ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა და ევროკავშირის საგზაო რუკა

შესავალი

ადვილია შეთანხმების მიღწევა იმ საკითხზე, რომ განვითარებული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა ნიშნავს 2100 საჯარო სკოლის კარგ ინფრასტრუქტურას, სკოლაში დასაქმებულ პროფესიონალ მასწავლებლებს, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო კულტურას, სკოლის ეფექტურ მენეჯმენტსა და ეკონომიკურად დაწინაურებულ საზოგადოებას.

სკოლების ავტონომიურობის შესახებ დისკუსიები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.  საქართველო გამონაკლისი არაა.

წარმოდგენილი სტატია მიზნად არ ისახავს ახალი მიგნების დემონტრირებას ან რაიმე აღმოჩენის გაკეთებას. მისი მიზანია, ახალი გამოწვევების ფონზე, სკოლების ავტონომიურობის შესახებ დისკუსიის გააქტიურება.

2005 წლის 8 აპრილს ამოქმედდა კანონი ზოგადი განათლების შესახებ. მისი მთავარი სულისკვეთება სკოლების ავტონომიურობა იყო. ამ მიზნით, 2005 წელს, სკოლას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და დიდი ავტონომია. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გატარებულმა ცვლილებებმა სკოლების ავტონომიურობას მყარი საფუძველი გამოაცალა. ცვლილებების მიუხედავად, სკოლა დღესაც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მმართველობაც მონაწილეობით პრინციპზეა აგებული. არსებობს თვითმმართველი სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა. თუმცა თვითმმართველობები სუსტია და ვერ ხერხდება მონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობის ეფექტური ამოქმედება.

სკოლის ავტონომია

სკოლებს, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე საუბარი რთულია, თუ არ განვიხილავთ სკოლას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც უფლება აქვს, ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციებთან. ამ თანამშრომლობის რეალიზების საფუძველი კი სკოლების ავტონომია და განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის ხარისხია.

სკოლების ავტონომიურობაში ვგულისხმობთ მათ გათავისუფლებას ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული კონტროლისგან.

სკოლები შეიძლება ავტონომიურები იყვნენ: მართვაში, კურიკულუმის შემუშავებასა და ბიუჯეტის შედგენაში.

მკვლევრები სხვადასხვა გზით ზომავენ სკოლების ავტონომიურობას. მაგალითად, ერიკ ჰანუშეკი (Eric A. Hanushek, 2011) გვთავაზობს ასეთ მოდელს:

სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რამდენიმე კითხვას გაეცეს პასუხი: 1. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რომელი საგნები/კურსები ისწავლონ სკოლაში? 2. ვინ საზღვრავს კურსის შინაარსს? 3. ვინ ირჩევს სახელმძღანელოებს? 4. ვინ ქირაობს მასწავლებლებს? 5. ვინ იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლების ანაზღაურების შესახებ? 6. ვინ გეგმავს სკოლის ბიუჯეტს?

გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლები შეიძლება იყვნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ნახევრად ავტონომიური სსიპები და სკოლა, სკოლაში კი, მონაწილეობითი მმართველობის დროს – დირექტორი, კათედრა, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ზოგიერთი კვლევის შედეგის მიხედვით, ავტონომიურობა ეფექტურია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო განუვითარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ავტონომიურობა ნეგატიურად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზე, განსაკუთრებით, თუ სკოლებს საგნის აკადემიურ შინაარსზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვთ. აკადემიურ შინაარსზე პასუხისმგებლობა გულისხმობს პერსონალურ ავტონომიურობას და ნაკლებად უკავშირდება სკოლის მართვის სხვა ასპექტებზე პასუხისმგებლობის დელეგირებას (ჰანუშეკი, 2011).

როდესაც სკოლების ავტონომიურობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ორ უკიდურესობაზე არ უნდა ვიფიქროთ, კერძოდ ა)სკოლას აქვს სრულად დელეგირებული უფლებები, შეუძლია კურიკულუმის შედგენა, სახელმძღვანელოების შერჩევა, პერსონალის დაქირავება, შეფასების კომპონენტების განსაზღვრა, მასწავლებლის შეფასება, ბ) ცენტრალური ხელისუფლება საზღვრავს ყველაფერს და სკოლებს ხისტ ინსტრუქციებს უწესებს.

განათლების პოლიტიკის მოქმედ დოკუმენტებში არის მცდელობა, ხაზი გაესვას დეცენტრალიზაციის ნიშას, თუმცა, რეგულირებული განათლების სისტემისა და ნაკლებად ავტონომიური სკოლის პირობებში, ეს ნიშა უფერული ან უხილავია.

რატომ უნდა გაიზარდოს სკოლის ავტონომიურობა?

ავტონომიურობის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. დეცენტრალიზაციის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სკოლებმა უკეთ იციან საკუთარი საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე ის მოთხოვნები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. ამიტომ სკოლებში მიღებული გადაწყვეტილებები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცენტრალიზებულად მიღებული ინსტრუქციები. ცენტრალიზაციის მომხრეთა მოსაზრებით კი, ცალკეული სკოლის მიერ მიღწეული შედეგები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ქვეყნის მიერ დასახულ მიზნებს.

საზოგადოება ჯერ უნდა შეთანხმდეს, უნდა თუ არა ძლიერი ავტონომიურობის მქონე სკოლები და შემდეგ იმსჯელოს, რა სახის ძალაუფლების დელეგირება უნდა მოხდეს სკოლის დონეზე. სკოლის ავტონომიურობის გაძლიერება გულისხმობს სკოლების მხრიდან იმ ტვირთისა და პასუხისმგებლობის ზიდვას, რასაც სასკოლო შედეგები ჰქვია. დღეს ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა აქვს მას, ვის ხელშიცაა სკოლების ადამიანური რესურსების მართვა, კურიკულუმის შინაარსის შედგენა, სკოლის ბიუჯეტის განსაზღვრა.

სკოლის ავტონომიურობას სახელმწიფოში არსებული კანონები განსაზღვრავს. ქვეყნებს აქვთ დამტკიცებული სტანდარტები, ეროვნული შეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემები; გარკვეულია, რა გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი სკოლის დონეზე.

სკოლის ავტონომიურობის დაკავშირება მოსწავლეთა მიღწევებთან რთულია. მკვლევრებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. OECD-ის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო შეფასების (PISA) ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს მაღალი მიღწევები აქვთ იმ ქვეყნებში, სადაც რესურსები თანაბრადაა გადანაწილებული. ამ ქვეყნებში სკოლებს აქვთ კურუკულუმისა და შეფასების სეგმენტში მაღალი ავტონომიურობა. ცხადია, მოსწავლის წარმატებაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მაგალითად,  სკოლის ანგარიშვალდებულების მექანიზმები, მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის თანამშრომლობა, მასწავლებლის დაქირავება და სხვ.

სკოლების ავტონომიურობაზე მსჯელობის დროს, საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად, ოპონენტებს მოჰყავთ ფილოსოფიური და იდეოლოგიური არგუმენტები. პროფესიულ და სოციალურ მედიაში ამ თემაზე გამართულ დისკუსიებში ნაკლებად ისმის სასკოლო საზოგადოების, მშობლის ხმა, რომლის უპირველეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ძლიერი და განვითარებული სკოლა.

ვის წინაშეა სკოლა ანგარიშვალდებული?

სკოლას უწევს ანგარიშების ჩაბარება სახელმწიფო უწყებებთან. ადმინიტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები გზავნიან ანგარიშებს საკუთარი საქმიანობის შესახებ სახელმწიფო უწყებებში, თუმცა ადგილობრივი საზოგადოება ნაკლებად იცნობს სკოლის მიღწევებსა და პრობლემებს. არადა, სწორედ თემშია ის რესურსები, რომელთა დახმარებით სკოლა ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

სტატიის დაწერამდე საჯარო სკოლის რამდენიმე ვებ-გვერდსა და ბლოგს გადავხედე. ვერ ვიპოვე სკოლის ყოველწლიური ანგარიშები. რა იცის ადგილობრივმა საზოგადოებამ სკოლის პრობლემების შესახებ? იცის, რატომ ვერ აგვარებს პრობლემას? რატომ არაა ისტორიის კაბინეტში პროექტორი, ან ქიმიის კაბინეტში – ლაბორატორია? ვინმემ იცის, რა წიგნებით გამდიდრდა სასკოლო ბიბლიოთეკა და რა წიგნებს კითხულობენ ბავშვები? რა ინფორმაციას უზიარებს სკოლა საზოგადოებას, რითია განსაკუთრებული კონკრეტული სკოლა?

კერძო სკოლის ვებ-გვერდები კი უფრო სრულყოფილად ასახავს სასკოლო ცხოვრებას, მნიშვნელოვან მიღწევებს. ძლიერია მარკეტინგული გზავნილებიც. კერძო სკოლა მეტადაა ორიენტირებული მშობელსა და საზოგადოებაზე, ვიდრე საჯარო სკოლა.

კერძო სკოლები იწვევენ საზოგადოების წარმომადგენლებს, მასპინძლობენ მასწავლებლების მასტერ-კლასებსა თუ კონფერენციებს, უზიარებენ გამოცდილებას საზოგადოებას. მათი ამგვარი აქტიურობა მხოლოდ მეტი ფინანსური რესურსით არ აიხსნება. ამ სკოლებს მეტი ავტონომიურობა აქვთ და უფრო სწრაფად და ეფექტურად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ევროკავშირის საგზაო რუკა

სკოლების ავტონომიურობის საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ვექტორი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას. ეს ხელშეკრულება და ევროპასთან დაახლოების საგზაო რუკა აღწერს იმ გზას, რაც ერთად უნდა გავიაროთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების მიმართულებით.

2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ევროკავშირის საგზაო რუკა – სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო შემუშავდა ,,სამოქალაქო საზოგადოების თაობაზე ევროკავშრის კომუნიკეს” პრიორიტეტების გათვალისწინებით. ეს პრიორიტეტებია:

  • პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობის ძალისხმევის გაძლიერება;
  • პარტნიორი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში, ევროკავშირის პროგრამების ციკლში და საერთაშორისო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აზრიანი და სტრუქტურირებული თანამონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მათი, როგორც განვითარების პროცესებში დამოუკიდებელი აქტორების, როლის შესრულების შესაძლებლობის გაძლიერება.

საგზაო რუკაში მოცემულია ის შედეგები, რომლებსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2014-2017 წლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპეტების გაძლიერებაა. ამ მიზნით სასურველია, გაიზარდოს იმ სკოლების რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მოსწავლეებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა შეძლონ მოხალისეობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო ჩართულობა და თემების განვითარება.

როგორაა შესაძლებელი სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერება? ცხადია, სკოლა მარტო ვერ განახორციელებს ცვლილებებს ამ მიმართულებით. სკოლებსა და უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელია თემსა და სკოლაში ერთობლივი პროექტების განხორციელებით. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლასა და თემში არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარებს.

სკოლების გაძლიერება შეუძლებელია კრიტიკული დისკუსიის გარეშე. მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში საზოგადოების ყველა სექტორის მონაწილეობა. ხიდჩატეხილობა სკოლას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ბიზნესს შორის უნდა დამთავრდეს. თუ გვინდა ჩვენს ქვეყანაში ძლიერი სკოლები, მაშინ  პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მათ გაძლიერებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ევროკავშირის საგზაო რუკები სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის 2014 – 2017 წწ. სახელმძღვანელო https://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/civil_society_library/eu_roadmap_georgia.pdf
  2. „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“
  3. https://www.oecd.org/pisa/keyfindings/pisa-2012-results-volume-IV.pdf

PISA 2012 Results: What Makes Schools Successful? Resources, Policies and Practices Volume IV

  1. Does School Autonomy Make Sense Everywhere? Panel Estimates from PISA Eric A. Hanushek Hoover Institution, Stanford University, CESifo and NBER Susanne Link University of Munich and ifo Institute Ludger Woessmann University of Munich, ifo Institute, CESifo and IZA Discussion Paper No. 6185 December 2011
  2. Child friendly schools, Chapter 4, School and community, UNICEF, 2009

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი