ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჭაჭანაისძე

უცხო ქვეყანაში მოხვედრილნი, უმეტესად დედაქალაქებს ან საყოველთაოდ ცნობილ, ტურიზმისთვის მოწყობილ ადგილებს ვესტუმრებით ხოლმე. ადგილებს, რომლებიც საგანგებოდაა დავარცხნილ-გაპრიალებული ჩვენი თვალის საამებლად. მაგრამ თუ გინდა, ქვეყნის სუნთქვა იგრძნო, იმ ქუჩებისკენ, იმ ქალაქებისა და სოფლებისკენ უნდა გადაუხვიო, სადაც მკვიდრი მოსახლეობის გარდა არავინ დააბიჯებს.

ასეა ლიტერატურაც. მწერლებსა და პოეტებს უმთავრესად მათი საქრესტომათიო შედევრებით ვიცნობთ, მაგრამ მწერლის ნამდვილი სახე მის სამუშაო მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებზე და უბის წიგნაკებში უფრო ჩანს. ვაჟა-ფშაველა გენიალურ პოეტად არის მიჩნეული; ცოტა თუ იცნობს მის პუბლიცისტიკას, რომელსაც ისევე შეუძლია მკითხველის გაოცება, როგორც რომელიმე ცნობილ პოემაში რითმისა და აზრის მოქნევას. გალაკტიონის უბის წიგნაკსაც არაერთი განცდა და ფიქრი შემოუნახავს. ერთგან პოეტი ასეთ რამეს წერს: „გულის ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. [დაალევინებ კაცს ღვინოს] დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამჟღავნდება ყველა საიდუმლო. [ღვინის დალევის შემდეგ] აღარ გეჩვენება, რომ კედლებსაც კი სმენა აქვთ – სხვა არა იყოს რა, კედლის ხვრელებში [ხომ] თაგვები მაინც სცხოვრობენ, თაგვებს კი [მოგრძო] ყურები აქვთ და ძალზე გამახვილებული სმენა. დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ: ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?). ასეთია ღვინის ძალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს…“

გალაკტიონი არც პირველია და არც ერთადერთი, ვინც ღვინოზე წერს. მართლაც, ეს სასმელი გაჩენის დღიდან ყურადღების ცენტრში მოექცა. უფრო მეტიც – მისი მნიშვნელობა დიდი ხნის წინ გასცდა პირველადი საჭიროების სურსათის ჩამონათვალს და „გლახაკთა“ სუფრიდან სარიტუალო მაგიდაზე ამოყო თავი. ეთანოლი, იგივე ღვინის სპირტი, ღვინის შემადგენელი ძირითადი ნივთიერება, პრაქტიკულად ერთადერთია რამდენიმე ათეული მილიონი ორგანული ნაერთიდან, რომელსაც ქანდაკება დავუდგით და პანთეონში საკუთარი ღმერთებიც კი მივუჩინეთ.

მაინც რამ განაპირობა ამ ერთ ციცქნა მოლეკულის გამო ასეთი დიდი აჟიოტაჟი?

ორგანიზმზე მისი ზემოქმედების მექანიზმმა.

ღვინო უამრავ ნაერთს შეიცავს, რომლებიც მის ფერსა და გემოს განაპირობებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პრაქტიკულად უფერო და უსუნო ნაერთია, რომელსაც ეთანოლი, ეთილისა თუ ღვინის სპირტი ჰქვია. ორგანიზმზე მისი შემცველი სხვა სასმელებიც – ლუდი, არაყი, რომი – ასეთსავე ზემოქმედებას ახდენს.

ალკოჰოლური სასმლის პირველივე ყლუპი კუჭიდან სწრაფად გაიწოვება სისხლში და ეთანოლის მოლეკულა მთელ ორგანიზმში იწყებს ხეტიალს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ის ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილებამდე აღწევს, რააც უმალვე ვამჩნევთ განწყობის ცვლილებითა თუ თვალების ციმციმით. კუჭიდან სისხლში გაწოვას და მერე მთელ ორგანიზმში თანაბრად განაწილებას 45-90 წუთი სჭირდება. სწორედ ამ ხნის შემდეგ აღწევს ეთანოლის კონცენტრაცია პიკს. თუმცა ორგანიზმისთვის ეთანოლი მაინც უცხოტომელია და ისიც მაშინვე იწყებს მის დაშლასა და გამოძევებას. ამრიგად, ღვინის მიღება-გამოდევნა ტიპური ქიმიური წონასწორული რეაქციის სახეს იღებს.

ეთანოლის მოლეკულებს სისხლძარღვების მეშვეობით მთელ ორგანიზმში ხეტიალისას ღვიძლის გავლაც უწევთ, ამ უკანასკნელს კი ორგანიზმში „სისხლის ხარისხის კონტროლი“ ევალება. ეთანოლის მოლეკულები ასე ადვილად ვერ დაუსხლტებიან მის მახვილ თვალს. უფრო მეტიც – ამ მოლეკულებთან საბრძოლველად ღვიძლს ენზიმების საგანგებო კოჰორტაც ჰყავს, რომელსაც ბიოქიმიის ენაზე დეჰიდროგენაზა ეწოდება.

დეჰიდროგენაზის საშუალებით ეთანოლი აცეტალდეჰიდად იჟანგება, რომლის ტოქსიკურობაც საგრძნობლად აღემატება ეთანოლისას, თანაც წყალში არ იხსნება, ამიტომ მის გამოძევებას ორგანიზმი ასე ადვილად ვერ მოახერხებს. იცის ეს ჩვენი ორგანიზმის ლაბორატორიის გამგემ, ამიტომ სასწრაფოდ იღებს ზომებს, რომ აცეტლადეჰიდიც დაშალოს. ამრიგად, აცეტალდეჰიდი აგრძელებს ჟანგვას და ძმარმჟავად, ნახშირორჟანგად და წყლად გარდაიქმნება, ამ ნაერთებთან კი ჩვენი ორგანიზმი საუკუნეებია მშვიდობიანად თანაცხოვრობს.

ეთანოლის დაშლის პროცესი ჩვეულებრივი ბიოქიმიური რეაქციაა. მისი სიჩქარე დამოკიდებულია საწყისი ნაერთების კონცენტრაციასა (ეთანოლის შემცველობა სისხლში) და კატალიზატორის რაოდენობაზე (დეჰიდროგენაზის გამომუშავების უნარი). ამიტომ თუ მიწოდების სიჩქარე აღემატება გარდაქმნისას, იწყება თრობა, რომლის ფიზიკური გამოხატულებაა რეაქციის შესუსტება, გონების დაბინდვა, მეტყველებისა და მოძრაობის შენელება და სხვა.

ამიტომაც უწესებენ მძღოლებს შეზღუდვას სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა ოდენობაა ნებადართული, მაგრამ საზოგადოდ დადგენილია, რომ თუ ყოველ საათში სისხლში მოხვედრილი ალკოჰოლის ოდენობა 100 მლ–ზე 15-18 მგ–ს არ გადააჭარბებს, ადამიანს თრობის ნიშნები არ ექნება. მამაკაცებისათვის ეს დოზა 1 საათში 1 კათხა ლუდისა და 1 ჭიქა ღვინის ეკვივალენტურია. ქალებისთვის ნებადართული ოდენობა ორჯერ ნაკლებია. რატომ? მამაკაცის ორგანიზმი უფრო კუნთოვანია, ვიდრე ქალისა, მეტი მოცულობის კუნთში კი მეტი უჯრედი და, შესაბამისად, მეტი წყალია. მიღებული ალკოჰოლიც უფრო მეტად განზავდება. ამის გამო იტანენ „ზორბა ბიძიები“ უფრო მეტ ღვინოს და არა იმიტომ, რომ დიდი ღიპი აქვთ.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი: ფრანგები და იტალიელები (ჩვენსავით მეღვინეობით ცნობილი ხალხი) ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით უფრო მეტ ღვინოს სვამენ, ვიდრე ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ გათენებამდე ქეიფი გვჩვევია… ისიც უცნაურია, რომ ალკოჰოლიან სასმელებს მთელ მსოფლიოში „თვალების ასაჟუჟუნებლად“, „ტვინში შესაღიტინებლად“ სვამენ, ჩვენთვის კი ღვინის სმა რიტუალი უფროა, ვიდრე დასანაყრებლად სასმლის მიღება – ვცდილობთ, მეტი დავლიოთ, მაგრამ არა დასათრობად. დათრობა ჩვენში სირცხვილია, ნაბახუსევზე გაკილვა, დაცინვა არ აგცდება.

არადა, ქიმიის კანონებს ვერსად წავუვალთ. თუმცა… ამ კანონების ცოდნის გარეშეც შეუმჩნევიათ ძველებს:

„ღვინო, შენ ჭაჭანაისძე,

უცეცხლოდ ამოსდუღდები,

ჭკვიანთათვის ხარ სასმელი,

უჭკოთთვის ამოჰქუხდები“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი