შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„განათლება ღია ცის ქვეშ“

„განათლება ღია ცის ქვეშ“ (Outdoor school) ჰუდ რივერის საშუალო სკოლის მეექვსეკლასელი მოსწავლეების სამდღიანი საგარეო აქტივობაა. ეს არის არქტიკის აბორიგენების შესწავლისას ადგილობრივი ეკოსისტემის, ჩრდილოური კლიმატის სისტემისა და კულტურული თავისებურებების ერთწლიანი შესწავლის შედეგი. კლასგარეშე სწავლება მრავალ სიახლეს შეიცავს მოსწავლეებისთვის: ეს არის მათი პირველი გასვლა სახლიდან, პირველი ლაშქრობა და, ამასთან, ამ თაობისთვის პირველი გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, რის გამოც მათ უწევთ, თავად იზრუნონ საკუთარ გართობაზე. ბლოგში განხილულია კლასგარეშე განათლების ხუთი ძირითადი დადებითი მხარე და მოცემულია ხუთი მთავარი რჩევა იმის თაობაზე, რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ღია ცის ქვეშ განათლების პროგრამის შექმნას დაიწყებთ.

ღია ცის ქვეშ განათლების უპირატესობანი

  1. აყალიბებს ჯგუფებს

ეს პროგრამა მთლიანად ჯგუფია, დაწყებული ჯგუფებიდან, რომლებიც ავტობუსით მგზავრობენ, გაგრძელებული ჯგუფებით, რომლებიც იზიარებენ კაბინებს და დამთავრებული საველე ჯგუფებით, რომლებიც აქტივობების მიხედვით იცვლებიან. ბავშვები იძენენ ახალ მეგობრებს, მათ შორის – იმ თანატოლებს შორისაც, რომლებსაც წლების განმავლობაში ხვდებოდნენ სკოლაში, მაგრამ აქამდე პირადად არ იცნობდნენ. ღია ცის ქვეშ განათლება მშობლებსაც აძლევს შესაძლებლობას, სხვა მხრიდან დაინახონ საკუთარი შვილები. შარშან 1500-მდე მოხალისე მონაწილეობდა ამ პროექტში, მათ შორის – მშობლებიც, რომლებსაც პროგრამის ხელმძღვანელები ურჩევდნენ, მიეცათ ბავშვებისთვის უფლება, თავად გაეკეთებინათ ყველაფერი, არ ეკისრათ პასუხისმგებლობა მათ ნაცვლად და ჯგუფს მხოლოდ ფოკუსირებაში დახმარებოდნენ. შინ დაბრუნებისას მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ მათ შვილებს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ, ვიდრე ისინი მოელოდნენ.

  1. ამაღლებს მოლოდინსა და სტანდარტს

პროექტის სტუმრებს – მშობლებს, ადმინისტრატორებს და სხვა მასწავლებლებს – უკვირთ, როდესაც ხედავენ, რა მონდომებით არიან ჩართულნი მოსწავლეები პროგრამაში: ამზადებენ საჭმელს, რეცხავენ ჭურჭელს, ასუფთავებენ კარავს და საძინებელ ადგილებს, ყველაფერს აკეთებენ, რათა გარემო იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დატოვონ, ვიდრე მათ მისვლამდე იყო. პროგრამა მოითხოვს მათგან, იყვნენ მრავალპროფილიანი მეცნიერები, რომლებიც ყურადღებას მიმართავენ სამყაროს შესწავლისკენ, გარემოსთან, ამინდთან ურთიერთობისკენ, იმ გამოწვევებისკენ, რასაც მთიან გარემოში ეჯახებიან. ამ სამი დღის განმავლობაში იზრდება პროგრამის ხელმძღვანელთა მოლოდინი მოსწავლეთა ქცევისა და მუშაობის მიმართ. მხარდაჭერა და ახალი, განსხვავებული გარემო შესაძლებელს ხდის ამ მოლოდინის გამართლებას.

  1. განამტკიცებს კავშირებს

გასაოცარი გამოცდილებაა იმის ყურება, როგორ ამზადებს მეექვსეკლასელი ბიჭების გუნდი სადილს სხვა ბავშვებისთვის. ისინი ყოველ დეტალს ითვალისწინებენ: საკმარისია თუ არა ჭურჭელი, ვინ გავა გარეთ მაგიდის მოსართავად მინდვრის ყვავილებისთვის, ყველამ დაიბანა თუ არა ხელები… ყველა ეს კითხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება. მოსწავლეები თანდათან იხვეწებიან და იძენენ გამოცდილებას, სურთ, უკეთესი გამოცდილება შესძინონ ერთმანეთს. ისინი დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესით და თავს მის ნაწილად გრძნობენ. საბოლოო საველე სწავლების შემდეგ მათი დაცულობის შეგრძნება მოწმობს, როგორ განვითარდნენ ამ კურსის განმავლობაში.

  1. აშენებს კულტურას

კულტურა საერთო ენის, ფასეულობების, მიზეზისა და ადგილისადმი დამოკიდებულების გაზიარებაა. ეს უნარები უვითარდებათ მოსწავლეებს სამი დღის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს კაბინის დასახელებები, სამუშაოს სათაურები და იმ ადგილების დასახელებები, რომლებსაც მხოლოდ ამ პროგრამის მონაწილეები ხვდებიან და ცნობენ. საღამოს კოცონის გარშემო შეკრება დღის მთავარი მოვლენაა და შესაძლოა, ბევრი მოსწავლისთვის პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც ისინი თავიდან ბოლომდე თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარი თავის გართობაზე ტექნოლოგიების გარეშე. სიმღერები ავსებს მათ თავისუფალ დროს ან იძლევა სადილისა თუ ძილის ნიშანს. ჰკითხეთ მოსწავლეს ამ პროექტიდან მიღებული გამოცდილების შესახებ და მზად იყავით ვრცელი და რთული პასუხის მოსასმენად. ჰკითხეთ ათ მოსწავლეს და სასაუბრო თემები ძალდაუტანებლად, თავისთავად წამოიჭრება: გარეთ ყოფნა, გართობა და ძალიან კარგი საჭმელი – ყველა ძირითადი ელემენტი, რაც კულტურას განსაზღვრავს.

  1. იწვევს დადებით შეგრძნებებს და ტოვებს საუკეთესო მოგონებებს სკოლისა და გარემოს შესახებ

მერვე კლასში გადასვლისას მოსწავლეებს ღია კითხვარს ავსებინებენ საუკეთესო სასკოლო მოგონების შესახებ. დაახლოებით 50 პროცენტი ამ პროექტს იხსენებს. მათ შეუძლიათ, დაასახელონ კაბინა, მათი როლი, საყვარელი სიმღერა, ამინდი, ისიც კი, იყვნენ თუ არა ცნობილი შტორმის ექსპედიციის მონაწილეები. ისინი მოგიყვებიან საუკეთესო ბლინებზე, რომელიც საველე სწავლებისას მიირთვეს. მათ ენდომებათ უკან დაბრუნება…

შექმენი შენი „განათლება ღია ცის ქვეშ“:

საკუთარი პროგრამის შექმნა რამდენიმე კითხვით იწყება:

  1. სად მიდიხართ?

არის თუ არა სკოლის განკარგულებაში მოშორებით მდებარე ტერიტორია? საეკლესიო ორგანიზაციები, ახალგაზრდული კლუბები? გოგო და ბიჭი სკაუტების ადგილსამყოფელი და სახელმწიფო პარკები ასეთი სკოლისთვის გამოსადეგი ადგილებია. ადგილი, სადაც შეგიძლია, თავი გუნდის ნაწილად იგრძნო, პროგრამის განვითარებაში გეხმარება.

  1. როგორ წარმართავთ პროგრამას?

თავად წარმართავ პროგრამას თუ გადაუხდი პერსონალს იმისთვის, რომ შენი გამოცდილება განახორციელონ? ორივე შესაძლებლობა ძალიან კარგია. ჰუდ რივერის სკოლის პროგრამას, ბიუჯეტიდან გამომდინარე, საკუთარი სახსრებით მართავენ. ტიპური სამდღიანი პროგრამა ერთი მოსწავლისთვის დაახლოებით 200 დოლარი ჯდება, მაგრამ მათ დაახლოებით 45 დოლარი განსაზღვრეს, რადგან პროგრამას იმავე სკოლის მასწავლებლები და მშობლები წარმართავდნენ.

  1. რას გააკეთებთ კლასგარეშე სკოლაში?

კლასგარეშე სკოლისთვის არავითარი კურიკულუმი არ არსებობს. შეუსაბამეთ საველე სწავლება ადგილმდებარეობას. სცადეთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც სკოლაშიც შესაძლებელია. გამოიყენეთ გარეთ ყოფნის ყველა უპირატესობა და შეუსაბამეთ თქვენი აქტივობები იმ უნიკალურ გარემოს, სადაც იმყოფებით. ყველაფერი გამოსადეგია: ოკეანის სანაპირო, ტყე, უდაბნო, დაბლობი. უბრალოდ, გაიყვანეთ ბავშვები გარეთ და ასწავლეთ. შეხვდით ადგილობრივ ექსპერტებს. იპოვეთ ადგილობრივი მეცნიერები და სთხოვეთ დახმარება.

  1. რით ჯობს დაწყება?

თუ მთელი კვირის, სამი დღის ან თუნდაც ღამის ღია ცის ქვეშ გატარება ძნელი გეჩვენებათ, ერთდღიანი ლაშქრობა საუკეთესო დასაწყისია. ეს ნიშნავს ნაკლებ სტრესს, ნაკლებ აღჭურვილობას და რბილ გარემოს. მცირეთი დაწყება წარმატების საწინდარია, რომელიც უფრო დიდ შედეგთან მიგიყვანთ.

  1. უკვე ვინ გააკეთა ეს?

იპოვეთ ვინმე, ვინც ასეთივე პროექტს ახორციელებს და გაიზიარეთ მისი გამოცდილება. მავანს შესაძლოა უკვე ნაპოვნი ჰქონდეს პასუხი ყველა ამ კითხვაზე. თუ თქვენს ქალაქში ვერ მიაგენით, ქვეყნის ან რეგიონულ დონეზე მოძებნეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. თუ ვერაფერი იპოვეთ, მოიფიქრეთ თავად. დაიწყეთ იმით, რაც შესაძლებელია და ათ წელიწადში გექნებათ შესანიშნავი პროგრამა, რომლითაც იამაყებთ და სხვებსაც გამოადგებათ. შვილები ამისთვის მადლობას გადაგიხდიან.

როგორი იქნება თქვენი „განათლება ღია ცის ქვეშ“? როგორ გავლენას მოახდენს ის თქვენს მოსწავლეებზე? პასუხები დატოვეთ კომენტარებში.

წყარო: https://www.edutopia.org/blog/5-benefits-of-outdoor-education-michael-becker

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი