სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბელა

ჩემი კლასის დამრიგებლის – ლია ქაზუმაშვილის ხსოვნას

 შვილისათვის კარგი განათლების უზრუნველყოფასთან ერთად მშობელი ყოველთვის ცდილობს მის სპორტით დატვირთვას, სახელოვნებო დარგებთან დაახლოებას, ატარებს მოზარდს სხვადასხვა წრესა თუ ენების შემსწავლელ კურსზე. შედეგად ბავშვს უყალიბდება გემოვნება, გამოეკვეთება ინტერესთა სფეროები და შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული ნიჭიც აღმოაჩნდეს. ყველასთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს ისე სძულდება საგანი ან პირიქით, ისეთ სიყვარულს გრძნობს ამა თუ იმ დარგის მიმართ, რომ ეს პირველადი გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ხოლმე. ეს უპირობოდაა დაკავშირებული პედაგოგთან, მის არა მხოლოდ კვალიფიკაციასთან, არამედ ბავშვებთან ურთიერთობის უნიკალურ უნართან.

ბევრ მასწავლებელსა თუ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციულ პირს აქვს ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარული, და ამასთან, იმის უნარიც შესწევს, რომ ყველა შესაძლო რესურსი აღსაზრდელებისკენ მიმართოს. ასეთი პედაგოგები იზიარებენ მოსწავლეთა აზრსა და ინიციატივებს, ფინანსებს გამოყოფენ გასავითარებელი სათამაშოებისთვის თუ ლაბორატორიის კარგად აღსაჭურვად, ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად, ბიბლიოთეკის გასაახლებლად ან ისეთი აქტივობების ორგანიზებისათვის, როგორიცაა საინტერესო შეხვედრები, საჯარო ლექციები, ექსკურსიები და სხვა.

მე მსმენია დაწყებითი კლასების მასწავლებელზე, რომელმაც ე. წ. საახალწლო ზეიმის ნაწილი ერთ, აუტიზმის მქონე მოსწავლეს მოარგო და მთელი კლასი მის საყვარელ მუსიკაზე ააცეკვა.

მსმენია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებზეც, რომლებიც გაკვეთილებს შორის თავისუფალ დროს უშურველად უთმობდნენ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამატებით ამეცადინებდნენ.

მახსენდება არაჩვეულებრივი ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ („Dead Poets Society“), სადაც ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვა კუთხიდან ცდილობს დაანახოს სტუდენტებს როგორც პოეზია, ისე მთელი გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. გაკვეთილზე, ვფიქრობ, საინტერესო დისკუსიის გამართვაა შესაძლებელი თემაზე: „როგორი უნდა იყოს მასწავლებელი?“ მასწავლებლისა და მოსწავლის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის საილუსტრაციოდ შესაძლოა უჩვენოთ ფრაგმენტები შესაბამისი ფილმებიდან, გაიხსენოთ წიგნები მსგავსი ეპიზოდებით და ა. შ.

წერილში შეგნებულად არ დავასახელე სამაგალითო ქართველი პედაგოგების სახელები და გვარები. მეც არაერთი მყოლია, თუმცა ვისურვებდი ხუთჯერ მეტნი ყოფილიყვნენ საერთო ფონის შესაცვლელად. ისინი – პროფესიონალიზმის ეტალონები, საბედნიეროდ, მრავლად არიან ჩვენ ირგვლივ. აქტიურები, შემოქმედებითები სხვასაც შთაგონებით ავსებენ და უბიძგებენ მაქსიმუმი გააკეთონ (დაბალი ანაზღაურების მიუხედავად) მომავალ თაობაში „სხივის ასანთებად“.

ამ სტატიას ბელას სახელი ჰქვია. ის ცურვის ერთადერთი, დიახ – ერთადერთი, მასწავლებელია თბილისში, რომელსაც შშმ ბავშვებთან მუშაობა არ ეთაკილება. ხშირად მინახავს გაციებული, უარს რომ ვერ ეუბნება სწორედ იმ ანთებულ სახეებს, ჩადის წყალში და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ასრულებს თავის მოვალეობას. მას შემცვლელი არ ჰყავს. ის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს, რადგან არა მარტო ცურვას ასწავლის, ჯანსაღ ურთიერთობასა და სხვა მრავალ უნარ-ჩვევასაც უყალიბებს. ჩემი შვილის მცირე ლექსიკურ მარაგში „ცურვა“ და „ბელა კარგი გოგოა“ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ვფიქრობ ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბელა ჩემთვის კრებითი სახელია და საყვარელ მასწავლებელს ნიშნავს. კიდევ – პროფესიონალიზმს, თავდადებასა და მოსწავლეთა მიმართ დიდ სიყვარულს. ბოლო დროს გავრცელებული სლოგანით დავასრულებ:

მეტი ბელა საქართველოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი