ჭკვიანი ადამიანების ხატები ფინელი და რუსი მოსწავლეების წარმოსახვაში
სიახლეების არქივი18 მარტი , 2014
გასულ წლებში ჩატარდა კროსკულტურული კვლევები, რომლებშიც მოხდა რუსი და ფინელი სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ჭკვიანი და ჩვეულებრივი ადამიანების (როგორც თანატოლების, ასევე უფროსების) გამოსახულებების ანალიზი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში "Вопросы психологии" (№ 5, 2013), სტატიის ("Образы умных людей у российских и финских школьников") ავტორები არიან ჰ. რიატიუ, კ. კომულაინენი, ნ. სკოროხოდოვა და ვ. კოლესნიკოვი. გთავაზობთ ამ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

სკოლის მოსწავლეების წარმოდგენებმა იმის თაობაზე, განსაზღვრავენ თუ არა ადამიანის გონებრივი (მენტალური) უნარები მის ადგილს სოციალურ იერარქიაში, შესაძლოა იმოქმედონ მათივე ცხოვრებისეული ორიენტირების შერჩევაზე. რა თავისებურებებია საზოგადოებაში ყველაზე ღირებული? რა განსაზღვრავს წარმატებას სოციუმში ბავშვებისა და უფროსებისთვის?

მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს რუსეთისა და ფინეთის სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ჭკვიანი ბავშვებისა და მოზრდილების გამოსახულებები. მკვლევრების ძირითადი ვარაუდი მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნული განსხვავებები ზაგავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების მიერ ინტელექტუალური კომპეტენციის გრაფიკულ გამოხატვაზე. 

კვლევაში გამოყენებულ იქნა სოციალურ-ფსიქოლოგიური მიდგომა: წარმოდგენები გონებრივ უნარებზე განიხილებოდა, როგორც სოციალური წარმოდგენები (სოციალური ერთობის წევრების მიერ რამე მნიშვნელოვანის გაგების ხერხები). სოციალურ წარმოდგენებზე შეიძლება ზეგავლენა იქონიონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა მენტალური უნარების მნიშვნელობა საზოგადოებაში, სკოლისა და მასწავლებლის გავლენა ბავშვისა და ზოგადად ადამიანის გონებრივი უნარების განსაზღვრისას.

რუსეთში მასწავლებლის ძალაუფლება საკმაოდ დიდია. ნაწილობრივ იმის გამო, რომ სკოლა აღიქმება, როგორც მთელი სამოქალაქო განათლების – მათ შორის, კულტურული და მორალური ფასეულობების განვითარების – საკვანძო აგენტი, ამიტომ მასწავლებელთა ზეგავლენა მოსწავლეთა სოციალურ წარმოდგენებზე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ფინეთში. მაგალითისთვის, შეფასების ხერხი, რომელიც რუსეთში გამოიყენება, ეხმარება მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის გონებრივი უნარები და რომ ყველას არ შეუძლია იყოს ერთნაირად ჭკვიანი. რუსული სკოლისთვის ტიპურია მოსწავლეების შეფასების ეგრეთ წოდებული ობიექტური სისტემა; ამასთან, რუსული სკოლის მასწავლებლები კლასში ხშირად იყენებენ საჯარო შეფასებას, ძალაშია ასევე უნარების მიხედვით ბავშვების დიფერენციაცია. მაგალითად, არსებობენ კლასები, სადაც ხდება მათემატიკის, ფიზიკის გაღრმავებული სწავლება. 

ფინეთში კი მასწავლებლები მოსწავლის თვითშეფასების კორექტირებას თავად მოსწავლესთან ერთად ახდენენ და ცდილობენ თავი აარიდონ სწავლის შედეგების სხვა მოსწავლეებთან გამჟღავნებას. ფინელმა მასწავლებლებმა უარი თქვეს საშუალო სკოლაში უნარების მიხედვით მოსწავლეების განაწილების ნებისმიერ ფორმაზე. თანამედროვე ფინურ სკოლაში მასწავლებელი ნამდვილად აღარ არის ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც ის წარსულში იყო; აღზრდა მიმართულია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ნდობით აღსავსე ურთიერთობების შექმნაზე. ფინეთში მცხოვრები რუსი იმიგრანტების გამოცდილების კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს მოსწავლისა და მასწავლებლის როლებში. რუსი ბავშვები ძნელად აღიქვამენ იმას, რომ მოსწავლეები მასწავლებლებს მიმართავენ სახელით და, მეტიც, ღიად აკრიტიკებენ მათ. რუსი მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ფინელები ცუდად არიან აღზრდილები და პატივს არ სცემენ უფროსებს. ფინურ კულტურაში უფროსი ბავშვს ისე ექცევა, როგორც თანატოლს. იქ ადრეული ასაკიდან ხდება ბავშვის დამოუკიდებლობისა და ავტონომიის წახალისება. რუსი იმიგრანტების ოჯახებში გაზრდილი მოსწავლეები ფინური სკოლის თავისუფლებას აღიქვამენ, როგორც დისციპლინის უკმარისობას, ფინელი მასწავლებლები კი მას მოსწავლეებში პასუხისმგებლობის განვითარებას უკავშირებენ.

ჩატარდა კვლევათა ორი წყება. პირველში ბავშვები ხატავდნენ ჭკვიან და ჩვეულებრივ მოსწავლეებს, ხოლო მეორეში – ჭკვიან და ჩვეულებრივ ადამიანებს (მოზრდილებს). კვლევის მონაწილეთა ასაკი 11-12 წელი იყო. ყველა მონაწილე სწავლობდა ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ისინი შეგვიძლია დავყოთ ორი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებად, რომლებიც ერთმანეთისგან ენით, რელიგიით, ეთნიკური წარმომავლობით, პოლიტიკური სისტემებით და ცხოვრების სტანდარტებით განსხვავდებიან.

ბავშვები ნახატებს ასრულებდნენ ჩვეულებრივი გაკვეთილის დროს. მოსწავლებს სთხოვდენენ 20×30 სმ. ზომის ქაღალდის ფურცელზე დაეხატათ ჭკვიანი და ჩვეულებრივი მოსწავლე (მეორე წყებაში – ჭკვიანი და ჩვეულებრივი მოზრდილი). დავალების შესასრულებლად ეძლეოდათ 30 წუთი.

ბავშვების ნახატები სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე მათი წარმოდგენების შესასწავლად სასარგებლო მეთოდს წარმოადგენს, ვინაიდან მკვლევარს ის ისეთი ლატენტური (ფარული) მნიშვნელობების გამოვლენის საშუალებას აძლევს, რომელთა გამოხატვაც არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მოზრდილ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა. 
 
სურ. 1. რუსი გოგონას ნახატი: ჭკვიანი (მარცხნივ) და
ჩვეულებრივი მოსწავლე




სურ. 2. ფინელი გოგონას ნახატი: ჭკვიანი (მარცხნივ) და
ჩვეულებრივი მოსწავლე




კვლევის შედეგები და დასკვნები

ინტელექტუალობის განსაზღვრისას ორივე ქვეყნის ბავშვებისთვის წინა პლანზე წამოიწია კოგნიტურმა საქმიანობამ; ნახატებზე ჭკვიან ადამიანს გაცილებით ხშირად უკეთია სათვალე, ვიდრე ჩვეულებრივს. მაგრამ რუსი ბავშვები, ფინელებთან შედარებით, თავიანთ ნახატებში გაცილებით ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ჭკვიანი ადამიანების კოგნიტურ საქმიანობაზე, მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანები მათ ნახატებზე დაკავებულნი არიან მრავალფეროვანი საქმიანობით ან არაფერს აკეთებენ. რუსი ბავშვები ჭკვიანი კაცების და ქალების ხატს ხშირად უკავშირებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს. რუსი გოგონებისთვის ჭკვიანი ქალის პროტოტიპია სკოლის მასწავლებელი. მასწავლებელ ქალზე ტრადიციული წარმოდგენა ასეთია: ეს არის ფორმალურად ჩაცმული მანდილოსანი ნათლად გამოკვეთილი სასქესო ნიშნების გარეშე, მაშინ როცა ჩვეულებრივ ქალებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ფემინური (ქალური) ნიშნები. ჭკვიანი ქალის გამოსახვისას მხოლოდ რუსი გოგონები ხატავდნენ მხოლოდ თავს (სხეულის დანარჩენი ნაწილების გარეშე). ჭკვიანი მამაკაცის პროტოტიპს რუსეთში წარმოადგენს მელოტი ასაკოვანი პროფესორი, რომელსაც სათვალე უკეთია.

ფინელი გოგონები გამოსახავდნენ ჭკვიან ქალებს, რომლებიც დაკავებული არ არიან კოგნიტური საქმიანობით, მაგალითად ბიზნესით, მაშინ როცა რუსი ბავშვების ნახატებში ასეთი რამ არ ყოფილა. ფინელი გოგოები ჭკვიან და ჩვეულებრივ ქალებს შორის ვერ ხედავენ ბევრ განსხვავებას. ჩაცმულობის სადა სტილი და პორტფელი საბუთებისთვის ითვლება ბიზნესლედისა და საზოგადოებაში მაღალი სტატუსის სიმბოლოებად. ფინელი გოგოები ჭკვიან ქალებს პორტფელით ხელში უფრო ხშირად ხატავდნენ, ვიდრე ჩვეულებრივებს, ასევე, ხშირად უხატავდნენ ჩანთებს ჭკვიან გოგოებსაც. რუსი ბავშვების ნახატებზე კი ჩანთები უფრო ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებს ჰქონდათ. 

სავარაუდოდ, რუსი ბავშვები ერთმანეთს არ უკავშირებენ ადამიანის ინტელექტსა და მის სტატუსს საზოგადოებაში, მაშინ როცა ფინელების ნახატებზე ჭკვიან ადამიანებს გააჩნიათ უფრო მაღალი სტატუსი და წარმატებულები არიან. ერთმა რუსმა გოგონამ კომენტარებში დაწერა: "ჭკვიანი ადამიანი მხოლოდ სწავლაზე ფიქრობს", მაშინ როცა "ნორმალური ადამიანები სწავლობენ საკმაოდ კარგად და ყველაფერს აკეთებენ საკმაოდ კარგად".

ორივე ქვეყნის ბავშვების ნახატებში დაფიქსირებულია ჭკვიანი ადამიანების კომიკურად გამოსახვის შემთხვევები. ფინელი ბიჭები უფრო ხშირად კომიკურად ჭკვიან ბიჭებს ხატავდნენ, რუსი ბიჭები კი კომიკურ პერსონაჟებად უფრო ხშირად ჭკვიან მამაკაცებს ხატავდნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფიქრებით შეპყრობილი მეცნიერის ხატი არ შეესაბამება თანამედროვე რუსი საზოგადოების ფასეულობებს.   

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული სკოლა უფრო დიდ გავლენას ახდენს ჭკუის (გონიერების) შესახებ წარმოდგენებზე: რუსი ბიჭები და გოგოები ხაზს უსვამდნენ ბრწყინვალე ნიშნებისა და საკლასო აქტიურობის პრინციპულ მნიშვნელობას. ისინი ხატავდნენ ჭკვიან მოსწავლეებს, რომლებსაც ხელი აქვთ აწეული და კარგი ნიშნები აქვთ. ფინელი ბავშვების ნახატებზე ასეთი გამოსახულებები საერთოდ არ გვხვდებოდა. ფინელი მოსწავლეების მიერ მიწერილი კომენტარებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ფრაზები: "მიმაჩნია, რომ ჭკვიანი და ჩვეულებრივი მოსწავლეები ჰგვანან ერთმანეთს" და "ბრძენი ადამიანები ისევე გამოიყურებიან, როგორც ჩვეულებრივები". აშკარაა, რომ რუსულ სკოლასა და რუს მასწავლებლებს მეტი გავლენა აქვთ გონივრული უნარების შესახებ ბავშვების წარმოდგენებზე, მაშინ როცა ფინელი ბავშვების წარმოდგენებზე უფრო დიდ გავლენას თანატოლები ახდენენ. 

რუსი ბავშვების ნახატებზე ჭკვიანი ადამანები – როგორც ბავშვები, ასევე უფროსები – ასექსულაურები არიან. ჭკვიანი გოგოები გამოირჩევიან ბავშვური ფემინურობით მაშინ, როცა ჩვეულებრივი გოგონები უფრო ჰგვანან მოზრდილ ქალებს, მათ უფრო ნათლად აქვთ გამოკვეთილი სასქესო ნიშნები. მოზარდების გარემოში ფასდება მოდური ტანსაცმელი და მოწიფული სექსუალობა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგადად ჭკვიანი მოსწავლე გოგონას სტატუსი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი მოსწავლის. ფინელი ბავშვების წარმოდგენით ჭკვიანი გოგოები დიდად არ განსხვავდებიან თანატოლებისგან.

ორივე ქვეყანაში ბავშვები ჭკვიან ქალებსა და მამაკაცებს ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით უფრო დიდი ასაკისებად გამოსახავდნენ. კავშირი ასაკსა და ინტელექტს თუ სიბრძნეს შორის ზოგადკულტურულია და ასახავს წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებს შორის არსებულ დისტანციაზე. რუსი ბავშვების წარმოდგენით ასაკის სხვაობა ჭკვიან და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ფინელი ბავშვების წარმოდგენით. შესაბამისად, ფინელ ბავშვებთან შედარებით, რუსი მოსწავლეების წარმოდგენით, ჭკვიან და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის დისტანცია უფრო დიდია.

ამგვარად, ჭკვიანი ადამიანის სტატუსი განსხვავებულად ესმით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს. ფინელი ბავშვებისთვის ინტელექტი ასოცირდება ადამიანის წარმატებასთან მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. რუსი ბავშვები კი ინტელექტს განიხილავენ პროფესიული საქმიანობის გარკვეული სახეობების ატრიბუტად, ჭკვიანი ადამიანის (მასწავლებელი, პროფესორი) განსაკუთრებული "წიგნური" ცხოვრების სტილის გამოვლინებად, თანაც აქ ინტელექტი არაა დაკავშირებული ცხოვრებაში წარმატებასთან და არ განსაზღვრავს საზოგადოებაში ადამიანის სტატუსს. 

ასეთი წარმოდგენები ჭკვიანი ადამიანების შესახებ შეიძლება იყოს დაკავშირებული რუსული სკოლის ისეთ თავისებურებებთან, როგორიცაა სწავლის შინაარსის დაშორებულობა რეალური ცხოვრების მოთხოვნილებებისგან. მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ ცოდნა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მოსწავლეს გამოცდებზე უყენებენ, ვიდრე ცოდნის შესატყვისობაზე მოსწავლის   მოთხოვნილებებთან და ამ ცოდნის ჩართვაზე "სამყაროს სურათში", რომელიც ბავშვს გააჩნია. სოციალური შედარება შეფასებისას არა მხოლოდ უქვეითებს მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას, არამედ იწვევს "ფრიადოსნებისადმი" უარყოფით დამოკიდებულებას. სწავლის დაბალი მოტივაცია, მკაცრი გარე კონტროლი და სასწავლო საქმიანობის ხშირი ნეგატიური სტიმულაცია იწვევს ამ საქმიანობისგან მოსწავლეების დაშორებას, "მასწავლებლის ხათრით" სწავლას; ინტელექტუალური შრომა აღიქმება, როგორც თავსმოხვეული და მოსწავლისთვის უსარგებლო. მოქმედებენ ასევე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საზოგადოებაში გონებრივი უნარების მნიშვნელოვნება და ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებული ადამიანების შრომის ანაზღაურება.

მოამზადა არსენ ოგანჯანიანმა