოგიერთი ბავშვის ნდობა, მის მაგიდას რომ მივუახლოვდებოდი, თავზე ხელები არ დაეფარებინა თავდაცვისათვის, რადგან ოჯახში მიჩვეული იყო, თუ დედა უახლოვდებოდა, ე. ი. უნდა ჩაერტყა. მაშინ სრულიად ხელფეხშეკრული იყო მასწავლებელი მშობელთა მხრიდან ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ. მერე კანონი მივიღეთ, ამ თორმეტ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მშობელთა კრება ამ კანონის განხილვას მოვახმარე და ცოტა ხანში დავინახე, ბავშვებზე ოჯახურმა ძალადობამ იკლო.  გერმანიამდე შორია, მაგრამ შიში ბევრ რამეს შველის. ყოველ შემთხვევაში, ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ჩვეულებრივ ამბად მაინც აღარ ითვლება და დღევანდელ მასწავლებელს იმის საათობით მტკიცება მაინც აღარ უწევს, რომ თუ შვილი არ სწავლობს, დახმარება უნდა და არა ცემა.

გერმანიაში 25 წლამდე მშობლებს სოციალური სამსახური არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ეხმარება კიდეც, რადგან სახელწიფოს მიაჩნია, რომ ამ ასაკში ადამიანი მშობლობისთვის მზად არაა. ისინი დადიან ოჯახში, ფიზიკურად ეხმარებიან, ასწავლიან მოვლას და აღზრდას, ეხმარებიან საბავშვო ბაღში ტარებაში.

ვიცი, გერმანიამდე შორია, ისიც ვიცი, ბევრი რამ საკამათო და შეიძლება არასწორიცაა ჩვენი სინამდვილისთვის, მაგრამ ვფიქრობ,  ოჯახში არსებული აღზრდის პრობლემები საერთო სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ეს უნდა ისმოდეს ყველგან, სკოლაში, უნივერსიტეტში, ტელევიზიაში, რომ მეტი ქართველი მშობელი მიხვდეს: მიუხედავად მძიმე ყოფისა, გაზრდასთან ერთად აღზრდის კულტურის გამომუშავებაცაა საჭირო, თორემ ნაწილი ისევ ძალადობს, ნაწილს კი, ძალიან უჭირს, რომ ბავშვს, რომელმაც გაიგო თავისი უფლებები, მოვალეობებიც გააგებინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი