ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა

ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის პროგნოზირება რაციონალური ბუნებათსარგებლობის აუცილებელი პირობაა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიული პროგნოზირება, რადგან ის კომპლექსური შინაარსისაა და გვაძლევს ბუნებრივი და ბუნებრივ-სამეურნეო სისტემების დინამიკის შეფასების საშუალებას როგორც მისი ცალკეული კომპონენტების, ისე ინტეგრირებული მაჩვენებლების გამოყენების დროს. გეოგრაფიული პროგნოზირება გულისხმობს მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების შემუშავებას ბუნებრივი გარემოს მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესახებ რაციონალური ბუნებათსარგებლობის კუთხით. გეოგრაფიული პროგნოზირება იგივე გეოგრაფიული კვლევების ჩატარებაა მომავალში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. გეოგრაფიული პროგნოზირების ძირითადი ერთეულები – სივრცე და დრო – პროგნოზის ობიექტსა და მიზანთან და კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ-სამეურნეო თავისებურებებთან ერთად განიხილება.

გეოგრაფიული პროგნოზირების საფუძველია, ერთი მხრივ, გეოსისტემებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დინამიკური და ევოლუციური ტენდენციები, მეორე მხრივ კი – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული და პერსპექტიული გეგმები, ტექნიკის პროგრესი, რაზეც დამოკიდებულია ბუნებრივ კომპლექსებზე კაცობრიობის ზემოქმედების მიმართულებები.

გეოგრაფიული პროგნოზის სიზუსტე და წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, რამდენად სწორადაა შერჩეული და არჩეული მთავარი ფაქტორები და მეთოდები, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო. გეოგრაფიული პროგნოზების კლასიფიკაცია ასეთია:

ა) კომპონენტების მიხედვით (ანუ დარგობრივი) – ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ნიადაგური და სხვ. და კომპლექსური, როცა ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობის დინამიკა მთლიანობაში ფასდება;

ბ) პროგნოზები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება. გეოსისტემების დონის მიხედვით განასხვავებენ ლოკალურ (სივრცობრივი მასშტაბი რამდენიმე კვ. კმ-დან რამდენიმე ათას კვ. კმ.-მდე), რეგიონულ (რამდენიმე ათასი კვ. კმ.-დან რამდენიმე ასეულ ათას კვ. კმ.-მდე) და გლობალურ (რამდენიმე ასეული ათასი კვ. კმ.-დან სისტემის იმ ტერიტორიულ დონემდე, როცა ის გეოგრაფიულ გარსს ქმნის) პროგნოზებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების პროგნოზი გლობალური მასშტაბისაა, მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას წყლების არხებში გადანაწილება და შედეგად ბუნებრივი გარემოს ცვლილების პროგნოზი – რეგიონული მასშტაბისა, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი გარემოს ცვლილებები – ლოკალური.

გ) დროის მიხედვით გამოყოფენ მოკლევადიან (დროითი მასშტაბი – რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღმდე), საშუალოვადიან (რამდენიმე დღიდან წლამდე) და გრძელვადიან (წლიდან რამდნიმე ასეულ ან ათას წლამდე) პროგნოზს. ცნობილია ისეთი პროგნოზებიც, რომლებიც გათვლილია რამდენიმე ათასწლეულზე და 1 მლნ წელზეც კი. მაგალითად, მყინვარების უკან დახევის ან გავრცელების პროგნოზი, გაუდინარი ტბების წყლის დონის რყევა და სხვ. თუმცა ასეთი პროგნოზები არცთუ ზუსტია – პროგნოზირება ხდება ბუნებრივი ცვლილებების მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.

ადამიანის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია მოკლევადიანი პროგნოზები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური, სეზონური და თვის პროგნოზებია. მაგალითად, ამინდის, მდინარეებში წყლის დონის ცვლილებისა და მისი ხარჯის სეზონური რყევის, ზვავების ჩამოწოლის, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნის პროგნოზი, რათა დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და თავიდან იქნეს აცილებული მისი კატასტროფული შედეგები. გრძელ- და საშუალოვადიანი პროგნოზირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რამდენიმე ფაქტორი: რამდენად ღრმადაა შესაძლებელი წარსულში ბუნების განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა, რამდენად ხანგრძლივად და ზუსტადაა შესაძლებელი მოსალოდნელი ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგალითად, მთის თანამედროვე მყინვარების კვლევისას შესაძლებელია მათი გაჩენისა და განვითარების ისტორიაში შეხედვა. იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მყინვარები მომავალშიც იმავე კანონების მიხედვით განვითარდება, რომლებითაც წარსულში ვითარდებოდა, შესაძლებელია მათი განვითარების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებაც. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა გაუდინარი ტბების ფსკერზე დალექილი ქანებიც.

საშუალოვადიანი პროგნოზი მოითხოვს ლანდშაფტის რიტმული, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და ტექნოგენური ცვლილებების ყოველმხრივ შესწავლასა და კვლევას. მაგალითად, წყალსაცავების მშენებლობის დროს საინტერესოა არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გარადქმნები, არამედ ბუნებაში მომხდარი ცვლილებებიც, რომლებიც წყლის ახალი ობიექტის გაჩენას მოჰყვება.

არსებობს გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდთა წყება. ზოგ მათგანს წინათაც იყენებდნენ, თუმცა არ შეიძლება, მათ უნივერსალური ვუწოდოთ. გეოსისტემების მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარმეტყველებისას ეს მეთოდები გეოგრაფიაში ერთდროულად გამოიყენებოდა. ზუსტი პროგნოზის მთავარი პირობაა იმ მკვლევარი-სპეციალისტის მიერ ბუნების განვითარების კანონზომიერების ღრმა ცოდნა, რომელიც კონკრეტულ პროგნოზზე მუშაობს და მრავალფაქტორიანი პროცესებისა და მოვლენების კავშირების შესახებ სწორ განსაზღვრებას გვაძლევს.

ბუნებრივი გარემოს პროგნოზირების შედარებით დამუშავებულ მეთოდებს მიეკუთვნება ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგია, ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივები, ფუნქციური ურთიერთკავშირები, ექსპერტული შეფასება.

ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაციის მეთოდი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ ბუნებრივი კომპლექსის განვითარების მიმართულების გავრცელებას და მომავალში მის სივრცობრივ-დროით დინამიკას ემყარება. თუ ექსტრაპოლაციის მეთოდით გავაკეთებთ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის მოსახლეობა მომავალშიც იმავე ტემპით გაიზრდება. თუმცა სხვა, უფრო სრულყოფილი მეთოდების მიხედვით, პროგნოზი სულ სხვნაირია: დედამიწის მოსახლეობა 30-40 წლის შემდეგ კი არ გაიზრდება, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგიის მეთოდი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთი ბუნებრივი კომპლექსის პირობებში გამოვლენილი პროცესის (ანალოგის) განვითარება შეიძლება განსაზღვრული ცვლილებებით გადატანილ იქნეს სხვა, პირველის იდენტური პირობების კომპლექსზე. გეოგრაფიული ანალოგიების მეთოდის გამოყენებისას ხდება ერთი ლანდშაფტისთვის დადგენილ კანონზომიერებათა სხვა, ანალოგიურ ლანდშაფტზე გადატანა. ეს მეთოდი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების მსგავსების პირობებში მუშაობს, რადგან დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მხოლოდ ამ ზონისთვისაა დამახასიათებელი.

ექსტრაპოლაციის ან დროებითი ანალოგიების მეთოდი ბუნებრივ გარემოში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პროგნოზს თანამედროვე პირობებში მომხდარ ცვლილებებზე დაყრდნობით აკეთებს. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია კავშირი სხვა მეთოდებთან, რადგან ბუნებრივი მოვლენების უმრავლესობა არათანაბრად და, ამავე დროს, მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ინდიკაციური მეთოდი ეფუძნება გეოსისტემის ყველა კომპონენტს და იქ მიმდინარე პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ამ დროს ერთი ინდიკატორის, მაგალითად, მცენარეულობის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გეოსისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესაძლო ვარინატები. ამ მეთოდს ძირითადად მოკლევადიანი პროგნოზირებისას იყენებენ.

გარემოს ცვლილებათა ზუსტი შეფასებისა და პროგნოზირების დროს მეტად მნიშვნელოვანია ადგილის ლანდშაფტური რუკის შედგენა. რუკა, ფოტოსურათის მსგავსად, აღრიცხავს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში. ასეთი რუკების საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივ კომპლექსებში მოსალოდნელ ცვლილებათა განსაზღვრა. ამ პოზიციიდან გამომდინარე, აეროფოტოგადაღებებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისთვის.

ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივების მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი პროცესების სივრცობრივ ცვლილებათა განვითარების დადგენილი კანონზომიერებები შეიძლება გადატანილ იქნეს მათ დროებით დინამიკაში და პირიქით.

ფუნქციური ურთიერთკავშირების მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც საპროგნოზო პროცესის დინამიკას განსაზღვრავს, ასევე – მათ შორის და ამ პროცესის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის პოვნას.

ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს საპროგნოზო ობიექტის მომავალი მდგომარეობის განსაზღვრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა – ექსპერტთა – მოსაზრებების, შეხედულებების შესწავლით.

თანამედროვე პირობებში საპროგნოზო ამოცანების გადასაწყვეტად სულ უფრო მეტად იყენებენ გეოსისტემის მათემატიკური მოდელირების მეთოდს. მისი სიზუსტე დამოკიდებულია იმ ფაქტორების მოცულობის ხარისხზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ამ დროს იქმნება იმიტაციური კომპიუტერული მოდელი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების დრო–სივრცით კავშირებს ასახავს.

გეოგრაფიული პროგნოზის ძირითადი პრინციპები ეფუძნება იმას, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები განსაზღვრულ პირობებში მიმდინარეობს, განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება და გეოსისტემებს შესაბამისი ფუნქციური თავისებურებები აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი