ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„გაკვეთილს ვიწყებ ლოცვით“

„ჩვენ გვყავდა მუსლიმი მოსწავლე, სამართალს ვასწავლიდი… იეღოველებიც გვყავს, სამწუხაროდ… სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ქართველი იეღოველი იყოს“. ეს ერთი-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლის თვალსაზრისია. ძალიან მცდარი თვალსაზრისი. ნახეთ, სხვა მასწავლებელი რას ამბობს: „ახლა კლასში სომეხიც მყავს და იეზიდიც, მაგრამ გაკვეთილს ვიწყებ ლოცვით. ისინიც ჩვენთან ერთად ლოცულობენ“.[1] რა სამწუხაროა.

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანაწორი, განურჩევლად აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობისა. ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს რელიგია. რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია და გულისხმობს, ერთი მხრივ, „შინაგან თავისუფლებას“ ანუ ადამიანის აბსოლუტურ თავისუფლებას, ჰქონდეს, არ ჰქონდეს ან შეიცვალოს რწმენა, მეორე მხრივ კი „გარეგან თავისუფლებას“, რომელიც ადამიანს უფლებას აძლევს, თავისი რელიგიური შეხედულებები გამოხატოს, გაავრცელოს და გაუზიაროს სხვებს.

სახელმწიფო ვალდებულია, იყოს ნეიტრალური, ტოლერანტული და დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები, განურჩევლად მისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებებისა, საჯარო სკოლას კი, განათლების მიღების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, განსაკუთებით მართებს ტოლერანტულობა. სკოლას არ აქვს უფლება, სწავლების შინაარსი და მეთოდები ან სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმები რომელიმე ერთ რელიგიაზე ააგოს. საჯარო სკოლაში გამორიცხული უნდა იყოს პროზელიტიზმი და რელიგიური ინდოქტრინაცია.

არ შეიძლება, მოსწავლის რელიგიური შეხედულებები საჯარო სკოლაში განათლების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება იყოს – ამით ირღვევა თანასწორობის პრინციპი, იზღუდება განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება და რელიგიის თავისუფლება.

მასწავლებელსაც აქვს რელიგიის თავისუფლება და უფლებამოსილია, სკოლას თავისი რელიგიური შეხედულებების პატივისცემა მოსთხოვოს, თუმცა სასწავლო პროცესში მასწავლებლები წარმოადგენენ სკოლას, ფართო გაგებით კი სახელმწიფოს, ამიტომ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისინი უნდა იყვნენ ტოლერანტულები და დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი. გაკვეთილიც რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე უნდა აიგოს. არ შეიძლება, სკოლა რელიგიური კონფრონტაციის ადგილი იყოს.

მასწავლებელი მოსწავლისთვის მაგალითია და გავლენას ახდენს მოსწავლის მომავალ ცხოვრებაზე, ამიტომ ეკრძალება რელიგიური მოსაზრებების გამოხატვა რაიმე ფორმით. მაგალითად, ჟენევის ერთ-ერთმა სკოლამ მუსლიმ მასწავლებელს სკოლაში თავსაბურავით სიარული აუკრძალა.  საქმე სასამართლომდე მივიდა. უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის გადაწყვეტილება მართებული იყო, რადგან არ შეიძლება, მასწავლებელი სასწავლო პროცესის დროს რაიმე სახით გამოხატავდეს თავის რელიგიურ შეხედულებებს და ამით გავლენას ახდენდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების რელიგიურ გრძნობებზე.

თვალი გადავავლოთ საქართველოს კანონმდებლობას:

◦ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა რელიგიური გაერთიანებებისგან („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).

◦ დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენება („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).

◦ სკოლა ვალდებულია, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი).

◦ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი).

ეს ნორმა ბუნდოვნად არის ფორმულირებული. ამიტომ განმარტებას მოითხოვს. კანონის მიზნისა და სხვა ნორმებთან სისტემური კავშირის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნორმა საჯარო სკოლას ავალდებულებს, არ განათავსოს სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები. რელიგიური სიმბოლოების სკოლაში განთავსება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ, როცა ეს კონკრეტული საგნის სწავლების მიზანს ემსახურება.

◦ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ, სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი).

ეს ნორმა კრძალავს სასწავლო პროცესის ან გაკვეთილის დაწყებას რაიმე რელიგიური რიტუალით (მაგალითად, ლოცვით).

◦ მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ პროპაგანდას (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი).

◦ მასწავლებელი თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად  რელიგიისა ან სხვა ნიშნისა, და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი).

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით.

[1] https://emc.org.ge/2014/03/31/religia_sajaro_skolebshi/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი