ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ემოციური ჰიგიენის გაკვეთილები

 

დღეს მინდა ვისაუბრო ქართული საზოგადოების იმ ერთგვარ დამახასიათებელ ნიშანზე, რომლის წყალობითაც იგი ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი და მეტიც, სახიფათო კონფლიქტების წარმომქმნელი ნაპერწკალი. ამ ,,თვისებას“ ხშირად ქართულ ტემპერამენტსაც უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემოციების უდიდეს ნაწილს თვითრეალიზებისა და წარმატების ძიების გზაზე ცვეთს და მისი ემოციური ,,ძრავა“ ფლეგმატიკის ტემპერამენტს ძლივს უტოლდება, უფრო და უფრო ჭირს ემოციების მართვა. მიზეზი ბევრია: განსხვავებული აზრის მიუღებლობა, გადაღლა, სტრესი, გარემოში არსებული ნეგატიური ენერგეტიკა… ყოველდღიური რუტინა ხომ ფიზიკურთან ერთად ადამიანიც ფსიქიკურ რესურსსაც იყენებს.

emociuri higiena1

ემოციების კონტროლი პიროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ გზაზე დამდგარმა აუცილებლად უნდა იზრუნო ფსიქიკის გაძლიერებაზე და რაც მთავარია, ისწავლო ემოციების მართვა, თუ არ გინდა, რომ საკუთარი თავის ტყვედ იქცე.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ნეგატიური ენერგია, რომელიც უარყოფით ემოციას გამოიმუშავებს (ბრაზი, ბოროტება, შური, წყენა), ხშირად  ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების წარმოშობის მიზეზად გვევლინება.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, ხშირად აღმოჩნდებიან აფექტის მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,პირს ეუფლება უეცრად წარმოშობილი და სწრაფად წარმავალი ძლიერი სულიერი ემოცია რაიმე გარემოების ზეგავლენით, რაც საგრძნობლად ამცირებს შეგნებულ ნებელობით კონტროლს და წარმართავს მის ქცევას.“

სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ მძიმე განსაცდელის მიღება–გაანალიზება და მათი თავიდან აცილების მიზნით, გაუაზრებელ და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. სამწუხაროდ, აფექტის მდგომარეობიდან ფსიქიურ აშლილობამდე  არც თუ ისე შორია: ,,განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ აფექტს. პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც ქმედებას შეიძლება მოჰყვეს და უხელმძღვანელოს მას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი განიხილება, როგორც შეურაცხადი, რომელიც კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს. პათოლოგიური აფექტისაგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმდების ხელმძღვანელობის უნარი, ამიტომ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.“

ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანს უჭირს სამსახურებრივი თუ საოჯახო ვალდებულებების  სრულყოფილად შესრულება, რადგან ის მიზანმიმართულად არ იყენებს  ფსიქიკური რესურსს. ამასთან შეუძლებელი ხდება მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებაც, რადგან გამუდმებით თავს მოხვეულ ნეგატიურ ემოციას დიდხანს ვერავინ უძლებს.

თანამედროვე ფსიქოლოგია ემოციების კონტროლის პრობლემას სხვადასხვა კუთხით განიხილავს. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ადამიანი თავის მოთოკვას ყველაზე ადვილად თავშეკავებითა და ემოციების დათრგუნვით მოაღწევს, ზოგნი კი ამტკიცებენ, რომ ემოციების დათრგუნვა ჯანმთრთელობისთვის საზიანოა. არსებობს პრობლემის აღმოფხვრის უვნებელი მეთოდი, რომელსაც ფსიქოლოგები ემოციურ ჰიგიენას უწოდებენ.

ემოციური ჰიგიენის მთავარი წესი საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაწესებაა. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის შეგვიძლია ,,კურსის შეცვლა“. არსებობს ემოციური ჰიგიენის რამდენიმე წესი, რომელიც ყველამ უნდა აითვისოს, ვისაც ამ მეთოდის საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა სურს:

  • ჯანსაღ სხეულში სულიც ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს. სწორი ფიზიკური დატვირთვის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც სტრესის დათრგუნვას უწყობს ხელს. ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება ან სხვა სახის ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა ემოციური ჰიგიენის უმთავრესი ნაწილია.
  • შეცვალეთ საცხოვრებელი სახლის დიზაინი ისე, რომ სახლში ყოფნისას კომფორტულად იგრძნოთ თავი. ხანდახან ავეჯის გადანაცვლება ან კოსმეტიკური რემონტი საკმარისია, რომ რამდენიმე თვის სამყოფი პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ.
  • რაც შეიძლება ჩქარა გაისტუმრეთ ნებისმიერი ტიპის სესხი.
  • ხელი მოჰკიდეთ საქმეს, რომელსაც დიდი ხანია სახვალიოდ დებთ და თქვენს თავს ზემოთ წლებია დამოკლეს მახვილივით კიდია. რაც უფრო მეტ დასასრულებელ სამუშაოს დაუსვამთ წერტილს, მით მეტი ენერგიისა და გონებრივი რესურსის მფლობელი გახდებით.
  • შეეცადეთ, რომ თქვენი საქმიანობისთვის ყოველთვის გამოყოთ საკმარისზე მეტი დრო და რესურსი, რათა თავს ხანდახან სულის მოთქმის საშუალება მისცეთ.
  • ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეს, რომელიც ემოციურად გფიტავთ და სტრესულ მდგომარეობაში გაგდებთ. თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა მსგავს სამსახურს გიწევთ, სჯობს დროულად დაფიქრდეთ  პროფესიის შეცვლაზეც, რადგან ყოველდღიურად გამოყოფილი ნეგატიური ემოციების ქარიშხალი მარტო ემოციების წყაროს კი არა, მის გარემოცვასაც ვნებს.
  • არ ჩაერთოთ ისეთ საზოგადოებრივ აქტივობაში, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ, თავი აარიდეთ პესიმისტური მუხტის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობას. მოკლედ რომ ვთქვათ, მოერიდეთ ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რომლებიც თქვენში ძლიერ უარყოფით განცდებს იწვევენ.
  • შეისწავლეთ საკუთარი თავი: დააკვირდით, როგორი გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევენ თქვენში ემოციურ დისბალანსს. მოიფიქრეთ წესები, რომლებიც დაგიცავთ იმ სიტუაციებისგან, რომლებში მოხვედრასაც თქვენთვის ემოციური ზიანის მოტანა შეუძლია. ადრე თუ გვიან თქვენი ახლობლები ამ წესებს შეეგუებიან.
  • გამღიზიანებელი გარემოებების დროულად აღმოჩენის მიზნით, ხშირად მოუწყვეთ დაკითხვა საკუთარ თავს: ვისთან ერთად ვმუშაობ/ვურთიერთობ? რაზე ვხარჯავ დროის დიდ ნაწილს? საინტერესო საკითხზე ვმუშაობ? ამ სამუშაოს მოაქვს ჩემთვის სარგებელი ან სიამოვნება? მართალია, უწყვეტი თვითანალიზისთვის პირადი დროისა და ემოციური რესურსის დიდი ნაწილი იხარჯება, თან თავიდან ტვინი მტკივნეულად აღიქვამს მსგავს ფსიქოანალიზს, მაგრამ თანდათან ჩვევაში თუ გადაიყვანთ, მისგან მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ნაყოფს მიიღებთ და დროის უსარგებლო აქტივობებში გაყვანასაც გადაეჩვევით.
  • ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად პოზიტიური ემოციების საჭირო დროს ,,გამოძახების“ უნარსაც უნდა ფლობდეთ. არსებობს სპეციალური ტრენინგ–კურსები, სადაც მსმენელებს ემოციის კონტროლთან ერთად, ერთი განწყობიდან მეორეზე გადასვლასაც ასწავლიან. თუმცა ხშირი ვარჯიშის შედეგად, სახლის პირობებშიც შეიძლება ზემოაღნიშნული უნარის დახვეწა.
  • იპოვეთ თქვენი მთავარი ცხოვრებისეული მიზანი და დაიწყეთ მისკენ სწრაფვა. ამგვარ დადებითი მუხტის მატარებელ ემოციურ მარათონში ჩართვა ფსიქიკურ ზიანს არასდროს მოგიტანთ.

როგორც ვხედავთ, ემოციური ჰიგიენის მთავარ აქტივობად საკუთარ ემოციაზე დაკვირვება ითვლება. თუ მოზარდისთვის მიმზიდველ იერსახეს მივცემთ, მისი განხორციელება  სკოლაშიც თავისუფლად შეიძლება.

emociuri higiena2

მოსწავლეებთან  ემოციურ თვითკონტროლზე საუბარი რთულია, დაწყებით საფეხურზე მისი სწავლება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია ნეგატიური ემოციის განმუხტვა მარტივი ფსიქო–სოციალური თამაშებით სცადოს.

დაწყებით საფეხურზე ე.წ სმაილებს მოსწავლეთა აქტივობის შესაფასებლად საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ. გამოდის, რომ  ემოცია შეფასების ერთგვარ ფორმას წარმოადგენს.  გაგიკვირდებათ და ,,ღიმილები“ ხშირად აკადემიურ ქულებზე ეფექტურად მოქმედებს, რადგან მასში მოსწავლე აკადემიურ შედეგთან ერთად მასწავლებლის ემოციასაც ხედავს. თან ემოციის გამომხატველი ნიშნებით ნებისმიერი სოციალური თუ სასწავლო აქტივობის შეფასება შეიძლება.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომელიც კლასში წარმოქმნილ ნეგატიურ განწყობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ:

აქტივობა – ,,გაუგზავნე ემოცია“

მოსწავლეებს სთხოვეთ, ფურცელზე ჩამოწერონ რომელიმე თანაკლასელის რაც შეიძლება მეტი დადებითი თვისება, რომლის დახმარებითაც მისი ამოცნობა იქნება შესაძლებელი (სასურველია, მასწავლებელმა გადაწყვიტოს, ვინ ვისზე დაწერს, რადგან თამაშის მიზანია, მოსწავლემ დაახასიათოს ის თანატოლი, რომელთანაც კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად ხვდება). იმ ფურცლისგან, რომელზეც თვისებები ჩამოიწერება, მოსწავლეები გააკეთებენ თვითმფრინავებს და ერთდროულად გაისვრიან სხვადასხვა მიმართულებით.  თვითმფრინავების დაშვების შემდეგ იღებენ ყველაზე ახლოს დავარდნილ ფურცელს და მასზე დაწერილი ინფორმაციის გაშიფრვას იწყებენ.

აქტივობა – ,,დახატე  ემოცია “

ყველა ადამიანს ეუფლება ნეგატიური განწყობა. ამ მხრივ არც ბავშვები წარმოადგენენ გამონაკლისს. როდესაც  შეატყობთ, რომ მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა, დაურიგეთ ფურცლები და სთხოვეთ, წარმოიდგინონ, ხორცი შეასხან საკუთარ ემოციებს – დახატოს ბრაზი, ზიზღი, შური… შემდეგ კი ამ ნახატებისგან ქაღალდის ბურთები გააკეთონ. აქტივობის დასასრულს ერთმანეთს ,,ბირთვის ტყორცნაში“ შეეჯიბრებიან. ყველა, ვინც თავის ნეგატიურ განწყობას – ქაღალდის ბურთულას ნაგვის ურნაში მოათავსებს, გამარჯვებულად ითვლება და სასურველი ემოციით ჯილდოვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი