პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაშის გამოყენება ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე

ცოდნის მიღების, განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ხშირად იყენებენ დიდაქტიკურ თამაშებს, რომლებიც სწავლების აქტიურ მეთოდებს მიეკუთვნება. დიდაქტიკური თამაშების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, ლამაზად შენიღბოს სასწავლო ამოცანა, რათა მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე დაეუფლოს ცოდნას. თამაში შეიძლება იყოს სახალისო, სააზროვნო, ლოგიკური, განმავითარებელი, შემეცნებითი, სიმულაციური და ინტელექტუალური. თითოეული მათგანის ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს დიდაქტიკურ თამაშში მოსწავლის ჩართვას. თუ დიდაქტიკური თამაშის მიმართ მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება, ასეთი გაკვეთილები კი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს ნამდვილად სჭირდება, რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეს, ზღვა ინფორმაციიდან ამოარჩიოს საჭირო მასალა, თანაც ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნო იყოს მისთვის და მიღებული ცოდნა კლასგარეშე სიტუაციაშიც გამოიყენოს.

დიდაქტიკური თამაშის ამ თვისებებზე ჯერ კიდევ ფ. ფრებელი (XIX ს–ის გერმანელი პედაგოგი, „საბავშო ბაღის“ ცნების ავტორი) და მ. მონტესორი მიუთითებდნენ, როდესაც სწავლებისას თამაშის გამოყენებაზე მსჯელობდნენ. XXI საუკუნეში თამაშით სწავლისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

თამაშს ძირითადად იყენებენ შესწავლილი მასალის გამეორებისთვის, განზოგადებისა და დიდი მოცულობის სამუშაოს შეფასებისთვის, რაც არ არის შემთხვევითი, რადგან თამაშს საფუძველად გარკვეული ცოდნა უდევს, რომლის სისტემატიზაციაც (თუნდაც რომელიმე ნიშნის მიხედვით) ხდება თამაშის პროცესში. ასეთი თამაშის უამრავი ტიპი არსებობს და ფართოდაც გამოიყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ შედარებით ცოტაა ისეთი თამაში, რომელიც შეიძლება ახალი მასალის სწავლებისთვის გამოვიყენოთ. უფრო მეტიც –გაკვეთილზე ზოგჯერ თავად თამაშსაც ნაკლებად იყენებენ. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ლ. ბორზოვას ნაშრომი „თამაში ისტორიის გაკვეთილზე“, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული თამაშის მნიშვნელობა შემეცნებითი საქმიანობის აქტივიზაციისთვის, მხედველობითი და სმენითი მეხსიერებისა და სხვა აუცილებელი უნარების ფორმირებისთვის.

იმ დიდაქტიკური თამაშებიდან, რომლებიც ახალი მასალის ახსნისთვის გამოიყენება, მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თამაში „სიტყვასიტყვით“. ის აგებულია დასასწავლი ტექსტის მრავალგზის ხმამაღლა გამეორებაზე. შესაძლოა, ტექსტი შეიცავდეს თარიღების, ტერმინების, საკუთარი სახელების მაქსიმუმს. თამაში მიმდინარეობს მთელ კლასთან, მაგრამ ძირითადი დატვირთვა სამ მოსწავლეზე მოდის.

საკლასო ოთახის ცენტრში გამოდის სამი მოსწავლე. ორი მათგანი, თამაშის წესების მიხედვით, დროებით გადის ოთახიდან. დარჩენილი მოსწავლე კლასთან ერთად ყურადღებით მოისმენს ტექსტს, რომელსაც ან მასწავლებელი კითხულობს, ან რომელიმე მოსწავლე, ოღონდ შეუსვენებლად. როგორც კი კითხვა დამთავრდება, ოთახში შემოდის მეორე მოსწავლე, რომელსაც კლასში დარჩენილი წაკითხულის შინაარსს მოუყვება. დავალება ასეთია: მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა მოისმინონ ტექტი, რათა შემდეგ დაწვრილებით მოუყვნენ თანაკლასელს. მას შემდეგ, რაც მეორე მოსწავლეც მოუყვება მესამეს, მასწავლებელი ხელახლა გააცნობს მათ თავდაპირველ ვარიანტს, მერე კი იმის გარკვევაში დაეხმარება მოსწავლეებს, რას ვერ გაართვეს თავი.

ინფორმაციის გადაცემისას, ბუნებრივია, მისი ნაწილი იკარგება. მოსწავლეები, სანამ პასიურად ისმენდნენ სამი თანაკლასელის თხრობას, სინამდვილეში აზრობრივად იმახსოვრებდნენ საწყის ვარიანტს და სანამ მასწავლებელი ხელახლა წაიკითხავს ტექსტს, შეუძლიათ, თვითონვე აღმოაჩინონ შეცდომები და გამოტოვებული ინფორმაცია მათ მონათხრობში.

თამაში „მნემოტექნიკა“ძალიან ახალისებს და ააქტიურებს გონებას, მეხსიერებას და არანაკლებ მოსწონთ მოსწავლეებსაც. თამაშის პირობის მიხედვით, აუცილებელია, შესასწავლი თემის შესახებ წინასწარ მოვამზადოთ 10-20 სიტყვა (ცნება, სახელწოდება, ტერმინი…). გაკვეთილზე მასწავლებელი ხმამაღლა წაიკითხავს ამ სიტყვებს. მოსწავლეები მოისმენენ და კითხვის დამთავრების შემდეგ რვეულებში გადაიტანენ, რაც დაამახსოვრდათ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ სიტყვას დაიმახსოვრებს და ჩაიწერს. გაკვეთილზე ამ თამაშის ხშირი გამოყენება აუმჯობესებს მოსწავლეთა მეხსიერებას, ხოლო თამაშისთვის საჭირო სიტყვების მომზადება შეიძლება დავავალოთ ყველაზე პასუხისმგებლობიან მოწავლეებს.

ახალი მასალის გადაცემისას ეფექტიანად გამოიყენება თამაში „იპოვე შეცდომა“ (ასეთივე წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება განზოგადების ან შესასწავლი მასალის განმტკიცების გაკვეთილზე). თამაშის წესების მიხედვით, მოსწავლეები რამდენიმე ხნის განმავლობაში „ნამდვილ“, „სწორ“ ტექსტთან მუშაობენ (დროის ხანგრძლივობა ტექსტის მოცულობასა და გაკვეთილის დროზეა დამოკიდებული). შემდეგ მასწავლებელი მიაწვდის მათ სხვა, მსგავს ტექსტს, რომელშიც მათ შეცდომები უნდა იპოვონ. ამ ტიპის დავალებების რეგულარული შესრულება მხედველობით მეხსიერებას აუმჯობესებს.

თამაში „ტექსტის გაშიფვრა“ გულისხმობს შესასწავლი ტექსტის შეკვეცას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა შემდეგ, კონტექსტის საფუძველზე, მოსწავლეებმა ხელახლა აღადგინონ ის. ამ თამაშით მოცემული უნარის განვითარება ძალზე შედეგიანია.

თამაში „რესტავრაცია“ ეხმარება მოსწავლეს არა მარტო ტექსტთან მუშაობაში, არამედ კონსპექტის შექმნისა და მასთან მუშაობის უნარის გამომუშავებაშიც. თამაშის პირობის თანახმად, მოსწავლეებს აძლევენ შემოკლებულ ტექსტს სასვენი და დამაკავშირებელი ნიშნების გარეშე, მან კი უნდა აღადგინოს და შეავსოს ნაკლული ტექსტი. თამაშის პირველი ჩატარებისას უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეს, როგორ გააკეთოს ეს.

თამაში „აღადგინე წარმოსახვით“ წარმატებით გამოიყენება უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან. ის მოზაიკის კენჭებისგან სურათის აღდგენას ჰგავს (ასეთი თამაში გამოიყენება გამეორებისა და განზოგადების გაკვეთილებზეც).

თამაში „პასუხის მიღებამდე“ გულისხმობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას სხვადასხვა წყაროს ან დავალების გამოყენებით. მოწავლემ ეს ინფორმაცია უნდა მოიძიოს ინტერნეტში ან მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ წიგნში. ინფორმაციის მოძიებისას უნდა ახსოვდეს, რომ ის რაც შეიძლება სრული უნდა იყოს. თამაშის მიზანია მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ინტერესის გაღვივება. გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც უფრო სწრაფად და სწორად უპასუხებს კითხვებს.

თამაში „ახალი მასწავლებელი“ მოითხოვს წინასწარ შერჩეული მოსწავლის დამატებით მომზადებას, რომელიც მასწავლებლის მაგივრად ახსნის მომდევნო გაკვეთილს. მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეამოწმოს მოსწავლის მომზადების დონე, დაეხმაროს მასალის, მეთოდებისა და საშუალებების შერჩევაში. მოსწავლის ბლოკი არ უნდა იყოს ხანგრძლივი, რათა თანაკლასელების ყურადღება არ მოდუნდეს. სასურველია, სემესტრის ან წლის განმავლობაში კლასის ყველა მოსწავლემ მოირგოს „მასწავლებლის როლი“, შეაჯამოს თავისი მოღვაწეობა და დაასახელოს ყველაზე წარმატებული მოსწავლე.

თამაში „გაცოცხლებული სურათი“ გულისხმობს ისტორიული ან სხვა სახის სურათების „გაცოცხლებას“ ისტორიული ხასიათის რეპლიკების, დიალოგების, მონოლოგების საშუალებით. ამ დროს მოსწავლე უკეთესად შეიგრძნობს ეპოქას და იმახსოვრებას ისტორიულ მოვლენას.

„შემეცნების ხე“ ეხმარება მოსწავლეს, დასვას კითხვები შესასწავლი ისტორიული მასალის შესახებ. ახსნილი მასალის შესაბამისად ტექსტთან მუშაობისას მოსწავლეები ჩაიწერენ 5 კითხვას და მიამაგრებენ ხეზე, რომელიც წინასწარ მოამზადა მასწავლებელმა. გაკვეთილის ბოლოს ან მომდევნო გაკვეთილზე ყველა კითხვას პასუხობენ მოსწავლეები, რომლებიც კითხვებს ხიდან „ნაყოფივით“„მოწყვეტენ“.

თამაში „სამი წინადადება“ მოსწავლეს ტექსტიდან დედააზრის გამოყოფაში ეხმარება. მოსწავლემ უნდა მოისმინოს და გადმოსცეს მასწავლებლის მონათხრობის შინაარსი სამი მარტივი წინადადებით. გაიმარჯვებს ის, ვინც მოკლედ, მაგრამ აზრობრივად სწორად გადმოსცემს შინაარსს.

ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე, მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ან მის შემდეგ, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თავსატეხები, რებუსები, კროსვორდები და სხვა სახის დიდაქტიკური თამაშებიც.

ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე დიდაქტიკური თამაშების სისტემატური გამოყენება მოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს იმ ცოდნისა და უნარების ფორმირებას, რომელთა განვითარება ჰქონდა განზრახული მასწავლებელს სასწავლო გეგმის მიხედვით და რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მ. ბოჭორიშვილი, დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური და კოგნიტური საფუძვლები, Mastsavlebeli.Ge – ინტერნეტგაზეთი “მასწავლებელი” , 2014, 30 მარტი;

Борзова Л.П. Игры на уроке истории.-М., 2001.-160

Борзова Л.П. Дидактические игры при изучении нового материала.//Преподавание истории в школе. 2000.№3.С.46-50

Развивающие игры с детьми по методике Марии Монтессори, https://www.svetan.ru/montessori_igry.html

М. Монтессори, ДОМ РЕБЁНКА, https://www.kraskizhizni.com/edu/develop/293-montessori-knigi-video

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი