ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლონდონს მუსლიმი მერი ჰყავს

მაისის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ჩემი პროფესიული ინტერესის საგანი პოლიტიკის მეცნიერება გახლავთ. შესაძლოა, მალე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდეს. გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციას ახალი და არაორდინარული ლიდერი ჰყავს. შესაბამისად, ევროპის თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის ოთხ ზღვას შორის მოქცეულ კუნძულზე განვითარებული თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ლონდონის მერის არჩევნების მნიშვნელობას მასში მონაწილე კანდიდატების გამორჩეული მახასიათებლებიც განაპირობებდნენ.

არჩევნების საღამოს სოციალურ ქსელებში შემდეგი ცნობა გავავრცელე: „მისი მშობლები პაკისტანიდან ჩამოვიდნენ. მამა ავტობუსის მძღოლი გახლდათ, დედა – მკერავის თანაშემწე. იგი რვაშვილიანი ოჯახის მეხუთე ვაჟი იყო. ოჯახი დიდი ქალაქის გარეუბანში, სამოთახიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. არასრულწლოვანების მიუხედავად, სუნიტი ბიჭი არასოდეს თაკილობდა მძიმე, შავი სამუშაოს შესრულებას, რათა ელემენტარული შემოსავალი მოეპოვებინა. თავიდან კბილის ტექნიკოსობას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიჭირვა და უმაღლესი განათლება მიიღო. პაკისტანელი მიგრანტი ჯერ კვალიფიციური იურისტი გახდა, შემდეგ –ლეიბორისტული პარტიის წევრი, შემდეგ – პარლამენტარი… დღეს კი მუსლიმმა სოციალისტმა მსოფლიოს უდიდესი ქალაქის მერის არჩევნებში მილიარდერის ვაჟი, გოლდსმიტების მილიარდერთა ოჯახის წარმომადგენელი, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან მხარდაჭერილი კონსერვატორი და ევროპასკეპტიკოსი კანდიდატი დაამარცხა. ლონდონის მერი სადიქ ხანი გახდება“.

ოპოზიციონერმა კანდიდატმა 300 000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. ჩემი მეგობრების უმრავლესობამ ცნობა ადეკვატურად აღიქვა. ადამიანებს გაუხარდათ, რომ წარსულში მრავალმხრივ დაჩაგრული მოქალაქე არ განადგურდა, არ დაიკარგა, არ გაირიყა. საქართველოში მცხოვრები პირები აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ, სოციალური, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, აქტივისტს წარმატების შესაძლებლობა მიეცა. ბევრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანასწორობის ღირებულების გამორჩეულ ძალას. თანასწორობის საშუალებით მიუღწეველი მიზანი შეიძლება აბსოლუტურ რეალობად იქცეს.

ლონდონის ახალარჩეულმა მერმა თავის პირველ მიმართვაში აღნიშნა: „მე ვარ ლონდონელი, ევროპელი, ბრიტანელი და ინგლისელი. მე ვარ მუსლიმი, პაკისტანური წარმოშობის… მე ვარ მამა და მეუღლე“. მან მადლობაც კი გადაიხადა ბავშვობაში მიღებული სოციალური საცხოვრისისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოშიც და ევროპაშიც ბევრი სადიქ ხანში მხოლოდ მუსლიმს ხედავს. მათ არ სურთ შესანიშნავი პოლიტიკოსის სხვა ღირსებების შემჩნევა. მათ არ აქვთ მოტივაცია, ხანის რეალური ნაკლოვანებების ძებნა დაიწყონ. ისინი მხოლოდ „გადაგვარებაზე“ საუბრობენ. ვიღაცები აბორიგენი მოსახლეობის გაქრობასა და ისლამურ კოლონიზაციაზე მიანიშნებენ.

ზოგიერთი ევროპელი ინტელექტუალი უფრო შორსაც წავიდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ისლამი ევროპაში მხოლოდ რელიგია აღარ არის. ევროპაში მუსლიმები ცალკე, უცხო ეთნოსად ჩამოყალიბდნენ, რომელიც, რაც არ უნდა მოხდეს, უცხოებად დარჩება. ბევრი მათ ინტეგრაციას შეუძლებლად მიიჩნევს. ერთმა გერმანელმა სოციოლოგმა ისიც კი თქვა, რომ მუსლიმები თავიანთ სექსუალობას ვერ აკონტროლებენ და პოლიგამიის, მრავალცოლიანობის გარეშე საკუთარ საზოგადოებრივ ქცევაზე კონტროლს კარგავენ.

მოკლედ, ზოგიერთმა თანამედროვე ფსევდომოაზროვნემ ხელში აიღო ნაცისტური ლიტერატურა და რასის ცნება კულტურის ცნებით ჩაანაცვლა. დღეს აღარ საუბრობენ განვითარებულ და განუვითარებელ რასებზე, მაგრამ საუბრობენ კულტურებზე, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ზარალის, ზიანისა და უბედურების მომტანებად ცხადდებიან.

ევროპას ურთულესი პერიოდი უდგას, მისი მომავალი ძალზე ბუნდოვანი და, შესაძლოა, საშიშიც იყოს, მაგრამ ამის ერთადერთი და თუნდაც მთავარ მიზეზად რომელიმე კულტურას, რელიგიას ან ეთნიკურ ჯგუფს ვერ მივიჩნევთ. საქმე სხვა პრობლემებთან უნდა გვქონდეს, რომლებსაც ევროპის უდიდესმა და უძველესმა დედაქალაქმა ავტობუსის მძღოლისა და მკერავის ვაჟის, ცნობილი იურისტისა და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლის, მრავალშვილიანი მამისა და კარგი მეუღლის პირველ პირად არჩევით უპასუხა.

ისლამოფობია ისლამის შესახებ არსებული ჭორების შედეგი უნდა იყოს. ჭორების ნაცვლად რეალური ტრადიციების შესწავლა უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი