შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საქართველოს სიყვარულით

ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც შემდეგ ვეღარასოდეს ვივიწყებთ და ყოველთვის სითბოთი, სიყვარულით და ღიმილით ვიხსენებთ. ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან საოცარი ხიბლით, ცხოვრების, საქმისა და ქვეყნისადმი სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ადამიანები, რომელთა გვერდითაც ვერასოდეს დაკარგავთ უკეთესი მომავლის იმედსა და რწმენას. ადამიანები, რომლებიც  თავისი ცხოვრებით გვიჩვენებენ, თუ რას ნიშნავს ქვეყნის, ხალხისა და იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურებიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა ისეთი ადამიანის გაცნობა და მასთან ურთიერთობა, თუ ის მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურება. სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დირექტორი ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის ამ სასწავლებლის ცოცხალი მემატიანეა. 42 წელია ქალბატონი ნათელა მოზარდი თაობის სწავლა-განათლებითა და აღზრდით არის დაკავებული და აქედან თავისი ცხოვრების 36 წელი სწორედ ამ სასწავლებელს მიუძღვნა. სასწავლებელს, რომელმაც ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში სერიოზულ ქარტეხილებს გაუძლო, დიდი ცვლილებები განიცადა და დღეს ქართული სულის მატარებელ ევროპული დონის პროფესიული სასწავლებლის სახეს ატარებს.

     პროფესიული კოლეჯი „აისი“ სამართალმემკვიდრეა კაჭრეთის 137-ე პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის, რომელიც 1980 წელს დაარსდა. 1990 წლიდან კაჭრეთის 137-ე პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნა უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად. 1991 წელს მის ბაზაზე შეიქმნა პურპროდუქტების წარმოებისათვის  სპეციალისტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი, რომლის სტრუქტურაშიც შედიოდა პურპროდუქტების წარმოების ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 1977 წლიდან სასწავლებელს კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი ეწოდა. 2007 წელს საქართველოში შემუშავდა პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში 2007 წლის სექტემბერში კაჭრეთის ლიცეუმის ბაზაზე გაიხსნა პროფესიული სწავლების ცენტრი. 2011 წლის 17 მაისიდან კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწოდა პროფესიული კოლეჯი  “აისი“.  2012 წლის 6 თებერვალს მის ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ამჟამად კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ასეთია აღნიშნული სასწავლებლის მოკლე ისტორია, რომელსაც, თავის კოლეგებთან ერთად, ქმნიდა ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი. პირველი შეკითხვა, როდესაც ამ ადამიანს ეცნობით, არის ის, თუ როგორ მოახერხა მან ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობის შენარჩუნება. თანამდებობის შენარჩუნება იმ პერიოდებში, როცა მთავრობის შეცვლას ავტომატურად მოყვებოდა ყველა ხელმძღვანელის სამსახურიდან გაშვება. საყურადღებო ფაქტია ის, რომ ქალბატონმა ნათელამ სასწავლებლის შენარჩუნებასთან ერთად ამ უმნიშვნელოვანესი, ქვეყნისათვის დღეს ასეთი საჭირო პროფესიული სასწავლებლის გადარჩენაც შეძლო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 90-იანიწლებიდან მოყოლებული, ქართული საგანმანათლებლო სივრციდან უამრავი პროფესიული სასწავლებელი გაქრა და დავიწყებასაც მიეცა, ისეთი პროფესიული კოლეჯის არსებობა, როგორიც „აისია“ ნამდვილად გასახარი და მისასალმებელია. ეს ფაქტი სასიხარულოა თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს დღეს,  ისე როგორც არასდროს, სჭირდება მაღალი დონის პროფესიული კადრები, ვინაიდან ქვეყნის სიძლიერეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ. მრავალპროფილიან საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მაღალი დონის  პროფესიონალები მომზადდნენ. სასწავლებელი ამზადებს ისეთ სპეციალისტებს, როგორებიცაა: აგრარული სექტორისთვის – მევენახე-მეღვინე, მეფუტკრე,  ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი, მეხილე, მზარეული; ჯანდაცვის სფეროსთვის –  ფარმაცევტის თანაშემწე, ექთნის თანაშემწე; გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტებს: მემინანქრე, მხატვარ-შემსრულებელი, კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი, დეკორატიული  და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი, თექის ხელოსანი; სასწავლებელში მზადდებიან ასევე: დურგლები, ელექტრიკოსები, მეფილე-მომპირკეთებლები, კალატოზები, სავალი ნაწილის ტექნიკოსები, ძრავის შემკეთებლები, ტრაქტორისტ-მემანქანეები, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსები, ტუროპერატორები, გიდები, სასტუმრო საქმის მწარმოებლები და ფერმერები. პროფესიული განათლების ხარისხიანად დაუფლებისთვის კოლეჯს აქვს: თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეორიული სწავლების კაბინეტები; პრაქტიკული მეცადინეობების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად საჭირო ბაზები: უნიკალური  ლაბორატორიები და სახელოსნოები; სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი; ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო; ღვინის სახლი; ხელოვნების სახლი; ხეხილის უმშვენიერესი ბაღი; საოცრად მოვლილი ვენახი; მეფრინველეობის და მესაქონლეობის მინი ფერმები; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიული კადრების მომზადების პროცესში – ჰყავს მაღალი დონის, თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული, პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი სასწავლებლისთვის მისაღები, მოსაწონი და სასურველიც  კი იქნებოდა.

     საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კოლეჯის სტუდენტები სასწავლებლის დამთავრებამდე, კოლეჯში სწავლის პერიოდშივე ამჟღავნებენ თავის ოსტატობას და პროფესიონალიზმს. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ სასწავლებლის ტერიტორიაზე მოხვედრისას, არის დღევანდელი საქართველოსთვის ცოტა უჩვეულო სისუფთავე და წესრიგი. გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თქვენ უცებ სხვა სამყაროში მოხვდით – საოცრად მოვლილი ეზო, ბაღი და სტუდენტების ხელით გაკეთებული დეკორატიული ყვავილნარები. თითოეულ ხეს, თითოეულ ბუჩქს, თითოეულ ყვავილს და ბალახსაც კი ეტყობა, რომ მასზე ზრუნავენ და ყურადღებას არ აკლებენ. კოლეჯის ტერიტორიაზე გამეფებულ ევროპულ წესრიგს საოცრად კარგად ერწყმის ქართული სული, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ილია ჭავჭავაძის, როგორც მწერლისა და საზოგადო  მოღვაწის  დიდი თაყვანისმცემელი, კოლეჯის ხელმძღვანელი ნათელა პაპუნაშვილი, 21-ე საუკუნის კახეთის ამ ულამაზეს კუთხეში სწორედ ილიას იდეების განხორციელებაზე ზრუნავს. კოლეჯის ტერიტორიაზე აგებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სახლში ხშირად ეწყობა იმ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენები, რომლებიც კოლეჯში ხელოვნების მიმართულებით არსებულ სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან. მემინანქრეების, მხატვარ-შემსრულებლების, კერამიკული ნაწარმის სპეციალისტების, დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტების და თექის ხელოსნების ნამუშევრები მნახველთა დიდ მოწონებას იმსახურებს.

     კოლეჯის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სასწავლებლის ტერიტორიაზე მიმდინარე, მათი პროფილის შესაბამის საქმიანობაში, იქნება ეს ვენახის მოვლა-პატრონობა, თუ ფრინველის, საქონლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფუტკრის მოვლა, თაფლის აღება, ყურძნის დაწურვა და ღვინის დამზადება, მოწეული ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება და დაკონსერვება კოლეჯის ხილის გადამამუშავებელ მინი-საწარმოში. მომავალი დურგლების მიერ დამზადებული მაგიდები, სკამები და სხვადასხვა სახის ავეჯი ამშვენებს, როგორც კოლეჯის ეზოს, ასევე სასწავლო ოთახებსა და ხელოვნების სახლის საგამოფენო დარბაზებსაც. ჩვენს შეკითხვაზე, როგორ მოახერხა საქართველოსთვის ამ უმძიმეს წლებში სასწავლებლის ასეთი სახით შენარჩუნება, კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნათელამ გვიპასუხა, რომ ის ყველაფერს საქართველოს დიდი სიყვარულით აკეთებდა და აკეთებს, ამასთან, ყოველთვის ორიენტირებული იყო სასწავლებლის არა უბრალოდ შენარჩუნებაზე, არამედ მის მუდმივ განვითარებაზეც. სასწავლებლის შემდგომ განვითარებაზე ის დღესაც დაუღალავად ზრუნავს და ცდილობს ამ საქმეში ახალგაზრდობაც აქტიურად ჩართოს, რასაც ის დიდი წარმატებით ახორციელებს. როდესაც სოფელ ზიარში, კოლეჯისათვის ახლად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ახალბედა პედაგოგის, ზაქროს ამაღელვებელ და აღტაცებულ საუბარს ვისმენდი იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას გეგმავდნენ და როგორ აპირებდნენ მის გამოყენებას სასწავლო მიზნებით მომავალში, გამიჩნდა რწმენა იმისა, რომ საქართველოს მართლაც არ უწერია გადაშენება და სწორედ ზაქროსნაირი ახალგაზრდები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას იმ დიდებასა და სახელს, რომელიც ოდესღაც ჰქონდა მას.

     წარმატებები ვუსურვოთ კოლეჯის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და სტუდენტებს თავიანთი გეგმების განხორციელებაში და იმ დიდ საქმეში, რომელიც მომავალში საქართველოს გაძლიერების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი