სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის

 

განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების განვითარებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება.

სწორედ ამიტომ, სტატიის თემაა „უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის“, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და იმ გზების ჩვენება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უწყვეტი განათლება პროფესიული განვითარებისა და წარმატების მიღწევისთვის.

სტატიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს განათლების სისტემით დაინტერესებული პირები, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები.

სტატიაში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია განათლების სისტემის განვითარების პროცესში უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ და უმაღლესი განათლების სისტემაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების დანერგვის, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები მკითხველს დაეხმარება თვითრეალიზების პროცესში უწყვეტი განათლების მექანიზმების უკეთ გამოყენებაში.

განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში აქტიურად მსჯელობენ უწყვეტი განათლების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საჭიროებისა და არსის შესახებ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა კვლავ ბუნდოვანი რჩება. და მაინც, რას გულისხმობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობა?

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ფორმალური განათლება სკოლიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელიც ორიენტირებულია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების განვითარებაზე, გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში, არჩეულ საქმიანობაში პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ წინსვლაში. თუმცა პროფესიული/კარიერული მიზნების პარალელურად ადამიანს აქვს სხვა ინტერესები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები და ფორმალური განათლების პარალელურად არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.

უწყვეტი განათლება მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შესაბამისად, უწყვეტი განათლება ნებაყოფლობითი და მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვისათვის არაერთი აქტივობა განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო 1998 წელს, სორბონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, სადაც პირველად გაჟღერდა, რომ „ახლოვდება განათლებასა და შრომის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, როდესაც პროფესიული კარიერის მრავალფეროვნება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა აშკარა აუცილებლობა ხდება… უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან, სტუდენტებისა და საზოგადოების წინაშე შექმნან განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის კარიერული განვითარების ოპტიმალური სფეროს შერჩევას“. 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „კრედიტების მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართა (პრაღა – 2001, ბერლინი – 2003, ბერგენი – 2005, ლონდონი – 2007), სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უწყვეტი განათლების მნიშვნელობას.

2009 წელს მიღებულმა ლუვენის კომუნიკემ კი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებს ათწლეულის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაუსახა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს  განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის საუკეთესო ინსტრუმენტია. კომუნიკეს თანახმად, „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ გულისხმობს კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღებას, მიღებული ცოდნის გააზრებას, ახალი უნარებისა და კომპეტენციების შეძენას, პიროვნულ ზრდას. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ ნიშნავს, რომ კვალიფიკაცია შეიძლება მოპოვებულ იქნას მოქნილად, ნახევარგანაკვეთიანი და პრაქტიკული გამოცდილებით მოპოვებული (work-based) სწავლითაც.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით ერთგვარი გარდატეხა მოხდა 2005 წელს, როდესაც ბერგენის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის ინტერესი, შეიქმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი დეპარტამენტები და მათ ვებგვერდებზე გაჩნდა ჩანაწერები უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება, ერთი მხრივ, ფორმალური განათლების სისტემაში არსებული ჩიხები და ბარიერები, რაც ხელს უშლის პროფესიის შეცვლისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების სისტემაში გადასვლის მოქნილობას, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და მზაობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე უწყვეტი განათლების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.

უწყვეტი განათლება საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას და პროფესიული საქმიანობის პარალელურად უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, საზოგადოებრივ აქტივობებს, ხელოვნებას, სპორტს და ა.შ.  მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა არის მოქნილი, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მისი მიღება შესაძლებელია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. ფრანგი პოლიტიკოსის, ჟაკ დელორსის (1996) აზრით, მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება 4 ძირითად კომპონენტს გულისხმობს, კერძოდ:

  • ისწავლო შეცნობა, გააზრება (Learning to know) – სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც შემდგომში დაეხმარება ადამიანს მიღებული ცოდნა შეინარჩუნოს მთელი სიცოცხლის მანძილზე;
  • კეთება (Learning to do) – მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რაც უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და განვითარებადი;
  • თანაცხოვრება სხვებთან ერთად (Learning to live together, and with others) – სოციალური ინკლუზია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების პატივისცემა;
  • ცხოვრება, არსებობა (Learning to be) – პიროვნების კომპლექსური განვითარება: გონება და სხეული, ინტელექტი, სენსიტიურობა, სულიერება და სხვა.

იმისათვის, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლოს უწყვეტი განათლების საშუალებით თვითრეალიზება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • შეადგინეთ სია, თუ რისი სწავლა გსურთ (To-Learn List) – ყველა ჩვენგანს აქვს შესასრულებელი/გასაკეთებელი საქმეების სია, თუ რა გვინდა გავაკეთოთ სამსახურში, ცხოვრებაში. სცადეთ, დაფიქრდეთ, რისი სწავლა გსურთ და შეადგინეთ „To-Learn“ სია. აქ შეგიძლიათ დაწეროთ სწავლის სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებები, მაგალითად: ახალი უცხო ენის შესწავლა, გიტარაზე დაკვრა, მანქანის ტარება და ა.შ. დაფიქრდით, რა გაძლევთ მოტივაციას, რა გაინტერესებთ და მიამატეთ სიას. სიიდან თქვენს მიერ ჩამოწერილი პუნქტების შესრულება ყველაზე სასიამოვნო, სასარგებლო და სახალისო პროცესი იქნება;
  • ყოველთვის იქონიეთ თან წიგნი – არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გჭირდებათ წიგნის წასაკითხად. ატარეთ წიგნი ყველგან და იკითხეთ, სადაც შეძლებთ (ტრანსპორტში, სახლში და ა.შ.), დაუთმეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის რამდენიმე წუთი კითხვას;
  • გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს/ასწავლეთ – გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და უნარები გარშემომყოფებს. როცა ჩვენ ვასწავლით სხვას, მათთან ერთად ვსწავლობთ ჩვენც. შექმენით ბლოგი, იმსჯელეთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ა.შ;
  • ისწავლეთ სხვებთან ერთად – გუნდური მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის გენერირებისათვის;
  • დილის 15 წუთი დაუთმეთ განათლებას ყოველ დილის 15 წუთი და ძალიან მცირე დროში თავად შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და იქნებით უფრო ენერგიული და მოტივირებული.

შესაბამისად, უწყვეტი განათლება მოხალისეობრივი, თვითმოტივირებაზე დაფუძნებული განათლებაა, რომელიც სოციალურ ინკლუზიას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და პერსონალურ განვითარებას გულისხმობს. ეს არის მრავალფეროვანი და კომპლექსური საშუალება იმისათვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Delors, J. (1996) Learning: The treasure within Report to UNESCO of the International Commission on Education for the Twenty-first Century, UNESCO
  2. „WHATISLIFELONGLEARNING?“,Lifelong learning Council Queensland INC, https://www.llcq.org.au/01_cms/details.asp?ID=12 , 13/04/2016
  3. ზრდასრულთა განათლება თემის განვითარებისთვის, ედვინ ჰამილტონი, 2010

 

  1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში “მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის” სტრატეგია, 2010.
  2. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ოთხი მინისტრის ერთობლივი დეკლარაცია, სორბონა, პარიზი, 1998 წლის 25 მაისი.
  3. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია, 1999 წლის 19 ივნისი, ბოლონია
  4. ევროპის ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრის კომუნიკე, პრაღა, 2001 წლის 19 მაისი.
  5. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, გერმანია, ბერლინი, 2003 წლის 19 სექტემბერი.
  6. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, 2005 წლის 19-20 მაისი, ბერგენი.
  7. უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე, ლუვენი, 2009 წლის 28-29 აპრილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი