პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტრენერის პროფესიული მახასიათებლები

ნებისმიერ საქმეში წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას ამ საქმის განმახორციელებელი ადამიანის პროფესიული მახასიათებლები წარმოადგენს. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს პიროვნება ამა თუ იმ პროფესიის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ბევრად  განსაზღვრავს მის წარმატებას კონკრეტულ პროფესიულ საქმიანობაში.

ნებისმიერი პროფესია მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და პიროვნულ მახასიათებლებს. როგორც წესი, სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ხდება ამა თუ იმ პროფესიის ადამიანის პროფესიული დონის განმსაზღვრელი. რადგანაც სხვადასხვა პროფესია სრულიად განსხვავებულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და პიროვნულ მახასიათებლებს საჭიროებს. ერთ საქმეში სრულიად ხელმოცარული ადამიანი შეიძლება სხვა საქმეში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს. უდიდესი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია ადამიანისთვის იმ პროფესიის მსახურება, რომლისთვისაც მას ყველა საჭირო ცოდნა, უნარები და პიროვნული მახასიათებლები გააჩნია.

როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, ტრენერის საქმიანობაც საჭიროებს გარკვეულ პროფესიულ მახასიათებლებს. უმთავრესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ტრენინგის ხარისხს და წარმატებას, ძალიან ხშირად სწორედ ტრენერის პიროვნება, მისი პროფესიონალიზმი – ცოდნა, უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლებია. თუმცა, განსხვავებით სხვა პროფესიებისგან, სატრენერო საქმიანობისთვის ადამიანის მომზადება ან საერთოდ არ ხდება, ან ხდება ძალიან მოკლე ვადებში. ამა თუ იმ პროფესიაში წარმატება სრულიადაც არ არის იმის გარანტი, რომ ეს ადამიანი სატრენერო საქმიანობაშიც წარმატებული იქნება. კარგი ექიმობა არ ნიშნავს კარგ ტრენერობას, ისევე როგორც კარგი პედაგოგობა კარგი ტრენერობის უცილობელ წინაპირობად ვერ იქცევა.

ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და პიროვნული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს ტრენერი, რომ შეძლოს ტრენინგის ეფექტიანად ჩატარება.

ტრენინგის შედეგიანად და ეფექტიანად წარმართვისათვის ტრენერმა აუცილებლად უნდა იცოდეს: სატრენერო საქმიანობის ძირითადი თავისებურებები, სხვადასხვა ასაკის ადამიანების სწავლების პრინციპები; უნდა ჰქონდეს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა იმ თემაზე, რაზეც ატარებს ტრენინგს; კარგად ერკვეოდეს განსახილველ საკითხებში, გამოყენებულ ცნებებში, ადამიანთა ტიპოლოგიურ თავისებურებებში, ჯგუფის ფსიქოლოგიასა და სხვადასხვა ტიპის ჯგუფების ფუნქციონირების კანონებში.

სასურველია გავითვალისწინოთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის ცოდნა  აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა ტრენინგის წარმატებით და ეფექტიანად  ჩასატარებლად. ტრენერის პროფესიონალიზმს ცოდნასთან ერთად  ბევრად განსაზღვრავს გარკვეული უნარ-ჩვევები, რომელთაგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჯგუფის მართვის უნარი, განსხვავებული ტიპოლოგიური თავისებურებების მატარებელ ადამიანებთან უკონფლიქტო, კომფორტული და კონსტრუქციული ურთიერთობის, მოსმენის უნარი, გარკვეული დროის განმავლობაში აუდიტორიის ყურადღების მობილიზებისა და შენარჩუნების, ჯგუფში საჭირო ემოციური განწყობისა და სასწავლო მოტივაციის შექმნის უნარი. ტრენერს ასევე უნდა შეეძლოს: ტრენინგზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი თეზისების გამოკვეთა და მსმენელებამდე მიტანა ლაკონური ფორმით, ამასთან მარტივი და ადვილად გასაგები ენით; ჯგუფში ტრენინგის სხვადასხვა ტიპის მონაწილეების ამოცნობა და მათთან ეფექტიანი ურთიერთობის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და გამოყენება; რთული მსმენელების ენერგიის ტრენინგისათვის საჭირო მიმართულებით წარმართვა. სხვა უნარებთან ერთად პროფესიონალ ტრენერს აუცილებლად ესაჭიროება სატრენინგო გეგმის შემოქმედებითად გამოყენებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი მოდიფიცირების უნარი. თუ ტრენერი ძალიან მკაცრად მიჰყვება წინასწარ შემუშავებულ გეგმას და უფლებას არ აძლევს თავს მცირეოდენი ცვლილება მაინც შეიტანოს მასში, ის კარგი ინსტრუქტორი უფროა, ვიდრე ტრენერი. პროფესიონალ ტრენერს აქვს გეგმა, მუშაობს გარკვეული გეგმით, მაგრამ ინსტრუქტორისგან განსხვავებით მას შეუძლია ჯგუფის საჭიროებებიდან ამოსვლა და აუცილებლობის შემთხვევაში გეგმიდან გადახვევა. პროფესიონალ ტრენერს მიჰყავს ჯგუფი შედეგისაკენ და ბრმად არ მისდევს გეგმას.

მართალია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი აუცილებელია ტრენერისთვის, მაგრამ, როგორც წესი, ეს უნარები ცოდნასთან ერთად არ არის საკმარისი ტრენერის პროფესიული დონის შესაფასებლად. ტრენერის პიროვნული თვისებებისა და მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იქნება მის პროფესიულ თავისებურებებზე მსჯელობა.  ტრენერის მუშაობის ეფექტურობა და მისი პროფესიონალიზმი, უპირველეს ყოვლისა, ფასდება იმით, თუ რამდენად კარგია ტრენერი, როგორც პიროვნება. ტრენინგის პოპულარობა, უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ტრენერის პიროვნებაზეა დამოკიდებული. ტრენერის იმ პიროვნულ მახასიათებლებს შორის, რომლებიც მსმენელებში დიდ მოწონებას იმსახურებს, განსაკუთრებით საყურადღებოა: კომუნიკაბილურობა, გახსნილობა, კეთილგანწყობა, ლაკონურობა, სიხალისე, ხმის სასიამოვნო ტემბრი, მკვეთრად გამოხატული, მდიდარი ჟესტიკულაცია და მიმიკა, დახვეწილი და ლამაზი მეტყველება, საკუთარი თავის, საკუთარი ძალების რწმენა, გახსნილი, მოქნილი გონება, ემპათია, თანაგრძნობა, ადამიანების სიყვარული, იუმორის გრძნობა, ენერგიულობა, ადამიანის უსიტყვოდ გაგება, სწრაფად რეაგირება მსმენელთა შეკითხვებზე.

სატრენინგო მუშაობის პროცესში ტრენერი ასწავლის სხვა ადამიანებს, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეული აზრით, ის მათთვის მაგალითი ხდება. ტრენერის ავტორიტეტი იზრდება, თუკი მონაწილეები ხედავენ, რომ ის პრაქტიკაში რეალიზებას უკეთებს სატრენინგო მუშაობის პროცესში დეკლარირებულ ღირებულებებს. საეჭვოა, რომ რაიმე შედეგის მომტანი და ეფექტიანი იყოს ტრენინგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებზე, თუ მას უხეში და კონფლიქტური ადამიანი ატარებს. ისევე, როგორც მოკლებული იქნება ეფექტიანობას ჯანსაღი ცხოვრების წესზე ჩატარებული ტრენინგი სიგარეტის მწეველი და ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანის მიერ,  როგორი განათლებული, მცოდნე და ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არ უნდა იყოს ეს ადამიანი. თუ ტრენერი, როგორც ხელმძღვანელი არაკომპეტენტურია, საეჭვოა, რომ ის მისაბაძი მაგალითი გახდეს იმათთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიუმჯობესოს ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები. ტრენინგის მონაწილეებს, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებთ ტრენერის წარმატებები, მისი პრაქტიკული, ცხოვრებისეული გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ ტრენინგის პროგრამა. იმისათვის, რომ სხვას რაიმე ვასწავლოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ ეს. იყო ნათელი პიროვნება – სატრენერო მუშაობისთვის არცთუ ისე ბევრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ, ვიყოთ პროფესიონალი ჩვენს სფეროში, ჩვენს საქმეში. ტრენერი იზიდავს მსმენელებს და ძალასა და საკუთარ თავში დარწმუნებულობას მატებს მათ, უპირველეს ყოვლისა, მაგალითებით საკუთარი პრაქტიკიდან.

ტრენერის შეფასებისას ტრენინგის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ მის იმიჯზეც. ინტერესი ტრენერის პიროვნების მიმართ შეიძლება შეასუსტოს მისმა არასასურველმა იმიჯმა. არ არის აუცილებელი ტრენერს ჩაცმის სუპერსტილი ჰქონდეს. თუმცა, ის ვალდებულია იყოს მოწესრიგებული, სიტუაციის შესაბამისად ჩაცმული. ასეთი ტრენერი მონაწილეთა ნდობას ამაღლებს. აქედან გამომდინარე კი ტრენერის მუშაობის ეფექტურობა მაღლდება. ტრენერის იმიჯი სხვადასხვა ტიპის ტრენინგზე შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული, როგორც თავად ტრენერის პიროვნების ადექვატური, ასევე ტრენინგის თემატიკისა და აუდიტორიის თავისებურებების შესაბამისი. სოლიდურ ბიზნესაუდიტორიაში ტრენერი ვალდებულია იყოს სოლიდური. პიროვნულ,  საკომუნიკაციო, ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე კი დაშვებულია ჩაცმის უფრო თავისუფალი სტილი. მკაცრი კოსტუმი ასეთ სიტუაციებში შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.

ტრენერობის ყველა მსურველმა სასურველია წინასწარ გაითვალისწინოს, რომ ეს საქმიანობა ძალიან დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მოითხოვს, რის გამოც მთელი დატვირთვით  მომუშავე ტრენერი, სხვა პროფესიის ადამიანებისაგან განსხვავებით, სერიოზულად დგას მოკლე დროში გადაღლის და პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე. მეორე მხრივ, სხვადასხვა გამოცდილებისა და შეხედულებების ადამიანებთან ურთიერთობა საოცრად ამდიდრებს ტრენერს და ეხმარება მას განვითარდეს, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული მიმართულებით.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ტრენერობა საკმაოდ საინტერესო, მომხიბვლელი და მიმზიდველი საქმეა, ზემოაღნიშნული ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლების დეფიციტის ან საერთოდ არარსებობის შემთხვევაში ის შეიძლება საკმაოდ დამღლელ, მოსაბეზრებელ, ყოველგვარ ხიბლს მოკლებულ საქმიანობად იქცეს ადამიანისათვის და მისგან განთავისუფლების და თავის დაღწევის სურვილიც კი გაუჩნდეს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი