ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვების მოწყენილობის მიზეზები

„ცუდად იქცევა, არავინ ადარდებს, ყველას უხეშად გველაპარაკება – შინაც, სკოლაშიც, მეგობრებსაც“, – შეწუხებული ჰყვებოდა ერთი ნაცნობი შვილზე. გოგონა კარგად სწავლობს, მშვიდ და ბედნიერ ოჯახში იზრდება და, წესით, არავითარი მიზეზი არ აქვს, ცუდად ექცეოდეს გარშემო მყოფებს, ეუხეშებოდეს მშობლებს, მეგობრებს, მაგრამ, აბა, ეგრე სად არის, ყველაფერი მარტივ წესებს ემორჩილებოდეს…

მეც მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ვიზრდებოდი, კარგი მეგობრები მყავდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვიყავი მოწყენილი ან შეწუხებული, ზოგჯერ – უხეში, ზოგჯერ – დაუნდობელიც. ხან ვფიქრობდი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი – არც ხმამაღალ პროტესტს და არც საკუთარ მოწყენილობაზე ლაპარაკს – და ვჩუმდებოდი, ვკეტავდი კარს და ისე ვუყურებდი მოვლენებს, ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ უკვე თანასწორის პოზიციიდან მელაპარაკა ჩემს ვნებებზე. ამისთვის უნდა გავძლიერებულიყავი.

განსაკუთრებული არაფერი – ჩვეულებრივი ამბავია ამ ასაკის გოგო-ბიჭებისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ, ზრდასრულებს, გვავიწყდება ხოლმე, როგორია პატარა გოგო-ბიჭების ჩვეულებრივი ამბები, მაინც მოგიყვებით იმას, რაც ჩემს ნაცნობს ვუთხარი.

ბავშვებს, მით უმეტეს – შედარებით უფროსებს, სჭირდებათ ადგილი, სადაც მარტონი იქნებიან და თვითონვე მოჰყვებიან თავიანთ ამბებს, მშობლების, მშობლების მეგობრების, მათი შვილების, მასწავლებლების, თავიანთი მეგობრების გარეშე. იმ ხალხის გარეშე, ვინც მათზე ბევრი რამ იცის, ვისაც მათზე ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ვისაც მიაჩნია, რომ კარგად იცნობს.

ბავშვებს სჭირდებათ ადგილი, სადაც სხვადასხვა უნარს მოსინჯავენ – თამამად, გაბედულად; ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, მოიგონებენ ისტორიებს, ითამაშებენ როლებს, სხვადასხვა წერტილიდან დაინახავენ საკუთარ თავს. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ზოგჯერ უბრალოდ მარტო დარჩებიან და აღარ მოუწევთ თამაში და ექსპერიმენტები, საკუთარი თავის მოსმენას ისწავლიან, საკუთარი შინასამყაროს ყველაზე ღრმა და დამალულ შრეებს დაინახავენ და, რაც მთავარია, სჭირდებათ უფროსი, ვინც ამ საჭიროებებს დაინახავს, ვინც პატივს სცემს მათ პირად სივრცეს, მათ დამოუკიდებლობას და არ შეეშინდება პატარების უხეშობის, მიუღებელი სურვილების ან თამამი განცხადებების. დიახ, ჩვენ, უფროსებს, ხშირად გვეშინია და არ გვინდა დავინახოთ ამბავი ისე, როგორც სხვა გვიყვება. გვირჩევნია, ჩვენ თვითონ მოვიგონოთ ჩვენთვის მისაღები ინტერპრეტაცია და მოქმედ გმირებს ჩვენს ველზე გავუნაწილოთ სასურველი როლები.

მახსოვს, როგორ მაწუხებდა, როცა აღნიშნავდნენ, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი – ეს ჩემთვის არა პრივილეგია ან სიკეთე, არამედ ზედმეტი ტვირთი იყო, რომელიც ათას ვალდებულებას მიჩენდა. ჰო, ბევრს ვკითხულობდი და კარგად ვწერდი, სამაგიეროდ, ვერ ვთამაშობდი რეზინობანას და წრეში ბურთის თამაშის დროსაც პირველი ვიჭრებოდი, იმ დროს კი ჩემი თანატოლებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი წაკითხული წიგნები. ამიტომ მერჩივნა, არავის ემტკიცებინა ჩემი ნიჭიერება, მერჩივნა მეფიქრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ზოგი რამ გამოსდის, ზოგი – არა. განა ყველა ასეთი არ არის, ბოლოს და ბოლოს?

მახსოვს, როგორ მინდოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც არ იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ჩემი თითქმის ყველა ამბავი იცოდა და მის გარეშე შემძლებოდა საკუთარ თავზე ამბების მოყოლა. განა არ მიყვარდა, – უბრალოდ, ის ინფორმაცია, რაც მას ჩემ შესახებ ჰქონდა, ჩარჩოებს მიწესებდა, თამაშის წესებს მიდგენდა.

მახსოვს, როგორ მიყვარდა დღეები, როცა შინ მარტო ვიყავი და შემეძლო მეჭამა, რაც მინდოდა, წამეკითხა, რაც ხელში მომხვდებოდა და ისე გამენაწილებინა დრო, როგორც გამიხარდებოდა.

ისიც მახსოვს, რა ბედნიერება იყო, ქალაქგარეთ უცხო ადამიანებთან ერთად რომ დავიწყე სიარული. ვიჯექი ხოლმე კანტივით კოცონის პირას და ვფიქრობდი ზნეობრივ კანონებსა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.

პირველად რომ წავედი მარტო სხვა ქვეყანაში და უზარმაზარ სივრცეში მარტოდმარტო აღმოვჩნდი, ის დაბნეულობა და გარემოში გარკვევის რთული და ხანგრძლივი პერიოდიც მახსოვს და მგონია, რომ ადამიანი სწორედ ასეთ თავგადასავლებში იზრდება. უცნობი სივრცეების ათვისებით, უცხო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვით, წინასწარ შექმნილი განწყობის მოშორებით და რეალობასთან პირისპირ დგომით. ამიტომაც მგონია, რომ ბავშვების მოწყენის მიზეზი ხშირად ჩვენ ვართ, ჩვენ, ვისაც გვაღელვებს, როგორები იქნებიან უჩვენოდ, რას შეჭამენ, რას ისწავლიან და გვირჩევნია, მუდამ გვერდით გვყვავდეს და თვალი ვადევნოთ, მათი ქცევის პროგნოზირება შეგვეძლოს, ვიდრე მოულოდნელ ამბებში გავყოთ თავი.

არადა, შეუძლებელია, ყველაფერი აკონტროლო და ყველაფერი თავიდან აიცილო. შეუძლებელია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მარტივი წესები გვკარნახობს. სამაგიეროდ, საკუთარი შიშების დანახვა და სხვების მოსმენა შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი