პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სასიამოვნოცა და სასარგებლოც _ რევიუ, როგორც საშინაო დავალება

რას ამბობს თქვენი მოსწავლეების სხეულის ენა, როდესაც საშინაო დავალებას აძლევთ? მოდი, განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი ყველაზე არასასურველიდან _ საუკეთესომდე:

1) არაფერს ამბობს, მაგრამ სახე მოეღუშება და თვალებს სარკასტულად ატრიალებს;

2) თვალებს ამრგვალებს და ხმამაღლა აპროტესტებს მოცემული დავალების სირთულეს;

3) ინდიფერენტულია _ საშინაო დავალება მისი ყოველდღიურობაა;

4) მობილიზებულის გამომეტყველებით გულდასმით ინიშნავს (როგორც წესი, ასევე ასრულებს);

5) თავს მოწონების ნიშნად იქნევს და ინიშნავს;

ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იშვიათი კი ასეთი რეაქციაა: მხრებში გაიმართება და მის თვალებში აშკარად დაინახავ გაკვესებულ იდეას. ამ დროს   მახსენდება პერსონაჟი ,,არაჩვეულებრივი გამოფენის” ფინალური კადრიდან: ,,მე ამისგან გავაკეთებ…”

და ის აკეთებს რაღაც ისეთს, რაც პირადად მისთვის ფასეულია. ამ შემთხვევაში შესრულებული დავალების ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი მონდომება და შემართება.

როგორი საშინაო დავალება უნდა მივცეთ მოსწავლეს, რომ მისგან ზემოთ აღწერილი უკუკავშირი მივიღოთ?! მოდი, ვცადოთ  და რევიუს _ კლასგარეშე წასაკითხი წიგნის ანდა ფილმის მიმოხილვის _ მომზადება ვთხოვოთ.

ამ ტიპის საშინაო დავალება მრავალმხრივ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისათვის:

  • აკადემიური წერის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, წიგნის ანდა ფილმის რევიუს შექმნა კრიტიკულ-ანალიტიკური თხზულებების წერისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად ითვლება. იგი რეკომენდებულია დამამთავრებელი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის;
  • ამგვარი ნაშრომის შესრულება მოსწავლისაგან მოითხოვს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს როგორც ანალიტიკური წერის, ასევე შემოქმედებითი  უნარები, ვინაიდან მისი მიზანი ერთდროულად არის ნაწარმოების კრიტიკულ-ანალიტიკური განხილვა და ამავდროულად, ამის გაკეთება მხატვრულად მიმზიდველი ფორმით, რათა დამსწრე აუდიტორიაზე შესაბამისი ზეგავლენა მოახდინოს;
  • ეს დავალება ინდივიდუალურია (ერთი ნაწარმოების შესახებ რევიუს მოსამზადებას ვთხოვთ მხოლოდ ერთ მოსწავლეს ანდა ერთ ორ-სამ კაციან ჯგუფს), აქედან გამომდინარე, მოსწავლეს უწევს დამოუკიდებლად გაართვას თავი ყველა იმ კომპონენტს, რომლებსაც ლიტერატურის გაკვეთილებზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის დახმარებით აანალიზებდა: გამოიცნოს ავტორის მთავარი ჩანაფიქრი, ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე, შექმნას პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაშიფროს ტექსტის ენობრივი ქსოვილი, მაქსიმალურად გამოიყენოს პრეზენტაციის უნარი და ა.შ. როგორც წესი, ამგვარი დავალების შესრულების დროს მოსწავლეები მობილიზებული და კონცენტრირებული არიან და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან შესასრულებელ ამოცანას;
  • ამგვარი საშინაო დავალება თავისთავად უწყობს ხელს კლასში მყოფი სხვა მოსწავლეების ზოგადი განათლების გაუმჯობესებას. კონკრეტული მოსწავლე კითხულობს ახალ საინტერესო ნაწარმოებს ან ნახულობს ახალ ფილმს და ამას აკეთებს არა ჩვეულებრივად, არამედ ახლებურად _ განსაკუთრებული დაკვირვებითა და გულისყურით. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ პრეზენტაციისათვის შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, გარდა წარმდგენისა, მისი კიდევ ორი თანაკლასელი მაინც ეცნობა: წინასწარ _ უბრალოდ, კარგი წიგნის წაკითხვის ან პოლემიკაში ჩართვის მიზნით ან შემდეგ _ რადგან ინტერესი გაუღვივდა. რასაკვირველია, ფილმის შემთხვევაში, დაინტერესებულთა რაოდენობა ორმაგ-სამმაგდება. თავად პრეზენტაცია კი, უმეტესწილად, მხურვალე დისკუსიით სრულდება.

აქვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენიმე დეტალზე, რომლების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეებს საშინაო დავალებად რევიუს მომზადებას ვავალებთ:

  1. თქვენ კარგად იცნობთ თქვენს მოსწავლეებს, ბევრი რამ იცით მათი პიროვნული მახასიათებლებისა და ინტელექტუალური პოტენციალის შესახებ. შეურჩიეთ მასალა მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. თუკი ამის საჭიროებას დაინახავთ, გამოიყენეთ უფრო დინამიკური ჟანრები: სასიყვარულო რომანი, საი-ფაი, ვესტერნი, დეტექტივი. გაიხსენეთ, რომ ყველა მიმდინარეობაში არსებობს შედევრი. მოამზადოს ძლიერმა და მიზანდასახულმა ,,მარტინ იდენი”; რომანტიკულმა _ ,,სამი მეგობარი”; ვიდეოთამაშებში ჩამძვრალმა _ ,,შიმშილის თამაშები”; ფანტაზიორმა _ ,,ჰარი პოტერი”… და ა.შ. არჩევანი მართლაც უსაზღვროა. და თუ გგონიათ, რომ ესა თუ ის მოსწავლე ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ წაიკითხავს, მას ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” მომზადება დაავალეთ. როცა საქმე ფილმს ეხება, ამოცანა კიდევ უფრო მარტივდება. არსებობს ერთადერთი კრიტერიუმი _ შერჩეული წიგნი ან ფილმი შეესაბამებოდეს მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს და ერთი საფეხურით ავითარებდეს მას.
  2. სანამ მოსწავლეს ამგვარ დავალებას მისცემთ, ჰკითხეთ, თვითონ ხომ არ სურს რომელიმე ნაწარმოების ან ფილმის წარდგინება, ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაზედაც სიამოვნებით იმუშავებდა. თუნდაც, ის სათაური, რომელიც დაგისახელეს, არასოდეს გაგეგონოთ, დათანხმდით და დაელოდეთ შედეგს. შემდეგ კი ისწავლეთ მისგან.
  3. მიეცით მოსწავლეს მოსამზადებლად ორი კვირა _ ეს საკმარისი დროა მაქსიმალური შედეგის მისაღებად და არც იმდენად ხანგრძლივი, რომ შემართება გაუქრეს.
  4. ასწავლეთ მოსწავლეს, რომ იუმორი, თუკი ის მართლა გაქვს, წერის საუკეთესო სტრატეგიაა. იუმორი არა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ მოვლენათა ტრაგიზმი შევუმსუბუქოთ მკითხველს ანდა მოხდენილად დავცინოთ ყველა მანკიერებას, არამედ მეტისმეტი აღტაცების დროს პათეტიკისაგანაც გვიცავს. თანაც მას, ვინც კარგად ხუმრობს, ყოველთვის ყველა უსმენს.
  5. და ბოლოს, თქვენ, რასაკვირველია, მთელ კლასთან ერთად ჟიურის ფუნქციის შეთავსებაც გიწევთ. როდესაც ვინმეს შეფასება გვიწევს, არსებობს ერთი ოქროს წესი _ დავიწყოთ ქებით და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ტაქტიანად და დასაბუთებულად, გამოვთქვათ ჩვენი შენიშვნები. ერთსაც დავამატებდი _ დავასრულოთ ქებით.

რასაკვირველია, ამ ჩამონათვალის გაზრდა უსასრულოდ შეიძლება. ვიტოვებ იმედს, რომ ის გამოცდილი და მუდამ სიახლის მაძიებელი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს გაზეთს კითხულობენ, დამეხმარებიან და კომენტარის განყოფილებაში სხვა სტრატეგიებსაც დაამატებენ, რაც უფრო სრულყოფილი საბოლოო სურათის მიღებაში დაგვეხმარება. მე კი უბრალოდ დავამატებ, რომ არ ვიცი სხვა ტიპის წერითი საშინაო დავალება, რომელსაც ისეთი კარგი შედეგი აქვს, როგორიც რევიუს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი