პოლიტიკაში არ მიდიხარ?

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უამრავი ადამიანი მისვამს შეკითხვას: „პოლიტიკაში არ მიდიხარ?“ მოქალაქეთა ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია სამოქალაქო აქტივიზმი პირდაპირი პარტიული მიზნების გარეშე. ყველა ფიქრობს, რომ გარკვეული ამოცანების გადაწყვეტისთვის ბრძოლა მხოლოდ საშუალებაა თანამდებობის დასაკავებლად, ჩინის მისაღებად. დამახინჯებულია პოლიტიკის ცნების აღქმაც, ის მხოლოდ ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილებასთან, კაბინეტში სავარძელზე მოკალათებასთან, ბინძურ ინტრიგებთან და არაეთიკურ ქცევასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მარტივი არ არის. საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. პოლიტიკა ფეშენებელური აპარტამენტების მიღმაც კეთდება.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პოლიტიკას ვერსად გავექცევით. პოლიტიკა ბედისწერასავითაა, ის ყველაზე მიყრუებულ ადგილასაც კი მოგვაგნებს. თითოეული მოქალაქე პოლიტიკის ნაწილია. პურს ხომ ყოველდღე ყიდულობთ? საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხომ გადაადგილდებით? სკოლაში ან უნივერსიტეტში ხომ დადიხართ? გადასახადებს ხომ იხდით? საზოგადოებაში დადგენილ კანონთა ნაწილს მაინც ხომ ემორჩილებით? ყველა ჩამოთვლილი ქცევის შინაარსს პოლიტიკა განსაზღვრავს. პოლიტიკურმა პროცესებმა ხორბლის შემოტანაზე რეგულაციები დააწესეს. პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დაადგინეს ავტობუსის მარშრუტთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი. პოლიტიკური დისკუსიების შედეგად, პარლამენტის გავლით შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმაც და საუნივერსიტეტო წესდებებიც. პარტიათა მეტოქეობის ხარჯზე დადგინდა ჩვენი საგადასახადო კოდექსის ნორმები, კანონებიც პოლიტიკის პროდუქტს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკით დაუინტერესებლობა საკუთარი თავით, საკუთარი ყოფით, საკუთარი მომავლით დაუინტერესებლობას ნიშნავს. პოლიტიკა გადაწყვეტილებების მიღებისა და ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართების პროცესია. თუ არ ჩავერევით, თუ ძალაუფლების გაყოფისათვის არ ვიბრძოლებთ, ჩვენ ნაცვლად ნებისმიერ გადაწყვეტილებას სხვები მიიღებენ.

აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ პოლიტიკის ურთიერთგანსხვავებული ფორმები. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ თანამედროვე ქართულ და ალტერნატიულ პოლიტიკაზე. როგორია თანამედროვე ქართული პოლიტიკა? მას ძირითადად ავანტიურისტები ან ქვეშევრდომები აკომპლექტებენ, რომლებიც თავიანთ პროფესიებში, თავიანთ პირველად საქმიანობაში წარუმატებლები არიან. ავანტიურისტებისათვის ძალაუფლება უზენაესი მიზანია და არა მორიგი საშუალება საერთო სიკეთის მისაღწევად. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში გამარჯვებული გამოდის ის, ვინც ყველაზე დაუნდობელია, ყველაფერს იკადრებს, სხვის უბედურებაზე შეეცდება საკუთარი ბედნიერების აშენებას. გამარჯვებულებს მწყობრი იდეები და ღირებულებები არ აქვთ. ისინი გარემოებების მიხედვით იცვლიან თავიანთ დამოკიდებულებებს და გავლენის შესანარჩუნებლად მზად არიან ერესად გამოაცხადონ ის, რასაც ერთი საათის წინ ღვთიურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. აქვე შეხვდებით ისეთ ხალხსაც, რომლებიც მომქანცველი და საინტერესო ცხოვრების დასრულების შემდეგ ახალ გასართობსა და თავგადასავლებს ეძებენ. მათი გამხიარულებისა და თავისუფალი დროის შევსებისთვის ქვეშევდრომები საუკეთესო წინაპირობებს ქმნიან. თანამედროვე ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მისთვის რიგითი მოქალაქეების, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისა და მათი პრობლემების ადგილი აღარსად რჩება. სწორედ ამიტომ მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიების დროს ვერასდროს გაიგონებთ მსჯელობას სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვის, ძალაუფლების მქონე პირთა შეზღუდვისა და დაჩაგრული ადამიანების გაძლიერების შესახებ. თანამედროვე პოლიტიკოსებისთვის დასახელებული თემები მეასეხარისხოვანია, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია რამდენი ექნება დაფინანსება რომელიღაც პარტიას, ვინ უფრო ხმამაღლა შეაგინებს კოლეგას, რა ჩაიწერება მეათესეხარისხოვანი ტექნიკური კანონის მემილიონე მუხლში, ვინ უფრო შემაძრწუნებლად შეგვახსენებს ოკუპაციის უბედურებას და ა.შ.

პოლიტიკა მხოლოდ არაორგანიზებული და ავტორიტარული ქართული პარტიების საქმიანობის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ. საქართველოში 2010-იანი წლებიდან გაძლიერებას იწყებს ალტერნატიული პოლიტიკური პროცესიც. მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელი უსამართლობა იქნებოდა. ალტერნატიულ პოლიტიკას რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები ქმნიან. თქვენ შეიძლება გსმენიათ, განათლების ხარისხის, მეცნიერების დაფინანსების გაზრდისა და საუნივერსიტეტო დემოკრატიისთვის მებრძოლი სტუდენტების შესახებ. ალბათ, ისიც გაგიგიათ, რომ შრომის დროს სიცოცხლის გადასარჩენად და ღირსეული ხელფასის მისაღებად ყოველწლიურად იფიცებიან კაზრეთელი მუშები, ჭიათურელი მაღაროელები, ტყიბულელი მეშახტეები, რუსთაველი მეტალურგები და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები. რამდენიმე თქვენგანმა შეიძლება ისიც იცის, რომ 30 წელია სვანეთის მოსახლეობა გიგანტური ტექნიკური ნაგებობებისგან ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების გადარჩენას ცდილობს. სწორედ ეს ჯგუფები ქმნიან ალეტრნატიულ პოლიტიკას. მათ იდეები და საერთო მიზნები აქვთ, ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი კომფორტისთვის არ იბრძვიან. ალტერნატიული პროცესის მონაწილენი არ არიან მზად იმისათვის, რომ გავლენის მოსაპოვებლად ყველაფერზე წავიდნენ. მათი უდიდესი უმრავლესობა სიმდიდრის განაწილებაზე ფიქრობს და უარს ამბობს ყველანაირი სიკეთის ეგოისტურ დასაკუთრებაზე. ისინი არც ფუფუნებაში ცხოვრობენ და არც საინფორმაციო გამოშვებების პირველ სიუჟეტებში ხვდებიან. მათი ბრძოლა ხშირად შეუმჩნეველი და ჯერჯერობით წარუმატებელია. იმედია, ჩვენი მსგავსი ადამიანების წარუმატებლობა დროებითია.

ამის შემდეგ თუ კიდევ შემეკითხებიან – „პოლიტიკაში არ მიდიხარ?“ ჩემი პასუხი მარტივი იქნება. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ ჩართული, ოღონდ ალტერნატიულ, გარიყულ, ჯერჯერობით წარუმატებელ და დავიწყებულ პოლიტიკაში, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა მონაწილეობდეს. რაც შეეხება, თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, ის აღარ უნდა არსებობდეს.

კომენტარები

comments