ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გლობალური დემოგრაფიული პრობლემა – მიგრაცია (მეორე ნაწილი)

ვაგრძელებთ საუბარს საერთაშორისო მიგრაციის შესახებ. წინა სტატიაში მიგრაციის თეორიებს შევეხეთ, რაც ამ თემის შესწავლის მნიშვნელოვანი საფუძველია (იხ. ბმული:https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=274 ).

საბჭოთა კავშირში საზღვრები ჩაკეტილი იყო და მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა. ამის კვალობაზე, საერთაშორისო მიგრაციის საკითხები ნაკლებად იყო შესწავლილი და ნაკლები ყურადღებაც ექცეოდა სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსში.

დღეს სხვაგვარი ვითარებაა; არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ქვეყნიდან ამა თუ იმ მიზეზით წასული ერთი ნაცნობი მაინც არ ჰყავდეს. ამდენად, მოსწავლეები ადვილად უკავშირებენ შესასწავლ თემას რეალობას.

სწავლების პროცესში ტექსტს უდიდესი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, ტექსტის კითხვა არ ნიშნავს მხოლოდ ასო-ნიშნებისა და მათგან შედგენილი სიტყვების ამოკითხვას – მთავარი შინაარსის გააზრებაა.

ინფორმაციული ტექსტები, ტრადიციისამებრ, შეაქვთ ყველა სახელმძღვანელოში, თუმცა უნდა ითქვას, რომ სახელმძღვანელო არ არის ინფორმაციის ერთადერთი წყარო. ეს როლი შეიძლება შეასრულოს:

* საგაზეთო სტატიამ;

* ლიტერატურულმა ნაწარმოებმა;

* გამოქვეყნებულმა თუ გამოუქვეყნებელმა ნაშრომმა;

* ინტერნეტში მოძიებულმა მასალამ.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს ექსპლიციტური – აშკარა, თვალსაჩინო – და იმპლიციტური – ფარული, ნაგულისხმევი – ინფორმაციის ამოკითხვა, წაკითხულის არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ გააზრება-გაანალიზებაც.

მინდა შემოგთავაზოთ ისტორია, რომელიც შესაძლოა დისკუსიის დაწყების იმპულსად გამოდგეს. ამ ტექსტის წასაკითხად მოსწავლეთაგან აარჩიეთ 4 მოხალისე, გაუნაწილეთ ან აარჩევინეთ როლები (ცოლი, ქმარი, მოხუცი, მთხრობელი) და წააკითხეთ. დანარჩენები ყურადღებით ისმენენ ტექსტს.

წავიდეთ თუ დავრჩეთ?

როდესაც კაცი შინ დაბრუნდა, ძალიან შეშფოთებული ჩანდა. მან ცოლს უთხრა:

ქმარი: მგონი, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, აღარც არჩევანი გვაქვს. დროა, წავიდეთ.

ცოლი: კი მაგრამ, სად? – უპასუხა ცოლმა და ფიჩხი შეუმატა ცეცხლს.

ქმარი: მე მგონი, ამაღამვე უნდა ავიღოთ გეზი მთისკენ. თუ ბედმა გაგვიღიმა და საზღვარი გადავკვეთეთ, – იქ ღამით ცოტა მესაზღვრეა, – მაშინ შეიძლება, ყველაფერი უკეთ აგვეწყოს.

ცოლი: კი მაგრამ, დედაზე არ გიფიქრია? – თქვა ქალმა და მოხუცი, ჩია ქალისკენ მიიხედა, რომელიც იქვე, კუთხეში, ცეცხლს მისჯდომოდა. მოხუცი არ იძვროდა, თუმცა ყველაფერი ესმოდა.

მოხუცი: მე აქაურობას ვერ მივატოვებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, აქ დავიბადე და აქ უნდა მოვკვდე, – თქვა მან ჩუმად.

ცოლი: ასე ნუ ამბობ, დედა, – თქვა ქალმა, – აქ მარტოს ვერ დაგტოვებთ. ათასი რამ შეიძლება მოხდეს, ხომ იცი, რა დაუცველია აქ ყველა…

მოხუცი:საერთოდ, როგორ იფიქრეთ წასვლა?! ჩვენი ადგილი ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენი ხალხის გვერდით! – ბრაზით წამოიძახა მოხუცმა.

ქმარი: ვინ არის “ჩემი ხალხი”, სად არის “ჩემი ადგილი”?! მე ხომ ადამიანი ვარ, აქ კი, ცხოველივით ოთხ კედელში გამომწყვდეულს, ხმის ამოღებისაც კი მეშინია! – სასოწარკვეთით თქვა კაცმა.

ცოლი: ნუთუ არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ? არ გვეშინოდეს ჩვენი შვილის მომავლისა? – თქვა ცოლმა და მოხუცს ხელი ჩაჰკიდა, – გთხოვ, გაბედე, ჩვენ ხომ უშენოდ ვერ წავალთ!

მოხუცი:მე თქვენ ვერ დაგაკავებთ, – თქვა მოხუცმა, – თუ წასვლა გინდათ, წადით. მე ვერ წამოგყვებით. თქვენ ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი წინ გაქვთ, მე კი უცხოეთში ვერ გავძლებ.

ახალგაზრდა ქალმა შეხედა მოხუცს – დედამისს; გახედა მამაკაცს – თავის მეუღლეს; გახედა შვილს… რა რთულია გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოიქცეს?

 

ამის შემდეგ მოსწავლეებს ჩამოვუთვლით კითხვებს, რომლებსაც მათ პასუხი უნდა გასცენ:

* რატომ ტოვებს ხალხი საცხოვრებელს?

* რატომ რჩებიან, რა აკავებთ მათ?

* რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს მიგრაციას ინდივიდისთვის, სამშობლოსა და მიმღები ქვეყნისთვის?

* როგორ ექცევიან ჩამოსულებს? აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი?

* როგორი იქნება შედეგი გამცემი და მიმღები ქვეყნისთვის?

პასუხების სისტემაში მოსაყვანად, სასურველია, გამოვიყენოთ სამუშაო ფურცელი ცხრილის ფორმატით. ცარიელ ცხრილებს მოსწავლეებს ვურიგებთ და ჯგუფებში ვამუშავებთ. ყოველი ჯგუფი მუშაობს ცხრილის სრულად შევსებაზე. ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა (მაქს. 6) კლასის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს, რათა თითოეულმა ჯგუფმა შეძლოს ცხრილის თუნდაც თითო სეგმენტის წარდგენა. თუ ჯგუფს რომელიმე ფაქტორი გამორჩა, მას დანარჩენი ჯგუფები დაამატებენ.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წინასწარ არის შეტანილი მოსალოდნელი პასუხები, თუმცა ისინი შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდეს მოსწავლეთა პასუხებისგან. იმისთვის, რომ მეტად დავაფიქროთ მიგრაციის პროცესის კომპლექსურობაზე, მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ, ჩამოთვლილ ფაქტორებს ფრჩხილებში მიუწერონ, ეკონომიკური ხასიათისაა ის, სოციალური, ბუნებრივი თუ პოლიტიკური. თუ დაინახავთ, რომ რომელიმე ერთი აშკარად ჭარბობს, მოსწავლეებს შესთავაზეთ, შეავსონ ცხრილი შესაბამისი მიმართულებით.

გავლენა გამცემ ქვეყანაზე გავლენა მიმღებ ქვეყანაზე პიროვნული ფაქტორები და მოლოდინები
პოზიტიური • მცირდება მოსახლეობის სიმჭიდროვე

• მცირდება რესურსების მოხმარება

• იგზავნება ფული დარჩენილ ოჯახებში

• მცირდება სამუშაო ადგილებზე კონკურენცია

• ზრდება მოსახლეობის რაოდენობა

• ხდება ასაკობრივი სტრუქტურის გაჯანსაღება

• სამუშაო ბაზარზე იქმნება კონკურენტუნარიანი გარემო

• ივსება არამოთხოვნადი, ცუდად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები

• იზრდება სოციალური და ეკონომიკური განვითარების ტემპი

• ხდება გამოცდილი, განათლებული ახალგაზრდების მოდინება

• იზრდება კულტურული მრავალფეროვნება

• ადგილობრივკულტურასთან ზიარებისშესაძლებლობა

• განათლების მიღებისშესაძლებლობა

• სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა

• დარჩენილი ოჯახის დახმარებისშესაძლებლობა

• მატერიალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

• დემოკრატიის მაღალი ხარისხი

• ცხოვრების უკეთესი სტანდარტები

• გართობის უკეთესი შესაძლებლობა

ნეგატიური • ხდება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება

• მცირდება სამუშაო ძალა (ხშირად – მოსახლეობის მეტად განათლებული ნაწილის ხარჯზე)

• მცირდება ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ტემპი (იხურება სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ.)

• იკარგება ქვეყანაში განათლებისთვის გაწეული ხარჯი/ ინვესტიცია

• ირღვევა სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა

• იზრდება ასაკოვანი მოსახლეობის წილი

• ოჯახები ინგრევა

• მცირდება შობადობა

• რასიზმი და ეთნიკური დაძაბულობა

• კულტურული შეუთავსებლობა და ინტეგრაციის სირთულე

• ენობრივი ბარიერები

• დაავადებების გავრცელება

• ადგილობრივთათვისსამუშაო ადგილების შემცირება

• კრიმინალის ზრდა

• ფულადი გზავნილების გამო ადგილზე გამომუშავებული თანხა მთლიანად არ იხარჯება ქვეყანაში

• ენობრივი ბარიერი

• ოჯახიდან, მეგობრებისგან მოშორება

• მაღალი კონკურენცია

• ადგილობრივ კულტურასთან ინტეგრაციის რთული პროცესი

ამის შემდეგ მოსწავლეები აანალიზებენ ტექსტს, ასკვნიან, რა პირობებში ცხოვრობდა ოჯახი, როგორი იყო მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რა პოლიტიკური ვითარება იყო ქვეყანაში.

 

* ეგოცენტრულია თუ არა წასვლის სურვილი? გაუმჯობესდება თუ არა ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობები?

* ყველას აქვს წასვლის უფლება?

* ყველას აქვს შესაძლებლობა?

* გვაკისრია თუ არა პასუხისმგებლობა ვინმეზე/რამეზე, რომ დავრჩეთ?

* როგორ უნდა მოიქცეს ამ ისტორიის გმირი?

 

სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებს შესთავაზეთ, დაეხმარონ ისტორიის გმირებს, დაუსვან საკვანძო კითხვები, რათა ისინი უკეთ გაერკვიონ საკუთარ მდგომარეობაში და ინფორმირებული, გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ.

გაგრძელება იქნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი