ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბოლო წლების ანგარიში

1

თავს იკლავენ ნიჭიერი და მშრომელი ბიჭები. რა მალე ინგრევა ადამიანი, რა უცებ შეუძლია შეელიოს სიცოცხლეს, როცა ძალიან მძაფრი, გაუსაძლისი ტკივილისა და მღვრიე მორევის წინ დგება, და შემთხვევისა და სიმარტოვის დემონები მის გონებას იპყრობენ.

2

ცოტა ხნის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ნეიროქირურგი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა – სლავა სექანია – გარდაცვლილა. ცოტა რთული, უხეში და მკაცრი კაცი იყო, მაგრამ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

გული დამწყდა: სხვებთან ერთად, ამ ქვეყნიდან ის ადამიანებიც მიდიან, რომლებმაც გადაგვარჩინეს.

3

რა უჩვეულო განცდაა, როცა ძველ შეყვარებულებს შუაში უდგახარ და ეს ორი, ერთმანეთზე გაბუტული ადამიანი შენი დახმარებით ცდილობს საუბარში მონაწილეობას. თითქოს შენ გელაპარაკება, არადა მისკენ (გვერდით) გაურბის თვალი, თუ მისმენს, თუ აღელვებს ჩემგან ნათქვამი სიტყვაო. რომ არ იცოდე, ადვილად მიხვდები (უარ)ყოფილი სიყვარულის ყველა გატოკებას, გაბრძოლებას, რომ ან ხელმეორედ აიშალოს დალალი, ანაც თავი ამოიჭამოს, სამუდამოდ.

4

ბესიკ ხარანაულმა დამირეკა. დილის 10 საათია. დაღლილი ხმით მიყვება, რომ უკვე მოასწრო კაი ღონივრად მუშაობა და პარკში სეირნობა. ისეთი ცარიელი ვარ, ისეთი გამოღლილი, რომ გელაპარაკები, სიტყვა ძლივს ამომდისო.

აი, ვინ იცხოვრა პოეტის ცხოვრებით, ვინ გამოუზოგა თავი პოეზიას – ცხოვრების „გამოწვევებს“ კი არ აეკიდა, თავის საქმეს მიენდო.

5

„საქმეს ცხრა თავი აქვს“ – მითხრა ეთომ, – „ვერ გაწვდები, ვერ მოერევი“.

6

მკვდრადშობილი პერსონაჟების სევდას დავატარებდიო, – ამბობს ნოდარ წულეისკირი თავისი ჩანაწერების წიგნში.

ეტყობა, ყველა მწერალმა უნდა გამოსცადოს ეს პერიოდი.

7

„…და სიყვარულის ასე მოთმენა“ (გალაკტიონი)

„ბედნიერება უნდა მოითმინო“ (ოთარ ჭილაძე)

ბევრი ვიფიქრე, ამ ორი ფრაზისთვის რაღაც კომენტარი დამერთო, შიგ გამოჭედილი აზრისა და მუსიკის, ამბისა და შეგრძნებისთვის საჭირო სიტყვების მისადაგება მეცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე დავმარცხდი. აი, დაახლოებით ისე, გულშემატკივარი რომ შევარდება სტადიონზე საყვარელი ფეხბურთელის ჩასახუტებლად და იქამდე ვერ მიაღწევს, პოლიციელები დაეწევიან, გაკოჭავენ და გაათრევენ სტადიონიდან.

8

– საქმე როგორ მიდის, ბიზნესი? – ეკითხება შუახნის კაცი შემელოტებულ ბიჭს გაჩერებაზე.

– მიდის, ისე რა, ნიჩივო. – ის მოკლედ პასუხობს.

– კარგია. ხო იცი, ებრაელები როგორც ამბობენ?

– როგორ?

– იწანწკაროს, დაგენაცვლე. რაც წანწკარებს, დიდხანს არ დაილევა.

9

ოთარ ჩხეიძის ნოველების წიგნზე („მიწა“) ვმუშაობდით – ბოლო კორექტურა და ტექნიკური წვრილმანები მოვაწესრიგეთ. სტამბიდან გვითხრეს, რომ დაბეჭდვისთვის აუცილებელი იყო გვერდების კონკრეტული რაოდენობა, რომელიც 32-ის ჯერადი იქნებოდა, ამისთვის კი აუცილებლად ოთხი გვერდი უნდა მოგვეკლო წიგნისთვის. დეტალებზე შესათანხმებლად როსტომ ჩხეიძეს დავურეკე.

„თავში მამაჩემის ფოტოს და ბოლოში სარჩევს უნდა შეველიოთ“ – მითხრა მაშინვე, რამდენიმე წამის შემდეგ კი: „ახლა საოცარ რამეს გეტყვი, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ უნდა დამიჯერო, რომ ჩვენი ეს საუბარი სამი დღის წინ, სიზმარში ვნახე“.

მონუსხული ვუსმენდი. „ოღონდ ცოტათი განსხვავებული იყო ის საუბარი დღევანდელისგან – შენთან ვიყავი გამომცემლობაში მოსული, თვალებში გიყურებდი და გარწმუნებდი, რომ ოთხი გვერდის ამოღება არაფერს დაუშავებდა წიგნსო“.

10

„ხანგეფ რეთ, მარა მუნდებ ხოლო რეთია“ (გიჟები ხართ, მაგრამ მშიშრებიც ხართო) – ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა თავის ავზნიან შვილებს და რაც ეს სიტყვები გავიგე, თავიდან არ ამომდის: ბევრჯერ გამხსენებია, ბევრჯერაც იმწუთას ნანახ ან განაგონი ამბისთვის მიმიკერებია და იმასაც მოხდენია ძალიან. მგონია, რაღაც მეტაფორასავით არის: ჯერ ჩვენს კანში ვერ ვეტევით და გაუგონარი მიწყდომით ისეთ საქმეს ვატრიალებთ, დიდი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებდა; მაგრამ მერე, რასაც ჩვენივე სიმხდალითა და უპრინციპობით ვაშავებთ, კარგახნის მიბრძანებული უნდა ვიყოთ მსოფლიოს ფიზიკური რუკიდან.

p.s. ბარემ იმასაც ვიტყვი, რატომ დამჭირდა ამ ნატეხების მობოჭვა და ერთ ფაილში გაერთიანება ასე მიყოლებულად, კიდეც რომ დავნომრე და ჩემი ჭკუით ვითომ რაღაცას დავამგვანე. რაც ეს დრო, ჩემთვის, როგორც რიგითი მუშაკაცისთვის, წუთებად და წამებად დაიტეხა, დაიხლიჩა, დანაწევრდა, ამ წუთებსა და წამებს შორის მოყოლილ ყველა (საჩემოდ) გადარჩენილ სიტყვას მინდა სალამი ავართვა, ფხა მოვუსინჯო. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რაც ზემოთ წერია, თანმიმდევრულად კი არ დაიწერა, დალაგებულ გონებაზე, არამედ იმ რიტმსაყოლილად, როცა გგონია, რომ საღამოს (ან ღამით, ან გამთენიისას, ან ზეგ, ან შაბათ-კვირას) ყველაფერს დაწერ, მაგრამ დილით (მაზეგ, ორშაბათს) აღმოაჩენ, რომ… ბავშვები შენმა ხვრინვამ გააღვიძა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი