პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მეტსახელების მაგია

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მოსწავლეთა კონფერენციისთვის ერთი უცნაური თემა მომაფიქრდა: „ისტორიულ პირთა მეტსახელები“. დასაწერად და სალაპარაკოდაც საინტერესო ჩანდა, არც დიდი კვლევა-ძიება სჭირდებოდა და ჩვენში რომ ვთქვათ, თავმოსაწონებლადაც გამოვიყენე: ხდება ხოლმე, რაც არ უნდა ზედაპირული იყოს ტექსტი, ეფექტური სათაურითაც კი მიიზიდავს ადამიანს.

ფარსმან ქველი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ რეგვენი, თეოდოსი უსინათლო, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ავგიორგი – ჯერ მარტო ქართული მატიანე მაძლევდა ამ მხრივ უხვ მასალას, ამასთან ერთად, იმავე წყაროებში შემონახული უცხოელი დამპყრობლებიც ხომ იყვნენ: მურვან ყრუ, ბასილი ბულგართმმუსვრელი…

ჩემი ნაშრომი ძირითადად ბიოგრაფიულ ცნობარს ჰგავდა, სადაც ამა თუ იმ პირისთვის მეტსახელის დარქმევას კი განვმარტავდი, მაგრამ უფრო ფართოდ ამ თემას არ შევხებივარ. მხოლოდ ათი წლის შემდეგ, რომანზე მუშაობისას, ფოტოგრაფ კალენიკეს – მენცარ კალეს – მეტსახელზე ფიქრის დროს ვცადე რაღაცებისთვის სახელის დარქმევა: „ყველაფრის მოფიქრება შეიძლება წინასწარ – საომარი მოქმედების, საქორწინო ხელშეკრულების, ანდერძის, დაბეზღების წერილის, – ოღონდ მეტსახელისა არა. მეტსახელი ყველაზე ახლო, გაუკვალავი გზით მიდის ადამიანის ბუნებასთან და დაფარული თვისებები გამოაქვს გარეთ“.

ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ უკვე დიდი ხნის გაუქმებულია ცნობილი ანდაზა: „ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო“. მაგრამ ის იდუმალება, რაც სქესის წინასწარ შეტყობით გაცხადდა, თითქოს მეტსახელის შერქმევის ვნებამ გადაქაჩა თავისკენ. ამიტომ, ვისაც ცოტა წარმოსახვა, გამჭრიახი გონება და იუმორი აქვს, მოსაწყენ ცხოვრებას ერთ მეტსახელს მაინც გამორჩება.

ლიტერატურის მკვლევარი და გერმანისტი გურამ ჭოხონელიძე, რომელმაც ჩვენთან გოეთეს „მგზავრის ღამეული სიმღერა“ მოამზადა გამოსაცემად, ქართველი პოლიტიკოსების მეტსახელებს აგროვებდა. „რა იმდენი არიან, ბატონო გურამ?“ – ეჭვით ვკითხავდი ხოლმე, ის კი ამაყად გამომხედავდა, ცოტას გამებუტებოდა ჩემი უკმეხი შეკითხვით გაბრაზებული და მალევე ჩამოთვლიდა რამდენიმეს:

– პუპუზააა, ჩემო ბატონო, პადოშა, გრეჩიხა… ძველებშიც ბევრია, ყველაფერს ხომ ვერ გეტყვი!

დარწმუნებული ვარ, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვინც ქართული ლიტერატურული პერსონაჟების მეტსახელებს უფრო მიზანმიმართულად შეკრებს და დაწვრილებით გამოიძიებს იმ ფსიქოლოგიურ იმპულსებს, რის გამოც თავად ავტორმა თუ სხვა პერსონაჟებმა გადაწყვიტეს ნაწარმოების გმირისთვის მეტსახელი შეერქმიათ.

ისე, რამდენიმეს გახსენება აქვე შეიძლება: ლამაზისეული ხომ მოგაგონდათ ილიას „კაცია ადამიანი?!“-დან? ერთი უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი არსება, ტანზე რომ ხამის ერთთავად ჭუჭყიანი ჩითის კაბა ეცვა და თავზე შიგადაშიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი წაეკრა, კნეინა დარეჯანის გამონაცვალი. ან ბრინკა – ნაშინდარში, თავისივე მამულში ჯაყოს ხიზნად და მსახურად ქცეული თეიმურაზ ხევისთავი; კაშელების ოჯახის ქვეშევრდომი ჟელეზნი ოთარ ჭილაძის „გოდორიდან“, რომელსაც „არაფერი გამოეპარება, ქვის ქვეშ რა დევს, ის იცის. შეუძლია, არ მოუსმინოს და გაიგოს, არ შეხედოს და დაინახოს… ასეთი ნიჭითაა ბუნებისგან დაჯილდოვებული და ამიტომაც ვერ შელევია რაჟდენი, ურჩევნია, მისთვის აგროვებდეს ის ცნობებს, ვიდრე მის შესახებ“.

ჩემი მხრიდან, ბოლო ხანს წაკითხული კარგი მწერლის – ბექა ქურხულის რომანის („სამოთხიდან გაქცეულები“) პერსონაჟებს დავამატებდი: ძესნა ლალე, ძია ბარადა და ეხლა ნახე რა ვქნა თემურა. პირველმა ორმა ბაღიდან წამოიყოლა მეტსახელი – ლალეს უთქვამს, „რო გავიზრდები, დედიკომ და მამიკომ დიდი ველოსიპედი „ძესნა-დვა“ უნდა მიყიდონო“ და ბავშვებმა ბევრი დასცინეს, უცხო სიტყვა „ძესნა“ მოეწონათ და კიდეც შერჩა იქიდან მოყოლებული; ძია ბარადას სახლში რუსი მოსამსახურე ჰყავდა და, როდესაც ბაღში „ბურატინოს“ უკითხავდნენ, ყარაბას-ბარაბასს რუსულ-ქართულად „ძია ბარადა“ დაარქვა; თემურ მათურელმა კი ფრონტის ხაზისკენ, ავღანეთისკენ გაჭრილმა აიკიდა ეხლა ნახე რა ვქნა თემურა.

მეტსახელების მაგიაც ესაა: კაციშვილმა არ იცის, ვის როდის უყივლებს ენა და ვის სად წაუცდება ფეხი. ამიტომ მათ, ვინც Chivo-ზე (ესპ. ვაცი, დიქტატორ ტრუხილიოს მეტსახელი) დაწერილ ლიოსას რომანს კითხულობს ან El Cholo-ს (ესპ. ინდიელისა და ევროპელის შთამომავალი, დიეგო სიმეონეს მეტსახელი) გაწვრთნილ „ატლეტიკოს“ ქომაგობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, და არა მხოლოდ მათ, ყველას მოგვიწევს შეგუება იმასთან, რომ ერთხელაც ვიღაც გამოჩნდება და მსუბუქად, აუღელვებლად ისეთი მეტსახელით მოგვნიშნავს, ორ-სამ წელიწადს და ერთ თაობას კი არა, ჩვენს შთამომავლობას რომ გაწვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი