პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ღვინო, ჭინჭარი, ტოფუ და სხვა წარმოუდგენელი ნივთიერებები, რომელთა ჩაცმაც შეიძლება

ტანსაცმელი ადამიანის უძველესი გამოგონებაა. ის გვიცავს სიცხისა და სიცივისგან, მავნე გამოსხივებისა და ნივთიერებებისგან, გვამშვენებს. თუმცა ადამიანი დიდი ხანია აღარ იმოსება ცხოველის ტყავით. მოდის ბაზარი ყოველწლიურად გვთავაზობს ახალ, კომფორტულ და გამძლე სამოსს. გაგაცნობთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ქსოვილის ზოგიერთ სახეობას.

 

დაძმარებული ღვინო

საინტერესო და უცნაური ქსოვილის Micro B-ს შექმნა მხატვარ დონა ფრანკლინისა და მეცნიერ გერი კაასის დამსახურებაა. მეგობართან ერთად ავსტრალიაში მოგზაურობისას კაასმა შეამჩნია ჭურჭელი გაფუჭებული ღვინით, რომლის ზედაპირიც ელასტიკურ აფსკს დაეფარა. ის ძალიან თხელ ტყავს წააგავდა და საკმაოდ მკვრივიც იყო.

ცელულოზური აფსკი აცეტოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნა. ეს ბაქტერიები ეთილის სპირტს ძმარმჟავად გარდაქმნიან. მეცნიერს დაებადა იდეა, მათი ეს უნარი ქსოვილის შესაქმნელად გამოეყენებინა და დაიწყო ექსპერიმენტი.

2007 წელს შეიქმნა პირველი კაბის პროტოტიპი. იდეის ავტორებმა ექსპერიმენტი სხვადასხვა სახეობის ღვინოზე ჩაატარეს, რათა ფერთა გამა მიეღოთ. ახალი ქსოვილის მთავარი ნაკლი მძაფრი მჟავე სუნია, თუმცა კაასი და ფრანკლინი ამბობენ, რომ სულ მალე სრულყოფენ გამოგონებას და არა მარტო სუნის პრობლემას მოაგვარებენ, არამედ მის ცვეთამედეგობასაც გაზრდიან.

 

ტოფუს წარმოების ნარჩენები

სულ უფრო პოპულარული ხდება სოიის ყველის წარმოების ნარჩენებისგან დამზადებული ქსოვილის ტანსაცმელი. ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ქსოვილს, რომლის სახელწოდებაა Soysilk. სოიის ცილის გაჯირჯვებისა და ვიწრო მილში გატარების შედეგად წარმოიქმნება თხელი ძაფი, რომლისგანაც „სოიის აბრეშუმი“ იქსოვება. საოცარი სირბილის გამო მას მცენარეულ ქაშმირადაც მოიხსენიებენ. „სოიის აბრეშუმი“ განსაკუთრებული სიმყარით არ გამოირჩევა, ამიტომ მას სხვა სახის ბოჭკოებსაც აქსოვენ.

 

ჭინჭარი

დიდი ბრიტანეთის დე მონფორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც ნაწილობრივ იმ მცენარისგან შედგება, რომელსაც ბავშვობიდან ვერიდებით. ქსოვილი, რომელიც ჭინჭრის ბოჭკოს შეიცავს, არ ისუსხება, ამასთან, ბამბისაზე გაცილებით გამძლე და იაფია. ჭინჭარი სწრაფად იზრდება, არ სჭირდება ხშირი მორწყვა და სასუქით ნიადაგის განოყიერება. STINGplus 25%-ით მსუსხავი მცენარისგან შედგება, ხოლო 75%-ით – ნატურალური შალისგან, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ქსოვილია.

 

წყალმცენარეები

2007 წელს ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხისა და ზოგიერთი სახეობის წყალმცენარის ბოჭკოები. მას SeaCell ეწოდება. ქსოვილი ერთ-ერთი ავსტრიული კომპანიის კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს. ამჟამად კომპანია აქტიურად ეწევა ამ პროდუქტის ხარისხის რეკლამირებას. მისი წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ქსოვილს თითქმის ჯადოსნური თვისებები აქვს: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ორგანიზმს იმ სასარგებლო ელემენტებით ამარაგებს, რომლებიც წყალმცენარეთა შემადგენლობაში შედის. ამჟამად მისგან საცვლებსა და თეთრეულს კერავენ, რადგან ბამბაზე გაცილებით რბილია და უკეთ ატარებს ჰაერს.

 

პლასტიკური ტარა

მთელ მსოფლიოში ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად მილიონობით პლასტიკური ბოთლი გროვდება და საგრძნობ ზიანს აყენებს პლანეტის ეკოლოგიას, რადგან მათი დაშლა ასობით წელიწადს გრძელდება. სულ ახლახან მკვლევრებმა ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვეს – მათ შესთავაზეს მწარმოებლებს, პლასტიკური მასისგან ბოჭკო მიეღოთ და ტანსაცმლის წარმოებაში გამოეყენებინათ. ქსოვილმა, რომლის სახელწოდებაა Newlife, ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა ადგილი: გადამუშავებული პლასტიკური მასა არაფრით განსხვავდება ახალი პოლიესტერისგან, თანაც მისი წარმოება გაცილებით იაფია. ზოგიერთმა მოდის სახლმა, მაგალითად, „ჯორჯო არმანიმ“, თავის კოლექციებში გამოიყენა ეს ინოვაციური ქსოვილი და კმაყოფილება გამოთქვა როგორც მისი ხარისხით, ასევე ხელმისაწვდომი ფასით.

 

ქოქოსის კაკალი

ქოქოსის პალმის ნაყოფი ბუნების ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. ადამიანმა უძველესი დროიდანვე დაიწყო მისი უნიკალური თვისებების გამოყენება. ქოქოსის ზეთისა თუ რძის წარმოება უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქოქოსს კიდევ ჰქონია სიურპრიზები ჩვენთვის – მისი ნაჭუჭისა და ბოჭკოსგან ქსოვილის დამზადება ყოფილა შესაძლებელი.

კორპორაცია Cocona Inc.–მა შეიმუშავა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქოქოსის ნაჭუჭი სამოსად იქცევა. ამასთან, სხვა ბოჭკოებთან სინთეზით შესაძლებელია ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესება – ის ნაკლებად პრეტენზიული ხდება და მალეც შრება.

 

ხე

„აბრეშუმის კომფორტულობა, ქაშმირის სინაზე და საცვლის სიმსუბუქე“, – ასე აფასებენ ამ საინტერესო ქსოვილს, რომელსაც ლენპური ეწოდება. ის განსაკუთრებული ტექნოლოგიით იწარმოება – ფერმენტების ზემოქმედებით თეთრი (კანადური) ნაძვის მერქანი გარდაიქმნება ბოჭკოდ, რომლისგანაც შემდეგ ხარისხიანი ქსოვილი მზადდება. ეს ქსოვილი ადვილად ირეცხება, მალე შრება და ფორმას არ კარგავს. ლენპურისგან შესანიშნავი სპორტული სამოსი იკერება, რადგან კარგად იწოვს ტენს, შთანთქავს სუნს, ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და გრილია ზაფხულში, ამასთან, უტილიზაციისას მთლიანად იშლება და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფს.

 

სიმინდი

ამერიკულმა კომპანია Nature Works LLC–მ 2005 წელს დაიწყო საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი ბოჭკოს წარმოება, რომელიც ბაზარზე Ingeo-ს სახელითაა ცნობილი. ნედლეულად იყენებენ სიმინდის შაქარს, რომელიც პოლიმერიზაციის პროცესში პლასტიკად გარდაიქმნება. პლასტიკური ძაფებისგან მიიღება გრანულები, რომლებისგანაც ბალიშებსა და გადასაფარებლებს ამზადებენ. პოლიესტერის შემცველ ხელოვნურ ქსოვილებთან შედარებით ამ ქსოვილის უპირატესობა ისაა, რომ ეკოლოგიურია, იაფი და ხელმისაწვდომი. „სიმინდის ქსოვილის“ წარმოებაზე 65%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ვიდრე პოლიესტერის ან ნეილონისაზე.

 

ყავის ნალექი

ტაივანის ტექსტილის საწარმო Singtex Industrial–მა ქსოვილის ბოჭკოს დაუმატა გამოყენებული ყავის მიკრონაწილაკები, მარტივად რომ ვთქვათ, ყავის ნალექი, რომელსაც სუნის შთანთქმის უნარი აქვს. ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა ახალი ქსოვილი, რომელსაც ამჟამად სპორტული ტანსაცმლისა და ინტერიერის დეტალების წარმოებაში იყენებენ.

ქსოვილი, რომელიც 2%–ით ყავის ნალექის მიკრონაწილაკებისაგან შედგება, შესანიშნავად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ადვილად იწოვს და აკავებს ტენს, ყავის შემცველობა კი უსიამოვნო სუნსაც ნიღბავს.

 

მიქსინის ლორწო

მიქსინები, ზღვის უმარტივესი ცხოველები, უკვე 500 მილიონი წელია ცხოვრობენ მსოფლიო ოკეანეში, ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლის  წყლებში. მიქსინები თევზებს ჰგვანან, მაგრამ ბიოლოგიურად მათ შორის არსებითი განსხვავებაა – მიქსინებს არ გააჩნიათ ყბები, ამიტომ ევოლუციის პროცესში ლორწოს გამომუშავება ისწავლეს. სწორედ მისი საშუალებით უსხლტებიან მტაცებლებს.

 

ქსოვილის წარმოებაში მიქსინების ლორწოს გამოყენების იდეა გველფის უნივერსიტეტის თანამშრომელ დაგლას ფაჯს ეკუთვნის. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ გზით მიღებული ქსოვილი ნეილონზე ათჯერ უფრო გამძლე და მტკიცეა.

 

წყარო:

https://listverse.com/2013/09/14/10-unusual-items-used-as-fabric/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი