სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მოსწავლეთა  პასუხებზე  რეაგირების  სტრატეგიები

 

როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს, შევაქოთ თუ არა იგი? როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე არასწორ პასუხს იძლევა, დავმალოთ თუ არა ჩვენი შეშფოთება? რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს პედაგოგმა, რომ დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის გონივრულად მართვაში? მასწავლებლის სწორი რეაქცია სასწავლო პროცესს უფრო ნაყოფიერს ხდის. ამ სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიებს, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება.

 

სტრატეგია 1 სწორი  პასუხის  დადასტურება

 

მიზანი: პასუხის სისწორის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს,  უბრალოდ,   ვამცნობთ, რომ პასუხი სწორია.

 

მოსწავლის სწორ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა პირდაპირი და უემოციო განცხადება: „დიახ, ეს პასუხი სწორია“ ან, უბრალოდ, „სწორია“, „მართალია“, „დიახ, გმადლობთ“, „დიახ, ეს ზუსტად ის არის, რისი მოსმენაც მსურდა“. ეს რეაქცია შევადაროთ შემდეგ განცხადებებს: „გასაოცარია! არაჩვეულებრივი პასუხია! ბრწყინვალეა!“ სწორედ ეს არის გადაჭარბებული შექება, რომელიც უმჯობესია, ჩავანაცვლოთ პასუხის სისწორის უბრალო დადასტურებით. ამ სტრატეგიის გამოყენებით პედაგოგი მოსწავლეს უდგება, როგორც გონიერ და ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, ვიდრე გადაჭარბებულად შეაქონ. ამგვარად, მოსწავლეებს ვაწვდით პირდაპირ გზავნილს: თქვენი პასუხი სწორია. შექებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ კონკრეტულ პასუხს აფასებს და არა – თვით მოსწავლეს. პასუხის სისწორის უბრალო დადასტურება არის ექსპერტის, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის შეფასება პასუხის სიზუსტესთან დაკავშირებით. ის არ იწვევს ემოციას, რამაც შეიძლება მოაცდინოს მოსწავლე სწავლის პროცესში. ზოგჯერ სასარგებლოა, პასუხის სისწორის დადასტურებას დავამატოთ ინფორმაციის გამეორება, მაგალითად: „პასუხი სწორია. ეს წესი არ ვრცელდება არაწესიერი წილადების შეკრებაზე”. ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას.

 

სტრატეგია 2 არსწორი  პასუხების  დადასტურება  ემოციის  გარეშე

 

მიზანი: არასწორი პასუხის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს, უბრალოდ, ვამცნობთ, რომ პასუხი არ არის სწორი.

 

წინა სტრატეგიის მსგავსად, მოსწავლის მცდარ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა მოკლე და უემოციო განცხადება, მაგალითად:

  • არა, სწორი პასუხია…
  • არა, ეს ის არ არის, რისი მოსმენაც თქვენგან მინდოდა.
  • მართალი არ ბრძანდებით. სწორი პასუხია…
  • ეს პასუხი შეესაბამება სხვა რამეს. ამ კითხვაზე სწორი პასუხია…
  • არა, მაგრამ კარგია, რომ ეს საკითხი წამოწიეთ, რადგან სხვებიც ასე ფიქრობენ. სწორი პასუხია…

პასუხის სიმცდარის დადასტურების შემდეგ პედაგოგმა უნდა თქვას სწორი პასუხი და გადავიდეს სხვა შეკითხვაზე.

უნდა ვეცადოთ თუ არა, რომ სწორი პასუხი როგორმე ვათქმევინოთ იმ მოსწავლეს, ვინც არასწორად უპასუხა?

ამის გაკეთება საკმაოდ მიმზიდველია, როგორც შემდეგ მაგალითშია მოცემული: „არა, ნინო, კალიფორნიის დედაქალაქი ლოს-ანჯელესი არ არის. სწორი პასუხი იწყება ასო „ს“-ზე. აბა, თუ გამოიცნობ. მოდი, კიდევ სცადე. გინდა, კიდევ ერთი მინიშნება მოგცე?“ ამ დროს მოსწავლე ხშირად განიცდის ზეწოლას, უფრო მეტად იბნევა და ღირსება ელახება. გარდა ამისა, ეს მეთოდი აგდებს გაკვეთილის ტემპს და ასუსტებს მოსწავლეების ჩართულობას. ამიტომ, უმჯობესია, პედაგოგმა მაშინვე გასცეს სწორი პასუხი და სხვა საკითხზე გადავიდეს.

 

სტრატეგია 3 პასუხის  არამართებულობის  დადასტურება  პატივისცემის  გამოხატვით

 

მიზანი: მოსწავლის ძალისხმევის დაფასება

აღწერა: არასწორი პასუხის შემთხვევაში გამოვხატავთ, რომ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მოსწავლის ძალისხმევას.

მაგალითები:

  • პასუხი არასწორია, მაგრამ მაინც კარგი მოსაზრებაა.
  • კარგი პასუხია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუსაბამოა. საუკეთესო პასუხი იქნებოდა…
  • თქვენი პასუხის პირველი ნაწილი სწორია. ნამდვილად სწორ გზას ადგახართ. სრული პასუხია…

ამ სტრატეგიით კონცენტრირება ხდება არა თვით პასუხზე, არამედ აზროვნების პროცესზე და პასუხის გაცემის სურვილზე, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმსახურებს შექებას. მოსწავლის იმედგაცრუებას აწონასწორებს მასწავლებლის პოზიტიური კომენტარი. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებად თავდაჯერებული მოსწავლეებისთვის.

 

ტრატეგია 4 შექება  და  ჯილდო  ყველას

 

მიზანი: მთელი ჯგუფის წახალისება და კლასში მტკიცე ერთობის შექმნა

აღწერა: მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება

 

მოსწავლეების უმრავლესობას სიამოვნებს შექება და დაჯილდოება. ამ დროს ისინი თავს ღირსეულ ადამიანებად გრძნობენ, რაც სტიმულს აძლევს, უფრო გულმოდგინედ ისწავლონ და უკეთ მოიქცნენ. თუმცა ამ სტრატეგიამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიღოს:

მიჩვევა. თუ მოსწავლეები განებივრებულები არიან შექებით და ადვილად იღებენ ჯილდოებს, ეს იწვევს უარყოფით შედეგს: სიადვილე აფერხებს დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, თვითკონტროლის და ინიციატივის უნარების განვითარებას. შექებამ და ჯილდოებმა შესაძლოა გამოიწვიოს მიჩვევა. როგორც ნებისმიერი მავნე ჩვევა, ესეც იწვევს უფრო მეტის და მეტის მიღების სურვილს, რაც მოსწავლეს სხვებზე დამოკიდებულს ხდის.

დევალვაცია. ზოგიერთი მოსწავლე ამჩნევს, რომ მასთან შედარებით სხვა თანაკლასელებს უფრო ხშირად აქებენ ან მეტ ჯილდოს აძლევენ. ამ დროს მოსწავლეს უყალიბდება ასეთი შეხედულება: „ამ კლასში ყველას ერთნაირად არ გვაფასებენ. მე არ ვარ პატივისცემის ღირსი“.

მანიპულაცია. მასწავლებელი ამბობს: „შეხედეთ, რა კარგები არიან პირველ რიგში მსხდომი მოსწავლეები“, და ყველა მოსწავლის ყურადღებას მათკენ მიმართავს. მოსწავლეებს უჩნდებათ ასეთი გრძნობა: „მასწავლებელს ჩვენ არ ვედარდებით. მას მხოლოდ გარკვეული მოსწავლეები მოსწონს“.

გაზვიადება. მასწავლებელი ამბობს: „ბრწყინვალე პასუხია! არაჩვეულებრივია! სენსაციურია! განსაცვიფრებელია! მოდი, ამ პასუხისთვის სანდრას ტაში დავუკრათ“. გაზვიადებული შექება იწვევს მის გაუფასურებას, მოსწავლეები კი მასწავლებელზე ფიქრობენ: „მას მიაჩნია, მე იმდენად სულელი ვარ, რომ ამ უაზრობის მჯერა“, ან „მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ასეთი გაზვიადება მჭირდება“.

ჩვენი მიზანია მოსწავლეების ჩამოყალიბება ღირსეულ ადამიანებად, გულმოდგინე სწავლის მოტივირება, თვითდისციპლინის განვითარება ზემოთ აღნიშნული უარყოფითი მოვლენების გარეშე. იქნებ  უმჯობესია, არასოდეს  შევაქოთ  მოსწავლე?

სულაც არა. ერთ-ერთი მეთოდი ამ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არის მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად იმსახურებს ამას.

მაგალითები:

  • ეს ჯგუფი სწრაფად ვითარდება. მე ვაფასებ ამას. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენთან მუშაობა;
  • რა კარგი ჯგუფი ხართ! მიუხედავად იმისა, რომ მასალა რთული იყო, თქვენ მაინც დაძლიეთ ის. მოხიბლული ვარ თქვენი შეუპოვრობით;
  • ჩვენ ზუსტად ჩავეტიეთ დროში! დიდი მადლობა ამისთვის;
  • ეს ყველაზე ძლიერი გუნდია. ხომ ასეა?
  • მოდი, ვიამაყოთ იმით, რაც დღეს შევძელით;
  • თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ერთად! მე უკვე მოვახსენე სკოლის დირექტორს,

რა კარგები ხართ ყველანი;

  • თქვენი კლასი იმდენად კარგად სწავლობს, რომ დღეს მე გიმასპინძლდებით

ყველას.

 

სტრატეგია 5 შეცდომებზე  ჩუმი  რეაგირება

 

მიზანი: მოსწავლის შეცდომებზე არაპროდუქტიული რეაქციის თავიდან აცილება

აღწერა: შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორება

 

ზოგჯერ საუკეთესო რეაქცია შეცდომაზე ჩუმი რეაგირება და მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორებაა.

 მაგალითად:

  • გიორგი კლასის წინაშე აკეთებს თავისი სამუშაოს ანგარიშს. საუბრის დროს ის რამდენჯერმე უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ამ შეცდომაზე რეაგირება უმჯობესია ანგარიშის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ სხვებმა „არ გაიგონ“.
  • მოსწავლე აბარებს მასწავლებელს საშინაო დავალებას, რომელშიც რამდენჯერმე მეორდება შეცდომა ერთი და იმავე სიტყვის მართლწერაში. მოვნიშნოთ თუ არა ეს შეცდომა? თუ შეცდომას მოვნიშნავთ, ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ორგვარი შედეგი:

1)რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მოსწავლე მაინც არ გამოასწორებს ამ სიტყვის მართლწერას.

2) მოსწავლეს ნაკლებად გაუჩნდება სურვილი, გამოიყენოს ეს სიტყვა ნაწერებში.

 

შეცდომის რვეულში მონიშვნის ნაცვლად, უმჯობესია, დავიმახსოვროთ ის და გაკვეთილზე ზოგადად განვიხილოთ. თუმცა შეცდომებზე ჩუმი რეაგირება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. საერთოდ, მოსწავლეები წინააღმდეგი არ არიან, მათი შეცდომები მასწავლებელმა მონიშნოს რვეულში. თუმცა, როცა ამაში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ჩუმი რეაგირების სტრატეგიას. ეს უფრო უსაფრთხოა.

 

სტრატეგიაშეკითხვა  შეგიძლია…?“

 

მიზანი: მოსწავლისთვის შეკითხვის იმგვარად დასმა, რომ შემცირდეს მისი ღირსების

შელახვის ალბათობა

აღწერა: იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მოვთხოვოთ პასუხი, მოსწავლეებს ჯერ ვეკითხებით,

შეუძლიათ თუ არა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ უკეთ ჩაწვდეთ ამ სტრატეგიის არსს, ერთმანეთს შევადაროთ შემდეგი  შეკითხვები:

„შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობთ?“

„რას გულისხმობთ?“

„შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა?“

„რა არის ამის მაგალითი?“

„შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?“

„რას იწვევს ეს?“

„შეგიძლიათ დაასახელოთ  ილინოისის შტატის დედაქალაქი?“

„რომელია ილინოისის შტატის  დედაქალაქი?“

შეკითხვის დასმის დროს ამ სიტყვის – „შეგიძლიათ?“ – გამოყენება ნაკლებად შელახავს მოსწავლეთა ღირსებას. როდესაც მათ არ იციან პასუხი, ამას თავისუფლად ამბობენ და არ ცდილობენ  შემთხვევითი ვერსიის შეთხზვას. მოსწავლეებს ადვილად შეუძლიათ თქვან: „არა, არ შემიძლია“. ამგვარი შეკითხვების გამოყენების დროს მასწავლებელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მოსწავლეს კლასის წინაშე ღირსება არ შეელახება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხი არ აქვს.

 

სტრატეგია 7 გულახდილიმე ვაფასებ

 

მიზანი: შევახსენოთ მოსწავლეებს, რომ თითოეულ მათგანს ერთი ზრდასრული ადამიანი

მაინც სცემს პატივს.

აღწერა: მოსწავლეებს ვეუბნებით, თუ რას ვცემთ პატივს მათში. როდესაც მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს და გვსურს, რომ შევაქოთ, ვეუბნებით: „ყოჩაღ!“ გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრაზა განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ანუ მასწავლებელი პატივს სცემს რომელიმე კონკრეტული მოსწავლის ძალისხმევას. შეგვიძლია მივმართოთ სხვანაირად: „დამატებით ქულას გიწერ ამ პასუხისთვის“. ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია არა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, არამედ მის გასამრჯელოზე.

კიდევ ერთი მიდგომა: „მე ვაფასებ, თუ როგორ ჩამოაყალიბე პასუხი“. ამ ფრაზით კი არ ვაქებთ მოსწავლეს, არამედ გამოვხატავთ გულწრფელ პატივისცემას. ეს არის გულახდილი განცხადება და არა – ბანალური ან გაზვიადებული ფრაზა.

ქვემოთ მოცემულია გულწრფელი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები:

  • უღრმესი მადლობა;
  • მე ვაფასებ ამას;
  • მე მომწონს თქვენი განაცხადი;
  • უდიდესი სიამოვნება მომანიჭა თქვენმა გამოსვლამ;
  • კარგია, რომ დამისვით ეს შეკითხვა;
  • ეს ღიმილს მგვრის;
  • დიდი მადლობა, რომ სცადეთ;
  • მომეწონა თქვენი გამოხედვა, როდესაც ამას აკეთებდით.

შექებისა და დაჯილდოებისგან განსხვავებით, გულახდილი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები ნაკლებად მანიპულაციური, განსჯითი და მექანიკურია. თუ მოსწავლე სამართლიანად იმსახურებს პატივისცემას, ეს კომენტარები იშვიათად იწვევს უარყოფით მოვლენებს. რაკი ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც, რაც პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ არც ერთი მოსწავლე არ უნდა უგულებელვყოთ კლასში და გამოვხატოთ გულახდილი პატივისცემა მათ  მიმართ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივისცემა თანაბარი უნდა იყოს ყველა მოსწავლის მიმართ. ადრე თუ გვიან, ისინი მიხვდებიან, რომ ზოგიერთი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. ეს ცხოვრებისეული რამაა, რასაც ვერ გავექცევით. პატივისცემის გამოხატვაში მცირე დისბალანსი სრულიად მისაღებია მოსწავლეებისთვის.

 

სტრატეგია 8 მე შენთან ვარ

 

მიზანი: მოსწავლეებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

აღწერა: მოსწავლისადმი მასწავლებლის თანაგრძნობა

 

  • შეიძლებოდა, რომ მეც იგივე შეცდომა მომსვლოდა;
  • მეც ანალოგიურად ვფიქრობ;
  • შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ღელავ ამ ანგარიშის თაობაზე;
  • ვფიქრობ, მესმის, როგორ გრძნობ ახლა თავს;
  • ძალიან სამწუხაროა;
  • მე მესმის, რატომაც გააკეთე ეს;
  • ვფიქრობ, შენთვის დიდებული დღე იყო.

ამ კომენტარების გზავნილი ნათელია: „შენ არ ხარ მარტო. მე შენთან ვარ. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები პიროვნება ხარ“.

 

 

სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების მოქმედება იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეების საუკეთესო უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია მათი ღირსების, ენერგიის, საკუთარი თავის მართვის უნარის, სოციალურობისა და ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა. მათ უნდა შეძლონ ღირსეულად დაიცვან თავიანთი მოთხოვნები, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ჰქონდეთ საკუთარი თავის მართვის უნარი, სოციალურობის შეგრძნება და მდიდარი ცნობიერება. ასეთი მონაცემებით და მისწრაფებებით ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს წარმატებას. მასწავლებლების მოვალეობაა, ყოველდღიური საქმიანობით ხელი შეუწყონ მოსწავლეების ყოველმხრივ განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ზომიერი, გაწონასწორებული გამოხმაურებები სხვადასხვა მიმართულებით:

 

ღირსება:

  • მე ნამდვილად ვაფასებ, რომ გამოავლინეთ თქვენი თავი;
  • აღფრთოვანებული ვარ თქვენი თავდაჯერებულობით;
  • მომეწონა, როგორც დაიცავით თქვენი მეგობარი;
  • მომეწონა, რომ, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ეს ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ;
  • მე ვაფასებ, რომ თქვენ ხალხს თვალებში ჩახედეთ.

ენერგია:

  • მომწონს, რომ ამ საკითხზე დიდხანს ჩერდებით;
  • მომწონს, რომ იყენებთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს;
  • ვაფასებ თქვენს სისხარტეს;
  • მომწონს, როდესაც ენერგიულად ლაპარაკობთ;
  • მომწონს, რომ მაშინვე არ ნებდებით.

საკუთარი  თავის  მართვა:

  • მომწონს, როდესაც თქვენს ნამუშევრებს აკურატულად ალაგებთ;
  • მომწონს, როდესაც ადგენთ დროის განრიგს;
  • ვაფასებ თქვენს სისწრაფეს;
  • მომწონს თქვენი თვისება, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ იმას, რაც გჭირდებათ;
  • მომწონს, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობთ;
  • მომწონს, რომ ითხოვთ დახმარებას, როცა გჭირდებათ.

სოციალურობა:

  • მომწონს, როდესაც თანაკლასელს დახმარების ხელს უწვდით;
  • მომწონს, რომ უფრო მეტს აკეთებთ, ვიდრე საუბრობთ თქვენი სამუშაოს შესახებ.

ცნობიერება:

 

  • დიდი მადლობა, რომ ყველაფერს გონივრულად აღიქვამთ;
  • დიდი მადლობა, რომ ისევ უთმობთ ყურადღებას ამ საკითხს;
  • დიდი მადლობა, რომ ყურადღებას არ აქცევთ გონების გამფანტავ ფაქტორებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი